ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2010


ს ი ს უ ს ტ ე - (რამოდენიმე ძველი)



                      იყო

იყო საღამო, იყო ქარი, იყო გზა და გზა,
წვიმდნენ წვეთები ხეში წყალს და ასე თავისებრ,
თვე – თებერვალი გარეთ იდგა როგორც ანდაზა,
მივდიოდით და ნაბიჯ-ნაბიჯ გავითავისე –

ჭეშმარიტების ურთულესი დარჩა მიგნება,
დაკარგვის შიშიც თებერვალთან ერთად მოსულა,
კამათში ორმხრივ დათმობასთან ასოცირდება,
ავტობუსში რომ ადგილს უთმობს ორსულს - ორსული.

ანუ ვხვდებოდით ყოველივეს, ანუ პირიქით,
ანუ დავშორდით, ღამე იყო სამგლოვიარო
და იმ გზებიდან ერთადერთი დაგვრჩა ბილიკი
და ის ბილიკიც ჩვენ სხვადასხვა გზებით ვიარეთ...

წვიმის ქალაქში ვიტრინებზე წვიმდა არია,
ბოჰემით მთვრალი დავყვებოდი უკან ხეტიალს,
მე შენ მიყვარდი და მიყვარდი ისე ძალიან,
რომ ოთხ სტრიქონში – ის გრძნობები და ის განცდები,
ის დღეები და ღამეები,
ის ფიქრები და ტკივილები,
ყველაფერი და არაფერი,
არ ჩამეტია!..........


   
                # # #

ბაღებს მოუწყვიათ დეფილე,
ხეში დაორსულდა ატამი,
თვალი გააყოლე დელფინებს,
ცაზე ცისარტყელებს ხატავენ.
ამინდს გაეწვიმა აურა,
ბოლო ენკენისთვე გავიდა,
ნახე ლამაზია აუ რა,
მზე, რომ გადახტება ნავიდან.
როცა გაწითლდება პლიაჟი,
ცურვით გამოვცურავ ბოგირთან,
გავცვლი მეტაფორებს იაში
და სველ შემოდგომას მოგიტან.
ასე იმოქმედებს კანაფი,
სენით ოცნებების უკურნელ,
შენ კი გამომყევი და ნაპირს,
მხოლოდ ჩემი თვალით უყურე.




                  # # #

ქალაქს ქალაქის ქალქგარე ხიდზე ეძინა,
აკაციები შემოდგომის ქარით
თვრებოდნენ,
მე გივიწყებდი და ვერაფრით
წარმომედგინა -
ჩემს ლექსებს თუკი
ჩემზე მეტად ეყვარებოდი...

ზოგჯერ მინდოდა
უანგაროდ რომ გედედოფლა,
მაგრამ ქალი ჯერ ქალია და
მერე პოეტი,
თავისუფალი იყო დრო და
იყო საუფლო,
როცა წარსულში ვბრუნდებოდი
სიმარტოვეთი.

ვნახეთ კარ და კარ კარნავალი
მრავალ ნიღაბთა,
დრომ ჩამოლეკა ეპოქა და
მღვრიე ავ-კარგი,
პოეზია კი იმდენად და
ისე გვიყვარდა,
რომ ოცნებისას მახსოვს -
ჩვენს შვილს "ლექსო" დავარქვით...

ქალაქს ქალაქის ქალაქგარე ხიდზე ეძინა.





(შენს ბაღში კალებს დაეწყოთ წოლა)

შენს ბაღში კალებს დაეწყოთ წოლა,
ჩემი კი მხოლოდ მიმოზებს იტევს,
იმოსავ ვხედავ,  უფრო ამ ბოლოს,
სინდისის ძაფით მოქსოვილ სვიტერს.
შენს მთვარეს ღრუბლის მანტია მოსავს,
ჩემსას კი ღრუბლის მანტია ქენჯნის,
ფეხმძიმე ქალის იგუებ პოზას
და თვალს ადევნებ ლექსების მეჯლისს,
რომელიც ახლა ლექსები არის,
რომელიც მხოლოდ ლექსები არის
და შენს პატარა მუცელთან ერთად,
იზრდება ჩემი მსუბუქი ჯვარი.
ამ ბოლოს ასე მიხდება წერა,
იძინებ ჩემი კუთვნილი ძილით,
გძინავს და ვიცი სიზმარშიც გჯერა,
ჩვენ ვართ ყველაზე მაგარი წყვილი -
ის ძველი ლექსიც ამ ფრაზის არსით,
შენია თუმცა შენამდე მქონდა
და ასე მინდა გაჩუქო მარსიც,
რომ გამოირჩე პოეტის ცოლთა -
შორის და კალებს კვირტების სოლო
ეწყებათ შენ კი ორ სხეულს იტევ,
იმოსავ თანაც, უფრო ამ ბოლოს,
სინდისის ძაფით მოქსოვილ სვიტერს
და არ ივიწყებ მხოლოდ და მხოლოდ,
რომ ისევ ისე გიყვარვარ კიდევ.


       

    ვიწყებთ ვენეციის დილიდან...

ამაზრზენია ღრიანცელი, ტაში, გნიასი,
ალიონს ცოდვა შელეკია ბრმა იარებად,
დილა ისეთი რთული არის ვენეციაში,
როგორც კაცისთვის ქალის მგოსნად აღიარება...

მეც მექართულე არაქართულ ქროლვით ქარების,
ფრთების ფერებით ფერმიხდილი, ფიცხი, ფეხდაფეხ
ვარ მოციქული საჰაერო გზასაყარების,
ვზივარ კონვერტში და გაუწყებთ დილის შესახებ -

დილის რომელიც დაიწყება წვიმით რამეთუ
და ყველა ყლორტთან შემოდგომის საშვით იდავებს,
ვენეციურად დატბორავს და თუ შნოც წაერთვა,
მაშინ ქართულად აღარასდროს გამოიდარებს.

ეპილოგია დილა საქმის ცოდვა-მადლიან,
როგორც სინდისის უმეტყველო ბრბოში გარევა,
პოეტებს გიჟებს უფრო მეტად მაშინ ადრიან,
როცა გიჟები თვითმკვლელობას აღიარებენ.

დილა ძალიან რთული არის ვენეციაში...




            ირაკლი ბოლქვაძეს

ოცდასამია თებერვალის, აციებს ბათომს,
ოცდაერთია საუკუნის, საათის შვიდის,
არ არის ხალხი და ბულვარი ჩანს უფრო ფართო,
მოხუცი ქალი მზესუმზირას ყიდის და ტირის.

ოცდაათს გასცდა შენი წლები ჩემი კი ოცს და
რაღაცით მაინც ერთ სამყაროს ვიგუებთ ორნი,
ვიცით რომ უნდა მოვიცადოთ და ვიცით მოცდაც
გვიანი არის, გვიანი და ბათომის ბორნის -

მარცხენა ფლანგზე გემს ირეკლავს მომწვანო ფრთები,
თენდება ქალაქს იკვეთება პალმების კრება
და მთელი ღამის ნამთვრალევზე თავიდან ვთვრებით,
ვთვრებით და მთელი დედამიწაც თავიდან თვრება.

ვიხსენებთ მერე როგორ ცეკვავს ფანტანთან ქალი,
როგორ ჰკიდია ვარსკვლავები მის ბავშვურ ღაწვებს,
ისმის მუსიკა ჩვენი რიტმით და ის დრო არის,
როდესაც გინდა იყვირო და დაღლილი გაწვე,

სკამზე რომელიც ლამპიონის გამთბარა შუქით,
უყურო ზეცას და იფიქრო ამინდზე ხვალის,
დარდო მერე საღამომდე იწვიმა თუ კი,
შენ ერთი რთული აზროვნების - მარტივად მთვრალი -

კაცი, რომელიც მზის მწვანე შუქს სისხამზე ხედავ,
მოხუცი ქალიც მზესუმზირას დილიდან ყიდის,
ინახავ დარდებს დიდი გულის საკანში ზედა
და მილიონის დატვირთვა აქვს ლარიანს რკინის,

ამ ამბავს ბევრი ვერ გაიგებს და რჩება თოკი
და რჩება ღმერთი და უბრალოდ იმედის გჯერა,
ასეა ძმაო აგვიანებს მარშუტზე ზოგი,
ზოგის მარშუტი არ შექმნილა ამ ქვეყნად ჯერაც.

ვცხოვრობთ და ვცოდავთ, გვიმძიმდება თანდათან მხრები,
თენდება ისევ, იკვეთება პალმების კრება -
ჩვენ მთელი ღამის ნამთვრალევზე თავიდან ვთვრებით
და მაშინ ვხვდებით - რა ცოდვაა ის ვინც არ თვრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები