ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2010


აღმაშენებლის ასაკი

მეფეთ-მეფეო!
-  აწ  შენი  კბილა,
ბადიშთა  შენთა  ბადიშთ-ბადიში,
ძილს  ცხრაასწლოვანს  თუ  გიფრთხობ  მძინარს,
ცხრაგზის  ცხრაასი  მმართებს  ბოდიში!..

კარს  მომდგომია  ასაკი  შენი,
თუმც  -  ვინ  მე 
და  ვინ  -  მეფე  ღვთისსწორი?!.
ეს  -  მეც  რომ  შენებრ  ჭაღარა  ,,მშვენის’’,
შენს  მტვერთანაც  ხომ  არცრას  იწონის!..

სხვა  საწუხარმა  გამაბედვინა,
ხელმეყო  მეფის  ძილი  მარადი:
-  ვისთვისაც  სისხლი  ღვარად  გედინა
და  ნაადრევად  გაჭაღარავდი,

კვლავ  ის  დგას  ყოფნა-არყოფნის  ზღურბლთან...
კვლავ  ნათელს  ნატრობს  დღითა  თუ  ღამით...
სხვა  ,,გალობანი’’  უბილწვენ  ყურთა...
სხვა  ჩქამნი  -  თვალთა  მარჩხთა  ხამხამის...

და  თუ  ღირსმყო  და  მომასწრო  ღმერთმა,
დღე  და  მოსწრება  რასაც  ვნატრობდი,
მაშინ  ამ  გულსაც,  ცუდმაშვრალს  დღემდე,
ერთი  დარჩება  ნატვრა  მარტოდენ:

მეც  -  მწირ-ცოდვილი,  უხმლო,  უფარო,
დღემდის  ურგები  შენთვის  მხედარი,
დე,  შენი  ხნისა  მიხმოს  უფალმა 
რომ  ერთი  რამით  მაინც  გედარო!

                                                  თებერვალი,  2002 წ.

დიდი  დავით  აღმაშენებლის  ხსენების  დღეს  გილოცავთ!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები