ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
27 ივნისი, 2008


თავი 33. დაბრუნება ("მაგდა")

ნოემბრის პირველივე დღეებიდან თოვდა.
ფაფუკი ფანტელები ნება-ნება მოფრინავდნენ ციდან და თეთრ საბურველში ხვევდნენ არემარეს.
თოვლით დაიფარა დაბაც, მინდვრებიც, ტყეც...
მდინარე ჯერ ბოლომდე გაყინული არ იყო, მაგრამ აღარც ბევრი აკლდა, - ნაპირები ყინულის საფარით იყო მოჭიმული.

ყველა სახლში დაანთეს ღუმელები, - საკვამურებიდან ნელა ადიოდა კვამლი და დაბას სპეციფიკური, კვამლის სურნელით ავსებდა.

ლეასთან სახლში რუსული ღუმელი ჰქონდათ, რომელიც საოცარ სითბოს გამოსცემდა.
ლეამ მანსარდიდან ჩამობრძანება იკადრა, - გაიყინა მანსარდის ოთახში...
არადა, არც ეთმობოდა ამ ოთახის მიტოვება, მასთან იყო დაკავშირებული გია, - მისი დიდი ტკივილი და დიდი სიყვარულიც.

ენატრებოდა, სიგიჟემდე ენატრებოდა გია... მაგრამ არაფრით გამოხატავდა ამ უსაზღვრო მონატრებას!..

რამდენიმე დღის წინ გიას მეგობრებს მოჰკრა თვალი, - კლუბისკენ მიდიოდნენ. სახლის კუთხეს ამოეფარა იმის შიშით, "გიაც აქ არ იყოს სადმე და არ დამინახოსო"....
არ იყო გია! მხოლოდ მიშა და ალექსეი იყვნენ დაბაში მოსულები.

"ჰმ... დაბაში ჩამოსვლაც აღარ უნდა ბიჭს! ჰგონია, ალბათ, ყელზე ჩამოვეკიდები და გასაქანს აღარ მივცემ! ნუ გეშინია, შენ ვეღარასოდეს მნახავ!... შეიძლება დამინახო, მაგრამ, ახლოს მოსვლას ვერ გამიბედავ! და არც მე მოვალ შენამდე, გია!
ოჰ, გია, გია!... რა ანდამატი გაქვს ასეთი, ასე რომ მიზიდავ?! რატომ ვერ ამოგიღე გულიდან? რატომ ვწვალობ ასე, როცა შენი სახე მიდგას თვალწინ?!... სულაც არ მინდა, ჩემს წარმოსახვაში მაინც მყავდე, მაგრამ, თავს ვერ ვერევი!
ტყულს ვამბობ! როგორ ვერ ვერევი თავს?! თავს რომ ვერ ვერეოდე, აქამდე ასჯერ ვიქნებოდი შენთან, ნაწილში, სანახავად მოსული!... ან მიშას და ალექსეის გამოვკითხავდი შენს შესახებ!... მაგრამ არ ვაკეთებ ამას!... და განა იმიტომ, რომ შენს შესახებ არაფრის გაგონება არ მინდა? პირიქით, ძალიან მინდა, სიგიჟემდე!... მაგრამ მეშინია, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყება... აღარ მინდა, თავიდან რომ დატრიალდეს კარუსელი! მე ამას ვეღარ გადავიტან, გია!"

- ლეა, სად ხარ? - გაიგონა საძინებლიდან დედის მისუსტებული ხმა.
- აქ ვარ, დედა!
- ლეა, ფოსტაში გაიქეცი, ბებიას დაურეკე, რომ ჩამოვიდეს... ძალიან ცუდად ვარ! სულ აღარ მაქვს ძალა!... მალე ჩამოვიდეს... მეშინია!

ლეამ უსიტყვოდ ჩამოხსნა თბილი ქურთუკი და თავშალი და პირმაღზე გავიდა.
"ახლა ცეკვები იწყება! რაღა ახლა გამაგზავნა? რომ ჩამოვიდეს და გზაში შემხვდეს, მაშინ? რა უნდა ვუთხრა, თუ გამომელაპარაკა? ისე დავიჭირო თავი, თითქოს არ ვიცნობ? თუ პირიქით, სწორედაც ისე, რომ "ძალიან კარგად გიცნობ ვინცა ხარ და შენთან საქმის დაჭერას აღარ ვაპირებ-მეთქი"? ხომ შეიძლება, არც დღეს ჩამოვიდეს?
რა მოხდება, ღმერთო, რომ ჩამოვიდეს?!... შორიდან მაინც მოვკრა თვალი!"

კიბეზე ჩამოირბინა და ქუჩაში გავიდა.
ცდილობდა, კლუბისკენ მიმავალ ხალხთან ახლოს არ მისულიყო, მაგრამ ეს ყოვლად შუძლებელი იყო, - ფოსტის შენობა კლუბის გვერდით მდებარეობდა.

- ლეა, ცეკვებზე მოდიხარ? დალოცა ღმერთმა!... დიდი ხნის წინ უნდა გექნა ეს... - წამოეწია გზაში ანდრეი და გვერდით გაჰყვა, - დღეს ჩემთანაც ხომ იცეკვებ?
- არა, ანდრიუშკა, ცეკვებზე არ ვიქნები,  ფოსტაში მივდივარ. ბებიას უნდა დავურეკო, ჩამოვიდეს... დედაა ძალიან სუსტად!
- არ გამოკეთდა?
- პირიქით, უარესად და უარესად ხდება ყოველდღე...
- ლეა, ახლა, შეიძლება, არ არის ამის დრო და ადგილი, მაგრამ... გამომყვები ცოლად?

მოულოდნელობისგან ლეა ადგილზე გაშეშდა. ფეხის წინ გადადგმა ვეღარ შესძლო.
- ანდრეი... შენ გესმის, რას მეუბნები?
- მე? ძალიანაც კარგად მესმის! ეს შენ არ გინდა, არასოდეს, რომ მომისმინო!... - ანდრეიმ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი, - ბავშვობიდან მიყვარხარ! და ვერ მეტყვი, არ ვიცოდიო!... ჯერ დიმკა არჩიე ჩემს თავს, თუმცა კი იცოდი, რომ დიმკას ყოველ მეორე დღეს სხვადასხვა უყვარდა!... უბედური ნინკას შემდეგ – იმ კავკასიელს აეტორღიალე...
- ანდრეი, ვინ მოგცა ასეთი ლაპარაკის უფლება?! რას ქვია, "ავეტორღიალე"?!... როგორ მიბედავ?!
- ვბედავ, ლეა, ვბედავ, იმიტომ, რომ კარგი მინდა შენთვის!... იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ, სულელო!
- მე რომ არ მიყვარხარ?
- მერე რა? შეგიყვარდები!...
- და რომ ვერ შვძლო შენი შეყვარება?
- რატომ ვერ უნდა შესძლო, ვითომ? მართალია, არც დიმკასთანა ლამაზი ვარ და არც იმ კავკასიელივით "ცეცხლოვანი", მაგრამ... გპირდები, არასოდეს გცემ... ხელს არასოდეს ავწევ შენზე... ცეკვებზეც გატერებ-ხოლმე... არც იმას წამოგაყვედრი არასოდეს, რომ მე მესამე ვიყავი შენთვის... ჯანდაბას, ვიყო მესამე... მესამე და სამართალი...!
- ანდრეი, სულ გაგიჟდი?... არ მიყვარხარ! და ვერც ვერასოდეს შეგიყვარებ!... გთხოვ, ამ თემაზე არასოდეს აღარაფერი დაგცდეს, კარგი? თუ გინდა, რომ გამარჯობა მაინც გითხრა-ხოლმე...
- ლეა, დიმკას 6 წელი ვერ ნახავ! იმ კავკასიელს – ჯარში მსახურობის ვადა გაუთავდება და ისიც წავა! შენს თავზე არ უნდა იფიქრო? მე არ ვიქნები ცუდი ქმარი! კოცნაც კარგი ვიცი... გოგოებმა მითხრეს!...
- ანდრეი, შენ სულელიც ყოფილხარ, იცი? - გაოცებას ვერ მალავდა ლეა, - ადამიანებს შორის ურთიერთობაში კოცნაა მთავარი?
- არა, მთავარი არ არის, შეიძლება, მაგრამ... არ გინდა, გამოსცადო? - ამ სიტყვებით ანდრეიმ ლეა სწრაფად მიიზიდა თავისკენ და ტუჩებში აკოცა.

ლეამ მხოლოდ "თავი დამანებეს" თქმა მოასწრო, რომ მისი ტუჩები ანდრეის ტუჩებში მოექცა. გაიბრძოლა ლეამ, მაგრამ – უშედეგოდ, მაგრად ჰყავდა ანდრეის ჩაბღუჯული.

- კიდევ ერთხელ გაეკარები ამ გოგოს და ჩვენს საქციელზე პასუხს არ ვაგებთ! - გაიგონა ლეამ ნაცნობი ხმა და დაინახა კიდეც, როგორ აიტაცეს ალექსეის ხელებმა ანდრიუშა და გვერდზე "გადადგეს".
იქ მას მიშა დახვდა და ხელები უკან აუგრიხა.
- გაგიჟდით, ბიჭებო?... მე ხომ ვეხუმრე! - ამბობდა დაბნეული და შეშინებული ანდრეი.
- სამაგიეროდ ჩვენ არ გეხუმრებით. კიდევ ერთხელ დაგინახავთ ლეას გვერდით და... შენს თავს დააბრალე!
- მიშა, ხელი გაუშვი... ეტკინება!... შენ კი, ანდრეი, აღარ გაბედო ჩემთან ასეთი ლაპარაკი... ახლოს მოსვლაც აღარ გაბედო!...

მიშამ ხელი გაუშვა ანდრეის და ხელები ჩამოიფერთხა, ალექსეიმ კი ლეას მოკიდა ხელი და ფოსტის მიმართულებით წაიყვანა.

- ლეა, დაიკო, შენ თუ ვინმემ შეგაწუხა, მხოლოდ ნიშანი მოგვეცი და... კუდით ქვას ვასროლინებთ!... და აქ გია არაფერ შუაშია! ჩვენი სახით შენ ორი ძმა გყავს... შენს თავს არავის დავაჩაგვრინებთ!
- ფოსტაში რა საქმე გაქვს? თუ მალე დაბრუნდები, გაგაცილებთ...
- ბებიას უნდა დავურეკო! დედაა ავად. დედას უნდა, რომ ბებია სწრაფად ჩამოვიდეს.
- მაშინ დროზე დარეკე და... გელოდებით!

ფოსტიდან გამოსული ლეა ბიჭებმა სახლამდე მიაცილეს და მხოლოდ შემდეგ წავიდნენ კლუბში.



* * *

ნაწილში დაბრუნების შემდეგ ალექსეი და მიშა დაწვრილებით უყვებოდნენ გიას ლეასთან შეხვედრის შესახებ, თან კი მისი სახის გამომეტყველებას არ აცილებდნენ თვალს.
- მოვკლავ იმ უბედურს! - წამოიძახა გიამ, როცა ანდრეის კოცნის შესახებ გაიგო.
- იცი რა, ანდრეის მოკვლა რომ საქმეს შველოდეს, შენ ვერ დაგვასწრებდი, იქ გვყავდა! მაგრამ ეს არ არის გამოსავალი! ანდრეის ნაცვლად, შეიძლებოდა, ნებისმიერი ადგილობრივი ბიჭი ყოფილიყო!...
- ჰო, მართალია მიშა! არ იქნებოდა ანდრეი, იქნებოდა პეტია, ან სერგეი... ლეაზე რომელი იტყვის უარს? შენ კი აქ, ნაწილში იჯექი და მხოლოდ შორიდან იქნიე მუშტები!... შენ ბრძოლა წააგე! ბრძოლის შემდეგ კი - მუშტებს არ იქნევენ, გია!
- აბა რა ვქნა? - გიამ თავი ხელებში ჩარგო და ღრმად ამოიკვნესა.
- რა უნდა ქნა და ლეას უნდა ჩააკითხო! მიაგდე ეს გოგო და ახლა მხოლოდ შორიდან კვნესი და ოხრავ!
- რომ არ მიმიღოს? რომ არ მაპატიოს, მერე?
- მერე გასამართლებელი მაინც გექნება, "მე მოვედი და შენ აღარ მიმიღეო"... ახლა კი, რითი გინდა, თავი იმართლო?
- ხო, "წადიო", გითხრა და წამოხვედი, არა? ასე ადვილად დაივიწყე? ეს არის შენი ვაჟკაცობა? ის არ აკმარე, რომ გოგოს ტკივილი მიაყენე, სულიერიც და ხორციელიც, და ახლა იმასაც აღარ კადრულობ, მიხვიდე და ბოდიში მოუხადო?
- ბოდიშს არ მოვიხდი!... - ამოიყვირა გიამ.
- მუხლებშიც ჩაუვარდები, თუ დაგჭირდა!... ძმაო, მასეთი გოგო ჟურნალის გარეკანზე თუ მინახავს მხოლოდ!... ბედი გეწვია, მასეთმა გოგომ შეგიყვარა და... კარგი, რა, გია! გადადე გვერდზე ეს შენი უაზრო თავმოყვარეობა და კავკასიური სიამაყე!
- ხო, რა... რა დააშავა, ბოლო-ბოლო, ლეამ? ქალის სხეული დედობისთვის არის მოწყობილი! ახალია ეს შენთვის? და თუ ლეამ შენი შვილის გაჩენა დააპირა, მადლობა უნდა გეთქვა, შე სულელო!
- ისე, მართლა რა ლამაზი ბავშვი იქნებოდა, არა, ალიოშკა? არა, რააა, გიას ჭკუა არ ჰქონია!
- ბოლოს და ბოლოს, მორჩებით ჩემზე ლაპარაკს? ვითომ აქ არც კი ვიყო!... - ნერვიულად ჩაილაპარაკა გიამ და სახე კვლავ ხელებში დამალა.

ბიჭებმა თვალი ჩაუკრეს ერთმანეთს და ოთახიდან გავიდნენ.

"მაგდალეა!
მითხარი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?!
ლეა, ლეა... მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ, მაგრამ... რა ვქნა? თბილისში როგორ წაგიყვანო? დედაჩემს რა ვუთხრა, ვინ არის-მეთქი? ხო ეგრევე გლიჯა ინფარქტმა?! რა წყალში გადავვარდე, აა? ასეთ უაზრო მდგომარეობაში ჯერ არ ვყოფილვარ! არა და, როგორ გინდა, მიხვიდე ლეასთან და უთხრა, "მიყვარხარ, მაგრამ ვერც შვილს გაგაჩენინებ, ვერც ცოლად მოგიყვან და, საერთოდ, როგორც კი ჯარში სამსახურის ვადა დამიმთავრდება, მაშინვე მიგატოვებ და მე თბილისში დავბრუნდები, შენ კი ოთხივ კუთხით გზა ხსნილი გაქვს-მეთქი? ეს უფრო უკეთესი იქნება? ეს იქნება ვაჟკაცობა?..
ვაახ, კაცოოო!
და მთელი უბედურება ის არის, რომ მაგდაც მიყვარს!...ვერც მაგდა დავივიწყე, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი არსებით ვცდილობ ამას! ან რა უფლება მაქვს, მაგდა მიყვარდეს?!... გათხოვდა ქალი!... დაანებე, რა, თავი?! მაგრამ, რომ ვერც ვანებებ?!...
ან, ლეასთან ერთად თუ ჩავედი თბილისში, მაგდას რა ვუთხრა? "ველოდებოდი, როდის გავთავისუფლდებოდი შენგან, რომ ჩემი გრძნობებისთვის გასაქანი მიმეცა და აქეთ-იქით დამეწყო სიარული-მეთქი"? რა განსხვავებაა ახლა ჩემსა და მაგდას შორის?! ის – გათხოვდა და მე – "გულაობა" დავიწყე!... 
ეეეეჰ, მაგდალეააა.......
მაგდალეა კი არა, ეეეჰ, გია, გია!... ვაი, შენს პატრონს უბედურს?!
ისე, თუ არ გავგიჟდები, ყველაფერი კარგად იქნება!...
მთავარია, არ გავგიჟდე, არადა, რამხელა შანსი მაქვს?
ნეტაი, შენ, რომ იუმორის თავი გაქვს კიდევ...
აუუუ, ეს თუ იუმორია და... იუმორი კი არა, ლამის გული გამისკდეს, თავზე რომ აღარაფერი ვთქვა!...
ან ასე მაინც არ ჰგავდნენ ერთმანეთს, აა? იქნებ ერთ-ერთი მაინც ამომეგდო გულიდან! ასე როგორ გადამეხლართა გონებაში ეს ორი ქალი? ერთზე ვფიქრობ თუ მეორეზე, მაინც ეს მაგდალეა მიდგას თვალწინ! ჩემს მიერ შექმნილი მაგდალეა!..."

გია წამოდგა, ხელი ისე ჩაიქნია, თითქოს ამბობდა, “ყველაფერი უაზრობააო” და ოთახიდან გავიდა.
ციოდა. ძალიან ციოდა!


* * *
თითქმის ერთი თვე გავიდა.
დეკემბრის ბოლო დღეები დადგა.
სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა.
გაუკვალავში მუხლსზევით იდო თოვლი. გაკვალულ ბილიკებზე სიარულისას თოვლის სასიამოვნო ღრაჭუნი ისმოდა.
ნამდვილი რუსული ზამთარი იდგა.

ვერ იქნა და ვერ გამოვიდა მარინკა მდგომარეობიდან, - ფილტვების ანთებამ ისე დაასუსტა, ფეხზე ადგომა უჭირდა.

ლეას ზარის მესამე დღესვე ჩამოვიდა ბებია, ნინა ივანოვნა და აღარც წასულა სოფელში, ლეასთან და მარინკასთან დარჩა.
ნატაშა – ქმარს შეურიგდა და მის ოჯახში დაბრუნდა.
სერგეი, - ლეას მამა დილიდან საღამომდე სამსახურში იყო...
ასე რომ მარინკას პატრონები ლეა და ნინა ივანოვნა იყვნენ.

ბებიამ რუსულ ღუმელზე გაიშალა თავისი ლოგინი და ლეაც გვერდით მოიწვინა.
- გია სულ წავიდა, ლეა? - ჰკითხა ერთხელ.
- არა, ბებია... არ წასულა! ის მოკვდა! ჩემთვის მოკვდა!...
- ღმერთს ნუ სცოდავ, ლეა! ცოცხალ ადამიანზე ასე თქმა არ შეიძლება!
- კარგი, მაშინ ვიტყვი, რომ ის ჩემთვის აღარ არსებობს! ასე შეიძლება?
- შეძლებით, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ... რა მოხდა თქვენს შორის?! მითხარი და გულზე მოგეშვება...

ლეა ახლოს მიიწია ბებიასთან, მის ფუმფულა მკერდში ჩაყო თავი და ჩუმად აქვითინდა.
- რა მოხდა, ლეინკა?! რატომ სტირი?!... მითხარი, პატარავ და იქნებ დაგეხმარო?!
- ვერა, ბე, შენ ვერ დამეხმარები!...
- გიყვარს?
- ჰო, მიყვარს!
- მაშინ იბრძოლე!
- ვიბრძოლო? კი, მაგრამ, როგორ?!... ან ვის ვებრძოლო?!
- შენი სიყვარულის გადარჩენისთვის უნდა იბრძოლო და... გზებსა და ხერხებს – შენით მიაგნებ!
- ვერა, ბე... მე ვერ მივაგნებ! მეშინია გიასთან შერიგების! კიდევ რომ მიმატოვოს, მე ვეღარ გადავიტან! არა და, მოუწევს... ის ხომ აქაური, ადგილობრივი არ არის, ბე? და სადღაც, იმ მიყრუებულ საქართველოში რა მინდა? მას ერთი სული აქვს წასვლამდე!
იქ მას ვიღაც მაგდა უყვარს!... რა უბედური ვარ, ბები, რა უბედური?! - და ლეა ისევ ატირდა.
- მაგდა ვინღაა?
- გიას ყოფილი შეყვარებული ყოფილა, რომელიც გათხოვდა... მაგრამ გიას დღემდე უყვარს ის გოგო. თვითონ კი ამბობს, “ჩემთვის მოკვდაო”, მაგრამ... არ მჯერა ამ ზღაპრის!…- ტიროდა ლეა და თან ბებოს მკერდში მალავდა სახეს... სითბო და სიყვარული მოდიოდა ბებოს მკერდიდან! სიმშვიდე და სიმყუდროვე იყო იქ!
- კარგი, ნუღარ სტირი...  მოვიფიქრებ რამეს! - ნინა ივანოვნამ მაგრად მოხვია ხელები მის საფიცარ შვილიშვილს და მკერდში ჩაიკრა.

- ლეა... დედა... – მოისმა საძინებლიდან მარინკას მისუსტებული ხმა.

ლეა ღუმელიდან გადმოხტა და საძინებელში შევიდა.
- ბე, ჩქარა!... მოდი!...
- რა მოხდა, ლეა?
- დედა ცუდად არის! ჩქარა, ბეეე!

ნინა ივანოვნა მკვირცხლად ჩამოვიდა ღუმელიდან.
ოთახში რომ შევიდა, მარინკამ მძიმედ ასწია ქუთუთოები, დედას შეხედა:
- დე, ლეას მიმიხედე, სულელი შვილი მყავს, არ დამიჩაგრონ... - მარინკამ მძიმედ ამოიოხრა, - ლამაზია და უჭკუო... დეეე, მიშველე, ვკვდები!...- ერთი ღრმად ამოისუნთქა  და... სული განუტევა!
- დედაააა! - იყვირა ლეამ და მარინკას გვამს გადაემხო...
- მარინკა!... მარინკა!... გამომხედე, შვილო!... ლეა, ადექი და მიმიშვი მარინკამდე! - მაგრამ ყველაფერი გვიანი იყო უკვე.
მარინკას სახე გაფითრებოდა და, ისედაც გამჭვირვალე კანით, ცვილისგან ჩამოსხმულს ჰგავდა!..

ლეამ ტანზე გადაიცვა, ქურქი მოისხა და ნატაშკასთან გადაირბინა.
ნატაშას ქმარი, ნიკოლაი – სიმამრთან, სერგეისთან გაიქცა, რომელიც ღამის ცვლაში იყო იმ დღეს.

მალე ოთახი ხალხით გაივსო.
- საწყალი ქალი, რამდენი იწვალა და მაინც არაფერმა უშველაო, - თავს იქნევდნენ მეზობლები.

დაკრძალვა შაბათს გადაწყვიტეს.

გარდაცვალების მეორე დღეს, ხუთშაბათს ცეკვებისთვის ჩამოვიდნენ მიშა და ალექსეი...
მაგრამ ცეკვები არ შედგა იმ დღეს. იქ შეიტყვეს ბიჭებმა ლეას დედის გარდაცვალების ამბავი. გიასაც შეატყობინეს.
- გია, შენ თუ ლეასთან შერიგება გინდა, ამაზე უკეთეს მომენტს ვერ იპოვი... მიდი, მიუსამძიმრე... ხომ არ გამოგაგდებს?
- გმადლობთ, ალექსეი... აუცილებლად მივალ! აუცილებლად!.....

შაბათს დილიდანვე ნერვიულობდა გია, ადგილს ვერ პოულობდა...
მერე ბიჭებს სთხოვა, "იქნებ თქვენც ჩემთან ერთად წამოხვიდეთო?"

მიშამ უარი უთხრა, ალექსეი კი მაშინვე დათანხმდა.
- შენ თუ გჭირდება, წამოვალ! ნუ გეშინია, მე შენს გვერდით ვიქნები!

და აი, გია და ალექსეი ლეას სახლთან დგანან და ვერ გადაუწყვეტიათ, შეგნით შევიდნენ თუ გარეთ დაელოდონ გამოსვენებას. ბოლოს მაინც შესვლა გადაწყვიტეს.

თვალცრემლიანი ლეა ფრესკის ანგელოზს ჰგავდა.
ალექსეი წინ წავიდა, გია უკან მიჰყვა.
ლეასთან ახლოს რომ მივიდნენ, მხოლოდ მაშინ ასწია ლეამ თავი და...
- ბები, გია მოვიდა... - ისეთი ტკივილიანი და მონატრებული ხმით იყვირა, რომ გიას, კინაღამ, გული საგულედან ამოუვარდა.

გიამ და ალექსეიმ მიუსამძიმრეს ლეასაც, ნატაშასაც, ნინა ივანოვნასაც...
შემდეგ სწრაფად გამოვიდნენ გარეთ.
გამოსვენებამდე 30 წუთი რჩებოდა.

- რა ვქნათ? გავყვეთ სასაფლაომდე?
- ხო, ალიოშკა... მინდა რომ გავყვეთ, იქნებ დალაპარაკებაც შევძლო მასთან. ბოლოს და ბოლოს, ან უნდა შევრიგდეთ და ან  სამუდამოდ უნდა  დავემშვიდობო! მე ასე აღარ შემიძლია!... დავიღალე! დამღალა ამ გაურკვევლობამ!
- მართალი ხარ, დროა, რომ შენ თავად მაინც გაერკვე სიტუაციაში, - გინდა ეს გოგო ნამდვილად თუ მხოლოდ ჩვენ გვაჩვენებ ასე თავს!...
- მინდა?... მხოლოდ “მინდა-არ მინდაზეა” საქმე? მიყვარს! და ამ სიყვარულს ვერ მოვუხერხე ვერაფერი!
- ვერ გავიგე?
- რა ვერ გაიგე?
- თუ გიყვარს, რატომ უნდა მოუხერხო რამე სიყვარულს?
- ეეე, ალიოშკა!... შენ დედაჩემის ამბები არ იცი!... გაგიჟდება ქალი, არაქართველი რომ მივუყვანო რძლად!
- იმას უნდა მიუყვანო რძალი თუ შენ უნდა მოიყვანო ცოლი? რაღაც უცნაურობას ამბობ, გია! მე ვინც მინდა, ვისთანაც კარგად ვარ, ის უნდა მოვიყვანო... ასე არ არის?
- წესით, ასეა, მაგრამ...
- და უწესოდ როგორღაა? რაში უნდა დასდოს ბრალი ლეას? ქართველი რატომ არ ხარო? და თუ რუსია, რას აშავებს ამით? საქართველოში არ არის მიღებული შერეული ქორწინება?
- ეეჰ, ნახევარი თუ არა, მეოთხედი საქართველო შერეულ ქორწინებაში იმყოფება რუსებთან, სომხებთან, ოსებთან, აფხაზებთან, თათრებთან... რა ვიცი, ვისთან არა!... აი, ჯერჯერობით, ჩინელები, მონღოლები, ვიეტნამელები არ გვაწუხებენ... ანუ, მათთან არ გვაქვს შერეული ქორწინებები, - შორს არიან საქართველოდან!
- და რომ ჩამოვიდნენ თქვენამდე?
- რა პრობლემაა? ჩვენ ტოლერანტები ვართ!... ნებისმიერ ერს ვისისხლხორცებთ... ყველაზე კარგს ქართველები “საუცხოოს” ვეძახით...
- მაშინ სულ ვერ გავიგე, რატომ ვერ წაიყვან ლეას?
- რაც ქართველებზე გითხარი, სრული სიმართლეა... ჩემი ოჯახის წევრებიც კი გაამტყუნებენ ნებისმიერს, რომელიც ეროვნულობის გამო დაიწუნებს რძალს თუ სიძეს, მაგრამ... ხმლითა და მახვილით აღუდგება საკუთარ ოჯახში ნებისმიერი არაქართველის შემომატებას! ტოლერანტები – ოჯახს გარეთ ვართ, ოჯახის შიგნით კი... შოვინისტები ვართ, ალიოშკა! თანაც მაგარი შოვინისტები!... ეს ცოტა ძნელი გასაგებია, მაგრამ... ასეა და რა ვქნა?!
- წამო, მიცვალებულის გამოსვენებაში მივეხმაროთ... რა იცი, იქნებ სასიდედროს კუბო უნდა გამოასვენო, აა?
- ახლა ხუმრობის ადგილია აქ?
- არ გეხუმრები, წამო მივეხმაროთ...
- მე მიხმარებაზე არ გეუბნები... “სასიდედროს კუბო” მომხვდა გულზე ცუდად.

ბიჭები კიბეზე ავიდნენ და უხმოდ დაუდგნენ გვერდით ნიკოლაისა და სერგეის. შემდეგ ქალები ოთახიდან გამოუშვეს და თვითონ შეასრულეს გამოსვენების ყველა რიტუალი.

ლეამ გია რომ დაინახა მამამისისა და ნიკოლაის გვერდით, ქვითინს უმატა, მაგრამ როცა ისიც დაინახა, როგორ ჩამოასვენეს დედამისის ცხედარი ოთხმა ადამიანმა და მათ შორის – გიამ, ხმამაღალი ტირილი დაიწყო.
ყველაფერს ერთად ტიროდა იმ წუთას ლეა, დედასაც, რომელსაც უაკანასკნელ გზაზე მიაცილებდა...  განცდილ და უაზროდ დაკარგულ სიყვარულსაც, რომელიც კიდევ უფრო მძაფრად წარმოუდგა თვალწინ... მოცილებულ შვილსა და იქ, იმ დროს მოყენებულ შეურაცხყოფასაც... მოსალოდნელ გარდაუვალ დაშორებასაც...

- ლეინკა, გეყოფა, ძვირფასო, ამდენი ტირილი... მარინკას სიკვდილის წუთიდან სულ სტირი... კარგი, დაწყნარდი, - ხელი მოხვია ნინა ივანოვნამ.
- არ შემიძლია, ბები, ახლა არ შემიძლია დაწყნარება!... მაცალე ცოტა ხანს! - და ლეა გულწასული ჩაიკეცა.
- მიშველეთ! - იყვირა ნინა ივანოვნამ, - გია, მიშველე!

ალიოშკა გვერდით მიყვებოდა გიას, რომ შენაცვლებოდა.
ის იყო, გიას მხარი შეაშველა, რომ ნინა ივანოვნას ყვირილიც მოისმა.
გია მომენტალურად ლეასთან გაჩნდა და ხელში აიტაცა.

- ლეა, გონს მოდი, ლეა!... - ჩასძახოდა გია.
მერე იქვე, ხის გადაჭრილ მორზე ჩამოჯდა. ლეა მის კალთაში აღმოჩნდა, გიას მკერდზე მისვენებული. გიამ ყურები დაუსრისა, ლოყაზე ხელი მოუტყაპუნა. ამასობაში ნიშადურის სპირტიც მოიტანეს და ლეა გონზე მოიყვანეს.

- რა ხდება? - იკითხა დაბნეულმა ლეამ, როცა გიას გულის ბაგა-ბუგი გაიგონა ყურთან სულ ახლოს.
- გული წაგივიდა... - უპასუხა გიამ და სახეზე ხელი მოუსვა. შემდეგ კი ფრთხილად შეუბერა სული.
სულის ამ შებერვამ ნიშადურზე სწრაფად იმოქმედა და ლეა სრულად გამოვიდა მდგომარეობიდან
- გია... ეს რას ნიშნავს? ყველაფერი თავიდან იწყება? მე ამას ვერ გადავიტან!
- არაფერი არ იწყება, ლეა, თავიდან! ყველაფერი ძველებურად არის და ყველაფერი გრძელდება! ჩვენ, ორივემ, ცუდი სიზმარი ვნახეთ... ახლა კი გავიღვიძეთ და გვიხარია, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. ჩუ, ჩემო ლამაზო! ნუღარ იტირებ!... წამოდი, მოგეხმარები წამოსვლაში. ან, გინდა, სულაც ხელში აყვანილს მიგიყვან სასაფლაომდე?!
- არა, არ მინდა!... დაიღლები... და თანაც, მე შენს გვერდით მირჩევნია სიარული. მხოლოდ ხელი არ გამიშვა, მპირდები?
- არ გაგიშვებ... აღარასოდეს  გაგიშვებ... სანამ შევძლებ!
- უკან დასახევს მაინც იტოვებ, არა? “სანამ შევძლებო...” კარგი, მასე იყოს! სანამ შეძლებ, იყავი ჩემს გვერდით... და მომავალს... მომავალი გვიჩვენებს!

ლეა გიას კალთიდან წამოდგა.
გია ფეხზე ტამოხტა და ლეას ამოუდგა მხარში. ლეამ საბავშვო ბაღის ბავშვივით ჩაჰკიდა ხელი გიას და ისე გაჰყვა გვერდით.

მარინკას ცხედარი კატაფალკზე დადეს და ისე გაასვენეს. ერთი მანქანა იყო სულ, ისიც კატაფალკი, რადგან სასაფლაო ძალზე ახლოს ჰქონდა.

სასაფლაოდან დაბრუნებულებმა, სერგეიმ და ნიკოლაიმ გია და ალექსეი ქელეხის სუფრაზე მიიწვიეს.
- მე არ გიცნობდით, ბიჭებო, თუმცა ვიცოდი თქვენი არსებობა. მარინკა ძალიან გაქებდა, გია! ძალიან უყვარდი... და ბოლოს ძალიან ნერვიულობდა, “ლეამ და გიამ ხომ არ იჩხუბეს ნეტა, დიდი ხანია აღარ გამოჩენილაო...”
- არა, სერგეი ანდრეიჩ, არ გვიჩხუბია!... მშვიდად მოისვენოს მარინა ალექსანდროვნას სულმა! იყო რაღაც გაუგებრობა, მაგრამ...
- გაუგებრობა – არაფერია! ყველა ოჯახში ხდება კამათი. მთავარია, სიყვარული და გაგება იყოს და ჩხუბი და უსიამოვნებანი – არა, თორემ კამათი - დასაშვებია.
- კამათი?... არა, არც კამათი მოგვსვლია! უბრალოდ, გაუგებრობა იყო...
- ხოდა, მითუმეტეს... აღარც ღირს გახსენებად. შენს დაბრუნებას გაუმარჯოს, გია!

გია მოულოდნელობისაგან ხმას ვერ იღებდა!
ზოგჯერ, ალბათ, ქორწილშიც არ მიიღებდნენ ისე თბილად სიძეს, როგორ ლეას ოჯახმა მიიღო გია. მთავარი ის იყო, რომ გიაც ძალიან კარგად და მყუდროდ გრძნობდა თავს ამ ხალხთან.
ნიკოლაიც არაჩვეულებრივი ბიჭი აღმოჩნდა. მართალია, გიაზე 6-7 წლით უფროსია, მაგრამ, როგორც ტოლი, ისე დაიყენა გვერდით.
- დიმკა არ მომწონდა. ყოყოჩა და ბაქია იყო. მიიღო კიდეც თავისი. შენ კარგი ბიჭი ხარ, გია! მაპატიე, ამას რომ ვამბობ: ქართველებს არ ვიცნობდი. შენ პირველი ქართველი ხარ, ვინც გავიცანი. კარგი ხალხი ყოფილხართ, თუ ყველანი შენისთანები არიან.
- მე რა ვარ, ნიკოლაი? ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, ჩემი პლიუს-მინუსებით...
- მეც მაქვს ბევრი ცუდი და, ალბათ, ბევრი კარგიც, გია... იდეალურები – არავინ ვართ, მაგრამ, ხომ შეგვიძლია, უკეთესები ვიყოთ?... რომ ვეცადოთ, ეს მაინც ხომ შეგვიძლია?!
- გმადლობთ, ნიკოლაი!... ძალიან მჭირდებოდა ახლა ამ სიტყვების მოსმენა! შენ ნამდვილი მეგობარი ხარ!
- ჯერ არ ვარ, მაგრამ შეგვიძლია, რომ მეგობრებიც ვიყოთ. აი, ჩემი ხელი! დანარჩენი – შენზეა დამოკიდებული!
გიამ ხელი წაიღო ნიკოლაისთვის ხელის ჩამოსართმევად, მაგრამ...
- გია, ვიდრე ხელს ჩამომართმევ, უნდა გაგაფრთხილო: მე მეგობრობა კარგი ვიცი, მაგრამ... ლეას არავის დავაჩაგვრინებ, მიხვდი? ახლა შენ იცი, ჩამომართმევ სამეგობროდ გამოწვდილ ხელს თუ არა...

გიამ გაიღიმა და ნიკოლაის მარჯვენას თავისი მარჯვენა შეაგება.
- ახლა კი, ჩვენი წასვლის დროა. ნაწილში მოგვხვდება დაგვიანებისთვის, - მიუახლოვდათ მათ ალექსეი, - წავედით, გია!
- უფროსი მეუბნება, “წავიდეთო”... კარგად იყავი, ნიკოლაი... ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.
- კარგად იყავი, გია!
- მაპატიეთ, ლეას დავემშვიდობები და ახლავე მოვალ.

გია ლეასკენ გაემართა, რომელიც სტუმრებს აცილებდა.
- ლეა, ჩემი წასვლის დროა. ხომ აღარ მიბრაზდები?! მაძლევ უფლებას რომ მოვიდე?
- უფლებას კი არ გაძლევ, გიბრძანებ, რომ მოხვიდე! არა, კი არ გიბრძანებ?! გთხოვ, გემუდარები, რომ მოხვიდე! და რაც შეიძლება მალე! დავიღალე უშენობით, გია! ვერაფერი მოვუხერხე თავს! მიყვარხარ!... მინდოდა, რომ არ მყვარებოდი, მაგრამ ეს ჩემს ძალღონეს აღემატება!
- მოვალ, ლეა, ძალიან მალე მოვალ!
- და დარჩები კიდეც?
- ლეა, მე ჯარში ვარ! ასე, ჩემს ნებაზე ვერც მოვალ და ვერც დავრჩები... მაგრამ, ყველანაირად ვეცდები!...
- მიყვარხარ, გია!
- მეც მიყვარხარ, პატარა!
- გაიმეორე, რაც მითხარი?!
- მიყვარხარ, ლეა! ძალიან მიყვარხარ! არც კი მინდოდა, ასე რომ მყვარებოდი, მაგრამ... ძალიან მიყვარხარ, პატარა! - გიამ ლეას ხელი დაავლო და პატარა ოთახში შეიყვანა, შემდეგ კარი მიხურა და მის ტუჩებს დაეკონა. ხელმა თავისით იპოვა ლეას მკვრივი და სავსე ძუძუ.
- გია, რას შვები?! დაგვინახავენ! და თანაც... ცოდო ვარ, გია! ახლა არ გინდა, გთხოვ! შენ წახვალ და მე რა ვქნა მერე? ასე აჭრილმა და არეულმა ვიარო შენს მოსვლამდე? ნუ გადამიყვან ჭკუაზე!... მე არავინ მინდა შენს გარდა! არავინ, გესმის?
- მოგკლავდი კიდეც, ვინმე, სხვა რომ გინდოდეს კიდევ! შენ ჩემი ხარ! ჩემი! ჩემი... ვეცდები, ხვალვე მოვიდე. ვეცდები, ლეა! რა გამომივა – არ ვიცი! ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული! ჯარი – ჯარია!...
- ვიცი, გია! წადი ახლა! და გელოდები!... უსასრულოდ დაგელოდები!... სიცოცხლის ბოლომდე!
გიამ კიდევ ერთხელ აკოცა ლეას და ოთახიდან გამოვიდა.

ლეას მკერდი მოეწურა...
“მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ! რა ტკბილი ხარ, გია!...”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები