ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2010


სამი ლექსი ბატონ მუხრანს



/ უკან  მიდევნებული  სანთელივით... /


1.

* * *
        ორი  ცრემლიდან 
        საქართველოს 
        გაჰყურებს  საბა...
                                           
                  მუხრანი

დღე  და  მოსწრება 
წარსულს  ვწყევლი  და
ოდენ  მომავლის 
ვცოცხლობ  იმედით...
და  გული  მტკივა,
ორი  ცრემლიდან
მამულს 
გასცქერის  როცა  მცირედი...
 
კანტი-კუნტადაც
თუ  ვხვდები  სადმე,
ბავშვივით  ვხარობ 
ამ  შეხვედრებით...
და  ძმაზე  მეტად 
ძმადა  ვთვლი 
ქართველს,
ორი  ცრემლიდან 
რომ  იხედება...

                            1976



2.

ს ა დ ღ ე ო ბ ო    ა რ მ ა ღ ა ნ ა დ 
70  წ ლ ი ს    მ უ ხ რ ა ნ - ბ ა ტ ო ნ ს


ქვეყნად  რაც  არ  უნდა  მოხდეს,
თვით  სატანაც  -  ისე დასცხეს  -
ჯოჯოხეთით  რომც  ამოხტეს,
რათა  აფთრებრ  თავს დაგვაცხრეს  -

ი მ ა ს    მაინც  ვერც-რას  მ ოსჭამს
( ვერც  ძვრას  უზამს  -  სულიც გასძვრეს!.)  -
ვინაც  ლექსი  ესრეთ  მოსჭრა,
რუსთველსაც  რომ  არ  შეარცხვენს!..

ვინც  სალბუნად  ერის  წყლულის  -
სულსა  და  გულს  ლექსად  გასცემს!..
ვისიც  სადაც  ესმათ  თქმული  -
ყველგან  მეხებრ  ტაში  დასცხეს!..

ლომურ  მკერდში  ლომის  გული
არც  იქნება  როსმე  დაცხრეს!..
პირმშოს  ალალს  -  გაზაფხულის -
მტერს  თვით  ღმერთი  დაუმარცხებს!..

მესიტყვის  და  კაცად-კაცის
ვიდრე  სიმხნე  გულს  უხარის,
ბევრ  გულს  შიშზე  ბევრჯერ  აცრის
ომახუხვი  ხმა  მუხრანის!!!

ვინც  ვერ  სძლია  დამწუხრებამ
და  არც  შავბედს  ეხათრება,
რიხით  ლექსის  დაქუხება
ვისაც,  დასტურ,  ეკადრება!..

ვის  ჭაბუკებრ  -  კვლავ  პირუთვნელ
სიტყვის  ძალუძს  გამოკვერვა
და  მამულის  გულზე  -  უთვლელ
ჭრილობათა  ამოკერვა!..

ვინც  გაუხრელ  ქედით  შველის
ქართულ  დროშის  არდაშვებას
და  სწამს  -  მისთვის  დასაღვრელი
სისხლიც  არც-როს  არ  დაშრება!..

ვინც  -  მაშვრალი  ჭირთათმენით  -
ელის  ერის  ხსნას  და  შვებას,
და  სურს  სულ  სხვა აღმაფრენით
ლექსის  ზღვაში  გადაშვება  -

მისთვის  მამას  ვთხოვ  ზეციერს
(  მრავლის  მომსწრე  გაწბილების...):
-  ღირსჰყოს  ხილვად  ი ბ ე რ ი ი ს
სვეკეთილად  გაბრწყინების!!!

                                        აპრილი,  1999


3.

,, თ ა ვ ი ს - უ ფ ა ლ ი’’  ე რ ი ს ა   

    მწარედ ირონიული

                  მუხრან  მაჭავარიანს

      ვახტანგის  ადგილს  იჭერს  ხეჩუა...
      გვეცლება  ქართლი  თვალდახელშუა...
                                                  / მუხრანი /

      რად  გვჭირდება  ჩვენ  ხეჩუა, 
      ძმებო,  თვარა  კი!..
      მე  შენ  გეტყვი  - 
      არ  გვეყოფა  ჩვენი  მარაგი!..
                              / ჩემი  პაროდიიდან /


გახსოვთ  -  მუხრანი  ყვიროდა  როდის  -
,, -  გვეცლება  ქართლი  თვალდახელშუა! ’’
მცირეოდენსღა  დავსჯერდით  ლოდინს...
არც  შევაწუხეთ  თავად  ხეჩუა...

მტრისგან  დაუნგრევს  ვანგრევთ  თავადვე,
რომ  არ  გვაჯობოს  ვინმე  ბითურმა...
და  თუ  რამ  კიდევ  შემოგვრჩა  სადმე,
მტერზეც  თავადვე  ვყიდით  ბითუმად...

ჩვენ  ჩვენი  გვყავდა  მუდამ  კადრები
ამ  ხელობებში  გამობრძმედილი!..
და  უკვე  მიკვირს, 
წელის  ათრევას
კვლავ  ჩვეულად  რომ 
ლამობს  მზე  დილის...

ერს  როცა  ასე  გაუავდრდება,
დაცინვასა  ჰგავს  ცა  მოწმენდილი...

                                              2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები