ნაწარმოებები



ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2010


***


უცნობი სახლის ნაცნობ აივანზე
ჩოხა აღარა ჩანს-
მის ნაცვლად თოკს
ნისლივით ჰკიდია ჯინსი.

***
ნერგი შემოთოხნა
და ისე გაიხარა,
თითქოს შვილს
პერანგი ჩააცვა ახალი.

***
წავიდა სოფელი,
ახლა ცარიელი
სახლები მიდიან.

***
სიყვარულის
კოშკის გალავანი
მონატრების სუროთი მწვანდება.

***
გარდაცვალებისას ყველა ღმერთთანაა-
დაწმენდილი თვალებით,
ცრემლიანი ფიქრებით.
რატომღა ჭრიალებს კარი ჯოჯოხეთის?

***
ისეთი ექოები
მოისმის გულიდან,-
ცის ხმები ავიწყდება გონებას.

***
ერთ ბიბილოზე რომ აკოცე,
მეორე ბიბილოსთან
კულული შეირხა...

***
და სამოთხეშიც ადამიანის
ფეხმა წააქცია ყვავილი.

***
მაღლდება,
გული არ გაცლის დახანებას,
სითბოს გაგრძნობინებს შვიდივე ცისას
ცისარტყელა-
სიყვარულის შვიდი სახარება.

***
ეჭვმა სიყვარულის პირმზითები
გადინადირა,ვერ მოკლა ვერაფერი,
ნისლად იქცა და გაქრა სივრცეში.

***
კაცი-აღმართის ბილიკი,ეკლიანი,
ქალი-ამ ბილიკზე
გაშლილი ყვავილებად...

***
ნათდება ცა და დედამიწა
და არა-გულები...

***
ცის უსასრულობით
ხარობენ დღეები და ღამეები,
როგორც სიყვარულის სიმღერით
კლავიშები სხვადასხვა ფერისა.

***
როგორც არ უნდა დაიკავო,
თოხი მაინც თავდახრილია,
მეგზური წყაროსი,
მკურნალი ბაღისა...

***
მზემ-ღმერთისაგან,ყვავილმა-მზისგან,
ადამიანმა
ყვავილისგან ისწავლა ღიმილი.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები