ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
14 ივნისი, 2010


გ ვ რ ი ტ ე ბ ი (III ნაწილი)

თუ გვრუტუნას მთელი კვირის განმავლობაში წუთით არ მიუნებებია თავი ხუნდებისთვის, კვირის თავზე რამდენიმე წუთით მიატოვა ბუდე და ფრთები გაშალა. ახლო-მახლო დაფრინავდა, თან ბუდეს არ აშორებდა თვალს.

ერთი კვირის ხუნდები საოცრად დამჯერები აღმოჩნდნენ. გვრიტუნა რომ ბუდიდან აფრენას დააპირებდა, ხუნდებს სახით ფანჯრისკენ მიაბრუნებდა-ხოლმე და... კაი დედის ხუნდები იყვნენ, რომელიმეს გაებედა შემობრუნება! (სურ. 9)
გვრიტუნა ბრუნდებოდა და მისი ხმის გაგონებისთანავე საოცარი სინქრონით ბრუნდებოდა ორივე ხუნდი დედისკენ. თუმცა მობრუნებაც არ სჭირდებოდათ-ხოლმე, - გვრიტუნა ისე ჯდებოდა, რომ ხუნდებს ადვილად მიეღოთ ერთადერთი საკვები, - ჩიტის რძე  (გვრიტები საკვებს ჩიჩახვში ამუშავებენ და ამ ნათხევით კვებავენ საკუთარ ხუნდებს. სწორედ ამ ნათხევს ჰქვია კიდეც “ჩიტის რძე”). 

გავიდა კიდევ რამდენიმე დღე.
წამოჩიტული გვრიტხუ გვრეტაზე ცნობისმოყვარე გამოდგა, - სულ ცდილობდა ბუდის კიდესთან მისულიყო და ცალი თვალი მაინც შეევლო, რა ხდებოდა დაბლა. მშიშარა და ფრთხილი გვრეტა ან თვალებს ხუჭავდა, შემთხვევით რომ არ დაენახა გვრიტხუს ბუდიდან გადავარდნა და ან საცოდავი ხმით დაიწივწივებდა: “დედააა...” თუმცა კი დედა არ იყო-ხოლმე მაშინ ბუდეში.

ბუდეში არ იყო, თუ არა, განა ბუდესაც არ ადევნებდა თვალს? სადღაც ფოთლებში მიმალული ადევნებდა თვალყურს თავის ბუდეს, რომ ხუნდებს დამოუკიდებლად ცხოვრება ესწავლათ. მაგრამ, თუ დაინახავდა გვრიტუნა, რომ გვრიტხუ ძალიან ახლოს მივიდა ფანჯრის რაფის კიდესთან, ერთს ისეთს დასჭყივლებდა ხოლმე, როოოომ...
და გვრიტხუც უკანსვლით მიდიოდა, სანამ ფანჯრის მინას არ აეკვრებოდა.

- გვრიტხუ, დედას ვიდრე თავს არ გაალახინებ, მანამდე არ მოეშვები დაბლა ყურებას?
- შენს თავს მიხედე, გვრეტა... მე ჯერ დედის ფრთა არ მომხვედრია და...  იცი, მე ის უფრო მაინტერესებს, შენ რატომ არ გაინტერესებს, რა ხდება დაბლა, მიწაზე!
- მიწაზე რომ საინტერესო იყოს, დედიკო და მამიკო ფრენას დაიწყებდნენ? არაფერი საქმე მაქვს მიწაზე!
- ეეჰ, შენ რა გესმის! – ჩაიქნია ფრთა გვრიტხუმ.
- ხო, ეს გათამამებს ზუსტად, ფრთა რომ არ მოგხვედრია!
- კარგი, ხო... მეძინება... ვიდრე დედა არ მოფრინდება, არ გამაღვიძო... გესმის, გოგო? – გვრიტხუ სახით ფანჯრის მინისკენ მიბრუნდა და თვალები მილულა.
- მესმის, ხო...

“ძალიანაც კარგი, დაიძინე, დაიძინე... მოფრინდება დედიკო და სულ მე შევჭამ ჩიტის რძეს... “ – ფიქრობდა გვრეტა და ნისკარტში ეცინებოდა...

- გვრეტაააა, გვრიტხუუუუ, მოვფრინაააავ!... – შორიდანვე დაიყვირა გვრიტუნამ და ფრთხილად დაეშვა ფანჯრის რაფაზე.

ამ ყვირილზე მეზობლის ფარდა მომენტალურად გადაიწია და თავზეყვითელბუმბულიანი ქალი გამოჩნდა თავისი ბრჭყვიალა აპარატით ხელში.
- უი მეე, უნდა გადამიღოს, მგონია!... წინასწარ მაინც გავეფრთხილებინე, ბუმბულს დავივარცხნიდი... ან ნეტა როგორ გამოვიყურები ჭმევის პროცესში? ძალიან უნდა მოვინდომო! კაცოო, გვრიტიკო, აქეთ მოფრინდი, თუ გვრიტი ხარ! გვიღებენ და... იქნებ ბუდის გაფართოებაზე რომ შევიტანთ განაცხადს საგვრიტეთში, უარი აღარ გვითხრან, აა?
- გვრიტუნა, ნუ გადამრიე! რაც ბუდე ავიშენეთ, ყოველ დღე მანცვიფრებ! სულ ამ ტელევიზორის ყურებამ გიქნა ეს! არ ჩანდეს-მაინც ამ ბუდიდან ის ეკრანი?
- რა გინდა, რაა? ტელევიზორის ყურებაც ამიკრძალე ახლა!
- არაფერს გიკრძალავ, მაგრამ... სად ყოფილა, რომელ უბანში ან რომელ ტყეში, რომ საგვრიტეთს ბუდის აშენებაზე ეთქვას უარი?
- ვითომ რატომ?
- ქალოო, უარს მაშინ ეუბნებიან, როცა ან მათ სთხოვ, “ამიშენეო” და ან სხვის შრომას იყენებ... აი, რა ქვია იმას, ტრე... ტრე...
- ჰო, კაი, ნუ მოიტეხავ ენას, ტრეფიკინგი ქვია.
- საიდან იცი ეს სიტყვა?
- ტელევიზორიდან, ბატონო!... შემომხედე, კარგად გამოვიყურები?
- ულამაზესი გვრიტი მყავხარ! მეც აქვე შემოვჯდები, ზევით და იქიდან გიყურებთ... (სურ. 10).
- ხუნდებოოო, გაიღვიძეთ... მოვფრინდი! უუუუუ-უუუ-უუუუუუუ! – ისევ დაიყვირა გვრიტუნამ და ბუდეს მიუახლოვდა.
- მე მღვიძავს, დედა, - გამოეპასუხა მაშინვე გვრეტა.
- გვრიტხუუუ, გაიღვიძე, დედიკოოო... – წაჰკრა ფრთა გვრიტუნამ.
- მეძინება, - თითქმის მძინარემ ამოიწიწკინა გვრიტხუმ და გვერდის შეცვლა გადაწყვიტა.
- გაიღვიძე... მშიერი დარჩები!
- დედააა, თუ არ უნდა გაღვიძება, დარჩეს გვრიტხუ მშიერი... – თქვა გვრეტამ.
- გვრეტა, მე ორი ხუნდი მყავხართ და... ან გაჭმევთ ორივეს ერთდროულად და ან  არ გაჭმევთ არცერთს, - თქვა გვრიტუნამ და ძლიერად წაჰკრა ფრთა გვრიტხუს.

ძილშიც კი ჩაესმა გვრიტხუს დედის ნათქვამი: “გაიღვიძე... მშიერი დარჩებიო!” და მაშინვე ჭყიტა თვალები.
როცა ორივე ხუნდი თვალღია და ჭამისთვის მზადმყოფი დაინახა, მხოლოდ მაშინ გააღო ნისკარტი გვრიტუნამ და...

გაოგნებული ყვითელბუმბულა ქალი აპარატის ჩხაკუნს ვერ აუდიოდა, რომ ეს კადრები შემოენახა: ხუნდები ზოგჯერ იმ სიღრმეზე უყოფდნენ ნისკარტს პირში, რომ საწყალ გვრიტუნას სუნთქვა უჩერდებოდა (სურ. 11, 12, 13).

- ნელა, შე ვირო, შენა! დაიხრჩო ქალი, ვაახ! – მთელი ხმით იყვირა გვრიტიკომ, უყურა რა ჭამის ამ პროცესს, - მორჩა... მხოლოდ 1-1 შვილი! რაის 2-2? ამ ვირიშვილი ხუნდის გამო გვრიტუნა მოვკლა?  (სურ. 14).
- ეს ხუნდი "ვირიშვილი" კი არა შენი შვილია, გვრიტიკო! და ვირებს რას ერჩი? შენ რომ ნახო, ან როგორ ჩნდება ჩოკინა, და ან რა მუშაობა უწევს წამოზრდილ ვირს, ამ “ვირიშვილს” არ იტყოდი ასე ხელაღებით!
- ნუ გადამრიე, გვრიტუნა, სად ნახე ვირი და მისი ჩოკინა ამ გარეუბანში?
- ხო, გარეუბნის გარეთ არ გაყო ნისკარტი და არ მოიქნიო ფრთა! ტელევიზორში ვნახე, გვრიტიკო... ტე-ლე-ვი-ზორ-შიიიი!...
- ხომ ვამბობ, დედალ გვრიტს განათლება არ უნდა მისცე, თორემ შეგჭამს თავისი განათლებულობით-მეთქი?! ა, ბატონო, აააა! – გვრიტიკომ ფრთა ფრთას შემოჰკრა და გაფრინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები