ნაწარმოებები



ავტორი: მაკა კოლხი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2010


თვითმკვლელობა, ანუ სიკვდილი

( ამ ლექსს ვუძღვნი ჩემს საყვარელ ბიძაშვილს, რომელმაც 7 აპრილს, ხარება დღეს, 19 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ვუძღვნი აგრეთვე  ყველა იმ ქართველის ხსოვნას, რომელთათვისაც თვითმკვლელობა, სამწუხაროდ, ცხოვრებიდან გაქცევის საუკეთესო საშუალება გამოდგა. მინდა შეგახსენოთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2004 წლის მარტსა და აპრილში,მარტო დასავლეთ საქართველოში დაახლოებით 350 თვითმკვლელობა იყო დაფიქსირებული. მადლობა ღმერთს, დღეს სიტუაცია საგრძნობლად არის შეცვლილი და უღმერთობა- ღვთისადმი რწმენამ  და სასოწარკვეთა- ნუგეშმა და იმედმა შეცვალა! უფალმა იხსნას ყოველი ქართველი ამ საშინელი ცოდვისაგან.
(მომიტევეთ ამხელა წინასიტყვაობა).


***

მიწა სახლია გარდაცვლილების.
აქ ვერ იპოვი სიმშვიდის ჩეროს!..
და დგება ჟამი მზის მოჩრდილების
მერე სიკვდილიც ღმერთობას ჩემობს.

მრავლდება რიცხვი აქ თვითმკვლელების,
თითქოს სიცოცხლე ეცოტავებათ.
იწყება მერე გამოკვლევები -
მათ ვნებულ სულებს რა ემართებათ?!
გაუგონარი ალბათ სიგიჟე
ჯოჯოხეთური ცეცხლის ტრიალში.
ჯოჯოხეთია თუმცა სიცოცხლეც,
ამ უსასრულო ორომტრიალში.

დღეს მიწა მხოლოდ მკვდრებზე საღდება.
მიწამ დაკარგა სხვა ყველა ფასი.
და ჩვენი გულიც სადაც სახლდება,
ის ადგილია მხოლოდ ძვირფასი.

მე მეგულება ადგილი ერთი,
გულის ტკივილი სადაც მდუმარებს.
ვიხსენებ!
ალბათ, იხსენებს ღმერთიც,
ვით მოურჩენელ დარდს, სიმწუხარეს.

შეუცნობელი სიკვდილის მიღმა,
რჩება მიზეზი და თავსატეხი.
გარდაუცვლელი იმედის შვილმა,
აღარ აშენო სხვა მინარეთი!
ეკლესიური სივრცეა რადგან
ბოქლომი რწმენის გასაღებების.
შვება ეძლევა თვითეულ მათგანს,
ჭეშმარიტების თუ ჰპოვეს გზები!..

აქ ახლა მიწა მკვდრებზე საღდება,
გაუგონარი ცოდვა ტრიალებს,
რადგან სიკვდილი ვეღარ მართლდება -
მაინც სიკვდილი გვაერთიანებს.

არის ძალიან დიდი სხვაობა,
გარდაცვალებას და სიკვდილს შორის.
ყოფიერება არის რაობა
და რაობაში სუნი დგას შმორის.

გვეშლება ყველას თითო ნაბიჯი,
შეუცდომელი განა ვინ არის?
მაგრამ თუკი გვწამს და თუ დავუშვით,
ზოგჯერ სიკვდილშიც სიცოცხლე არის.
იქნებ ამიტომ ჯობია მოხდეს,
ჩვენს სულშიც დიდი ფერიცვალება,
რადგან ამ ქვეყნად რაც უნდა მოხდეს,
ბოლოა მაინც - გარდაცვალება...

**

მე მეგულება ადგილი ერთი,
ადგილი იგი - სასაფლაოა.
მიწას მიწისფერ ტკივილად ერთვის
და ჩემს ფიქრებთან ძალზედ ახლოა.

და მტკივა ახლა როგორც არასდროს,
სიცოცხლის ყველა მინიშნებანი.
მსურს შევატოვო დარდი იმ ძველ დროს
და განვიმტკიცო რწმენად შვებანი!

მაგრამ ძნელია გადავიწყება
და დავიწყება იმის, რაც იყო.
რადგან არ ვიცით ხვალ რა იქნება,
რადგან ვერც მივხვდით გუშინ რა იყო.
და მოგონების მწარე ფიალა
ივსება, მერე ისმევა დარდით.
და მონატრება როგორც იარა
გვეტყობა გულზე - რადგან გვიყვარდი!

-იქნებ ასეთი ცხოვრებაც გიჯობს.
(ვერ დამარწმუნებ თუმცა მაგაში)
ყოფილხარ მართლაც რა ბედის ბიჭო!
ბედი გეგონა ალბათ თამაში.
ბედი გეგონა ალბათ სიკვდილიც,
და ბედით სიკვდილს მიუახლოვდი.
განა ცხოვრება გქონდა მოსჯილი?!
ანდა, ამ ქვეყნად სულ იქნებოდი?!

-ცხოვრება ერთხელ გვეძლევა ბიჭო,
ცხოვრება მართლაც ასე ძვირფასი!
შენ კი სიკვდილის უზადო ნიჭოვ,
ვერ ძლიე სიკვდილს უნიჭობაში!

და წლებმა როგორც ბედაურებმა,
გადაირბინეს უშენოდ მთები.
შენს მერე მე სხვა არ მეგულება,
უფრო სასტიკი გახადოს გზები!
შენს მერე გული უფრო აღიქვამს,
სად სინათლეა, სად კიდევ ბნელი.
მინდა მახსოვდეს თუ რამე გითქვამს
და რაც არ გითქვამს, თუ იყო ძნელი.

ცხოვრება ახლა როგორც ობობა,
თავსატეხების ქსელს ქსოვს და მღერის.
-ძნელია ბიჭო იქ მარტოობა?
იქნებ ცხოვრება უფროა ძნელი?!

-არ დაიღალო, ნუ დაიღლები!
აქაც სიბნელე და დარდებია,
თუმცა სიცოცხლეც როგორც ფიქრები,
ამ სიკვდილივით გადამდებია...

ახლა სიცოცხლე როგორც იმედი,
როგორც ნუგეში მე მეჩვენება.
-შენ უსიცოცხლოდ ამდენი ხანი
არსება ნუთუ არ გეძნელება?
შენ ჩვენი სულის გახდი ზვარაკი,
რადგან გვასწავლე თვითონ ცხოვრება.
ცხოვრება - როგორც ძველი არაკი,
იტყვი და მერე არ მეორდება.

შენ, სიკვდილიც კი გვასწავლე, ბიჭო!
ახლა გავდივართ თითქოს გამოცდას.
იქაც დაცემა არ დააპირო,
რაღაც ნათელი იქნებ გამოჩნდეს...

და ახლა დღეებს მივერეკებით,
იქ, სადაც ჩვენი სამოსახლოა.
ნუ გეშინია,კი არა ვკვდებით.
(თუმცა სიკვდილი მუდამ ახლოა).

ეს სიცოცხლე კი - როგორც საფულე
გვიდევს სულში და წლებს ხურდად ვკარგავთ.
სოლო პარტიებს ჩუმად ვასრულებთ
და დიდ სცენაზეც მარტონი ვდგავართ.
ყველა თავის როლს მორგებულია.
ყველამ იპოვა ადგილი თვისი.
როგორც მახვილი - ორლესულია
გული, გონება, ჩემი თუ სხვისი.

-შენ ხომ სიცოცხლე წააგე ღმერთთან,
რადგან გემძიმა სულიც, სხეულიც,
რომელ ქუჩაზე შეხვდი იმ ეშმაკს.
ეშმაკს, რომელიც გახდა გრძნეული?

-ერთი დარდი გვაქვს სუყველას, ბიჭო!
დარდი, რომელიც ცრემლებად დაგვდის.
ვინძლო, იქაც კი არ გააცინო
მტერი, რომელიც ჩვენს სულშიც დადის!..

ალბათ სულ მალე გაზაფხულდება,
დრო ხომ ყოველთვის დროა და გვიცდის.
და ეს სიცოცხლეც არ დასრულდება,
სანამ სიკვდილიც უხეშად იცდის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები