ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
1 მარტი, 2010


ნოშრევანა

წინასაღამოს ცხრა საათიდან მკვდარი ქალაქი ნოშრევანას ხმამ გააცოცხლა.
- ნავთი გოგოოოო !..  ნავთი ბიჭოოოო!... ნავთი, ნავთიიი !...
იცოცხლე, ხმა ომახიანი ჰქონდა.
“ ესე იგი უკვე შვიდი საათია”. გაიფიქრა ქალმა საწოლში და საათს შეხედა. “ ზუსტად !.. ეს კაცი  კრემლის  საათივით ზუსტია”.
- ნავთი, ნავთიიიი ! - გაიმეორა ხმამ.
ქალი საწოლში წამოჯდა.
- რა იყო, ნოშრევან, წუხელის სახლში არ შეგიშვეს ?! - გამოეხმაურა ვიღაც პირველი სართულიდან - ღამე არა გძინავს ?!
-  რა ვქნა, ალექსეევიჩ, ხუთი შვილი მყავს, რჩენა უნდათ !
- ხუთი შვილი რა ამბავია, ნოშრევან, სახლში სხვა საქმე არა გაქვს ?! - იცინის ალექსეევიჩი.
- ცივა, ალექსეევიჩ, ცივა, სუ ვწევარ ! - პასუხობს ნოშრე და - ნავთი, ნავთიიიი ! - გაჰკივის.
- ნავთს შენა ჰყიდი და ისევ შენა გცივა ?! - უკვირს ალექსეევიჩს.
- რო ვყიდი, იმიტო მცივა, რო ვყიდულობდე დამცხება - უხსნის ნოშრე და - ნავთი, გოგოოო !..  ნავთი ბიჭოოო !..  ნავთი    “ კასანდრა” !.. ნავთი “იზაურა” !  ნავთიიიი ! - თან საქმეს აკეთებს.
- ნავთი შენ და სატკივარი ! - გამოეხმაურა რომელიღაც მეზობელი რომელიღაც ფანჯრიდან.
“ პროვინციელი !” გაიფიქრა სხვა მეზობელმა სხვა შენობის სხვა ოთახში  “ დედაკაცივით იწყევლება “.
- რათა სატკივარი, გენაცვალოთ ნოშრე, მა ნავთი არ გინდათ ? - არ ბრაზდება ნოშრე.
- ნოშრე, ბავშვები ნუ გამიღვიძე, ცოტა ხმადაბლა იყვირე - ეუბნება ვიღაც.
- ხმამაღლა ვყვირი არა ყიდულობთ და ხმადაბლა რო ვიყვირო, მერე ხო სულ არ იყიდით ! - და ნოშრე უფრო ხმამაღლა გაჰყვირის - ნავთი, ნავთიიი ! გენაცვალოთ ნოშრე ! იყიდეთ ნავთი სუფთა, ნავთი წკრიალა, ნავთიიიი !
- მანანააა !  მანანაააა ! - ეძახის ერთი შენობის მეცხრე  სართულის ფანჯარა მოპირდაპირე შენობის მესამე დართულის ფანჯარას - მა - ნა - ნააა !
- უფრო ხმამაღლა დაუძახე, ხო ხედავ, ვერ  აგონებ ! მაგან ისეთი ძილი ძილი იციიის ! - ასძახა ნოშრემ მეცხრე  სართულს და მერე თვითონ  ისეთი  ხმით დაიძახა - მანანაააა ! - მარტო მანანამ  კი არა ერთი-ორმა სხვამაც  გამოიხედა.
- ლია გეძახის, გოგოოო ! მეცხრე  სართულის ლიააა ! - აუხსნა  ნოშრემ  და  ურიკა  გააგორა.
- ჩემთან ამოდი, საქმე მაქვს - ეუბნება მეცხრე  სართულის  ფანჯარა  მესამე  სართულის  ფანჯარას.
- ლიააა !  ნავთი არ  გინდა?!  რასაც შენ  და  მანანა ყავას ადუღებთ  “ფეჩზე” !.. - და ვინაიდან ნოშრემ იცის ლიას დღეს  ნავთი არ უნდა, კმაყოფილი ყვირილს  აგრძელებს - ნავთი, ნავთიიი!!! - ერთი კარგი საქმე  გააკეთა, მანანა გააღვიძა - ბიჭო ვასოოო !!! ბებიაშენმა არ დაგიბარა ნავთი იყიდეო ?! გუშინ აღარ ექნებოდა !
“  ბებიაშენს მოუკვდი შენ !”  გაიფიქრა ქალმა სამზარეულოში.
- ნოშრე, რომელი საათია ? - ეკითხება რომელიღაც კაცი-ფანჯარა.
- რვა საათია, გოგი, გენაცვალე ! ზუსტად რვა.  რატო “ ბუდელნიკს “ არ ყიდულობ,  მე რო არ გაგაღვიძო ხო დაგაგვიანდება და ეგ არიი !  ნავთი, ნავთიიი !!!  გაიღვიძეთ ხალხოოო ! იყიდეთ ნავთი წკრიალა, ნავთი სუფთააა !  ნავთიიი! ..ნავთი “იზაურაააა !”
- ნოშრე, ნახევარი ლიტრი მომეცი და ფულს ხვალ  მოგცემ - ეძახის მეხუთე სართულიდან ქალი.
- “ სიფთაზე “  ნისია გაგიგონიათ კაცო ?! - უკვირს  ნოშრეს - ჩამოდი, ჩამოდი, ერთ ლიტრს მოგცემ, შენი ბავშვების ამბავი რომ ვიცი, ნახევარ ლიტრს შეშის ერთ შეკეთებაზე ასხამენ. ოღონდ ფული ხვალ აუცილებლად უნდა  მომცე, ხო იცი, მეც “ პოსლეზე” მაძლევენ - თანხმდება  ნოშრე -  ნავთი “კასანდრა “ ნავთიიი !!!
- ნოშრე, შენი ჭირიმე, ახლა დაბლა ნუ ჩამომიყვან  ამ სიცივეში, თოკს ჩამოვუშვებ და მოაბი - სთხოვს ქალი.
- კარგი, ჩამოუშვი ! ოღონდ ცარიელი ბოთლი მოაბი, ხო იცი, ჭურჭელი  მიჭირს.
ქალმა თოკით ჩანთა ჩამოუშვა.
- ნოშრე, “ პერაშკები”-ც  არის ჩანთაში  მიირთვი, სანამ ცხელია.
ნოშრემ ნავთი “აუგზავნა” და “ ბარტერული”  გაცვლა დამთავრდა.
- ნავთი გოგოო!!!..  ნავთი ბიჭოოო !!!.. იყიდეთ ნავთიიი !!!.. ნათელააა !!! ნავთი არ გინდა  გოგოოო?!!.. მერე ეგეთ ნავთს აღარავინ მოგცეეეემთ !
- ნავთი, თქვე კაი დედმამისშვილებო, ნავთიიი!!! - იძახდა ნოშრე და ამ ყვირილ-ყვირილში თანდათან თენდებოდა.
ასე იყო ყოველ დილით იმ ქალაქის იმ მიკრორაიონში დილის შვიდი საათიდან. ფანრით , ურიკით, ნავთითა და ომახიანი ხმით ნოშრევანა ეზოებს უვლიდა.
ნოშრევანას “ სამუშაო საათები” დღის თორმეტ საათზე მთავრდებოდა.



“ უკვე ცხრა საათია ! .. რამდენ ხანს მძინებია !..  ვერც საუზმობას მოვასწრებ და  სამსახურშიც დავაგვიანე “.
გაიფიქრა ქალმა საწოლში და უცნაურად  მოეჩვენა ნოშრევანას ხმამ რომ არ გააღვიძა ამ დილით.
“ ისე ღრმად მეძინა, რომ ნოშრევანას ხმა  ვერ ავიგე ?!”..
გაუკვირდა.
- ნოშრე ამ დილით არ იყო ?! - ჰკითხა ვიღაცამ ვიღაცას ერთი შენობის მეორე სართულიდან მეორე შენობის მეშვიდე სართულზე
- არ ვიცი, ხმა არ გამიგია - პასუხობს მეშვიდე  სართული.
- ნოშრევანას ნავთი არ ჩამოუტარებია ?! - ისევ ეკითხება რომელიღაც ფანჯარას რომელიღაც ფანჯარა.
- რატომ ნეტავ ?! სულ მაგის ხმა მაღვიძებსხოლმე.
- როგორ გავიდე ნავთისთვის ამ დილაადრიანაად ?! - შეწუხდა რომელიღაც სართულის ბინა.
- ვაა , ფული მქონდა მისაცემი !



ნოშრევანა არც  მეორე  დღეს  გამოჩენილა...
არც  მესამე  დღეს  და ...
არც მთელი კვირა...
მერე კი ვიღაცამ ამბავი მოიტანა, “ ნოშრევანა მოუკლავთო “...
“ ტყუილი იქნება “-ო - არ დაუჯერეს...
მერე კი...
- ნოშრევანა სახლში მთვრალი მოდიოდა თურმე, ვიღაცეები  დახვედრიან და მოუკლავთ...
- არა, თვითონ კი არ ყოფილა  მთვრალი, თვითონ არა სვამდა, მთვრალებს აშველებდა თურმე და ჩხუბში შემოკვდომიათ...
- ნოშრევანას  მანქანა დასჯახებია, საავადმყოფომდე  ცოცხალი მიუყვანიათ  და იქ მომკვდარა...
- ნოშრევანასთვის  ინფაქტს დაურტყამს...
- ნოშრევანას თავი მოუკლავს...
- ... რა ეშველებათ იმის  ხუთ შვილს ?!


... იმ ქალაქის  ის  მიკრორაიონი ჩაკვდა.


დილით უკვე  აღარავინ აღვიძებდათ :
- ნავთი გოგოო !..  ნავთი  ბიჭოოო !!!.
... მაღვიძარები მომართეს.
... ნავთზე  თვითონ დაიწყეს  სირბილი.
ჩუმად  იღვიძებდნენ დილით.
ერთიმეორესაც  იშვიათად  ხვდებოდნენ.
... მერე ვიღაც  სხვამ  დაიწყო  სიარული ურიკით.
“ მაგას  სად  ველოდოთ ?! ”- ო, მეზობლები თითქმის  არ ყიდულობდნენ.
... ხმამაღლა არავინ  ამბობდა, თორემ იმ ქალაქის  ის  მიკრორაიონი ნოშრევანას  გლოვობდა ...


... ერთ დილით კი...
- ნავთი გოგოოოო !!!.. ნავთი ბიჭოოო !!!.. ნავთი გენაცვალოთ ნოშრე, იყიდეთ ნავთი “იზაურაააა “ !!!  ნავთიიიი !!!..
“ესე იგი, უკვე შვიდი  საათია ! “
გაიფიქრა  ქალმა  საწოლში  და  წამოჯდა.
ნამძინარევმა  გონებამ უცებ  ვერ  გაიაზრა, რა  მოხდა...
მერე კი ...
- ცოცხალი  ხარ, ნოშრე ?!
- სადა ხარ, შე  დალოცვილო ?!
- გამარჯობა , ნოშრეე !!!
- ნოშრე, შენა  ხარ თუ  მეჩვენება ?!
- ნოშრე ასე  დაკარგვა შეიძლება, კაცო ?!
იმ  მიკრორაიონის  ყვალა  ფანჯარა ერთად  ელაპარაკებოდა ნავთის  ბოთლებით  სავსე  ურიკასთან  მდგარ  გაკვირვებულ  და  გაღიმებულ  ნოშრეს  და  ნოშრევანაც  ყველა  ფანჯარას  ერთად  პასუხობდა :
- რატო არ  უნდა  ვიყო  ცოცხალი რა, ავადმყოფსა  ვგევარ ?!
- “ ინფაქტი “ რათ უნდა  მქონოდა რა, მერე ჩემს  შვილებს  შენ შეინახავდი ?!
- ისეთი ლამაზი  ცოლი მყავს,  იმის  მარტო  დატოვება  არ შეიძლება ! ცოცხალი  უნდა  ვიყო, ცოცხალი !
- თქვენი ცოდვით  მიქელ-გაბრიელი  არ  მიმიღებს, არა !!! ამ სიცივეში ნავთზე  სად  უნდა  ირბინოთ ?!
- ნავთი, ნავთიი !!!..
- შვებულებაში  გავუშვი  ჩემი  თავი, ალექსეევიჩ, ხუთი წელია  გემსახურებით, სამკვირიანი  შვებულება  აღარ მეკუთვნოდა ?!
- ნოშრე, ნავთს  რომ  გაყიდი, ისევ  აქ  მოდი !
- ნოშრე, არსად  არ  წახვიდე, იცოდე !
- ნოშრე, ეგ  შენი  ურიკა  აი, აქ  დატოვე, ხელს  არავინ მოკიდებს. შენ  დღეს  სახლში  ფხიზელს  ვერ  გაგიშვებთ.
ნოშრე  უცმად  მორჩა  ნავთის  გაყიდვას...
... და სანამ ნოშრემ  ნავთი  გაყიდა...
ვიღაცამ მჭადი  ჩააკრა,
ვიღაცამ ლობიო  გააცხელა,
ვიღაცამ  ხაჭაპური  გამოაცხო,
ვიღაცამ  ქათამი  მოხარშა,
ვიღაცამ კვერცხი.
ვიღაცამ  სამწვადე  მოიტანა,
ვიღაცამ  კარტოფილი  შეწვა,
ვიღაცამ  სარდაფიდან  ღვინო  ამოიტანა,
ვიღაცამ - არაყი.
ეზოში  დადგმულ  მაგიდას სხვა  მაგიდა  მიადგეს  და  მერე  კიდევ  სხვა.
კარვით გადახურეს...
მაგიდებთან გრძელი  ხის  სკამები  დადგეს  და ...
სუფრა  გაიშალა.
- ნოშრე, შენს ყვირილზე თუ  არ  გავიღვიძე, იმ  დღის  მუშაობას  ბარაქა არა აქვს !
- კაცო, საათს  აღარ  ვმართავდი, ისე  ზუსტად “ მუშაობდა “ !
- შენს აქ  არყოფნაში  რაც  ჩვენ  ვიწვალეთ და  ნავთზე  ვირბინე, არა გცხვენია ?!
- გმადლობთ  ხალხო - ამბობდა  შემთვრალი ნოშრე  და  ეღიმებოდა - არ  მეგონა, ეგრე იდარდებდით, თორემ ყველას  ცალ-ცალკე  ჩამოგივლიდით, ხვალიდან “ შვებულებაში”  ვარ-მეთქი !
- ხუთი შვილი იმიტომ მყავს, რო !..  განა მართლა  სუ  ვწევარ !..  ბავშვები  მიყვარს... ბავშვებთან  თამაში  მიყვარს... რო იზრდებიან  მერე  ჩემთვის  აღარა  სცალიათ... სუ  გაკვეთილებსა  სწავლობენ. სანამ  პატარები  არიან, ზღაპრებს  ვუკითხავ, ან ...  რაღაცეებს  ვიგონებ  ზღაპრებივით  და  ვუამბობ...  ეგრე  დღეები მალე  გადის !..
- ყველას  გიცნობთ. სუ ვიცი, ვინ  რომრლ  სართულზე  ცხოვრობთ  და  ვინ  რომელ  საათზე  დგებით, ვის  რა გქვიათ.
- ბიჭო, გეცოდინება, აბა რა  იქნება , შენი “ სპეციალობა “ ეგ  არი!
- ... ვინ  როდის  გადიხართ სახლიდან  და  სად  გადიხართ!.. ვინ  რას  საქმიანობთ !.. სულ ვიცი...
“ ნატა მართლა  იცის ?!” გაიფიქრა  ვიღაცამ  და  შერცხვა.
- რაც  უბანში ჭორებია, სულ  ნავთის  რიგში  ლაპარაკობენ  და  მესმის, რა  ვქნა !
-ნოშრეს  გაუმარჯოს, ნოშრეს ! დილას  ეგ  გვითენებს.  ნოშრე რომ  დაიძახებს “ ნავთი გოგოოო!.. ნავთი, ბიჭოოო !!! “ ვიცი, რომ  იმ  დღის  ცხოვრება  უკვე  დაიწყო.
- თქვენ  გაგიმარჯოთ, ხალხო !  მეზობლობას  გაუმარჯოს ! მეგობრობას  გაუმარჯოს ! ადამიანის სიყვარულს  გაუმარჯოს ! კაი “ გამარჯობას “ გაუმარჯოს !
- ნახე, ნოშრევანას  რეები სცოდნია !
გვიან ღამემდე ისმოდა სადღეგრძელოები, სიმღერა  და  სიცილი.
მერე კი მთვრალი  “მიკრორაიონი”  თანდათან სახლებში წავიდ-წამოვიდა.


“ ვიღაცას  ვჭირდები !..
მარტო ჩემს  ცოლ-შვილს კი არა, ღმერთო !..
კიდევ  ვიღაცას !..
მარტო  ნავთის  საყიდლად  კი არა !
ისედაც !
გაიგე, ღმერთო,  რა  მითხრეს ?!
“ შენით იწყება იმ დღის ცხოვრება”- ო !
აუუჰ !!!
რა  კარგი  რამეა ეს დალოცვილი  სიცოცხლე, ეეე !!!
ადამიანი  ხომ  სულ წვალობ, წვალობ, წვალობ... და  მაინც  კარგია !..
ხო ყველა  ემდურება  სიცოცხლეს, სიკვდილი  მაინც არავის  არ  უნდა. თურმე, კაცი  რომ თავს იკლავს, სახეზე  სინანული ახატია, ბოლოს სიკვდილს  ნანობს, სიცოცხლე უნდა. იმიტომ რომ სიცოცხლე  კარგია.
ვინმეს  რომ  სჭირდები...
ვინმეს  რომ  აკლდები...
ვინმე  რომ  გელოდება, იმიტოა  კარგი !
აუუუჰ !!!”
ფიქრობდა  სახლისკენ  არეული  ნაბიჯით  მიმავალი  ნოშრე  და  თვალები  ეცრემლებოდა.


- ნავთი  გოგოოო!!!. ნავთი, ბიჭოოო !!! ნავთი  სუფთა,  ნავთი წკრიალა, ნავთიიი !!! - გააცოცხლა “ მკვდარი “ მიკრორაიონი  ნოშრევანას  ხმამ.
“ ესე იგი, უკვე შვიდი  საათია !”
გაიფიქრა  ქალმა  საწოლში და წამოჯდა. საათს  შეხედა.
“... შვიდს  უკლია თხუთმეტი წუთი “ ... (!!!) ნოშრევანას  მექანიზმი  მოეშალა !..”
ისევ  დაწვა.
- ნავთი შენა და  სატკივარი - გამოეხმაურა  რომელიღაც  შენობის რომელიღაც  ფანჯარა.
“ პროვინციელი !”
გაიფიქრა სხვა  მესობელმა სხვა  შენობის  სხვა  ოთახში.
“ დედაკაცივით იწყევლება”.
- რათა სატკივარი, გენაცვალოთ ნოშრე, მა  ნავთი  არ  გინდათ ?! ნავთი, ნავთიიი !!!

1998 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები