ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2010


გვანციოლას

როცა მარტო ვარ,წამებით ძვრება
სულის მოაჯირს თითო რიკული,
დარბიან ხმებში უმისამართოდ
კითხვები,აზრით რიტორიკული.
ყველას ცხოვრება,ისევე როგორც
წუთით სცენაზე მოკლე პასაჟი,
ჩვენიც ისეა,ოღონდ სცენარით
არ გაერევა მათგვარ მასაში,
გადავივიწყებ ყველაფერს ისე,
როგორც არის თუ იყო როგორაც,
მზეს გავუმზადოთ ჩვენში ადგილი,
რადგან ჰორიზონტს შლის და მოგორავს,
ჩვენსკენ,ან სხვაგან სად წაესვლება,
სად ნახავს მსგავსს ან უფრო უკეთესს
ბინას,როდესაც ცაც არ პატრონობს
და ღამე ისევ ჰიპნოზს უკეთებს.
გული იფეთქებს,სუნთვაც რომ ჭირდეს,
თავისუფლებით დავამსხვრევთ დოგმებს,
ანარქიაზე გავითვლით წუთებს,
თანაც ისე,რომ არაფერს გმობდეს.
დახევს ერთმანეთს გრძედი,განედი,
(არაფერია აპოკრიფული)
ვუძღვნათ ერთმანეთს სულის კენჭები
ოცნების ზღვიდან ამოკრეფილი.
ჯერ უნდა ვიყოთ,ვავსოთ ცხოვრება,
ხომ ვიცით,რომ ვერ გაძლებს უჩვენოდ,
მასზე მწყრალი და ხელჩაქნეული
ყველა პასუხი კითხვებს ვუჩვენოთ.
მალე მოაღწევს მზე ჩვენამდე და
უკვე ხორცშესხმას გვთხოვს უტოპია,
ჰოდა,ვაქციოთ სრულქმნილ სამყაროდ,
სადაც არავის გაუტოპია.
სადაც მყარია მოაჯირები,
და არ აკლია არსად რიკული,
ფრთხილად აკრიფე ჩემი კენჭები,
შენს ნაპირზეა გამორიყული.

                     
                                      07.05.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები