ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2010


საერთო ჰაერი

მე მოვალ, აივნების უმწყობრო მოზაიკას
აქა-იქ ვაზი ახვევს ტოტებს და ასე უფრო
ადვილად შემიძლია ცხოვრება პროზაული
შევცვალო მელოდიით - რიტმებით გესაუბრო.

ტალღები ღელვისაგან ყირაზე გადადიან,
ამინდის განწყობაა არც ისე მინორული,
და ახლაც, როგორც წესი, არ ვგავარ ადამიანს,
ვცვლი ფანტასმაგორიულ მითებზე რეალობას.

მომსდევენ სურვილები ლექსივით უსაშველო,
წვიმაა ყვავილების - ფერადი სიმფონია,
ოდესღაც მივიწყებულ ხილვებსაც ვიშველიებ,
ვყოვნდები, არე-მარე ფოთლებით იფარება.

შენ მოხვალ კესანებით ავსილი მინდვრებიდან,
როდესაც ზეცა გახსნის დარაბებს გალერეის,
თვალებში სიხარულის ცრემლები მწიფდებიან,
თავდაღმა ეშვებიან დროდადრო გამეტებით.

ვცვლი ფანტასმაგორიულ მითებზე რეალობას,
მომყვება ზღაპრებიდან შეგრძნება იდეალის,
ვიდრე შენ, ყოველ დილით, საჩემო მზე ამოგყავს,
და ჩვენთვის ეს ჰაერი საერთო ვიდრე არის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები