ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: იუმორისტული
5 ივნისი, 2010


გ ვ რ ი ტ ე ბ ი (II ნაწილი)

II ნაწილი

გავიდა ორიოდე კვირა და... გვრიტუნამ მთელი ხმით ამცნო მთელ გარეუბანს თავისი პირველი წარმატება, - კვერცხი დადო! (სურ. 6)
ერთად აიშალა მთელი საგვრიტეთი... ყველას უხაროდა, ყველა ულოცავდა ამ უდიდეს მოვლენას დედალი გვრიტის ისტორიაში, - გვრიტუნა პოტენციური დედა გახდა. ზოგი გვრიტი შორიდან ათვალიერებდა გვრიტუნას და... შურით სკდებოდა, ისეთ მყუდრო და ქარ-წვიმისგან მოფარებულ ადგილას ჰქონდათ აგებული ბუდე გვრიტუნასა და გვრიტიკოს.!

კიდევ ორიოდე დღეც და... გვრიტუნამ მეორე კვერცხიც დადო.
ახლა კი დადგა კვერცხებზე დაჯდომის დრო.
- გვრიტუნა, შენ ნუ გეშინია. მშიერს კი არ გამყოფებ? აქედანვე შევთანხმდეთ, შენ კვერცხებზე იჯდები და მე მოგიტან-ხოლმე საზრდოს...
- ოოფ, მოინდომა! შენ აქეთ-იქით იტრიშინო და მე ბუდეში გამოკეტილი ვიჯდე, ხომ? არა, ბატონო! თანაბრად გავინაწილებთ ბუდეში ჯდომის საათებს.
- ჩუუუ, სირცხვილია, გვრიტუნა... სად გამოვყო მერე თავი, “გვრიტიკო კვერცხებს აჯდაო”?
- გვრიტიკო, სულ არ ხარ პროგრესულად მოაზროვნე გვრიტი! შენ არ მითხარი, “ოცდამეერთე საუკუნეა გარეუბანშიო”? და მაგდენი თუ იცი, გენდერული თანასწორობის შესახებ არაფერი გაგიგონია?
- რას ამბობ, გოგო, სად გვრიტი და სად გენდერული თანასწორობა?
- ჰმ... ბარემ ის გეთქვა, სად “ერეკლეო...” – გაწიწმატდა გვრიტუნა... - მე ისიც მეყოფა, ჩიტის რძით რომ უნდა ვკვებო ჩემი ხუნდები...
- კარგი, ხო, ნუ შეჭამე გული... ხუნდები ჯერ არ გამოჩეკილან და... ეს რა დღეშია უკვე... – სერიოზულად აღშფოთდა გვრიტიკო, - ჯერ გამოჩეკე და მერე დაიძახე “ჰოპლა”! დაეგდე ახლა მაგ კვერცხებზე...
- კვერცხებზე შენ დაეგდე, თუ კარგია! – ცრემლებად დაიღვარა გვრიტუნა, - ხომ მაფრთხილებდნენ, ყველა მამალი მატყუარა და გაიძვერააო? არ ვიჯერებდი! ა, ბატონო!...
- გოგო, შენ სულ გარეკე? 
- რატომ გავრეკე?
- რა ვთქვი ასეთი? შენ კვერცხებზე დაჯექი და მე ცივ ნიავს არ მოგაკარებ და საზრდოს არ მოგაკლებ-მეთქი... – დაუყვავა გვრიტიკომ.
- ისევ გიყვარვარ?
- დედა, რა სულელი გვრიტი ხარ?! მიყვარხარ, აბა, არ მიყვარხარ? მითუმეტეს ახლა, როცა დედა უნდა გახდე!
- მართლა გვრიტიკო? მე კი ვიფიქრე... ვიფიქრე, მობეზრდა ჩემთან ბუდეში ჯდომა და სხვას დაუწყო დევნა-მეთქი...
- სულელი ხარ, სულელი!...

გვრიტუნა კვერცხებზე დაჯდა.
თავდაუზოგავად დაფრინავდა გვრიტიკო, ხან რა მარცვალს მოუტანდა ნისკარტით და ხან რას... და აი,  2 კვირის თავზე გვრიტუნას სხეულქვეშ რაღაცამ გაიფათურა.
შეშინებული წამოხტა გვრიტუნა და... კვერცხიდან თავამოყოფილი პაწია ხუნდი-გოგონა დაინახა.
- რა დავარქვათ, გვრიტიკო?
- დედა ხარ და შენ დაარქვი სახელი....
- მოდი, გვრეტა დავარქვათ? გვრეტა... მშვენიერი გვრიტული სახელია!

იმავე საღამოს მეორე ხუნდმა-ბიჭუნამაც გამოტეხა კვერცხი. მას გვრიტხუ დაარქვეს.

საბრალო, პატარა ხუნდები!... კვერცხიდან სუფთა ჰაერზე გამოსულებს შესცივდათ, ქარისგან ბუნტყლი აეშალათ... შეეშინდათ, “ქარმა დაბლა არ გადაგვყაროსო” და ერთმანეთს მიეხუტნენ. თვალებიც დახუჭეს, რომ არ დანახათ, რა ხდებოდა გარეუბანში (სურ. 7).

თვეობით კი არა, დღეობით იზრდებოდნენ ხუნდები. ბუდიდან მალე წამოყვეს თავები და გარეუბანს გადახედეს. ისევ შეეშინდათ სიმაღლის... უკან სვლით წავიდნენ და ფანჯრის მინას აეკვრნენ. (სურ. 8)
თან ცალი თვალით მეზობელ ფანჯარას მისჩერებოდნენ, საიდანაც დროგამოშვებით ვიღაც ქალის უზარმაზარი ფიგურა ჩნდებოდა პატარა და ბრჭყვიალა კოლოფით ხელში. ეს თავზე ყვითელბუმბულიანი ფიგურა ცალ თვალს  ჭუტავდა, მერე ეს კოლოფი მეორე თვალთან მიჰქონდა და უცებ, თითქოს ცაზე გაელვაო, ისე გაელავდა ეს კოლოფიც... ის ქალი კი ბედნიერი ღიმილით უჩინარდებოდა ფარდის მიღმა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები