ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: gugua
ჟანრი: პროზა
4 მარტი, 2010


თეონა მეტრეველი

                გამარჯობათ ბატონო გიორგი, როგორ გამახარეთ რომ იცოდეთ. ჩვენ ყველანი კარგად ვართ, თეონა 11-ე კლასშია და ტრაბახში ნუ ჩამითვლით და სკოლის თვალია. ამას წინათ ლიტერატურულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და დიდი მოწონება დაიმსახურა, მისი ჩანახატი რეგიონულ გაზეთში ,,ლიტერატურული მესხეთი” დაიბეჭდა. გიგზავნით საგაზეთო ამონარიდს ჩანახატთან ერთად, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი ასაკისთვის ცოტა ნაადრევი ნააზრევია. თეონა თვიონვე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ცეკვას ძალიან დიდი ენერგია და დრო მიჰქონდა, და დროებით ცეკვის ანსამბლიდან გამოვიდა, სამაგიეროდ მუსიკას მიუბრუნდა და აგრძელებს, მოკლედ დიდ ძიებაშია.
                ძალიან მიხარია თქვენი მოგზაურობის გამო, სამწუხაროდ ვერანაირად ვერ ვახერხებ სტამბოლის ნახვას, თუმცა ძალიან მინდა. ბატონი ოთარი ძალიან გაიხარებს თქვენი სტუმრობით. მე აგრეთვე ვიცნობ სტამბოლში მცხოვრებ გურჯს, ბატონ იმერ ზუმბაძეს, რომელიც არის ქართული რადიოს ხელმძღვანელი, საკმაოდ საინტერესო და განათლებული ადამიანია. რამდენიმე სიმღერაც კი გავუგზავნე გურჯი მსმენელებისთვის. ბატონი იმერი გიორგი კალანდიას ერთ-ერთ ფილმშიც კია გადაღებული, რომელიც ან ფილმში მოგვითხრობს ,,მარიობის” (იქ მხოლოდ ფესტივალის სახე აქვს) შესახებ და დასთან ერთად აჭარულს ცეკვავს. მე მგონი ბატონი ოთარი იცნობს. ჩემს მეორე გურჯ შვილობილს ომარ დემირტაშს ამ ზაფხულს ქორწილი აქვს და მეპატიჟება ბურსაში, ხოლო ბატონი ნური თორუნი კვლავ მიგზავნის წამლებს ართვინიდან.
                მოკლედ, ძალიან მიხარია და თეთრი შურით მშურს თქვენი. პატივისცემით მერი.


                                                          გადამწყვეტი ბრძოლა


                ... მე უბრალოდ ვზივარ და ვფიქრობ... ვფიქრობ ყველაფერზე, ვფიქრობ ჩემს განვლილ ცხოვრებაზე, რომელიც საზიზღრად, უბადრუკად მეჩვენება.
                ...ვგრძნობ, რომ აქ რაღაც დამრჩა, რაღაც მთავარი, რომელიც ჩემს შავი ღრუბელივით მძიმე სულს, ოდნავ მაინც შეამსუბუქებს...
                ... მიყვარდა... ჩემი თავი მიყვარდა, სხვებზე უფრო მეტად. თითქოს ყველასთვის კარგი ვიყავი, ბოლოს მაინც ჩემი საყვარელი თავის ამარა დავრჩი. თავმოყვარეობამ დამღუპა. ყველაფერში ჩემი თავის, ჩემი შესაძლებლობების იმედი მქონდა, რომელიც ამოუწურავი მეგონა, მაგრამ ახლა მივხვდი, ჩემი სიცოცხლის ბოლო დღეს, ბოლო წუთებში, როცა აშკარად ვგრძნობ მის ცივ, ყინულივით ცივ ხელებს, რომელიც შეუბრალებლად მიფათურებს სულის სიღრმეში...
                ... ჩემი ცხოვრება, აგერ, ჩემ თვალწინ მირბის...
რატომ, ასე რატომ ვცხოვრობდი, მე ხომ ანგელოზად დავიბადე, მაგრამ თურმე თეთრი ფრთებიც შეიძლება, შავით შეიცვალოს...
                ... ადამიანები უნდა მყვარებოდა. მზე, მზეც უნდა მყვარებოდა, იქნებ უფრო მეტად გაეთბო ჩემი ყინულივით ცივი, სველი გული...
    მისთვის მოვინდომე თავის გატოლება, მაგრამ დავენარცხე, დავენარცხე და მერე რა მწარედ! გონს მოვეგე. თურმე როგორი ყოფილა ის... მისი დროც დადგა... ის ჩემთან მოვიდა...
    – უკანასკნელი სურვილი? ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რა მაკლია, რა აკლია ამ ჩემს საზარელ ცხოვრებას. იქნებ ღმერთი კიდევ ერთხელ დამეხმაროს და გამაგებინოს. ის ხომ აქამდეც მეხმარებოდა, მაგრამ მე, რაღაც სასწაულით დაბრმავებული, ეს უბრალო დამთხვევა მეგონა. თურმე როგორ ვცდებოდი?! ახლა სამაგიეროს ვიმკი. ყველაფრისთვის, რაც დავაშავე, როგორც მოვექეცი ადამიანებს, რომელთაც ჩემი იმედი ქონდათ.
  ...მე, მე ვიყავი. შეუვალი, შეუდრეკელი მე! ჩემს გარშემო ტრიალებდა მზის სისტემა და ყოველი ცოცხალი არსება. სამყაროს ღერძი მე ვიყავი! მაგრამ თურმე ღმერთი არ პატიობს იმას, ვისაც მასთან გატოლება უნდა თავისი საზიზღარი, ადამიანური ამპარტავნების გამო.
    ...უკანასკნელი სურვილი... ღმერთო, ბოლოჯერ დამეხმარე, ღმერთო!!! ჩემი უკანასკნელი სურვილი... მივხვდი! უკვე მივხვდი, რაც აკლია ჩემს დამძიმებულ სულს! აღსარება, აღიარება! ვიცი, ძალიან ბევრს ვითხოვ... შენდობას ვითხოვ!.. მაგრამ, ეს ხომ ჩემი უკანასკნელი სურვილია!.. მაპატიე, ამ ერთხელ მაპატიე...
  ...და მე ვიგრძენი, რომ ჩემი ღრუბელივით შავი, მძიმე სული, ბუმბულივით შემსუბუქდა და აიჭრა სადღაც მაღლა... მზესთან.

                                                …სიცოცხლე…

                …უცნაურია ცხოვრება… რაც უფრო სასიამოვნოა წამი, მით უფრო ნაკლებია მისი ხანგრძლივობა… დრო კი გადის… გადის და ჩვენ ამის შეცვლა არ ძალგვიძს… იქნებ არც გვინდა?..
                …იცი… ხანდახან მიჩნდება სურვილი, რამე ისეთი დავხატო, დავწერო, ვთქვა, შევქმნა, რაც არასოდეს, არავის, აზრადაც კი არ მოუვა… იქნებ დროს ვაჯობო… დროს!!!
                  …ამ ბოლოს მივხვდი, რომ დრო მტკივა… დრო მტკივა…
                  ჩემი საუკეთესო წლებით, წარსულმა, თითქოს თითო წელი თითო ჩამოცვენილი ფოთოლი ყოფილიყო, ჰერბარიუმი გააკეთა… ჩემი ცხოვრების ჰერბარიუმი, რომელიც ისეთივე ჭრელია, როგორც მომთაბარე ბოშათა ბანაკში ყველაზე ლამაზი ბოშა გოგონას კაბა…
                …ვფიქრობ… ყველაფერზე ვფიქრობ…
                რაც უფრო ბევრს ვფიქრობ, მით უფრო ნაკლებს ვხვდები, ვიგებ და ვაცნობიერებ…
              …ცხოვრება თეატრია… შენ კი, უნდა ეცადო, შენი ცხოვრების მთავარი გმირი იყო… ყველასგან დამოუკიდებელი, ყველაფრისგან თავისუფალი!..
              …ცხოვრებაში ერთხელ მაინც, უმაღლესი მწვერვალის კლდის ქიმზე უნდა დადგე, ხელები გაშალო, თვალები დახუჭო, თავი აწიო და ღრმად ჩაისუნთქო… ისე, რომ ფილტვები გეტკინოს… მერე… მერე ნელ-ნელა ამოისუნთქო, თვალები გაახილო, მზეს თვალი გაუსწორო და თქვა: ,, მე ცოცხალი ვარ!”
                შენს სიცოცხლეს, სიცოცხლე უნდა დაარქვა და არა არსებობა!
                შენ ლამაზი ხარ, ღმერთმა დაგაჯილდოვა… შექმენი შენი უკვდავება შენ თვითონ, ყველასგან დამოუკიდებლად, მარტომ, რომ მერე არავის გაუზიარო შენი საზღაური – შენი დიდება!
                თვალი გაახილე და დაინახე. დაინახე ყველა და ყველაფერი, რაც ადრე უაზრო, მარტივი და მონოტონური გეგონა. შემოუარე და მეორე მხრიდან შეხედე. დაინახავ…ღმერთი მახინჯს არაფერს ქმნის… არც ადამიანს, მაგრამ ზოგი ადამიანი თავისი სურვილით, თავისი ნებით ხდება მახინჯი.
                არ დამახინჯდე!.. გაუღე გულის კარი ყველას, ვინც გიყვარს. სანამ შენი წამი ჩამოკრავს, მოასწარი და ყველაფერი გააკეთე! ყველა სისულელე, რაც შეიძლება ცოცხალმა ადამიანმა გააკეთოს. გააკეთე და ინანე, რათა მერე სანანებლად არ გაგიხდეს, რატომ არ გავაკეთეო…
                შენი თავის გარდა, ნურავის ენდობი… ენდე შენს თავს და… მთვარეს. მთვარემ იცის, რას ნიშნავს ღამე, ჩუმად, ყველასგან დაფარულად, საკუთარ თავთან საუბარი…
                სიცოცხლე შეიყვარე, რადგან სიცოცხლე სიყვარულის გარეშე ტანჯვაა, გეენაა…
              … არ იფიქრო… ფიქრი სისულელეა! ფიქრში დრო არ დაკარგო, როგორც მე დავკარგე ჩემი ცხოვრების 50%...
              მაინც ვერაფერს მივხვდი… დრო კი გავიდა… 
              დრო გადის…

                                                                  თეონა მეტრეველი

ქ. ბორჯომის # 1 საჯარო სკოლის მე-11-ე ბ კლასის მოსწავლე.
დაბადების თარიღი: 1993 წელი, 16 ივლისი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები