ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2010


მარტის მზე


მიდიხარ,
ყინავს და
ათოვებს ფანტელებს,
ცალ ხელზე წაგაძრო ლექსმა ხელთათმანი,
მიდიხარ,
მიდიხარ,
გზაც უფრო გახელებს, -
არ მოჩანს სამანი...

იშორებ ფოთლებს და
სხეულს და
აურას,
და ასე - ფიფქივით ლაღი და თავნება
მიაღწევ იქ,
სადაც მთას ნისლი ახურავს
და მიწა თავდება...

და მერე პირიქით:

მოდიხარ,
ყინავს და
ათოვებს ფანტელებს,
ცალ ხელზე წაგაძრობს სხვა ლექსი ხელთათმანს,
მოდიხარ,
მოდიხარ,
გზაც უფრო გახელებს
და ისევ ერთად ვართ.

იმოსავ ფოთლებს და
სხეულს და
აურას,
და იცი - მარტის მზეს ვერ მიეფიცხები...
მიაღწევ იქ,
სადაც მთას ნისლი ახურავს
და მიწა იწყება...
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს