ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2010


ბრმის მონოლოგი

ჩემს სახლში შუქი არ არის,
არც მჭირდება...…
რადიოს ტელევიზორის ფუნქცია აქვს.

შემიძლია მხოლოდ ერთი თხოვნა ავასრულო,
„თვალები დახუჭე და როცა გეტყვი გაახილე”,
მაგრამ ამასაც ნაწილობრივ მხოლოდ.
შემიძლია თხოვნის გარეშე გისმინო...
წერტილები მიყვარს ძალიან,
რადგან წერტილებით ვწერ
და წერტილებითვე ვკითხულობ ხოლმე.

სიბნელის მეშინოდა, მაგრამ მივეჩვიე უკვე.
დამალობანა? არასოდეს მითამაშია,
რადგან არ მიყვარს ფრაზა:
-„ვიხილები და მოვდივარ”...

ცურვა მიყვარს ძალიან,
ჰორიზონტი ყოველთვის ახლოს არის...
ზღვას ვერ ვხედავ,
მაგრამ ცისფერი სუნი მცემს...
გაგიკვირდება...

მხიარული ძაღლი მყავს,
გუშინ გავიგე, უფრო სწორედ მითხრეს,
რომ შავი ფერის ყოფილა,
თუმცა ჩემთვის რა აზრი აქვს,
მთავარია, რომ მხიარულია...

ამას წინათ რადიოში გამოაცხადეს,
რომ მზის დაბნელება იქნებაო,
ჰოდა ვემზადები,
საინტერესოა მგონი...

ვიცი რომ არასდროს გათენდება,
სიკვდილისაც აღარ მეშინია, რადგან...

ჩემს სახლში შუქი არ არის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები