ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2010


ჭრელი მუზა

მე სულ მინდოდა, მქონოდა ფუნჯი
რომ თორმეტი თვე მეხატა ფერში,
გინდა ყრუ ვიყო და გინდაც - მუნჯი,
გრძნობები მქონდეს ფერადი მკერდში.

იანვრისფერი – იქნება თეთრი,
ვით თოვლის თეთრი საბანი მიწის...
თებერვლისფერი? – ფერდობს გახედე,
ყოჩივარდებით რაგვარად იწვის...

ახლა მარტია, ცელქი და ურჩი, –
ისრიმისფერი შემოაქვს ჩემში,
შემდეგ აპრილი... და მწვანე ბუჩქებს
იასამანი უჭირავს ხელში.

მაისს დავხატავ მე ზურმუხტისფრად,
როცა ფოთლები მწვანეა, მუქი,
სტაფილოსფერი უხდება ივნისს,
გაათბობს მიწას ცხელი მზის შუქი.

ალაპლაპდება წითლად ივლისი,
სისხლს აადუღებს ძარღვებში სიცხე,
ნარინჯისფერში გადავა უმალ, –
ფერიცვალების მირონი ვიცხე...

სექტემბრისფერი აიკრავს ყვითელს,
და შემოდგომას ფერი გვაუწყებს,
ოქტომბრისფერიც არ დააყოვნებს
და ფოთოლცვენას ლოდინს დაუწყებს.

უფერულია აქ ნოემბერი,
და ლურჯ კამარას სიმუქე ხურავს
მოვა ზამთარიც და დეკემბერი
ღრუბელთ სირუხეს შემოგახურავს..
. . . . . .
მე სულ მინდოდა, მქონოდა ფუნჯი
და ეს ცხოვრება მეხატა ფერში,
გინდაც ყრუ ვიყო, ან თუნდაც მუნჯი,
გრძნობები მქონდეს ფერადი მკერდში.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები