ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
2 ივლისი, 2010


გ ვ რ ი ტ ე ბ ი (V ნაწილი )

გავიდა 1 კვირა.
თითქოს მიდამო გამოყრუვდა უგვრიტებოდ.
ჩხაკუნა დეიდა ცრემლიანი თვალებით დაჰყურებდა-ხოლმე ბრჭყვიალა აპარატში თავის გვრიტუკებს და ისე ეფერებოდა.

და აი, ერთ მშვენიერ დილას ფანჯრის მინაზე ჯერ ინტენსიური კაკუნი გაისმა და შემდეგ ძალიან ხმამაღალი “უუუუ-უუ-უუუუუუ... უუუუ-უუ-უუუუუუ... ”

ფეხზე წამოხტა, ფანჯარას გახედა და... თვალებს არ დაუჯერა, - გვრიტუნა და გვრიტიკო ისხდნენ ფანჯრის რაფაზე და თითქოს ნებართვას ითხოვდნენ ბუდეში დასაბრუნებლად.

- დაბრუნდით... რა თქმა უნდა, დაბრუნდით!... – იყვირა გახარებულმა ჩხაკუნა დეიდამ და მაშინვე ბრჭყვიალა აპარატი მოარბენინა (სურ. 22, 23).

გვრიტუნამ მალევე დადო კვერცხი (სურ. 24), შემდეგ – მეორეც...
და ისევ ორ კვერცხზე დაჯდა.

- გოგო, თავი მაინც არ გეცოდება? ვიდრე მაგ ლამაზ ნისკარტს არ აგახევენ ეს ხუნდები, მანამდე არ გაჩერდები? ხომ დამპირდი, მხოლოდ ერთს გავაჩენო? – ალალად ნერვიულობდა გვრიტიკო და რითიც შეეძლო, პატრონობდა და ანებივრებდა გვრიტუნას.
- ნუ ნერვიულობ, გვრიტიკო... ასეთია გვრიტის ბედი...  აბა, ზოგიერთი ჯიშის ჩიტივით, უმ ჭია-ღუას რომ ვაჭმევდეთ ხუნდებს, მაშინ რა პრობლემაა? 5-საც გავაჩენდი ერთდროულად....
- რას ამბობ, რაას? ხუთმა ხუნდმა ხომ მოგაჭამა კიდეც თავი? – აღშფოთდა გვრიტიკო.

გვრიტუნა მხოლოდ ხმამაღლა იცინოდა ამაზე და თავისი განუმეორებელი ხმის ტემბრით ესიყვარულებოდა გვრიტიკოსაც და ჯერ გამოუჩეკელ ხუნდებსაც.

რამდენჯერმე გვრიტიკოც კი დაჯდა კვერცხებზე, რომ გვრიტუნასთვის ფრთის გაშლის საშუალება მიეცა.
მაგრამ, გაფრინდებოდა თუ არა გვრიტუნა, მხოლოდ იმაზე იწყებდა ფიქრს, რომ საგვრიტეთიდან ვინმეს არ დაენახა კვერცხებზე გადამჯდარი გვრიტიკო. ამიტომ ცოტას წაიხემსებდა და მაშინვე ფართხა-ფურთხით ბრუნდებოდა უკან.

დღეები დღეებს მისდევდა და აი, ერთ მშვენიერ დღეს კვერცხიდან ხუნდმა გამოტეხა!
- ბიჭია, ბიჭიიიიი! – გარეუბანს ახარა გვრიტიკომ.
- მეორეს როდის ელოდებით, გვრიტუნა? – ჩამოსძახეს სხვა გვრიტებმა.
- დღის ბოლოს, ან ყველაზე გვიან – ხვალ დილას!
- ღმერთმა გაგიზარდოს!...
- გმადლობთ, მეზობლებო, გმადლოოოობთ, უუ-უუუუ-უუ-უუუუუუ...

ის დღეც დაღამდა... მეორე დილაც გათენდა... ისიც დაღამდა.... მეორე კვერცხიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.

დაღონდა გვრიტუნა. ხის ტევრს გასძახა, სადაც გვრიტიკო სახლობდა-ხოლმე ხუნდების გამოჩეკვამდე.
- გვრიტიკოოო, დავიღუპე მგონია,  არ იჩეკება მეორე ხუნდი!...
- ვაიმე, რატო, ნეტა?
- სულ შენი ენის ბრალია!... “არ გვინდა ორი, არ გვინდა ორი ხუნდიო”, - რომ დამძახოდი სულ.... აჰა, აგისრულდა ოცნება... ერთის იმედად დავრჩით!
- კარგი, რა, გვრიტუნა?! ეს რა შუაშია ახლა?!
- ეეეჰ, შენ არ იცი, რამხელა ძალა აქვს სიტყვას! – ცრემლები გადმოსცვივდა გვრიტუნას და შესაბრალისი სახით მიაჩერდა გამოუჩეკავი კვერცხის გვერდით თავწამოყოფილ ხუნდს (სურ. 25).
- სახელს რას არქმევ ამ ხუნდს, გვრიტუნა?
- გვრიტისიმედი უნდა დავარქვა... გვრიტიმს დავუძახებ...
- ნება შენია, შენ ხარ დედა! გვრიტიმი... არაა ცუდი სახელი.

ამასობაში სექტემბერიც მიილია...
უჩვეული ყინვები დაიჭირა სექტემბრის ბოლოს... თბილი ხავერდოვანი შემოდგომის ნაცვლად - მსუსხავი ყინვები? თერმომეტრის სინდიყის სვეტი ღამის საათებში -3 გრადუსამდე ეშვებოდა.

გვრიტუნა გვრიტიმს გადაეფოფრა, ცდილობდა, საკუთარი სხეულით გაეთბო უმწეო ხუნდი...
ორი ღამე გაუძლო ხუნდმა ყინვებს, დედის სხეულს ამოფარებულმა....
და აი, მესამე დილა გათენდა...
- ბრრრრრ, რა სიცივეა... გვრიტიმ, დედიკო, ხომ კარგად ხარ?

ბუდიდან სიჩუმემ უპასუხა მხოლოდ.
- გვრიტიმ, რა დაგემართა? ხმა გამეცი, შვილო.... – და უცებ მთელი ხით იკივლა გვრიტუნამ, - ბუდეში მკვდარი გვრიტიმი იწვა.

მის ყვირილზე ხის ტევრიდან გვრიტიკო მოფრინდა, საწოლიდან კი ჩხაკუნა დეიდა წამოხტა...
- რა მოხდა, რა? – ორივე ერთსა და იმავეს კითხულობდა, მხოლოდ სხვადასხვა ენაზე...
- არ დამენახო, გვრიტიკო! შენ დამითარსე ხუნდები გაჩენამდეც კი! არ გინდოდა მეტი შვილი, ხომ? აჰა, დამშვიდდი, დაწყნარდი... აღარავინ ამახევს ნისკარტს!... – მთელი ხმით მოსთქვამდა გვრიტუნა.
- კაი, ახლა, რა სისულელეს მაბრალებ, გვრიტუნა?! მე მინდოდა ჩვენი შვილის სიკვდილი? კიდევ გვეყოლება, ნუ გეშინია...
- მომწყდი აქედან! თვალით აღარ დამენახო! მორჩა, მე აღარ მყავს ბუდეში მეწყვილე... ვისთანაც გინდა და სადაც გინდა იმასთან და იქ აიშენე ბუდე! მე კი... ჩემი სახელის ხსენებაც აღარ გაბედო, გვრიტიკო!
- გონს მოდი, გვრიტუნა... დაფიქრდი...
- სწორედაც რომ დავფიქრდი... ეს შენ ისვრი დაუფიქრებლად სიტყვებს! მომშორდი-მეთქი...
- კარგი, გვრიტუნა... შენი ნებაა... მაგრამ ინანებ ამ სიტყვებს, იცოდე... მომავალ ხუნდობამდე მე არავის შევთავაზებ ბუდის აშენებას და... თუ გული მოგიბრუნდა, იცოდე, რომ მე ძველებურად მიყვარხარ!...

ეს თქვა გვრიტიკომ, ფრთა ფრთას შემოჰკრა და გაფრინდა.
გვრიტუნა კი დიდიხან იჯდა თავის ბუდესთან, ცრემლჩამდგარი თვალებით შეჰყურებდა ხან თავის მკვდარ ხუნდს და ხან სამი დღით ღრუბლებში მიმალულ ამომავალ მზეს, რომელიც სითბოს უბერუნებდა გულგაყინულ დედამიწას...


* * *
იმ დღის შემდეგ გვრიტიკო აღარავის უნახავს უბანში...
შეიძლება ვინმემ შურდულით ესროლა ქვა და მოკლა?
იქნებ ვინმემ ტყვიაც კი არ დაინანა მისთვის?

ეეეჰ, რამდენი ადამიანია ახლაც, რომლებიც სიამოვნებით მიირთმევენ გვრიტის უნაზეს ხორცს და სიამოვნებისგან ტუჩებსა და ენასაც გააწკლაპუნებენ?
არა და, ფიქრობს კი ის ვიღაც, რომ ამით ვიღაცის დედას ან მამას, ან სულაც ახალდაფრთიანებულ ხუნდს მიირთმევს? მათ ხომ ასე უყვართ სიცოცხლე?!

ამ გაზაფხულზე ბუდეში გვრიტხუ და მისი ნორჩი მეწყვიელე დაბრუნდა... ულამაზესები იყვნენ...  (სურ. 26)
შემეძლო, მათი ისტორიაც მომეყოლა, მაგრამ...
არა!

გაგრძელება აღარ იქნება!

P.$. მცირე გაგრძელება N 15 კომენტარშია... ვისაც დაგაინტერესებთ, რა თქმა უნდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები