ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2010


ბიპოლარული ღმერთის ეპოქა

ეს იყო ერთი წვიმიანი დღე,
თითქოს ზევით ვიღაც იჯდა და
წვიმის წვეთებს უმიზნებდა ხის ფოთლებს.
აშიშვლებდა ხეებს,
ფოთლები კი უკანასკნელ ცეკვას ასრულებდნენ ჰაერში
და მხრებზე ეცემოდნენ გოგოს.
ეს იყო ერთი ჩვეულებრივი შემოდგომის უბრალო დღე,
ის გაშეშებული იდგა და იყურებოდა შორს
და სველი ხელებით მიხატავდა ყველაფერს:


თეთრი გრიმით მოსვრილი ჯარისკაცები
დგანან გაუნძრევლად,
დომინოს ქვების მსგავსად
და გაშეშებულნი უყურებენ
ცალთვალა სპილოებზე მჯდარ ანგელოზებს.
ვერც ერთი ხმა ვერ ბედავს დაარღვიოს ეს სიჩუმე.
მხოლოდ მიწაზე ყურის დადებით თუ გაიგონებთ
სადღაც სიღრმიდან ამოსულ ომის ხმებს.

ჩვენ ვცხოვრობთ მიწაში და არა მიწაზე.

უეცრად ხელების მოძრაობა ჩერდება
და საშინელი ყვირილი ცვლის მას.
რელიგიური ბომბებით შეიარაღებული
შავი ვირთხები დაფრინავენ ხეებს შორის.
და ის, პირველად იღებს ხმას და მეუბნება,
რომ რა ხანია იყო მზად მოეკლათ,
მაგრამ ის, ალბათ, უკვე თავს მოიკლავს.

მიწვდის ხელს, რომ დავეხმარო
და ცდილობს თავი დაიხსნას ღმერთისგან,
რომელიც მას დაუკანონეს.

გატეხილი პასტა მრჩება ხელში.
ჩვენ ყველაფერს მხოლოდ ოცნებებში ვაკონტროლებთ.
მე ვფიქრობ, დღე, როცა ის დაიბადა,
იყო საშინლად მოწყენილი
და დამლაგებელიც, უკვე მერამდენედ წმენდდა
მორგში  სისხლით შეღებილი იატაკს.

და გოგოს ოთახში, კედელზე დაკიდებული კალენდარი,
ყოველთვის იყო ერთ დღით უკან.
მის უკანასკნელ სიტყვებზე კი მე, დღეს, ისევ ვფიქრობ:
“ჩვენ ვცხოვრობთ ბიპოლარული ღმერთის ეპოქაში”.
და ახლა, როცა ისევ ვარ მარტო,
ვზივარ მაგიდასთან და ვწერ, მარკის  სიტყვებს:
“ქარს მიაქვს ყველა ჩემი სიტყვა თანმიმდევრობით.”





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები