ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2010


შემკრთალი ანგელოზი

მე ანგელოზი ვიხილე შენში,ოღონდ შემკრთალი...
მე ანგელოზი ვიხილე შენში...
და შენს თვალებში დავინახე ვულკანის ცეცხლი,ბოლი,მტვერი,
                                                                                                    რომელიც ყველას წასალეკად ემუქრებოდა და შეშფოთებით გიმზერდა ყველა,
როგორც სინათლე იზიდავს მწერებს,მოისწრაფოდა შენი თვალების ვულკანისკენ მწერივით ყველა,
რომ ჩანთქმულიყო,
ჩამწვარიყო,
ჩაფერფლილიყო
მაგ მომხიბლავი თვალების ცეცხლში...
ო!...სიყვარული არ გაიცვლება ქრისტესავით ოცდაათ ვერცხლში.
ეს გრძნობა თავად ღმერთმა შექმნა და მოგვისაჯა მისი ძებნის ბედნიერება...
მე შენ გიყურებ!
                          და მაგონებ ცვილის ფიგურას და მეშინია მოახლოების,ხელის შეხების,რათა არ დასდნე ჩემი სხეულის მხურვალებით,ან ერთი ცხელი ამოსუნთქვით,რასაც თან ვატან ჩემ სულს,ჩემ სულს მონაქროლს შენსკენ...
შენი თვალების ამოუცნობ მუქ სიღრმეებში მე ვიკარგები ვით ნაფოტი მღელვარე ზღვაში,
ხოლო ფიქრები მოწესრიგებულ უწესრიგობით მერევა თავში.
მე შენ გიყურებ და მთელი გრძნობით მოვილტვი შენსკენ,როგორც პეპელა მიისწრაფის უკუნიდან სინათლისაკენ,
თუმც ეს სინათლე შეიძლება აღმოჩნდეს ცეცხლი და ფრთებდამწვარი ჩამოვარდეს...
და სასიკვდილოდ განწირული თვალგაშტერებით უყუროს ცეცხლს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
მე შენ გიყურებ ისე,როგორც მშიერი მგელი უყურებს მთვარეს...
ჩემი თვალები კბენჩენ შენს სხეულს,
ანაწილებენ,
ისაკუთრებენ,
ხოლო გონება კვლავ აერთებს ერთ მთლიანობად,
რათა თვალებმა კვლავაც შეძლონ დანაწილება.
(კანიბალიზმის კიდევ ერთი გამოვლინება...)
მე შენ გიყურებ!
                        და ვგრძნობ,როგორ ძგერს შენი გული წუთში სამოცჯერ,
სამოცდახუთჯერ,
სამოცდაათჯერ,
ჩემი გული კი ძგერს ორასჯერ,არ გჯერა განა?
თუ არა გჯერა,იქნება წუთით მომადო მკერდზე ყურის ნიჟარა და მაშინ იქნებ მეტიც იყოს...
მე შენ გიყურებ!
                          როგორც წარმართი შეჰყურებს კერპებს.ან რამე უფრო გრანდიოზულს,დიადს,ბრწყინვალეს,მაგალითად:_მზეს...
და თვალს მჭრის შენი ბრწყინვალება.
დაბრმავებული ვხუჭავ თვალებს და მაინც ვხედავ,როგორ მოდის ქაოსური თანმიმდევრობით ოქროს წრეები და ყველა წრეში შენი სახე ჩახატულია.
მე შენ გიყურებ და თუ გგონია მე ვერა გხედავ,როცა არ ჩანხარ,ძალიან ცდები,რადგანაც გხედავ ყველგან,ყოველთვის,
შენ ხომ ჩემში ხარ,ჩემს ტვინში ხარ ჩაბეჭდილი სამარადჟამოდ,
იქნება ჩემმა სიკვდილმაც კი ვერ ამოგშალოს.თუმცა ვინ იცის...
შენ კი დიადი,ამაღლებული,ხარ მხოლოდ ჩემი,
ჩემში,
ჩემთვის,
და როგორც გინდა გაგიკვირდეს,ჩემს გარდა ვერვინ შეეხება შენი სხეულის უმანკოებას და ვერც შეგხედავს ვერასოდეს...
ეს ეგოიზმი არ გეგონოს,ეს სიმართლეა
და როგორც გინდა მწარედ გტანჯოს ამ სიმართლემ,უნდა როგორმე შეეგუო,რადგან ჩემში ხარ.
მე კი კვლავ გეძებ...და გულს მიჩქროლებს შენი სულის თუნდ უმნიშვნელო გამოვლინება.
                                                                                                                დმ.       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები