ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
23 ივნისი, 2010


გ ვ რ ი ტ ე ბ ი (IV ნაწილი)

დღეები დღეებს მისდევდნენ...
გვრეტა და გვრიტხუ იზრდებოდნენ და გვრიტდებოდნენ... (სურ. 15, 16, 17, 18)

გვრიტუნა და გვრიტიკო სულ უფრო და უფრო დიდი ხნით ტოვებდნენ ხოლმე ბუდეს და ხუნდებს დამოუკიდებლად ყოფნას აჩვევდნენ.
პირველად გვრიტხუმ გაბედა ბუდიდან წამოდგომა და ფანჯრის რაფაზე ფეხის დადგმა. კიდევ კარგი, დამრეცი არ იყო რაფა და სწორად დადგა გვრიტხუ. მისი შემხედვარე გვრეტაც გათამამდა და ბუდიდან გადმოდგა ნაბიჯი.
- ბუდიდან რომ გადმოვედით, დედა არაფერს გვეტყვის? – იკითხა გვრეტამ და ირგვლივ მიმოიხედა.
- რა უნდა გვითხრას? აქ არ არის და... ვიდრე მოვა, დავბრუნდებით კიდეც...
- რომ გაიგოს?
- აი, ამ ყვითელბუმბულიანმა დიდმა ჩიტმა თუ არ აგვაბრჭყვიალა, ვერაფერს გაიგებს. – გვრიტხუმ ცალი თვალი გააპარა მეზობელი ფანჯრისკენ.
- იტყვი ხოლმე რაღაც უცნაურობას. როდის იყო ის ყვითელბუმბულიანი ჩიტი დედაჩვენს რამეს აჩვენებდა-ხოლმე? მხოლოდ თავისთვის აჩხაკუნებს იმ ბრჭყვიალა ყუთს და...
- ხო, მართალი ხარ... იცი, როგორ მინდა ვიგვრიტო?
- ეს რას ნიშნავს გვრიტხუ?
- რას და... აი, ახლა ხომ ჯერ ისევ ხუნდები ვართ, ხო?
- კი, ხუნდები ვართ...
- ხოდა, მინდა რომ კი არ ვიხუნდო, ვიგვრიტო... ეეეჰჰჰ... 

მაგრამ როგორ იგვრიტებდნენ, თუ ფრენა არ ეცოდინებოდათ?
მოფრინდნენ თუ არა მშობლები, შეუჩნდნენ ორივენი, - ფრენა გვასწავლეო.
- რა გეჩქარებათ? მოესწრებით დაგვრიტებას... ხუნდობის პერიოდს კი ვერ მოაბრუნებთ! – ცდილობდა გვრიტიკო მათ გადარწმუნებას, მაგრამ... ვერაფრით!
- იცოდეთ, უთქვენოდ ვისწავლი ფრენას... – ამაყად განუცხადა გვრიტხუმ.
- უჩვენოდ? იცი, რა არის დაბლა? ამ ბუდიდან თუ გადავარდი, ჯერ კვახივით გასკდები შუაზე პირდაპირ ნაგვის ბუნკერის წინ და მერე კიდევ ვირთაგვები წაგაპორწიალებენ თავის სოროში... ერთ სადილად კი ეყოფი ერთ ოჯახს!
- მამა, ბუკნერი რა არის?
- ბუკნერი კი არა, ბუნკერი... ნაგვის დასაგროვებელი ოთახია, სადაც აღარაფერს აგროვებენ ახლა.
- რატომ?
- გადასაყრელი აღარაა არაფერი... ადამიანები ყველაფერს ჭამენ, რისი შეჭმაც შეიძლება!
- დაააა.... ჩვენი შეჭმაც შეიძლება? – შიშჩამდგარი თვალებით იკითხა გვრეტამ.
- შეიძლება, აბა რაა? უგემრიელესები ვართ! ამ ყვითელბუმბულიანს გაახარებს ღმერთი, არასოდეს უცდია ჩვენი შეჭმა. ის კი არა, რამე რომ გაგვიჭირდეს, ისევ მაგის იმედი გვაქვს!
- ბანზე და მეზობელ ფანჯარაზე ნუ გვიგდებთ სიტყვას, გვასწავლით ფრენას თუ არა?
- გასწავლით, გასწავლით... – დაუყვავა გვრიტუნამ, - ხვალ დილიდან შევუდგეთ საქმეს.

და მართლაც, გვრიტუნამ ინტენსიურად დაიწყო ფრენის სწავლება.
ეს პროცესი უწყლო აუზში ცურვის ელემენტების შესწავლას ჰგავდა, - ჯერ მხრების მოძრაობა შეისწავლეს, შემდეგ ფრთების მოძრაობა მიუმატეს, შემდეგ ფანჯრის რაფაზე სირბილი შესძლეს... მაგრამ ისე უნდა ერბინათ, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ. უნდა მიერბინათ რაფის ბოლომდე და ბუდეში დაბრუნებულიყვნენ. ვიდრე ერთი ბუდისკენ ბრუნდებოდა, მეორე ბუდიდან რაფის ბოლოსკენ გარბოდა. შეჯახება გარდაუვალი იყო.
- აფრინდი და თავზე გადაუარე, გვრიტხუ, - მოულოდნელად გაისმა გვრიტუნას ხმა.

გვრიტხუმ ფრთები დაიქნია და... რაფას მოსწყდა. ამასობაში გვრეტამ ქვეშ გაურბინა და უკან, ბუდისკენ დაბრუნდა. ისევ შეეჩეხნენ ერთმანეთს...
- გვრეტა, შენი ჯერია, აფრინდი!... – გასცა ბრძანება გვრიტუნამ და გვრეტაც ფრთების ფართხუნით მოსწყდა რაფას.
- ვაააუ, რა მაგარია?! - აჭყლოპინდნენ გვრიტები და რაფაზე სირბილსა და აფრენებს მოუხშირეს.

ყოველ დღე ვარჯიშობდნენ ხუნდები. დრო კი გადიოდა და...
თავზეყვითელბუმბულიანი ქალი სიყვარულით ადევნებდა თვალს თუ როგორ იქცნენ “მახინჯი” ხუნდები მშვენიერ გვრიტებად (სურ. 19, 20, 21).

გვრეტას და გვრიტხუს ბრჭყვიალა ყუთის აღარც ეშინოდათ უკვე. პირიქით, როგორც კი დაინახავდნენ “ყვითელბუმბულა ჩიტს” (როგორც თავად ეძახდნენ), პოზიორობას იწყებდნენ მის წინ. და ისიც აჩხაკუნებდა და აჩხაკუნებდა ამ ყუთს.  დილ-დილობით მთელი ხმით ყვიროდნენ, რომ ამ დიდ ჩიტს ფარდა გადაეწია და მათთვის გაეღიმა... მერე ისე საყვარლად ჩაიჟღურტულებდა-ხოლმე... აფსუს, სხვა ენაზე ლაპარაკობდა ეს დიდი ჩიტი... მერე ყური მიაჩვიეს და... აზრი კი არ ესმოდათ, რას ეუბნებოდა ეს თავზეყვითელბუმბულა ქალი, მაგრამ... ზეპირად ისწავლეს რამდენიმე სიტყვა: “ჩემი პატარები”, “ჩემი გვრიტუნიები”, “რაო, პაწუკებო? ხომ არ გეშინიათ?”

და აი, ერთ მშვენიერ დილას ისევ შესძახეს მეზობელს გვრიტებმა:
- მშვიდობით, ყვითელბუმბულა მოჩხაკუნე დეიდა... ჩვენ უნდა გავფრინდეთ... იქნებ დაგიბრუნდეთ კიდეც, მაგრამ.... ეს მალე არ მოხდება! დიდი მადლობა, რომ ჩვენს ბუდეს არაფერს უშავებდი... დიდი მადლობა, რომ არ გაგვყარე აქედან, როგორც ზოგიერთებმა, რომლებმაც რაფის მოსკლინტვა დაგვაბრალეს... არა და, ტყუილი ცილისწამება იყო... ჩვენ ხომ ბუდიდანაც კი იშვიათად გადავდიოდით?! დიდი მადლობა, რომ სურათებს გვიღებდი... მოკლედ, ყველაფრისთვის დიდი მადლობა!

ქალმა ფანჯრიდან გახედა თავის გვრიტებს, ჩვეულებისამებრ გაუღიმა მათ და სამზარეულოში გავიდა.  ოთახში დაბრუნებულს კი... ბუდე ცარიელი დახვდა!
გვრიტები გაფრინდნენ და თან წაიყოლეს თავზეყვითელბუმბულიანი ქალის სულის ნაწილი.


(გაგრძელება ჯერ კიდევ იქნება!)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები