ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2010


როგორც ყოველთვის შუაღამით მოვიდა მუზა

როგორც ყოველთვის, შუაღამით მოვიდა მუზა,
გადააწოდეს ალავერდი გრძნობებმა ფიქრებს,
ჩემი სხეული ოცდაცხრამეტ გრადუსზე ხურს და
ასე მგონია, რაღაც ძალა წარსულში მითრევს.

როგორც ყოველთვის, ადუღდება ძარღვებში სისხლი,
ჩემი რიტმები აიმღვრევა თამბაქოს ბოლში,
კედლის საათი აქ, ჩემს უკან, სიჩუმეს ითვლის
ვიმოგზაურებ, მე მგონია, ამ ლექსით დროში.

როგორც ყოველთვის, წყნეთის თავზე გამოჩნდა მთვარე,
შემომაფრქვია უძილობა და ლექსად მამცნო,
ჩემი ჩვევები გამახსენდა მე - ყველა მავნე,
და ჩემს ფანჯრებთან ჩაიხუთა ფიქრისგან აწმყო.

როგორც ყოველთვის, ანბანია ჩემი ნოტები,
და სიმებივით სტრიქონებზე ჩამოვკრავ ხელით,
ჩემი სტროფები მუსიკაა ჩემი ბოდვების,
და ჩემ კონცერტზე მე ლექსებით ყოველთვის გელით.

როგორც ყოველთვის, შუაღამით მოვიდა მუზა,
როგორც ყოველთვის, ადუღდება ძარღვებში სისხლი,
როგორც ყოველთვის, წყნეთის თავზე გამოჩნდა მთვარე,
როგორც ყოველთვის, შუაღამეს მე ფერფლად ვიწვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები