ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცანა/გვანცა ჯობავა
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2008


*** (წინათგრძნობებში)

გაზაფხულია...
ღამეა სიცივეაშლილი...
მცივა...
ჩემი ოთახიდან ზეცამდე მილიარდი კილომეტრია.
და ვინ იცის, იქნებ უფრო მეტიც...
ვწევარ ჩემს საწოლში გრძნობააშლილი.
ბალიშს ეპნევა მოურჩენელი მელანქოლია.
მხოლოდ ის უძლებს მშფოთვარე სულის
მძიმე-მძიმე გადაბრუნებას.
უძლებს, თვალს ადევნებს, მის თავს კალთაში იდებს
და ეალერსება...
საშრობი ქაღალდივით შეისრუტავს,
სულის ქარიშხლებს ღვარცოფივით მოყოლილ, ცრემლებს.
პირადი დღიურივით ინიშნავს,
ცრემლებს გამოდარებასავით მოყოლილ,
ფრაზებს, რითმებს, ლექსებადქმნილ აღსარებებს...
მხოლოდ ის არის უღალატო მესაიდუმლე.
ამიტომ ვესწრაფვი ასე ძლიერ ღამის ცხოვრებას.
ვიცი, დავრჩებით მარტოდმარტო,
ერთმანეთის პირისპირ, მე და ბალიში,
და აღარ მომიწევს ჩემი სათქმელის აწონ-დაწონვა.
ჩემი სული გაშიშვლდება, სულს მოითქვამს,
გათავისუფლდება თავისი მძიმე სამოსელის - სხეულისაგან,
და დილამდე სკამზე გადაკიდებს.
შიშველი ემოციით გაატარებს ღამეს განთიადამდე...

შუაღამემ გადაკვეთა ჩემი ოთახი, დიდი ხანია, და გაუჩინარდა...
ახლა აღარც ვიცი, რა დროა.
ვიცი მხოლოდ ის, რომ სიცივეაშლილი გაზაფხულია.
ჰოდა, სანამ გათენებულა, ვდგები საწოლიდან,
ვშორდები ბალიშს და მე და სიცივე
ხელჩაკიდული მივდივართ ფანჯარასთან.
ჩემი ოთახის ფანჯრიდანაც ზეცამდე
მილიარდი კილომეტრია, იქნებ უფრო მეტიც...
სიცივე ხელს არ მიშვებს. უფრო მეტიც, ახლა უკვე მეხუტება.
ბოლოს კი ჩემი სიშიშვლით სარგებლობს
და სულის ნაპრალებში იდებს ბინას.
აწი, რომც ჩავიცვა ჩემი სხეული, აღარ მიშველის,
ვეღარ გამათბობს,
მომაკვდავივით გავცივდი...
ჰოდა, ვდგავართ ახლა მე და ჩემი სიცივე ფანჯარასთან,
და ვცდილობთ თვალებით დავიპყროთ
მილიარდი კილომეტრი ზეცამდე.
თვალებით ვისრუტავ ამ სივრცეს და ვცდილობ,
აღმოვაჩინო იდუმალი გზა. გზა, რომელიც არსებობს,
და რომელიც, მჯერა, ამ მილიარდ კილომეტრს
ერთ ნაბიჯში გადამალახინებს.
თუმც მეშინია, ჩემი ცხოვრება, სიკვდილის შედეგ,
"ამაო ძიებების ცხოვრების" სახელით დასათაურებული
არ შეინახონ სამყაროს არქივში.
განთიადი მოახლოვდა...
დროა ჩავიცვა ჩემი სხეული,
მაგრამ, ვაი, რომ ყოველ დღე, უფრო და უფრო
რთულდება ჩაცმის პროცესი,
ყოველ დღე უფრო და უფრო მძიმდება ჩემი სხეული,
და მეშინია, ერთ დილასაც ასე შიშველი არ დავრჩე.
მაშინ კი, ჩემი სხეული ზედმეტ ბარგად იქცევა
ჩემი ოთახისთვისაც და იმ წუთიდან
სამუდამოდ დაგვაშორებენ,
მე - შიშველ სულს და ჩემს ღვთისგან ბოძებულ სამოსელს.
მე კი იმ დრომდე ის იდუმალი გზა თუ ვერ ვიპოვე,
შემოჩენილი სიცივე დამიმარტოხელებს
ასე გზააბნეულს და უმოწყალოდ გამანადგურებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები