ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2010


წვერში

სანთლის შუქი, სიმარტოვე და წვიმა წვიმს ისევ თქეშად,
გული ფეთქავს, სისხლი ღელავს, მაგრამ ხორცი მექცა ლეშად,

დგას საათი, არ ჩერდება და წუთებში წამი წვეთავეს,
წამი წვეთავს და ამ ღამეს უსასრულო დროში ღვენთავს.

შავმა ღვინომ აამღვრია, შავი, ფიქრთა ოკეანე,
მე სიმართლე, შავი ჩოხით, აქ ამ დღემდე მოვიტანე.

ცისფერ ყანწში, შავი ღვინით არე-მარე მოვიარე,
ჩემი ლურჯი საქართველო დამხვდა შავად, მგლოვიარე.

აქ პეიზაჟს ალიონი მწვანე ფერით ნისლში ქარგავს,
სახურავზე წვეთების ხმა აწმყოს გრძნობას, დროში კარგავს,

დასველდება მწვანე ეზო, წვიმა წვეთებს ღრუბლებს პარავს,
და სიჩუმეს სიჩუმითვე, აქ სიჩუმე გადაფარავს.

ღამის ფიქრთა კორეანტელს დილის მუზა რითმად კემსავს,
საქართველოს სადღეგრძელოს ეს ხეობა ნისლით შესვავს,

მე მგონია, ჩემთან ერთად, ყველა ხე და ტოტი ლექსავს,
და მომავლის სილამაზეს აქ ქართული გენი თესავს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები