ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: gugua
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2010


წვიმაში...

          ისე მოულოდნელად დასცხო კოკისპირულად, რომ მარტის წვიმა შემირცხვენია, თუმცა არც აპრილის წვიმაა ნაკლები. მთელი დღე ჩემი მეგობრის პოეზიის საღამოზე გადაღებული ფოტოების დამუშავებას მოვანდომე და ვერ შევამჩნიე, როგორ შეიცვალა ამინდი. ახლა კი ოფისის წინ ვიდექი და წვიმაში გასვლას არ ვჩქარობდი, მაგრამ როდემდე ვიქნებოდი ასე? გავრისკე და ავტობუსის გაჩერებისკენ გავიქეცი...
          გაჩერებაზე მთლად გალუმპული მივედი. თავშესაფარში ხალხი ბლომად იყო შეყუჟული, მაგრამ ადგილი ჩემთვისაც გამოინახა. წვიმა კი ისევ მატულობდა. მალე ყვითელქაფიანმა ნაკადულებმა უფრო ენერგიულად შემოგვიტიეს და კიდევ უფრო შეგვავიწროვეს...
          – ვულკანურ ფერფლს თბილისამდეც ჩამოუღწევია, ნეტავ საშიში ხომ არ იქნება? შეშფოთებული მომიბრუნდა გვერდით მდგომი ხანში შესული ქალბატონი და ყვითლად მოდგაფუნე ნაკადულებზე მიმითითა.
          – ქალბატონო, ჯავრი ნუ გექნებათ, ეგ ვულკანური ფერფლი კი არა, ჭადრის ყვავილების მტვერია! ვუპასუხე და დასამშვიდებლად იქვე მდგარ ჭადრის ხეებზე შევახედე.
          ახლაღა შევამჩნიე, რომ მოხუც ქალბატონს თავზე ცელოფანის ერთჯერადი პაკეტი ნახევრად ჰქონდა ჩამოცმული. გვერდით კი ცუგრუმელა გოგონა ედგა, ალბათ შვილიშვილი, ისიც თავზე ნახევრად ჩამოცმული ცელოფანის პაკეტით და ოდნავ  შიშჩამდგარი და გაკვირვებული თვალებით.  გოგონას ხათრით საუბარი გავაგრძელე, ჭადრის ყვავილების მტვერი არ ვიცი, მაგრამ კაკლის ყვავილებს ნამდვილად ალერგიული მტვერი აქვთ და აუცილებლად უნდა მოერიდოთ-თქო.
          საუბარში შევამჩნიე რომ გოგონამ ნელ-ნელა გადმოინაცვლა და ჩვენს შუა ჩადგა. უკვე დამშვიდებული თვალებით მიყურებდა. დაიარხეინა.
          ყველა მგზავრი მარცხენა მხარეს იხედებოდა და თავის ტრანსპორტს ელოდა. მეც გზას გავხედე. შუა გზაზე დაგუნდავებული შავი ფერის ცელოფანის პაკეტი ეგდო, ზუსტად ისეთი, როგორც ჩემს ახლად გაცნობილ ბებიას და მის შვილიშვილს. უცებ ცელოფანის პაკეტი გატოკდა და მივხვდი რომ პაკეტი კი არა კატის კნუტი იყო... მაშინვე ორივე ხელი ავწიე მანქანების გასაჩერებლად და მისკენ გავექანე... სიცივისაგან აკანკალებული ხელში ავიყვანე, სამშვიდობოზე გამოვიყვანე და ტროტუარზე ამაღლებულ ადგილზე დავსვი... მარტო ბებია და შვილიშვილი კი არა, ყველა მგზავრი უკვე მე მიყურებდა კეთილი ღიმილით. სანამ დასვრილ ხელებს ვიწმენდდი, აკანკალებული ფისო ისევ ჩემთან მოვიდა და ფეხსაცმელზე მომეგლისა. პატარა გოგონა გაფართოებული თვალებით გვიყურებდა. მის თვალებში უკვე ეშმაკუნები ციმციმებდმენ, აშკარად აინტერესებდა თუ მე რაღას ვიზამდი. მეტი რა გზა მქონდა, ისევ ხელში ავიყვანე და ჭადრის ხისკენ გავემართე. ეტყობა ფისოს ჩემი ხელების სითბო ესიამოვნა და როგორც კი დავსვი, მაშინვე ისევ უკან გამომეკიდა...
            ხელების გაწმენდას აზრი აღარ ჰქონდა. მოხუცმა ქალბატონმა თავიდან ცელოფანის პაკეტი მოიხადა და გამომიწოდა: რადგან მადლი ჰქენი, ბარემ მარილიც მოაყარე, ეს კატა ქუჩის მეორე მხარეს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გადაიყვანე, აქ მანქანებს თუ გადაურჩა, წყალი მაინც წაიღებსო.
            გამახსენდა, დილით სამსახურში წამოსვლამდე მეუღლეს რძე აეჭრა. ისიც სამსახურში ჩქარობდა და იმედი მქონდა რომ აჭრილი რძე ისევ სამზარეულოში დამხვდებოდა.
            აკანკალებული ფისო შავ პარკში ჩავსვი და მუჭში მოვიქციე. მგზავრები უკვე აშკარა ინტერესით მათვალიერებდნენ. საბედნიეროდ 17 ნომერი სამარშრუტო ტაქსი მალე მოვიდა, დავემშვიდობე ჩემს ნაცნობებს, მათაც კეთილი ღიმილი გამომაყოლეს და ტაქსში ავედი იმედით, რომ ნაცნობი არავინ არ შემხვდებოდა.
            წვიმის გამო სამარშრუტო ტაქსი მგზავრებით გადავსებული იყო. მე მძღოლის გვერდით მომიწია დგომამ. სავარძლის საზურგეს მივეყრდენი, ძლივს ვიმაგრებდი თავს. ეტყობა სითბოზე ფისო გამოცოცხლდა და წამოიკნავლა. მძღოლმა გაკვირვებით ამომხედა – დავამშვიდე, მობილურზე შეტყობინება მომივიდა და მისი ხმა იყო-თქო!
          ცოტა ხანში ჩემს უკან მდგომმა ქალბატონმა ლარიანი გადმომაწოდა და მითხრა, მძღოლს ორი კაცის მგზავრობის საფასური გადაეცითო. ისედაც ძლივს ვიმაგრებდი თავს და ვუპასუხე: გაჩერდება და მერე გადაიხადეთ-თქო. რა ვქნა ბატონო, მეც გადმომაწოდესო... ამ დროს უკანა სკამებიდან მომესმა: გიო, შენ ადრე გიწევს ჩასვლა და ერთი შენიაო, თუ გადმოხვალ, ადგილსაც დაგითმობ, როგორც ბავშვიანსო! მე რომ მეგონა ვერავინ შეამჩნია-თქო, თურმე ყველა მიმხვდარა მუჭში ფისო რომ მყავდა, უკანა რიგებიდან კი ჩემი ბავშვობის მეგობარი – აკაკი მაძღარაშვილი მეღიმილებოდა...
          როგორც იქნა სახლამდე მშვიდობით მივაღწიე. ფისო გზაში გამშრალა კიდეც და აღარ კანკალებდა. დილანდელი ხაჭოც ბლომად მიირთვა და ახლა მუყაოს ყუთში დაგორგლებული სასიამოვნოდ კრუტუნებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები