ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2010


###

ღამე



როცა დილა ძალას იკრებს,
როცა მზე სცემს დაფდაფებს,
ღამე შიშით ეფარება
ჯურღმულებს და სარდაფებს...

გადაივლის ამ შენობებს
მთვარე ასე დაღლილი,
მერე ღამე ჩემს ეზოში
აყეფდება ძაღლივით...

ბაბილონის გოდოლივით,
არც ფერი აქვს, არც სახე
და სამყარო, ფოთოლივით,
მძიმე ჯვარზე ცახცახებს...
------------------------
მთა


ცეცხლიდან იშვა შენი ღირსება
და მხრებზე გაწევს ქარის სიმძიმე,
დილით ყვავილი გეალერსება,
ღამით ვარსკვლავი შემოგციმციმებს.


წელზე დუმილის ჯაჭვს შემოირტყამ
და შენი სევდა ისე დიდია,
გსურს რომ საკუთარ გულში მოიკლა,
ის რაც გინახავს, ან განგიცდია.

ტანი წვიმებით დაზაფრული გაქვს,
განმარტოებით დგახარ სრულებით
და დაგროვილი სევდა სულიდან
გეღვრება, როგორც ნაკადულები.

სულ რომ გვაქციო ზურგი ამაყად,
ან მოეფარო შორეთს ბინდიანს,
იმ დიდ ჭრილობას ვერსად დამარხავ,
მაგ მხრებზე ჯვარცმით რომ აგინთია.

ტანზე სამოსიც შემოგძარცვია,
მთაო გალავნად წამომართულო,
შენ ჟამმა,თითქოს ბერად გაგცია
და მძიმე აღთქმით დღემდე მარხულობ...

------------------------------
ცირკის მასხარა

სახეს დამანჭავს, თმებს აიშლის, თვალებს მილულავს,
გულს, როგორც მარტივ სათამაშოს ნორჩებს გაუწვდის,
არ გამოიხმობს ბნელეთიდან ძალებს იდუმალს,
მოხუცი ბავშვი მოყვარული აურზაურის.

წელში მოხრილი გაუღიმებს ცირკის ქომაგებს,
დიდი მასხარა ჭრელ სამოსში გამოწყობილი,
ათასი შუქის ელვარება მზერას მოსტაცებს,
ბედისწერის ხაზს გაუყვება, როგორც ცდომილი.

ის წარმოდგენას მაწანწალის სახით წარმართავს,
რომ გაუღვივოს სიამაყე მოდგმას ადამის,
მათხოვრის ხონჩას მიიმაგრებს ძონძის ქამართან,
ბანჯგვლიან ხელით სასაცილოდ დათვლის ათამდის.

მხოლოდ ბავშვები გაუგებენ მოხუცს სიცელქეს,
არ დასჭირდებათ მის თვალებში ძიება სიღრმის,
და როცა კოჭლი უკანასკნელ ცეკვას იცეკვებს,
ტაშს დაუკრავენ კაცს უნიღბოს, კაცები ნიღბის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს