ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
17 ივნისი, 2010


მინდა რომ...

მზე ცას მიეკრო, ვეღარ აშორებენ. ჰაერი გულამდე ვეღარ აღწევს, სუნთქვა გაჭირვებული, ბუნდოვნად ვარ ამ სამყაროს ნაწილი. ტირილის სწავლას ვიწყებ თავიდან. არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ეტყობა, მაგრამ ყოველთვის ტირის. ის თუ სულ ტირის...
ზაფხულის მდუღარებაში თვალში ცრემლი გამეყინა და ჩემი ცხოვრებაც, რაღაც გაჩერებულ კადრს დაემსგავსა.
ზედმეტი სიმშვიდეა სულის კუთხეებში, მათ მოშორებას როგორ აღარ ვცდილობ.
იყო ერთი დღე, იყო დღე, როცა ცამ ნერვები გაიხადა და დედამიწას გადააფარა.
იყო დღე, როცა წვიმამ სამყაროს ტკივილი გადარეცხა.
იქ, ძველი სახლის ძველ კიბეზე, განსაკუთრებულად იგრძნობოდა სამყაროს დრტვინვა.

იმ დღეს ციდან ძალიან დიდი ემოცია გადმოიღვარა.
ვისხედით ორნი და მახსოვს, სამყაროს შევცვლიდით, რომ გვდომოდა.
თითოეული ადამიანის გონებაში სითბოს შევიტანდით, მაგრამ ერთმანეთის სევდით გართულებს ყველაფერი ისე მიგვავიწყდა რომ მეორე დღის გათენება მეტკინა.
მძიმე იყო იმის გაფიქრება, რომ უშენოდ ერთი დღე (ერთზე მეტი) ჩაივლიდა.

სული შემეჯახა, შემოვიდა ჩემში და შემეჯახა.
შენმა სულმა ჩემი სამყარო შეაზანზარა.
გინდოდა ყოფილიყავი ტკივილი, რომელსაც ვერ დავივიწყებდი,
ხარ.
სულის შეჯახების, სამყაროს სიცივის და უცრემლობის, ტკივილი ხარ.

მზის ამოსვლა ასეთი მოსაწყენი არასდროს არ არის  როგორც ზაფხულში,
ამოდის და დაღლილობას აფრქვევს არემარეს.
ფიქრებში ტკივილნარევ სიმშვიდეს ღვრის.
ახლა, როცა მზემ გამარჯვებული გამომეტყველებით გამოაპო სველი ღრუბლები,
მინდა შენს სახლამდე მისასვლელი გზა გავხდე,
არასდროს არ დაგავიწყდები.

17 ივნისი 2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები