ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
8 აპრილი, 2010


მოწონებიდან ნეტარებამდე

მ ო წ ო ნ ე ბ ა  - მაისის შხაპუნა წვიმაა,  მოწმენდილი ცა უცებ რომ ალაგ-ალაგ მოიღრუბლება, გაწვიმდება  და "მზე პირს იბანსო", რომ იტყვიან, ისეთი... შეიძლება ისე უცებ გადაიღოს, დასველებაც ვერ მოასწრო... ასეთი მოწონება უცებ გადაივლის კიდეც...  და თუ წვიმამ თხემით ტერფამდე დაგასველა, აი, მაშინ ხარ ცოდო... შეგაციებს, გაგაჟრიალებს და... იქნებ სიცხემაც აგიწიოს... ყელში ცეცხლი შემოგენთება და დამარწყულებელ წყალს დაუწყებ ძებნას... 

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი  -  იმ ჭას ჰგავს, ცივი წყლით რომ ივსება და რაც მეტს ამოხაპავ, უფრო გაკამკამდება... და ჭის ყინულივით ცივი წყლის ყოველი ყლუპი დიდი ხნით დაგარწყულებს! დინჯია ჭის წყალი, არ ხმაურობს, ჩუმად, უხმოდ აკეთებს თავის საქმეს...

ფ ლ ი რ ტ ი  –  წყაროს წყალია... მის ყოველ წვეთს ახალი სიყვარული ამოჰყვება მიწის გულიდან... და თუ შეეცდები წყაროს წყლით დარწყულებას, ნურას უკაცრავად... სულ მალე მიხვდები, რომ ისევ გწყურია... ისევ... ისევ... მოსჩქეფს წყაროს წყალი, სიცოცხლესავით... ხან მოწანწკარებს, მაგრამ მაინც იმედიანია, სიცოცხლის ხალისს გიბრუნებს, სიცოცხლისკენ გაბრუნებს...

ვ ნ ე ბ ა  –  მდინარის წყალს ჰგავს, თავისკენ რომ გიზიდავს, მაგრამ წყურვილს არ გიკლავს, პირიქით, შიში გიპყრობს მის სიახლოვეს... შეცურდები მის სიღრმეში და... გამოსვლას ჩქარობ, რადგან გღლის მდინარის ტალღებთან ბრძოლა... და ღმერთმა დაიფაროს, თუ მოდუნდი, მოეშვი... ისე ჩაგითრევს თავის სიღრმეში, რომ ძნელად დააღწევ თავს....

ნ ე ტ ა რ ე ბ ა  –  უკიდეგანო ზღვაა... ვისთვის მშვიდი და უძრავი, ვისთვის აყალყული და მშფოთვარე... და მაინც საოცარი, უძირო, უნაპირო... რომელსაც ერთნაირად შეუძლია როგორც პატარა ბავშვივით განანავოს მშვიდად და უშფოთველად, ისე მის სიღრმეში ჩაგითრიოს და სამუდამოდ დაგტოვოს იქ, თავის ამოუცნობ სამყაროში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები