ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2010


  ჩამოტვირთვა

ყველაზე პოეტური პროტესტი

       

ლაგდება ლაქად, მკვლელობები ლაგდება ლაგდე
ბა-სრია დრო და დედამიწა არ არის სანდო,
ვიღაც პოეტი საკუთარ თავს ფანჯიდან აგდებს,
ეს უკვე იყო, უკვე მოხდა, არ იცის შანდორ.

აქ იყო გალა, იყო სხვები, იყო და რეფლექსს
ამ წყეულ რეფლექსს ბევრი ახლაც ამდორებს, ამდორ
ებენ და შენ კი ბალდახინში კვლავ ცოცხლად ყეფ ლექსს,
თუმც ესმის არვის - არ ესმის და მაინც ყეფ შანდორ.

ომი ომია, სახელები იცვლება მხოლოდ,
შენც შეხვდი ვიცი ათას კრწანისს, მარაბდას, შამქორს,
ელოდი წერილს არ ინება უფალმა მოლოდ-
ინება, მაგრამ შენ კი მაინც ელოდი შანდორ.

ეს ჩემი ლექსი პროტესტია და ასეც ვტოვებ,
არ გამოვრიცხავ რომ არაფერს არ ამბობს ახალს,
მაგრამ მეც ვწერ რომ ეროვნება არ უნდა პოეტს,
ზე-ციელია ეროვნება პოეტის რახან.

საქართველოა, დღეებია, ქარია მრგვალი,
მემილიარდე შემოაწვა პლანეტას მწუხრი,
თქვენ მკითხავთ ვიცი, აქვე გეტყვით ის მრგვალი ქარიც,
ისეთი არის, მარტოდმარტო პოეტს რომ უქრის.

პარალელს ვავლებ ეპოქას და ეპოქას შორის,
დრო შვება მისას უყურებთ და დავმალო რაღა,
თქვენ შეიძლება ფიზიკური სიკვდილი ნახოთ
პოეტის, მაგრამ დაბადებას ვერასდროს ნახავთ,

რახან რა იცით რას გადაწყვეტს შობილი ახალ,
გამოვა ან ვინ, მოღალატე, ბრძენი თუ გმირი,
არა, მეც ვცდები დავრწმუნდი რომ ვცდები მეც რადგან
ჩვილი პოეტი თავიდანვე რითმაში ტირის.

პაოლო, ლადო, ნიკოლოზი, შოთა და შოთა,
ტერენტი, მირზა, ტიციანი, ნონე და ანა,
ზურაბი, ვაჟა, ბესიკი და მურმან და ოთარ,
სწორედ გავლებულ პარალელის გადაღმა დგანან.

ბედს ელის წუთი ანდა უფრო წუთს ელის ბედი,
მიწურულს არის ჩემი ლექსის აზრიც და ვადაც,
მაინც და მაინც დღეს სცენაზე იკვრება წრედი,
სცენაზე წყდება ის მომენტი უბრალოდ რათა -

მე ასე მეთქვა, დამეწერა და ახლაც ვწუხვარ...
არც ისე დროა, თუმც ყველაფერს ვიხსენებ ბუნდად
და თქვენ წახვედით იმნაირად ბატონო მუხრან,
მსგავსი სიკვდილის იმ საღამოს სულ ყველას შურდა.




ტრიოლეტი - სონეტი - ბალადა

იყო და არა იყო წვიმა, იყო ქარები,
და შენ კი ქალი, ასველებდა შენს თმას წვიმა და,
ოღონდ გესურვა და ქარს წელზე მოიფარებდი,
იყო და არა იყო წვიმა, იყო ქარები,
მოგყავდა ქუჩა დრო და დრო კი წვიმამ იმატა,
იდო მიწაზე ქალაქი და სველი სიმართლე,
იყო და არა იყო წვიმა, იყო ქარები,
და შენ კი ქალი, ასველებდა შენს თმას წვიმა და

მხრებით მოგქონდა ერთი დილის ერთი ამინდი,
მეორე დილით იწყებოდა ისევ თავიდან
და სწორედ მაშინ გადაქცევა მსურდა ამინდად,

როცა წვიმა და თრომბონები აღარ გყოფნიდა,
იდექი მარტო, სულ უბრალოდ, ქოლგის გარეშე
და ცისარტყელას უყურებდი მხოლოდ ქოლგიდან...





სულხან წულუკიძეს (მეწერებას)

ბლონდი,
ბლონდები,
ბლონდებმა,
ბლონდებს –
იყოფს,
იყოფენ,
იყოფდა,
იყოფთ,
სისულელეა იმისთვის თოვდეს,
რომ მსოფლიოში ზამთარი იყოს.

ქარებმა,
ქარებს,
ქარებით,
ქარი
გიშიშვლებთ სულს და სუნთქვაა ვიწრო,
სისულელეა რომ რეკდნენ ზარებს
იმისთვის რათა ტაძარი იგრძნოთ.

ლამობს,
ლამობდა,
ლამობენ,
ლამობ
არ უღალატოთ შნოსა და იერს,
რადგან გრცხვენიათ სირცხვილი ჭამოთ,
იმისთვის რათა მოგშივდათ ძლიერ.

გსურს საკუთარი თავიც იყიდოთ
ძვირად და დღეებს წარსულში ახვევთ,
ხოლო სხვას უსმენთ მხოლოდ იმიტომ
ყურზე რომ არვინ დაგაჭრათ ხახვი...

რწმუნდებით რწმენას დაერქვა ხიბლი.
სხეულშიც გული სხვაგვარად გიცემთ -
თუ აბელივით დგახართ და ითვლით,
თქვენი გვარიდან გადამხტარ კვიცებს.

გახლდა და ახლდნენ,
ახლავდა,
ახლავს
ყველაფერს მისი ანი და ჰოე,
თქვენ კი ერთი ცით იქნები მაღლა
სხვაზე, თუ ღმერთშიც იპოვნით პოეტს.
..........      ..........      ..........
ბოლოს კი ძმაო, ვიყოფით ჩვენც და
ვიყოფით ასე კიდემდე კიდით,
მაგრამ >>> ის <<< ნახე რა ცოდვა რჩება,
ვინც ამ ქვეყნიდან უნაშთოდ მიდის!..






              (ზაზა ფირცხალაიშვილს)

ერთი შეხედვით ჩვენი ქალაქი პოეზიაა უფრო,
ორი შეხედვით როგორც სჩვევია ახლოს მიგიყვანს  გულთან,
სამი შეხედვით ღვინოში წვიმს და მეტად სველია სუფრა,
ოთხი შეხედვით გადაეკვრება ზეცას საღამოს კალკი,
ამაზე მეტი არანაირი შეხედვა აღარ უნდა -
ჩვენს ქალაქს, როცა მზე თვითმკვლელობას გვაყურებინებს, ქალს კი -

ერთი შეხედვით იახლოვებ და პოეზიაზე აცრი,
ორი შეხედვით როგორც გჩვევია ახლოს მიიყვან გულთან,
სამი შეხედვით მასაც უფეთქავს მკერდში ზემოთ და მარცხნივ
ოთხი შეხედვის წინაპირობა, წვიმაც შეგრძნებებს ნამავს,
იცი რომ აღარ, აღარ და აღარ უნდა დაუშვა მარცხი,
ცხოვრობ ქალაქში სადაც ცხოვრობდა ერთ დროს დედა და მამა.

ერთი შეხედვით ანერვიულებ ძვლებზე დახეხილ ნერვებს,
ორი შეხედვით დამშვიდდები და განსაკუთრებულს დაწერ,
სამი შეხედვით იმედის კაბებს უბრალოდ ჭრი და კერავ,
ოთხი შეხედვით ჩამომპალ დღეებს სულ სხვანაირად კენწლი,
მაგრამ მთავარი ის არის ზუსტად რომ ხვალინდელის გჯერა,
ვერც კი იფიქრებ რამე უარესს და უიმედოს ვერც კი

დაუშვებ, რადგან ერთი შეხედვით ყველაფერია ცხადი,
ორი შეხედვით საქართველოში მოღვაწეობ და სუნთქავ,
სამი შეხედვით მასე შენსავით ერთი ორი თუ დადის,
საქართველოში, სადაც სინდისსაც უკვე სუნი აქვს მიწის,
ოთხი შეხედვით რაც ყველაფერი ვინმეს საჭიროდ  უთქვამs,
ვინც თქვა იმაზე ასჯერ მეტად და ათასჯერ კარგად იცი.

იცი ისიც რომ რაღაც დაიწყო ჩვენს ქალაქში და ამინ,
ბევრით ბევრია ახლა სხვაობა და იმ დღისაკენ ვილტვით,
როცა ღვინოში ისევ ავურევთ ბათუმის ყველა ამინდს,
ოთხი შეხედვის, სამი შეხედვის, ორი შეხედვის ბედით
აღარ ვიაროთ ცოტაა (დრო და - ჰოდა) ამიტომ ვიტყვი -
ღმერთმა ნუ ქნას რომ დაგვჭირვებოდეს ერთ შეხედვაზე მეტი.





        გარდამავალი ლექსი

შენ რა? - არაფერი, მე რა? ისეთივე,
დროა ტავტოლოგი, სამი ბაიოკო
მეძავს შევატოვე, ღამის საათია,
ვწერ და დედამიწა მინდა დავიოკო.

ცა რა? ცისფერია, მთვარე? აღარ მინდა
ლექსში მითუმეტეს, სული გავიჭერი,
მალე გადმოვძრები ხორცის დარაბიდან,
შენ კი უსათუოდ უნდა დამიჯერო -

მტკივა მარტოობა ფიქრთან შეუჩვეველს
ოთახს უშენობის მკრთალი იერი აქვს,
სულ არ გავიკვირვებ ფრთაც რომ შეგამჩნიო.
ჩემი სიყვარული ისე ძლიერია,

რადგან ოცნებებშიც მცირე აბლაუტით,
როგორც სიყვარულში - გულით ვმონაცვლეობ,
წუხელ ანგელოსი - ისე ახმაურდი,
თითქოს დღეს ამბობდე - ფრთები მომაძვრეო.

სადღაც შორიახლო ბრუნავს გარინდება,
თითქოს სტრიქონებიც სისხლში დედდებიან,
თოვას აპირებს და ზამთრის ამინდები
წვანან ფანჯარასთან შვილმკვდარ დედებივით.

ქარი იბადება სადღაც მორევიდან,
ცასთან მთავრდებიან შორი ბილიკები,
რთული ამინდია კვალში მოგყვები და
ახლა მცივა შენზე - ორი ფიფქით მეტი.

მაგრამ სტრიქონებიც თითქოს მღალატობენ,
ფიქრი ოთახივით ამერ-დამერია,
მინდა სიგარეტის ნაფაზს დავაყოლო,
ახლა რაც ჩვენს შორის დრო და ჰაერია....

შენ კი არაფერი, მე რა? ისეთივე,
დროა ტავტოლოგი, სამი ბაიოკო
მეძავს შევატოვე, დილის საათია,
ვწერ და დედამიწა ლამის დავიოკო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები