ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2010


მონატრება


ფოთოლს ქუთუთოზე
ნამი უკრიალებს,
მე კი, ბურუსები
ვეღარ შემიკრთია,
სულაც აღარაა
ზეცა ღრუბლიანი,
მაგრამ, მონატრება
შემოჩვევითია.

აპრილს ვარდისფერი
თმაში გაერია,
ტყემლის ხეს ჭაღარა
ფრთები შეეფაკლა,
ახლა ერთგულება,
სუყველაფერია,
შენ კი, მორიგ ლამაზს
თავხედ სურვილს აკლავ.

შენ კი, ვარსკვლავებით,
თვალებს ამზეურებ,
ბოლო მოლოდინიც
ისე გაიწელა,
მზის ბილიკით მიმყავს
ლექსი უდღეური,
ვგრძნობ, არ ეღირსება
გამომაისება.

დამფრთხალს, გაზაფხულიც
მაბნევს ყვავილებით,
სიტყვებს აყვავების
ამინდს ვუგვიანებ,
რადგანაც თავიდან
ვეღარ დავიწყებით,
იქნებ, დავიწყება
არის უპრიანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები