ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
15 აპრილი, 2010


წერილი მამას

სული მიკანკალებს და სხეულიც მასთან ერთად.

მა, როგორ გაფითრებულხარ, როგორ ჩაგცვენია ლოყები მოხუც სახეზე.
ვცდილობ მოსვლას და სითბოს მოტანას, მაგრამ რაღაც მაკავებს,
მაპატიე მა.
შენ რომ გხედავ ცრემლებს ვერ ვიკავებ, სევდას ვეღარ ვმართავ,
მაპატიე თუ შეგიძლია,
რომ ჩემი ხელი შენთან შეხებისას ძალას კარგავს.

მამი,
როგორ დამიბერდი.

გაზაფხულის ერთმა დღემ შენი სახელი დაირქვა, შენი ხასიათი მიითვისა,
დღევანდელი ცა შენი თვალებივითაა მა,
ნუ მაშინებ ძალიან გთხოვ,
მა ნუ ამბობ რომ შეიძლება წახვიდე.

გიყურებ სევდიან ზღვისფერ თვალებში და სული მეკუმშება,
შენი ძველი სახე მენატრება,
ეს სახე არ მაძლევს საშუალებას, მოსვლის და სიყვარულის გაყოფის.
გაიღიმე, ცხოვრების ჯინაზე გაიღიმე, როგორც ყოველთვის აკეთებდი,
გაიღიმე ტკივილის შესაცვლელად გაიღიმე.

რატომ არა, გევედრები გაიღიმე, შენი ნათელი სახის დანახვა მინდა,
ნუ მაშინებ ძალიან გთხოვ,
ნუ ამბობ რომ უნდა დამტოვო,
მხოლოდ შენ იცი როგორი პატარა ვარ.

მამა ნუ ხვნეში ძალიან გთხოვ, მე ხომ შენს გვერდით ვარ, შენ ხომ ასე გიყვარს როცა გეხუტები,
მე შევძელი და სული გავიჩერე, მოვედი მა,
მითხარი რომ გიყვარვარ მა, ნუ ჩუმდები,
შენი თეთრი სახე მაშინებს.


როგორ გამოგცლია ძალა,
ახლა რა უნდა ვქნა?
რატომ ვეღარ გათბობ?

ნუ მაშინებ,
ძალა მეცლება ასე,
ანდა მოიცა მა,
წაიღე სულ წაიღე ძალა, ოღონდ გამიღიმე,
მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება,
შემპირდი მა, რომ არ მიმატოვებ,
ჩემი სითბო აიღე, შენ ხომ ასე გიყვარს...

მა ნუ მაიძულებ აღსარება ვუთხრა საკუთარ თავს,
არ მინდა ასე შიშში ყოფნა, იმედი მინდა და გევედრები არ წამართვა.
ვიცი,
ვიცი, გიჭირს,
შენი სული იბრძვის,
ორ გზას შუაა, მაგრამ გაიღიმე, ეს ხომ ყოველთვის შეგეძლო.

მა,
ნახე ცრემლი აღარ მომდის,
ვიღიმი, მხოლოდ შენთვის ვიღიმი,
გეხვეწები არ შემაშინო.

ცუდად ხარ მესმის, ვიცი გტკივა,
მაგრამ მაინც გაიღიმე.
არ გინდა შენი ლექსები წამიკითხო?  (არასოდეს ვუსმენ მამას ლექსებს)
მოგისმენ გპირდები მთელი სულით და გულით მოგისმენ.
არა გთხოვ,
ნუ აქცევ ზურგს ყველაფერს,
იმედი მამა,
მთავარი იმედია,
ნუ გაქვს ასეთი ჩამქრალი სახე.

ასეთს როდესაც გიყურებ სული მიკანკალებს,
მა გაიღიმე გთხოვ.
აღარ შემაშინო...

მაპატიე,
თუ სახლიდან წავედი,
არ მინდა ჩემს ცრემლებს უყურო,
ყველაფერი კარგად იქნება მა.
აქ ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები