ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პროზა
10 აპრილი, 2010


ავტობუსში

    /ეს დიალოგი დღეს, 2010 წლის 9 აპრილს მოვისმინე ავტობუსში, და არა მარტო მე.../

    - ბები, ეს ის პარლამენტია, მე რომ ბავშვობაში მერია მეგონა?.. - ეკითხება ბებიას პატარა გოგონა, დაახლობით 10-12 წლის თუ იქნება, „ბავშვობაში“ შარშანდელი წელი თუ იგულსხმა, ჰა, შარშანწინდელი...
    - ჰო, - პასუხობს ბებია, ინტელიგენტური და დახვეწილი გარეგნობის ქალბატონი, რომელსაც უჩვეულოდ დიდი სევდა ჩასახლებია მზერაში, - აი, აქ იდგნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იმ ღამეს, როცა ტანკები გამოჩნდნენ...
    - რას აკეთებდნენ, ბები?.. - ბავშვს საცრისხელა თვალები აქვს.
    - მღეროდნენ და ლოცულობდნენ, მერე პატრიარქი მოვიდა და დალოცა ერი და საფრთხე ახლოვდებაო, - ასე უთხრა, მაგრამ... ქართველებს უკან დახევა არ გვჩვევია, არცერთი ნაბიჯი უკანო, -  უპასუხა ხალხმა.
    - მერე ბები? - ბავშვს ნაჭრის პატარა საფულე უჭირავს და თანდათან უჭერს სიფრიფანა თითებს, თითქოს ვინმე ართმევსო...
    - მერე არაფერი არ მახსოვს, ფანჯრიდან რომ გადავიხედე, ტანკების და ჯარისკაცების დიდი კოლონა მოდიოდა თავისუფლების მოედნის მხრიდან, ჯარისკაცებს ხიშტები ეჭირათ, ხიშტი ორლესული დანაა, - განმარტავს ბებია, როცა ატყობს, რომ შვილიშვილს ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის... მერე გამახსენდა, რომ დედაშენმა სანთლები და თბილი ჯემპრი წაიღო იმ დღეს, კახას უნდა მივაკითხოო... გამთენიისას მოვიდა ორივე, დედაშენს მარჯვენა მკლავზე ჰქონდა ჭრილობა, ბიძაშენს სუნთქვა უჭირდა...
    - რატომ, ბებო? - ბავშვის თვალები უამრავი კითხვით ივსება...
    - იქ ხომ მხუთავი გაზი გამოიყენეს ჯარისკაცებმა... ქართველი უაიარაღო გოგო-ბიჭები კი ჯოხებს ურტყამდნენ ტანკებს... ბიძაშენი საავადმყოფოში იწვა კარგა ხანს სხვებთან ერთად, მისი ტანსაცმელი, იმ დღეს რომ ეცვა, დავწვით, ის ჯემპრიც, დედაშენმა რომ წაუღო...
    ბავშვი იგივე კითხვას იმეორებს.
    - მოწამლული იყო, ბებო, და ცუდი სუნი ასდიოდა, - უხსნის ქალი და კიდევ უფრო დიდი სევდა ეღვრება მზერაში... თითქმის სულ ქალები იყვნენ დაღუპულები... იმიტომ რომ ქართველი ქალები ოდითგან მებრძოლები იყვნენ და მხარში ედგნენ ქართველ კაცებს, იმ ტანკისტებისთვის კი ყველაფერი სულერთი იყო, მათ ეს არ იცოდნენ და არც შეიძლებოდა სცოდნოდათ. აი, შენ ხომ დაწერე გასულ კვირას სკოლაში საკონტროლო „საქართველოს გმირი ქალები“?.. ეს ქალებიც გმირები იყვნენ...
ავტობუსი გაჩერებას უახლოვდება...
    - სანთლები დავანთოთ, ბე?.. - კითხულობს ბავშვი.
    - აუცილებლად, შვილო, ცოტა ხანში მოვბრუნდეთ ტაძარში, - ამბობს ქალი და წამოდგომას ცდილობს. მე ბოდიშს ვუხდი სივიწროვისთვის, რომელიც გადავსებულ ავტობუსშია და ვხვდები, რომ ბებია- შვილიშვილის ამ საუბარმა ჩემი ქვეყნის უახლესი ისტორია ერთბაშად და ლაკონიურად გამიცოცხლა... არცერთ სახელმძღვანელოში არ წამიკითხავს ასეთი სულისშემძვრელი აღწერა.   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები