ნაწარმოებები



ავტორი: მაკა კოლხი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 მაისი, 2010


ჩემო საქართველოვ, კეთილად იარე

        კაცობრიობა დაიღალა საზოგადოებრივი წყობილებების ჩამოყალიბებისა და რეფორმების პროცესში. კაცობრიობა ათასწლეულებია ითვლის უკვე სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენებისა თუ ტომობრივი დაჯგუფებების ცდას, რეფორმას, ფორმაციებს - შექმნან რაღაც დიადი და საჭირო წყობა.
      პირველყოფილი თემური წყობილებიდან მოყოლებული ეძებს იმ ყველაზე იდეალურს, რამაც შეიძლება ბედნიერად არსებობის საშუალება მისცეს, მაგრამ დღემდე შეუძლებელი ხდება იდეალურის არათუ მიღწევა, არამედ პოვნაც კი.
    ყველა აქამდე არსებული წყობილება დაინგრა, ვერ გაუძლო დროის მოთხოვნებს, რადგან ვერც ერთი ვერ აკმაყოფილებდა წმინდა ადამიანურ ღირსებებს და გრძნობებს. სისხლით და ცრემლით შექმნილ-შეკოწიწებული სახელმწიფოები თუ იმპერიები თავს ახვევდნენ საზოგადოებას არაჯანსაღ იდეებს, რომლებზედაც ამყარებდნენ თავიანთ სახელმწიფოებრიობას და ამიტომაც, ჩანასახშივე განწირული იყო მათი არსებობა.
        რადგან საზოგადოება არა ერთი და ორის, არამედ უამრავი და თითქმის ყველასი ერთად აღებულის ერთობლიობაა, ამიტომაც არის რომ რთული და შეუძლებელი გახდა კაცობრიობის ისტორიაში ჩამოყალიბებულიყო ჭეშმარიტად წმინდა ადამიანური მოთხოვნების დაცვით განმსჭვალული საზოგადოებრივი წყობა.

ამ მხრივ, საქართველომაც, თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ კაცობრიობის ისტორიაში არსებული ყველა წყობილება ასეა თუ ისე გამოიარა და მოვიდა დღემდე და დღესაც კი, როგორც კაცობრიობის სხვა ნაწილი, ძიების პროცესშია. 
მის უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, რომელიც ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო, მას ამ რეჟიმიდან გამოსვლამდე ჰქონდა უკვე თავისი არჩევანი გაკეთებული: - გზა, დემოკრატიისკენ! იმდენად რამდენადაც თითქმის მოუმზადებელმა შეძლო ერთ-ერთ პირველს აემაღლებინა ხმა მაშინდელი არსებული წყობილების წინააღმდეგ. აქ არ შემიძლია გვერდი ავუარო და არ გავიხსენო დიდი მერაბისა და ზვიადის საოცარი ღვაწლი და მათი მედგარი ბრძოლისუნარიანობა არსებული წყობილების მხილებისა და მისი დანგრევის აუცილებლობაზე, რომელსაც ყველგან ქადაგებდნენ უშიშრად და ჭეშმარიტად რაინდული შემართებით!  ამ ორმა ადამიანმა პრაქტიკულად შეძლო მაშინდელი მიძინებული ერის გამოღვიძება და ალბათ, სამუდამოდაც გამოფხიზლება. გამოფხიზლებულმა ერმა კი ერთხმად და თანაბრად და ძალიან ომახიანად შემოსძახა: „დემოკრატია!“ რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ერს გააჩნდა თავისი უკვე ჩამოყალიბებული პრინციპები და მოთხოვნები, რასაც დღემდე ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება.

თუმცა, კარგად ვიცით რომ დემოკრატიისკენ სვლამ გამოიწვია მთელი რიგი უბედურებები ჩვენში, რაც საერთოდ ერთი საზოგადოებრივი წყობილებიდან მეორეზე გადასვლის ერთ-ერთი თანმდევი და მახასიათებელი ფაქტორი იყო, არის და იქნება ყოველთვის, ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ  ეს ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება დროებითია, წარმავალი და რეგულირებადი.
და რა ხდება საქართველოში? - ეს კითხვა ალბათ ნებისმიერ ქართველს აწუხებს. ამ ეპატზე ძნელია კონკრეტული პასუხის გაცემა, მაგრამ ზოგადი პასუხი კი ასეთია: საქართველოში დღეს რაც ხდება, ეს არის უბრალოდ, პროცესი - თვითგამორკვევისა, თვითშემეცნებისა, პროცესი- ზრდისა, მიგნებისა, ჩამოყალიბებისა. პროცესი- თვითაღიარებისა და თვითდამკვიდრებისა. მაგრამ ალბათ მოვა დრო და ეს განუკითხაობა და ქაოსი, რაც ამ პროცესების თანმდევი გახდა, დარეგულირდება, ყოველშემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, თუ მანამდე კიდევ არ მოხდა საზოგადოებრივ გონში სულ სხვა წყობილებისკენ სწრაფვა.

დღეს როცა ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, წარმოვიდგენთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ქვეყანას, რომელიც სწორედ ამ ე.წ. „დემოკრატიული წყობილების“ ფუძემდებლად იქცა.
დავიწყებ იმით, რომ „დემოკრატიისა და თავისუფლების“ ფუძემდებელი ქვეყანა გახდა უდიდესი და უმძლავრესი „იმპერია“. რომელიც აქამდე შეუმჩნევლად, მაგრამ დღეს უკვე აშკარად, ხახადაფჩენილი დგას და ცდილობს გადაყლაპოს ყველა და ყველაფერი მის გარშემო. (ხარბი და გაუმაძღარი კაცის ინსტიქტია). ანუ, ცდილობს თავისი გავლენის სფეროების გაზრდას.
ამერიკა -ზესახელმწიფოა თავისი გამიზნული პრინციპებით და მეტად მიზანმიმართული ქცევებით და ეს ზესახელმწიფო გვითრევს, გვიპყრობს, გვთიშავს და მაინც, გვასულდგმულებს თანამედროვე და ყველანაირი გაგებით. ეს არის ქვეყანა, რომელიც გვიზიდავს და ყველანაირი არჩევანის საშუალებასაც გვაძლევს. ამით არის სწორედ იგი საინტერესო.
იმისათვის რომ შევძლოთ უკეთ გავიგოთ ამ ქვეყანაში არსებული დემოკრატიისა და თავისუფლების სუნიც და გემოც, უმჯობესი იქნება მცირე ექსკურსი გავაკეთოთ მის ისტორიაში და პარალელებიც გავავლოთ ჩვენს თანამედროვეობასთან, რადგან ბევრი ისეთი პრობლემა რაც ჰქონდა და გადაიტანა ამერიკამ, დღეს ჩვენ გვაწუხებს, სწორედ ამიტომაც არის ერთიორად საინტერესო ჩვენთვის მათი უკეთ შესწავლა, რათა უფრო ადვილად შევძლოთ ამ პრობლემებიდან თავის დაღწევა, რომ გაგვიადვილდეს გამოსავლის პოვნაც. ნურავის ნუ ეგონება რომ ამერიკამ ადვილად მიაღწია ყველაფერს იმას, რაც დღეს აქვს.  ვგულისხმობ ეკონომიკურ და სოციალურ სიძლიერეს. ეს ყველაფერი დიდი შრომის და სწორი პოლიტიკის შედეგია. საერთოდაც, დემოკრატია და თავისუფლება ადვილად არ მიიღწევა, ეს მე მგონი უნდა გვახსოვდეს. იგი თავის წილ მსხვერპლსაც ითხოვს, სისხლაც და ცრემლსაც გამარჯვების სანაცვლოდ.

აშშ.ს ისტორია ფაქტიურად 1776 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. დეკლარაციაში, რომელიც ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრმა თომას ჯეფერსონმა შეადგინა, ნათქვამი იყო, რომ ადამიანები არიან თანასწორნი და ამიტომაც მათი ხელშეუხებელი უფლებებია სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა. დეკლარაციის შემქმნელებმა დაგმეს ადამიანის წოდებებად დაყოფა და კოლონიური ჩაგვრა. მოისპო ფეოდალური წოდებები და შემოიღეს პოლიტიკური თანამდებობები. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ თეთრკანიან მოსახლეობას შეეხო მაშინ. ამდენად გამოდის, რომ ეს დეკლარაცია ვერ იყო მთლად სრულყოფილი თავისი ფართო გაგებით, თუმცა მოსახლეობამ რა თქმა უნდა მაინც აიტაცა იგი და ამდენად, ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე შეიქმნა სრულიად ახალი სახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატები. ამას მოჰყვა მსოფლიოში პირველი კონსტიტუციის მიღებაც 1787 წელს. რომელიც დღესაც კი მოქმედებს. თუმცა მასზე სამ ათეულამდე შესწორება მოხდა.
კონსტიტუციის მიხედვით, ინდიელთა მიწები სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა. ინდიელები - ამერიკის ეს წითელკანიანი აბორიგენი ტომები კი ევროპული კოლონიზაციის გამო ან განადგურებულ იქნა სრულად ან ნაწილობრივ, ან გასახლებული სხვა ტერიტორიებზე.
ამერიკის პირველ პრეზიდენტად 1789 წელს არჩეულ იქნა ჯორჯ ვაშინგტონი.
თავდაპირველად ამერიკა შედგებოდა 13 შტატისგან, რაც დღესაც კი მის სიმბოლიკაზე - დროშაზე, 13ხაზის სახით არის წარმოდგენილი. კონსტიტუციით თითოეულ შტატს დიდი და საკუთარი უფლებები მიენიჭა, აიტომაც არის რომ დღემდე სხვადახვა შტატში შეიძლება ითქვას სხვადასხვა კანონი მოქმედებს სხვადასხვა საკითხებზე, თუმცა ეს ძირითად სახელმწიფო საკითხებს არანაირად არ ეხება,
აშშ. მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ტერიტორიული გაფართოებისკენ ისწრაფვოდა და ისწრაფვის დღემდე. ცნობილია რომ ნაპოლეონ ბონაპარტიმ ჩალის ფასად მიჰყიდა აშშ.ს ლუიზიანა, ერთ-ერთი უდიდესი ტერიტორია. ცნობილია ისიც რომ აშშ.მ ვერ შეძლო კანადის შეერთება. იგი როგორც თავდაცვით, ასევე თავდასხმით ბრძოლებსაც აწარმოებდა და დღეს უკვე სახეზე აქვს 50 შტატი და სხვა მისი გავლენის ქვეშ მოქცეული ტერიტორიებიც.
ეს ომები თავისთავად ცხადია აისახებოდა ქვეყნის ეკონომიკურ თუ სოციალურ პირობებზე. ამერიკის ისტორიაში 1800-1900,იან წლებში ცნობილია სხვადასხვა თარიღები საშინელი პანიკისა, დეპრესიისა და ეკონომიკური სიდუხჭირისა. რაც თავისთავად ამ ომებითაც იყო გამოწვეული. ( სხვათაშორის ბოლოდროინდელი ეკონომიკური ვარდნაც, უმეტესობა ექსპერტთა აზრით, იმ ომებით არის გამოწვეული, რომელსაც აწარმოებს ამერიკა ავღანეთსა თუ ერაყში.)
დიდი დეპრესიის სახელით ცნობილი ყველაზე სერიოზული კრიზისი რომელიც 1929 წელს დაიწყო ამერიკაში და მთელი 10 წელი გრძელდებოდა, დღესაც კი დავის საგანს წარმოადგენს და ყველაზე ბნელი ფურცელია ამერიკელების ცხოვრებაში. ( შეიძლება ითქვას, რომ ზუსტად იგივე პერიოდი გამოვიარეთ ჩვენც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, რაც დღემდე გრძელდება).
დიდი დეპრესია - ეს იყო მასიური გლობალური ეკონომიკური ვარდნა, რომელმაც გამოიწვია რეკორდული უმუშევრობა, უამრავი ბანკის გაკოტრება, ინდუსტრიული წარმოების, აქციათა ბაზარზე ფასთა ვარდნა და მთელ რიგი ვარდნები. დეპრესიის მიზეზად კი მთავრობის მიერ მონეტარული პოლიტიკის არასწორი მართვა გახდა.
მონეტარული პოლიტიკა, ეს არის პროცესი ქვეყანაში ვალუტის მარაგის მართვისა, ეს არის ინფლაციისა და დიფლაციის შემცირება. მონიტორინგი როგორც ვალუტის კურსზე, ასევე მოსახლეობის სრული დასაქმება. ამდენად, როგორც საბოლოოდ დადგენილი იქნა, ინფლაციის შეკავებით ფულის მიწოდების შეზღუდვის პოლიტიკამ  სავალალო შედეგი გამოიწვია ქვეყანაში.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში, ვგულისხმობ მე-20 ს-ის. 20-იან წლებს, მსოფლიოში წარმოებული საქონლის ნახევარს აშშ. აწარმობდა, ანუ ამ პერიოდში აშშ.ს ეკონომიკური წილი მსოფლიოს ბაზარზე დიდი იყო.
არ არის გამორიცხული და ბევრი სწავლულიც დაკონკრეტებით აცხადებს, რომ ეს კრიზისი სწორედ იმით იყო გამოწვეული, რომ პირველ რიგში დამსხვრეულიყო მითი ამერიკის დემოკრატიის ძლიერებაზე და მეორეც, ვიღაც-ვიღაცეებს აწყობდათ ეს უკიდურესი გაჭირვება საკუთარ ჯიბეებში მილიარდების ასაჩხრიალებლად, ასეა თუ ისე, ამ ქვეყანამ გამოიარა საშინელი ეკონომიკური კრიზისი, რისი გახსენებაც დღესაც კი აფრთხობს იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოიარეს ეს პერიოდი.
ჩვენთვის ალბათ ყველაზე საინტერესოა იმის გაგება, თუ რა მოხდა შემდეგ. როგორ მოახერხეს ამ საშინელი კრიზისიდან თავის დაღწევა ამერიკელებმა.
ამ საშინელი კრიზისის დროს 1932 წელს აშშ.ს პრეზიდენტი გახდა ფრანკლინ დელანი რუზველტი. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი. ერთ-ერთი საარჩევნო კრების დროს მან თქვა: „მე ვპირდები ამერიკელებს ახალ კურსს“. და მართლაც, მის მიერ გატარებული რეფორმატორული ღონისძიებები დღემდე ამ სახელით არის ცნობილი. მის სარეფორმო პროგრამაში უმნიშვნელოვანესი იყო კანონი ეროვნული მრეწველობის აღდგენის შესახებ. ვიმეორებ, ეროვნული მრეწველობის. აღდგენის შესახებ. უმუშევრობის შემცირების მიზნით მან მთავრობასთან ერთად შექმნა შრომითი დასაქმების ბანაკები. ამ ბანაკებში გაერთიანებული ხალხი დაასაქმა. ისინი აშენებდნენ, ქმნიდნენ, გაჰყავდათ გზები და ავტოსტრადები, (რომლებიც დღესაც კი შეუდარებელია). აგებდნენ ხიდებს, საწარმოებს, მოკლედ, ამ ღონისძიების შედეგად იკლო უმუშევრობამ და ქვეყანასაც დაეტყო აღმშენებლობა და რაც მთავარია, სასოწარკვეთილებამდე მისულ ხალხში კვლავაც გაჩნდა სურვილი და მოთხოვნილება შრომისა და შესაბამისად, არსებობისა.
რუზველტის ახალი კურსის ნაწილი იყო აგრეთვე სოფლის მეურნეობის პირველ რიგში კრიზისიდან გამოყვანის და შემდგომ, მისი განვითარების პროგრამა. შეიქმნა სოფლის მეურნეობის ადმინისტრაცია, რომლის მიზანი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების აწევა. ( შედარებისთვის, საქართველოში ამ მრივ პირიქით არის, ანუ ქართველი გლეხის მიერ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი როცა კონკურენციას ვერ უწევს სხვა ქვეყნიდან იმპორტით შემოტანილი, ღმერთმა უწყის, რა ხარისხის პროდუქტს და რომლის ფასიც საოცრად განსხვავდება, ანუ დაბალია უცხოური პროდუქტის ფასისა, იქ სახელმწიფო მოხელეების მიერ ვითომ გატარებული რეფორმების როგორ უნდა დაიჯერო. ჩვენმა სახელმწიფომ რატომღაც ვერა და ვერ შეძლო თუ, არა და არ შეძლო, მიუხედავად რაღაც მცდელობებისა, დაეფასებინა საკუთარი ნაწარმი.  იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს სახელმწიფო მოხელეებს, უბრალოდ არ  აწყობთ ამ ჩიხიდან გამოსვლა. ალბათ იმიტომაც რომ იმპორტით შემოსული საქონლით უფრო მეტ სარგებელს ნახულობს თუნდაც სახელმწიფო ხაზინა, (ერთეულთა ჯიბეებზე რომ არაფერი ვთქვათ,)  ვიდრე საკუთარი ნაწარმისგან. რადგანაც გლეხის ზედმეტად დაბეგვრა ამ ეტაპზე არანაირად და ვერანაირად ვერ  გამოადგება იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ ფიზიკურად არ შეუძლია მას დაუბრუნოს სახელმწიფოს რაიმე)... 
მივუბრუნდეთ ისევ ამერიკას. რუზველტმა 1935 წლიდან დაიწყო ახალი კურსის მეორე ეტაპი. მან გაატარა მრავალი რეფორმა თითქმის ყველა სფეროში, მაგრამ  ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, მიღებულ იქნა მუშათა კანონმდებლობა, ანუ მუშებს ეძლეოდათ უფლება შეექმნათ პროპკავშირები. ამ პერიოდში მიღებულ იქნა სოციალური დაზღვევის კანონი, რომელიც ითვალისწინებდა უმუშევართა დახმარებას და მოხუცებულებისთვის პენსიების გაცემას.
მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკა მდიდარია ბუნებრივი და მინერალური რესურსებით _ ქვანახშირი, სპილენძი, ტყვია, ოქრო, ვერცხლი, ბუნებრივი აირი, საშენი ხე-ტყე და კიდევ სხვა მრავალი რამ, ყველა ეს რესურსი გამოყენებულ იქნა ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისთვის და მისი განვითარებისთვის და დღესაც გრძელდება მათი სწორი ფორმით გამოყენება.
შედარებისთვის: ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, არანაკლები რესურსები მასაც გააჩნია, მაგრამ ვინ არის სერიოზული რეფორმების გამტარებელი? ამ რესურსების სწორი მიზნით გამომყენებელი? - სამწუხაროდ, არც არავინ! ჩვენი ქართული ბედოვლათობა და მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელების სურვილი არ გვაძლევს სწორი პოლიტიკის გატარების მცდელობასაც კი. ჩემის აზრით, სანამ საქართველოში არ იქნება საერთო აზრი და ინტერესი, საერთო განწყობა ყველაფერზე ( ისე კი არა, ომში ზოგს ბრძოლის ველი უხმობდეს და ზოგს რესტორნები და დუქნები, ან საკუთარ ბაქანში ჩაკეტვის სურვილი,) ომში ომის განწყობა და საერთო ბრძოლის ჟინი და მშვიდობის დროს საერთო შენების სურვილი უნდა სუფევდეს, მხოლოდ მაშინ თუ გვეშველება რამე.
ამერიკა იმანაც გახადა ასეთი ძლიერი და ერთიანი, რომ კანონმა მოახერხა შეეკრა ერთ მასად ეს სხვადასხვა ჯურის ადამიანები. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკა - კანონის ქვეყანაა!
კიდევ ერთი რამ მინდა აუცილებლად აღვნიშნო. ამ მრავალმილიონიან ქვეყანაში, მიუხედავად ყველა სფეროში არსებული სრული თავისუფლებისა, მიუხედავად დემოკრატიისა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არსებობს მხოლოდ ორად ორი პარტია საზოგადოებაში; დემოკრატიული, რომელიც 1828 წელს დაარსდა და რესპუბლიკური, რომელიც 1854 წელს არის დაარსებული. მართალია, ამ პარტიებს შიგნით ყოველთვის იყო, არის და იქნება ცალკეული დაპირისპირებები და განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ საერთო და საბოლოო ჯამში ორივე პარტიას მაინც თავისი კარგად შემუშავებული წესდება გამოაქვთ მათივე საერთო აზრით განმტკიცებული და დაკანონებული.
ჩვენთან კი რა ხდება? ამ 5 მილიონიან ( არც კი) ქვეყანაში ლამის არის 5 მილიონი პარტია შეიქმნას და ყველა თავის არც თუ ისე მცდარ და არც თუ ისე მართალ მოსაზრებას ანვითარებს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ისედაც დაქსაქსული საზოგადოების უფრო მეტად დაქსაქსვას.
როგორც ვხედავთ, დემოკრატია მთლად მრავალპარტიულობას არ ნიშნავს, ამიტომ ალბათ აუცილებელია ერთ-ერთი რეფორმა ჩვენთან ამ სფეროშიც იქნას გატარებული. ვგულისხმობ, მართლა მოიშალოს ჩვენთან  მრავალპარტიულობა. არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ჩვენც ორ პარტიამდე დავიდეთ, იყოს სამი, ოთხი, ხუთი, მაგრამ ნუ იქნება 10 და 1000, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რატომღაც ეს პარტიები უფრო შლიან ისედაც დაშლილ ჩვენს საზოგადოებას, რამეთუ მართლაც ზედმეტად პოლიტიზირებული გახდა ერი. 
და ბოლოს, ამერიკული დემოკრატია კი არ გვჭირდება ჩვენ, არამედ, უბრალოდ დემოკრატია-  ანუ, სახელმწიფო მართვის ისეთი ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ეკუთვნის. ( თუმცა ყოველთვის ყველაფერში პირველობის სურვილით განმსჭვალული ქართველი ჯერ კიდევ საკითხავია, რამდენად მზად არის ამ წყობილებისთვის).
ამერიკული დემოკრატია ჩვენ არ გვჭირდება თუნდაც იმიტომ რომ საოცრად განსხვავდება ამერიკელი ხალხი ქართველი ხალხისგან და რადგანაც განსხვავდება, ამიტომ მხოლოდ ქართველისთვის საჭირო და მისაღები ფორმები უნდა იქნას შემუშავებული.
ამერიკა ჯაზის, ბლიუზის, როკის და რეპის შემქმნელი ქვეყანაა. საქართველო კი - საოცარი პოლიფონიით განხვავდება მისგან.
ამერიკა - ჯინსების ქვეყანაა. საქართველო კი- ჩოხა-ახალუხის და სხვა ტრადიციული სამოსის. 
ამერიკამ მართალია მსოფლიოს მისცა ისეთი თანამედროვე გამოგონებები, როგორიცაა: ტელეფონი, ტელევიზია, ელექტრობა, კომპიუტერი, ინტერნეტი, რომლებზედაც ჩვენც არ ვამბობთ უარს, მაგრამ მას მაინც უარი უნდა ვუთხრათ არა დემოკრატიის შენებაზე, არამედ „ამერიკული დემოკრატიის“ შენებაზე. ამერიკული დემოკრატია კი კარგად ვიცით რომ მსოფლიო ჰეგემონობას გულისხმობს.

დღეს, ჩვენმა ქვეყანამ დაამსხვრია რა კომუნიზმის ხუნდები და გეზი დემოკრატიისკენ აიღო. მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა მისთვის ამ გზაზე სიარული. ბევრჯერ დავენარცხეთ და ბევრჯერ აღვსდექით, ბევრ ცრემლთან და ტკივილთან ერთად ბევრი იმედგაცრუებაც ვიწვნიეთ და მაინც,ჯიუტად და მონდომებით განვაგრძობთ სვლას, უკვე აღარც ვკითხულობთ, ღირს კი ამ გზაზე  სიარული?! არის კი ჩვენისთანა პატარა ერისთვის დემოკრატიის პრინციპები მისაღები?! თუმცა სხვა უკეთესი ალტერნატივაც როცა არ არის, მაშინ იქნებ მართლა ჯობია არც არაფერი იკითხო და ისე იარო. ისედაც ხომ ცნობილია, რომ კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არც არსებულა იდეალური საზოგადოებრივი წყობილება. შენ კი, ჩემო საქართველოვ, კეთილად გევლოს ამ გზაზე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები