ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 მაისი, 2010


თავისუფალი აზრი თუ დაკარგული სინდისი?

        ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში ერეკლე დეისაძის წიგნის "საიდუმლო სირობის" პრეზენტაციას, ბევრი მართლმადიდებლისა და პატრიოტის პროტესტი მოჰყვა. შეუძლებელია, რომ ადამიანმა, რომელსაც თუნდაც მცირეოდენი რწმენა და სინდისი გაგაჩნია, მხარი დაუჭირო ამ ავტორს. მან ვითომ აღმოჩენა გააკეთა იმ ყველა ფასეულობის უარყოფით, რაც ქრისტიან და საერთოდ ნორმალურ პიროვნებას გააჩნია. წიგნში ასახულია კაცისკვლის სიამოვნებად წარმოჩენა, ღვთის გმობა, ოჯახის და წინაპრების შეურაცხყოფა, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და ა.შ.
        რას ვიზამთ, ადამიანს რომ ვითომ თავისუფალი აზრი  გააჩნია და ორიგინალურობას ცდილობას, ალბათ ასეთი რაღაცის დაწერაც მოუვა თავში, მაგრამ უფრო საინტერესო ის არის, რომ წიგნს საოცარი რეცენზია ერთვის. (ესეც რა თქმა უნდა, თავისუფალი, თანამედროვე ადამიანის გაკეთებულია). თურმე, საქმე საუკუნის აღმოჩენასთან გვაქვს. აბა, ჩვენ საწყლებს რუსთაველის, გალაკტიონის, ვაჟას, ჭავჭავაძის და სხვა დიდი მწერლების ქვეყანაში, რა გვეშველებოდა რომ არა დეისაძე და მისი წიგნი?
        ისმის კითხვა, ვინ უფრო დამნაშავეა, ის, ვინც ეს მანიაკური და ეშმაკისეული წიგნი დაწერა თუ ის ადამიანები, ვინც მხარი დაუჭირეს წიგნს და მის ავტორს?
        მისი მხარდამჭერები აზრის თავისუფლებით სპეკულირებენ, თუმცა რა თავისუფლებაზეა საუბარი, როცა სარწმუნოებას, სამშობლოს და დედას შეგიგინებენ? თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ იყო შენი თავის უფალი,  ე.ი თავს უფლობდე და შენს აზრს აკონტროლებდე, იგი ისე უნდა გამოთქვა, რომ გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციო და მორალს დაუქვემდებარო, სხვებს შეურაცხყოფა არ მიაყენო და თუ მიაყენებ, მაშინ არც მათგან უნდა გეწყინოს.  შენმა თავისუფლებამ სხვისი არ უნდა შეზღუდოს.
        თუკი თავისუფლებაზე მიდგება საქმე, მაშინ კაცისკვლაც დასაშვებია, იმიტომ, რომ მკვლელს აქვს თავისი შეხედულება და თავისუფალი აზროვნება, ამიტომ, იქცევა ისე, როგორც მას მოსწონს,  მაშინ რატომ უნდა დავსაჯოთ იგი? ნარკოტიკის გამავრცელებელი ფიქრობს, რომ ნარკოტიკი უნდა გაავრცელოს და მოწამლოს ახალგაზრდები. მავან სულაკაურის გამომცემლობას კი მიაჩნია, რომ გარყვნილებით უნდა მოწამლოს ახალგაზრდის გონება. საინტერესოა, რა განსხვავებაა მათ შორის და რატომ უნდა დაისაჯოს ერთი და არა - მეორე?!  გამოდის, რომ დანაშაული კი არ უნდა დაისაჯოს, პირიქით, მხარი დავუჭიროთ, ისინი ხომ თანამედროვე ადამიანები არიან, მათ აქვთ უფლება მოიქცნენ ისე, როგორც მათ მოსწონთ და მერე რა, თუ ის ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება? მერე რა, თუ ამით ათი მცნება ირღვევა? არ უნდა დაგვავიწყდეს რისთვის დასაჯა უფალმა სოდომი და გომორი,
        თურმე ჩვენ, ქრისტიანები და პატროტები ჯერ კიდევ საბჭოთა აზროვნებით ვცხოვრობთ და ცოდვასაც ჩავდივარათ, რადგან  ქრისტიანობა მშვიდობისმოყვარეობას გულისხმობს და არა ჩხუბს და ცემა-ტყეპას. იმისათვის, რომ სარწმუნოება და სამშობლო ჩვენამდე მოეტანათ, ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს სწირავდნენ, როცა საჭირო იყო ხმლითაც იბრძოდნენ რელიგიის დასაცავად და ახლა ეს ყველაფერი წყალში ჩავყაროთ იმიტომ, რომ ზოგ-ზოგიერთებს ეს ზედმეტად და ძველმოდურად მიაჩნიათ?! ჩვენ პასუხისმგებლობა გვეკისრება იმ წმინდანების წინაშე, ვინც ქრისტიანობისთვის ეწამნენ, ყოველი იმ ქართველის წინაშე, ვინც თავისი სიცოცხლე შესწირა იმას, რომ ყოფილიყო საქართველო და ვყოფილიყავით მართლმადიდებელი ქართველები. ასევე პასუხისმგებლობა გვეკისრება მომავლის წინაშე, რომელთაც უნდა დავუტოვოთ წინაპრების დანატოვარი და ჩვენ არ გვაქვს უფლება ხაზი გადავუსვათ მათ ამაგს. ამას შეეწირა ილია ჭავჭავაძეც და მისი სახელის მატარებელ უნივერსიტეტს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მსგავსი წიგნების პრეზენტაციისას.
      მე, როგორც ქრისტიანი ქართველი და მითუმეტეს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ პროტესტი გამოვუცხადო ამ უმსგავსობას.

ლიკა ოხანაშვილი       
8.05.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს