ნაწარმოებები



ავტორი: მაკა კოლხი
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2010


ნუ მეტყვი



ნუ მეტყვი, რომ შენ მარტო ხარ ახლა.
და ქარებით და წვიმებით თბები.
და რომ უთუოდ სადმე მომნახავ,
რადგან იცი რომ მოგენატრები...
რომ გაზაფხულზე შენ მზის ღიმილით,
იების მოსვლას არ ეგებები.
რომ დღემდე დიდხანს,
დიდხანს მიცდიდი,
დღეს კი რა ხდება შენში ვერ ხვდები.

ნუ მეტყვი ცუდს და
ნურც კარგს ნუ მეტყვი,
მე შევეჩვიე ამნაირ ყოფას.
მე შევეჩვიე იმას, რომ ვეტრფი
გაურკვევლობას!
    სიშორეს!
        ნდობას!

ვიცი, ძნელია გქონდეს იარა
და ყველაფერზეც გული გტკიოდეს.
ელოდე იმას - ვინც ჩაგიარა
და ვინც დაგტოვა იმას ელოდე.
მაინც ნუ მეტყვი რომ შენ მარტო ხარ.
და იმედით და ფიქრებით თბები.
და რომ უთუოდ სადმე მომნახავ,
რადგან იცი რომ მოგენატრები!..





                        „გამოუთქმელი სათქმელი“

მე მესმის შენი ყოველი სიტყვა,
შენი უთქმელად ნათქვამის აზრიც!
მახსოვს - ოდესმე თუ რამე გითქვამს
და რაც არ გითქვამს, იმისი არსიც!..

მე შენ დუმილით დაგიმახსოვრე,
უკვე შენს სიტყვებს აზრიც არა აქვს.
დღეს შენი გული ჰგავს ლექსიკონებს,
შენი გრძნობები - უცხო სიტყვებს ჰგავს,

განმარტებისთვის ჩუმად გადაგშლი
და წავიკითხავ შენს ემოციებს.
გაურკვევლობებს ჩუმად წაგიშლი
თუ მომენდობი, არ მიუცხოებ!

შენი დუმილი ყველაფრის მთქმელი,
მძიმე ფიქრებად გულზე გაწვება.
„გამოუთქმელი თუ ვარ სათქმელი“,
მაშინ გამომთქვი, რა გემართება?!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები