ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2008


ლიმიტი


ამაღამ, ფეხს რომ მიაჭერენ
ისრები თორმეტს,
რვაათასსამასოდამერვე
ღამეს მივითვლი,
ისევ ვეღარსად გავექცევი
ამ სიმარტოვის
ყველა გზას,
სულ რომ სრულდებიან
ერთი ბილიკით.
სისულელეა დღეთა ათვლა,
ან ვითვლით რისთვის,
ეს ციფრიც რაა,
უჩვეულო ბწკარის მცდელობა…
უსამართლოა სამართალი
და ეს ლიმიტიც,
გულის კუნთისთვის მოზომილი _
უსაშველობად!
და მაინც გვიკვირს მოგონილი
ჩვენი ცინიზმი,
ასე სასტიკად დაგმობილი
თავის მკვლელობა,
დაგვაპატიმრებს, დაგვაბერებს
ჟამი ქილიკით,
ან გაუნდობი ცოდვებისთვის
დაუსჯელობა.
და როცა ბოლო ღია კართან
ღიმილით მივალ,
ჩამოვირეცხავ ნაკვთებს დამზრალს,
ერთ დროს, მიმიკით,
მერე, ამქვეყნად ვეღარავინ
გაიგებს ვინ ვარ,
რა საჭიროა ან, შენ გარდა...
შენ ხომ მიმიხვდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები