ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2010


არაგვი

არაგვი დამხვდა სიბრაზისგან გაშავებული,
ოღონდ ასეთი არ მენახა ...- რას არ იზამდა?!
გონგადასული, ცოფიანი, დუჟმორეული,
პირს თავისავე ნერწყვში იბანდა.

ჭუჭყი და შლამი ზედ აჰკვროდა ღვარძლიან ბოღმად.
თავაწყვეტილი, როგორც ქაჯი, ისე მოჰქროდა,
გზადაგზა ტანის ნაფლეთები ეყარა ოხრად
და ერთმანეთში აზელილი ლაფად მოჰქონდა.

შეცბუნებული, ვერაფერს ვცნობდი, -ვეღარც მითქვამს და...
ადრე აქ მოსვლა, კარგად მახსოვს, როგორ მიყვარდა,
"ჩემი არაგვი" თითქოს სადღაც გაუჩინარდა,
მის ადგილას კი მოვარდნილი დელგმა ბრდღვინავდა.

მე მაინც ვდიე, მე ჯიუტმა, ზემოთ, ჩარგლამდე,
მერე კი , ქვემოთ დავუყევი ანანურისკენ,
ვეღარ გამეგო სიყვარულისთვის რატომ მჩაგრავდა,
და შეგნებულად არ მიშვებდა ახლოს...-გულისკენ.

და სულ პირველად,...-არაგვთან შეყრა გულმა ინანა!
ახია ჩემზე, ამ უდროოდროს რამ მიმიყვანა?
ოღონდ ასეთი არ მენახა და... რას არ იზამდა?!
გულთან ვინ ჩივის, შორიახლოც  არ მიმიკარა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები