ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პროზა
13 ივნისი, 2010


ლალი-თოჯინა

    ორი წლის ვიყავი, როცა მამამ მოსკოვიდან ჩამომიტანა. იმხელა ყუთში იწვა, ჩემზე მაღალი ჩანდა. სახურავი რომ ავხადე ისეთი სილამაზე იყო!!! ორი სქელი, ქერა ნაწნავით და ლურჯი ფახულა თვალებით. აღტაცებისგან შევკივლე.
    -სახელი უნდა შევურჩიოთ!-  მითხრეს მშობლებმა.
      ბიძაშვილი მყავდა ლალი, ისე მიყვარდა, მასზე ლამაზი თუ ვინმე დადიოდა ამ ქვეყანად, არ მეგონა, ამდენად, დიდხანსაც არ მირჩევია, ლალი დავარქვი. იმ დღის მერე ლალი-თოჯინა გახდა ჩემი დაც, მეგობარიც, შვილიც და მოკლედ ყველაფერი ამ ქვეყნის ზურგზე...
      ყველგან თან დავატარებდი: სტუმრად, ეზოში, პოლიკლინიკაში, ვერის ბაღში...
აუარება ტანსაცმელი ქონდა, მთელი ჩემი ბავშვობისდროინდელი მორთულ-მოკაზმულობა მას გადავულოცე და ასე გაპრანჭულს ნამდვილი ბავშვისგან ძლივს განასხვავებდით. მახსოვს, ერთხელ, ვერის პარკში სეირნობისას, ხანდაზმულმა ქალმა დედაჩემს შენიშვნა მისცა: - ასეთ პატარა ბავშვს ჩვილს როგორ ანდობთო?! დედას გაეცინა და თოჯინა შემოუტრიალა...
      საკმაოდ ბუნჩულა და უწყინარი ბავშვი ვიყავი, არ მახსოვს სათამაშო გამეფუჭებინოს. ამ ლალი-თოჯინაზე რა მემართებოდა დღესაც არ ვიცი... ინტერესი მკლავდა, როგორ აფახულებდა თვალებს. როგორც კი დედას სამზარეულოში დავიგულებდი, ჩავისვამდი ლალი-ბაიას კალთაში და ჯერ ნელა და მერე თანდათან ძალის მომატებით ვაწვებოდი თვალებზე, მაინტერესებდა როგორ ქონდა დამაგრებული...თვალიც რა თქმა უნდა ვერ უძლებდა და...ორი ორმოდან  შეშინებული ჩავცქეროდი თავის კოლოფში ჩაცვენილ თვალებს...
        საღამოს მამას აწითლებული ვხვდებოდი და ვეუბნებოდი, რომ ლალი-ბიამ თვალი იტკინა... მამაც აუღელვებლად, მშვიდად მართმევდა "ბავშვს" და "ტრეპანაციას" უტარებდა. საგულდაგულოდ მიარჩილავდა თვალებს და ლალიც ისევე მხიარულად მიპაჭუნებდა თავის ხატულა წამაწამებს...
        "ბოდიში, მეტს აღარ ვიზამ" ზუსტად ერთი კვირა გრძელდებოდა... მერე ისევ ინტერესი მკლავდა, რამდენად საიმედოდ მიმაგრდა თვალები.. და ისევ იგივე ისტორია მეორდებოდა...ეხლაც მახსოვს ის გულისცემა, რაც თვალების თავში ჩავარდნის წკაპუნს მოყვებოდა ხოლმე...
        მორიგი "პლასტიკური" ოპერაციის მერე მამამ მითხრა, რომ ლალი ვეღარასდროს შეძლებდა თვალების ფახულს... საღამოს, ძილის წინ,  საწოლზე დედა ჩამომიჯდა და სევდიანად მითხრა:- რატომ სტკენ დედი ლალის? ეგ თოჯინაა,  ისევე ტკივა როგორც ჩვეენოო...
        მახსოვს, მთელი ღამე გულში ვიხუტებდი და პატიებას ვთხოვდი ლალი-თოჯინას...
მას მერე მსგავსი ქმედება აღარ ჩამიდენია...ლალი კი ისევ ჩემი ერთგული და უცვლელი "შვილი"  დარჩა...
          ვიზრდებოდი... ლალი-ბაია  ჩემი ყველა სასიხარულო თუ სევდიანი ისტორიის მესაიდუმლე რჩებოდა, ოღონდ ერთი განსხვავებით, თვალებგაშტერებული მისმენდა ... თანდათან თმები გაეპუწა, უკვე დავარცხნაც ვეღარ შველოდა...პლასტმასის სხეულიც ანემიური ფერით შეეცვალა და სახეზეც თითქოს ციანოზი შეეპარა...
          სკოლა დავამთავრე და გავფრინდი დედის სახლიდან...მშობლიურ სახლში ყოველ შერბენაზე ლალის "კურნოსა" ცხვირს ვკოცნიდი და ვუღიმოდი ... ერთხელაც ლალი არ დამხვდა...
        -ისე გაუხარდა მენაგვეს, ჩემს შვილს წავუყვან მითხრაო- დედამ.- რაღად გინდოდა? შენ უკვე დიდიც ხარ და ტყუილად ადგილს აკავებდა, ეხლა სხვა გაიხარებს მისითო...
          ნაღვლიანი წამოვედი დედისგან...გზად თავს ვინუგეშებდი - მე უკვე დიდი ვარ, 18 წლის და უკვე ჩემი ნამდვილი გიო -ბაია მყავს...
          ბავშვობა დასრულდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები