ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2010


2009 წლის 9 აპრილს მიტინგზე(ექსპრომტი)

ბავშვობის თვალი ააცრემლა ხელში ტიტებმა,
გულს ლავასავით ამოხეთქა გრძნობის რითმებმა,
სანთლის დანთება მე ცხრა აპრილს გამიხდა წესად,
გულის ნადების გადმოცემა დავიწყე ლექსად.
ეს ლურჯი ფუნჯი ქართლის ხმაზე ისევ აკვნესდა,
ხალხის გრიგალებს აუღია დღეს რუსთაველი,
ჩვენივე ხელით ჩვენ მომავლის აკვანს ვარწევთ და
ასე მგონია, ამაყია დღეს ცურტაველი.
არა მგონია, ქვეყნად იყოს ასე ლამაზი,
როგორიც შენ ხარ, შენი მცხეთით, შენი არმაზით...
არა მგონია, ქვეყნად იყოს ასე ნათელი,
როგორიც შენ ხარ, შენი ხალხით, შენი ქართველით.
ერთად ვიბრძოლოთ, ქართველებო, რეკეთ ზარები!
და აღარასდროს ჩვენს ერთობას უჩნდეს ბზარები,
არ გავხდეთ მონა, სამუდამოდ, სხვისი გერები,
ჩვენ გვიყურებენ წინაპარნი მამა-ბერები .
ეს ლურჯი ფუნჯი ქართლის ხმაზე ისევ აკვნესდა,
თან ქართლის დედა რუსთაველზე აკვანს არწევდა,
სიმართლე ხვალის შემიფასებს აზრის სისწორეს,
და შვილთაშვილი დამანახებს, თუ რას მიწოდებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები