ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: იუმორისტული
2 ივნისი, 2010


გ ვ რ ი ტ ე ბ ი

(დასურათებული მოთხრობა)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი გვრიტი, სახელად გვრიტუნა.
ძალიან ლამაზი იყო, ტერაკოტისფერი, მოოქროსფრო-მოცისფრო მბზინავი ბუმბულით ყელთან და ფრთებზე... (სურ.1, 2).

დაფრინავდა ულამაზესი ქალაქის, თბილისის ერთ-ერთი გარეუბნის ტერიტორიაზე და მისთვის აქ იყო მთელი მსოფლიო.

ერთ მშვენიერ დილას მაღალსართულიანი სახლის აივანზე შემომჯდარს უცნაური ხმა შემოესმა:
- უუუუ-უუუუ-უ-უუუუუ! – ვიღაც ეძახდა ხის ტევრიდან.
- უუუუ-უ-უუუუუ!... – ნაზად გაეპასუხა გვრიტუნა, რადგან მიხვდა, რომ მას ეძახდნენ.
- რა ლამაზი ხარ, რა გქვია? – იკითხეს ისევ ხის ტევრიდან.
- გვრიტუნა ვარ... შენ რომელი ხარ? დამენახე...
- მე გვრიტიკო ვარ... დიდი ხანია გიყურებ და მომეწონე... სად გაქვს ბუდე? – თქვა გვრიტიკომ და ხის ფოთლებიდან გამოფრინდა.
- უუუ-აიიიიი... – გვრიტუნა კინაღამ აივნიდან გადმოვარდა ამ ულამაზესი გვრიტის დანახვაზე. სისხლი მოაწვა თვალებში, ფრთები ჩამოუცვივდა და მიხვდა, რომ საშინელება დაემართა, - ერთი ნახვით შეუყვარდა გვრიტიკო.
- კითხვას ვიმეორებ, გვრიტუნა: სად გაქვს ბუდე? ან ვინ აგაშენებინა ის?
- უუუფ, სად მაქვს ბუდე, გვრიტიკო?
- არ გაქვს? – სიხარულით ხმა აუკანკალდა გვრიტიკოს და მაშინვე გვერდით მიუფრინდა, - ჩემთან ერთად აიშენებდი? მოგწონვარ?
- გვრიტიკო, ნუ გადამრიე! შენ... შენ ჩემთან ერთად გინდა ბუდის აგება? ნუ თამაშობ ჩემით!
- მე ვთამაშობ?... რას ამბობ, გვრიტუნა?! ფანჯრის მინაში მაინც არ დაგინახავს შენი თავი? ულამაზესი ხარ!
- მაშინ მე თანახმა ვარ, გვრიტიკო!...
- გინდა ახლავე გავფრინდეთ ბუდისთვის ადგილის შესარჩევად?
- გვრიტიკო, ნუ ჩქარობ! საგვრიტეთს არ ვკითხოთ არაფერი?
- და რა ვკითხოთ საგვრიტეთს? შენთან ბუდის აშენების უფლებას მომცემენ თუ არა? იმედია, გამოცდილი ხარ ბუდის შენებაში...
- რას ამბობ, გვრიტიკო? გამოცდილი როგორ ვიქნები? შენ პირველი მამრი ხარ ჩემთვის! მე პატიოსანი გვრიტი ვარ!
- მართლა ნუ გადამრიე, გვრიტუნა. მეოცე საუკუნე კი აღარაა? ოცდამეერთე საუკუნეა გარეუბანში...
- და იქით, გარეუბნის გარეთ?
- ნუუ, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ... არც იქ უნდა იყოს ნაკლები. ისე, გამიხარდა შენი პატიოსნება! დღეს სანთლითაა საძებარი შენნაირი გვრიტები... ჰა, მომყვები ბუდის ასაშენებლად?
- კარგი, იყოს ნება შენი!... ერთი კარგი ადგილი მაქვს შერჩეული... სულ ახლოსაა, წამომყევი, განახებ.

გვრიტებმა ფრთა ფრთას შემოჰკრეს, აფრინდნენ და ერთ-ერთი ფანჯრის რაფისკენ აიღეს გეზი.
გვრიტუნას შერჩეული ბუდის ასაშენებელი ადგილი ჯერ ისევ თავისუფალი იყო. გვრიტიკომ გვრიტუნა ადგილზე დატოვა და თავად ჩალის ღერების მოსატანად გაფრინდა. რამდენიმე დღის თავდაუზოგავი შრომის შედეგად მშვენიერი ბუდე წამოჭიმეს.
პირველი სიძნელე დაძლეული იყო.
ახლა მთავარი იყო გასაკეთებელი, - ბუდეში კვერცხის გარეშე ხომ ვერ დასხდებოდნენ? ჰოდა გვრიტებმაც ხის ტოტებს შეაფარეს თავი, ხშირ ფოთლებს ამოეფარნენ...
ყოჩაღად ეჭირა თავი გვრიტიკოს... სამაგიეროდ გვრიტუნა დაიღალა... აღარც გვრიტიკო უნდოდა უკვე, აღარც ბუდე და აღარც კვრცხები. მაგრამ მოსახდენი უკვე მომხდარიყო და...
- გვრიტუნა, წამო, ბუდეში დავბრუნდეთ.
- კაი, გვრიტიკო... გავფრინდეთ, თუ მივაღწიე იქამდე!
- რა მოგივიდა?
- დავიღალე... ძალიან დავიღალე, გვრიტიკო! მომეხმარე, თვალი არ მომაშორო, ფრთა შემომაშველე-ხოლმე...

დაღლილ-გამოსავათებული გვრიტუნა ბუდეში ჩაჯდა და ორი დღე ვერც ამოფრინდა იქიდან, - ფეხები უკანკალებდა, მუხლები ეკეცებოდა, მთელი სხეული სტკიოდა... თავიც სტკიოდა, - გვრიტიკომ ერთი-ორჯერ ისეთი ჩაუნისკარტა თავში, რომ მოძრაობის უნარი წაართვა (სურ. 3).
- ესაა გათხოვება? ამისთვის იკლავენ თავს? ასე მგონია, ნაწილ-ნაწილ დამშალეს და ახლა საკუთარი თავის აწყობას ვუნდები. ახლა რომ კიდევ შემომაფრინდეს გვრიტიკო, საკუთარი ფრთებით დავშლი ამ ბუდეს და...

ამის გაფიქრება ვერ მოასწრო ბოლომდე, რომ გოგმანით მიუახლოვდა კიდეც გვრიტიკო.
- სიხარულო, არ მოგშივდა მაინც? ასე არ შეიძლება... წამოდი, გავისეირნოთ, ვისადილოთ, მერე ცოტას გავერთობით კიდეც...
- არაააა! უუუუუუ-უუუუ-უ-უუუუუუ! – მთელი ხმით იყვირა გვრიტუნამ და გვრიტიკოსკენ ზურგით შებრუნდა (სურ. 4).
- ააქ? ყველას დასანახად?... აქ უხერხულია, გვრიტუნა... – ვერ მიუხვდა გვრიტიკო მეუღლეს, - მაგრამ შენ თუ ასე გინდა, კი ბატონო... ისე, ავანტიურისტი ყოფილხარ... არ მეგონე ასეთი... საინტერესოც კია, რას ვიგრძნობთ მთელი გარეუბნის დასანახად!
- რას ამბობ, რაას? გადაირიე? ფრთის მოკარება არ გაბედო! – აღშფოთდა გვრიტუნა, მაგრამ... უკვე გვიანი იყო!

გვრიტიკომ ფრთები გაშალა და ისე დააცხრა ბუდეში მჯდარ გვრიტუნას, რომ მან განძრევაც ვეღარ მოახერხა (სურ. 5).
და როცა გვრიტიკომ ნახა, რომ გვრიტუნა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც უწევდა წინააღმდეგობას, ერთი ისეთი ჩაუნისკარტა თავში რომ... გვრიტუნა სანთელივით მოლღვა, მოდუნდა, მოეშვა... გვრიტიკომ წარმატებით მოიხადა თავისი მამლური მოვალეობა და ფრთების ფართხუნით, ამაყად გადახედა გარეუბანს.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები