ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
26 თებერვალი, 2010


მართალი (დასაწყისი)








                                                                *  *  *

კონცერტმა ბრწყინვალედ ჩაიარა.
  აღფრთოვანებული მსმენელის ოვაციები არასდროს აკლდა  საოპერო სცენის აღიარებული ოსტატის -  ფეოდორ შალიაპინის, საოპერო თუ კამერულ კონცერტებს, მაგრამ ეს მაინც სხვა იყო.
  ათასზე მეტი მაყურებელი, სამი საათის მანძილზე, ფეხზე ამდგარი, ტაშს უკრავდა არტისტს და ,,ბისზე" ამა თუ იმ არიის გამეორებას თხოვდა.
  კონცერტის დასასრულს სცენაზე, ფეოდორ მიხაილოვიჩთან ფეხმძიმე ქალი მივიდა და ღმერთმა უწყის საიდან და რა გზით ნაშოვნი, შროშანების კონა გადასცა.
  - გახსოვს, რომ გეუბნებოდი, ჩემი უარის მიზეზი ისაა, დიდი მომღერალი გახდები, მსოფლიოს დაიპყრობ და მე დაგავიწყდებიო. მართალი ვყოფილვარ?
  გაოცებულმა მომღერალმა თვალებში ჩახედა ქალს და  ნინა დგებუაძე იცნო. მისი პედაგოგის, დმიტრი ანდრეევიჩ უსატოვის მოწაფე, 1892წელს თბილისში რომ გაიცნო, შეუყვარდა და შემდეგ მასთან ერთად იმავე ქალაქში, ფორკატის ოპერის სცენაზეც გამოდიოდა.
- ნინა?!! შენ აქ საიდან?  როგორ მოხვდი?
- რა გიკვირს? გაეღიმა ქალს. - განა, შენც აქ არ ხარ?
- ჰო მაგრამ... - გაკვირვებისგან ენა დაება მსოფლიო ბასს.  მარცხენა ხელის არათითიდან სწრაფად წაიძრო ოქროს ბეჭედი და ორსულს, ისე რომ არავის დაენახა ხელში ჩაუდო. - ჯიბიდან ფული რომ ამოვიღო, უთუოდ შეამჩნევენ, ეს კი გამოგადგება. - წასჩურჩულა სცენასთან მოსულს.
- არ არის საჭირო. გაიღიმა ქალმა და ბეჭედი შეუმჩნევლადვე დაუბრუნა პატრონს.
  ამასობაში ყარაულიც მოეწყო და სახელოვანმა მომღერალმა ოთხცხენიანი ეტლით დატოვა სპეციალურად ამ საღამოსთვის მოწყობილი სცენა.
ეს კონცერტი მოსკოვში, 1906 წელს შედგა. ასი წლის წინ, იმპერატორ ალექსანდრე პირველის მიერ, ქალაქის გარეუბანში დაარსებულ, მოსკოვის საგუბერნიო ციხეში. შემდეგ ტაგანკის გამანაწილებელი ციხე რომ ერქვა და ოფიციალური საბუთებით  "თავისუფლებააღკვეთილთა შრომის სახლად" იხსენიებდნენ, დღეს კი ყველასთვის ' ტაგანკად" არის ცნობილი.
  რუსეთი არც იმპერიობამდე განიცდიდა ციხეების, თუ სხვა სახის სასჯელაღსრულების დაწესებულებების ნაკლებობას, შემდგომ კი კინაღამ  მავთულხლართებით შემოღობილ ტერიტორიად აქციეს ლამის ნახევარი მსოფლიო, მაგრამ ეს ციხე მაინც გამორჩეული გახლავთ და სახელით ცოტა - მოსკოვისვე"ბუტირკა", პეტერბურგის "ჯვრები", ორიოლის და ვლადიმირის "ცენტრალური",  ვოლოგოდსკის 'შაურიანი" და კიდევ ერთი-ორი თუ გაუწევს კონკურენციას.
ცხადია ეს პოპულარობა მათი სიძველით, ისტორიით და რაც ყველაზე მთავარია - ცნობილი პატიმრებით არის გამოწვეული, თორემ ციხის უფროსები, ვეჭვობ  ვინმემ ზეპირად ჩამოთვალოს, ან საინტერესო იყოს თქვენთვის.
ცხადია, ორასწლოვანი "ტაგანკაც" ხშირად გამხდარა სახელოვანი ადამიანების იძულებითი სახლი. არ ვეცდები და არც მოგაწყენთ მათი სახელების ჩამოთვლით. გული მიგრძნობს, ეს უსაშველოდ გრძელი სია, ბევრ თქვენგანს ჩემზე უკეთ ეცოდინება.
ახლა გამახსენდა და ერთზე მოგახსენებთ მხოლოდ - ოსიპ ბენიამინის ძე შორი, ათას ცხრაას ოციან წლებში, რომ ხვრეპდა "ტაგანკურ წვნიანს".
  სახელი და გვარი არაფერს გეუბნებათ? არც არის გასაკვირი და ამიტომაც შევჩერდი მასზე.
  წარმოშობით ოდესიდან გახლდათ ოსიპი, ახლობლბები ოსტაპს რომ ეძახდნენ. ოდესისვე სისხლის სამართლის დანაშაულის განყოფილების ყოფილი თანამშრომელი. გვარიანი ვაჟკაცი და რომ იტყვიან: ქიციც იცოდა და ქიცმაცურიცო - ისეთი კაცი.
  რევოლუციის დროინდელ ოდესაში, 1917-დან 1920 წლამდე, 14 ჯერ შეიცვალა ხელისუფლება.
  ქალაქს, ან მის გარკვეულ ნაწილს, ხან თეთრგვარდიელები ფლობდნენ, ხან ბოლშევიკები, ხან ინტერვენტები ან პეტლიურას ხალხი. ,,მოლდავანკის' უბანს კი მიშკა ვინნიცკის, მეტსახელად - "იაპონჩიკის" ბანდა აკონტროლებდა.
ოდესელი მწერლის - ბაბელის მოთხრობები ვისაც წაკითხული აქვს, ბენი კრიკიც უნდა ახსოვდეს. სწორედ ის  "იაპონჩიკია" - ბენი კრიკი. ოსტაპ შორმა მის არმიას ომი გამოუცხადა, თანაც საკმაოდ წარმატებით. თუმცა შემთხვევით მისი ძმა შეეწირა ამ ომს. ბანდიტებს, მისი პოეტი ძმა ნათანი, ოსიპში აერიათ და მაღაზიაში, საცოლესთან ერთად მყოფი, ჩაცხრილეს. ამ ამბით შეძრწუნებულმა მშობლებმა დააფიცეს ოსიპი - იარაღს ხელში არასდროს აიღებო. დაჰყვა დედ-მამის ნებას და შეეშვა მილიციონერობას. "ტაგანკაში" კი, რამდენიმე წლის შემდეგ, ჩხუბის გამო მოხვდა.   
  შემდეგ, ჩელიაბინსკში წავიდა და როდესაც მის მეგობარს, სატრაქტორო ქარხნის დირექტორს, ჩეკისტები დაადგენ დასაჭერად, ხელჩართული ბრძოლა გაუმართა. ისიც დაიჭირეს, მაგრამ გაექცათ. მოსკოვში, სიყრმის მეგობართან, ცნობილ მწერალ იური ოლეშას სახლში იმალებოდა. საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება განვლო ოსიპ შორმა. ასი წლის ასაკში გარდაიცვალა, მოსკოვში 1979 წელს. ილფი და პეტროვის რომანების მთავარი გმირის - ოსტაპ ბენდერის პროტოტიპი გახლდათ ეს პიროვნება, სიყრმიდან რომ იცნობდა ორივეს.
გავანებოთ თავი ოსიპ ბენიამინის ძეს და დამთავრებულ კონცერტს მივუბრუნდეთ.
მომღერალი, როგორც მოგახსენეთ ეტლით გაამგზავრეს, მოწვეული სტუმრები შინ წაბრძანდნენ, დამსწრე საზოგადოების უმეტესი ნაწილი კი, ვისთვისაც კონცერტი იყო გამართული, საკნებს დაუბრუნეს.
სამი დღის თავზე, პატიმარ ნინო მელქისედეგის ასულ დგებუაძეს, ციხის ადგილობრივ საავადმყოფოში ვაჟი შეეძინა.  დედამ ახალშობილს კონსტანტინე დაარქვა. გვარიც მისი ერგო.
გავა წლები და იტყვიან: "კოსტის"( "ძვლის") მამა - "თუქსუს პროფესორი," ვასკა ტრახი  იყოო, მაგრამ ტყუილია.
ცნობილმა აფერისტმა, შემდეგ კი საკმაოდ აღიარებულმა და დაფასებულმა პიროვნებამ, ვასილი ფილიპეს ძე ტრახტენბერგმა, წიგნების: "ციხის სიმღერების" და "ქურდულ-რუსული ლექსიკონის" ავტორმა, შემდგომში საფუძვლად რომ დაედო,  ყველა ასეთი სახის ნაშრომს, "ტაგანკაში" მყოფნი თავის მობრძანებით იმ დროს გაახარა, კანსტანტინე ორი წლის რომ იყო უკვე და არხანგელსკის გუბერნიის დასახლება - ვიელსკში იზრდებოდა, მოყვრებთან.
ვიელსკი, არხანგელსკიდან დაახლოებით ხუთასი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და დღეს, მოსკოვი-კოტლასი-ვორკუტას რკინიგზის მაგისტრალზე მდებარე ქალაქს წარმოადგენს. შემდგომში, სახელმწიფოს ხარჯზე, არაერთხელ რომ გადაუსერავს კონსტანტინე დგებუაძეს.
  "ვასკა" კი არ იტყვით რისთვის იხდიდა სასჯელს? ყალბი საბუთები შეადგინა, საფრანგეთის მთავრობას, მაროკოს არარსებული ვერცხლის მადნები მიჰყიდა და დიდი ფულიც აიღო ამ საქმეში.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები