ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
5 ივლისი, 2010


თავი 18. დაბადება ვარფიმზე ("შორია დედამიწამდე...")

(დიდი ხნის პაუზის შემდეგ ვაგრძელებ რომანის "გაცვლა-2" წერას. ამ რომანს სათაური შეეცვლება და მომდევნო თავებიდან დაერქმევა "შორია დედამიწამდე..." )


ანგელოზებმა თეო რაღაც მრგვალი შენობის წინ დაუშვეს მიწაზე, შემდეგ იმ შენობაში შეფრინდნენ და ვარდისფერსითხიან დიდ კოლბებს მიუახლოვდნენ. კოლბები აქაურ მრგვალ, 40 ლიტრიან ბოცებს ჰგავდა, რომელშიც პატარა უცნაური არსებები ისხდნენ, თითოში – თითო, შედარებით მოზრდილი ან 2-2 მომცრო...
რამდენიმე კოლბაში კიდევ უფრო სრულყოფილი არსება იჯდა. ყველა ერთმანეთის მსგავსი... ერთნაირი, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით...
შიშმა ჩაიბუდა თეოში. ანგელოზებს გამოხედა.
- ერთ-ერთი ამათთაგანი უნდა გავხდე?
- ჰო, თეო...
- ამას საროელობა მერჩია.
- გეთანხმები, მაგრამ ახლა ვარფიმის ჯერია! ვარფიმელი უნდა გახდე... ამოირჩიე...
- ერთხელ კიდევ დავათვალიერებ, – თეომ კიდევ ერთხელ ჩამოიარა კოლბების წინ და...

უცებ შეჩერდა:P ერთ-ერთი კოლბიდან პატარა არსება ნაღვლიანი თვალებით იყურებოდა.
- ეს ვინ არის? – მიუბრუნდა თეო ერთ-ერთ ანგელოზს.
- ჯერ არავინ...
- როგორ, მასში არ არის სული?
- კი, არის, მაგრამ... შეგვიძლია მისი ჩანაცვლება...
- ცოდოა. უსულო სხეული არსებობს აქ?
- არა, თეო... ნებისმიერს დაადე ხელი და ჩაგანაცვლებთ.
- იცი რა ვქნათ? მომინახეთ რომელიმე სხეული, ამ არსების თანატოლი, რომ ერთდროულად დავიბადოთ ორივე.
- ნება შენია... ეს მამრია. შენც მამრობა გინდა?
- არა... მე მდედრად მოვალ!
- ნება შენია... აი, ორი კოლბით აქეთ... მასზე სულ რამდენიმე საათით ადრე მოგიწევს დაბადება.
- თანახმა ვარ....
- ახსენი ხუფი, - მიუბრუნდა პირველი ანგელოზი მეორეს.

ორივემ ერთად ახადეს ხუფს თავი და მაშინვე ამოფრინდა კოლბიდან თეთრი ორთქლისმაგვარი მასა, რომელმაც იქვე, თეოს თვალწინ მიიღო ადამიანის ფორმა, თეო კი კოლბაში ჩაძვრა და ხუფიც მაშინვე დაილუქა.
კოლბაში მჯდარი სხეული ამოძრავდა თუ არა, ანგელოზები კვლავ ცაში აფრინდნენ და ის ჩანაცვლებული სულიც თან გაიყოლეს.

- ნეტა ვინ იყო? აშკარად სადღაც მყავდა ნანახი ეს ქალი... ვერ ვიხსენებ... გონება მერევა... სად ვარ?!... აქ რას ვაკეთებ? არ მინდა ამ ვარდისფერ წყალში ჯდომა! რატომ იმღვრევა ასე? მიშველეთ!... ვიხუთები! ვიხრჩობიიიიიი!... – თეომ გონება დაკარგა, მაგრამ მალევე გაახილა თვალები.

თეო ვარფიმელ მდედრ, ჯერ დაუბადებელ არსებად გადაიქცა.

შვიდჯერ დაბნელდა და განათდა...
შვიდჯერ დაეხუჭა თვალები ვარფიმელ მდედრად ქცეულ თეოს. და ყოველთვის, როცა თვალის გახელის დრო მოდიოდა, გრძნობდა, როგორ საგრძნობლად იყო გათხელებული და დარბილებული კოლბის კედლები.

კიდევ ორიოდე გათენებაც და...
კოლბის კედელი ჩაიხა და ის მოვარდისფრო ჭუჭყიანი წყალი იატაკზე ჩამოიღვარა.

იატაკს ნასვრეტები ჰქონდა, რომელშიც დაღვრილი სითხე გაედინებოდა,
ახალმოვლენილი ვარფიმელი კი ამ ნასვრეტებიან მშრალ იატაკზე რჩებოდა.
პატარა მდედრმა აპკადქცეული კოლბა თავიდან მოიშორა და გაიზმორა. მერე წამოდგა და 2-3 ნაბიჯი გადადგა. დაიღალა. ისევ ჩაჯდა... დიდი თვალები მოავლო გარემოს. ლითონის ცივი კედლები დაინახა ირგვლივ... მერე კოლბებზე შეაჩერა მზერა... ერთი კოლბისკენ გაექცა თვალი. ამ კოლბის კედლებიც აპკად ქცეულიყვნენ და 1-2 დღეში ჩაიხეოდნენ.
თავადაც ვერ მიხვდა, ამ კოლბისკენ რატომ გაუწია გულმა. წამოდგა და სვენებ-სვენებით მიუახლოვდა მას. დიდი შავი თვალები მოაჩერდნენ კოლბის სიღრმიდან. და იყო რაღაც საოცრად ახლობელი და მიმზიდველი ამ თვალებში...
- ვინ ხარ? – იკითხა მდედრმა.
არაფერი უპასუხა კოლბიდან მისმა ბინადარმა. ან რა უნდა ეპასუხა? ახლა მეორე კოლბისკენ წავიდა. იმ კოლბის ბინადარმა თავიდან ზურგი აქცია და არ დაენახა... მაგრამ შემდეგ მობრუნდა და თვალებში მიაჩერდა.
- შენ ვინღა ხარ? არც შენ მიპასუხებ? – ახლა მას ჰკითხა პატარა მდედრმა.
- შენ თავად ვინ ხარ? რომელი კოლბის? – იკითხა ვიღაცამ მის ზურგს უკან. მოიხედა და ძალიან მაღალი, ვერცხლისფერკომბინეზონიანი უწვრილესი არსება დაინახა, შავი თვალებითა და შავი ხუჭუჭა თმით.
- ამ კოლბიდან ვარ... – ხელი გაიშვირა ძირს დაგდებული აპკისკენ.
- კარგი... რა დაგარქვეს? მოიცადე, ვნახავ... კოლბა № 7654198237.... – ამ არსებამ რაღაც ღილაკს დააჭირა ხელი და კედლის წინ ვირტუალური ტაბლო აინთო. შემდეგ ამ ტაბლოს წინ დაიწყო ხელის ტრიალი და... ტაბლოც საოცარი სიზუსტით ეპასუხებოდა მის ყოველ ბრძანებას. – შენ ხარ...

ამ არსებამ პატარა მდედრს შეხედა და...
- რა არის ეს? რა ფერის თვალები გაქვს?! – იყვირა შეშფოთებულმა, - რა უნდა მომხდარიყო?! სად დაირღვა ნაყოფის განვითარების პროცესი? შენ... შენ შავი თვალები უნდა გქონდეს! ეს კი... ვერც მიხვდები, რა ფერისაა, არც მწვანეა, არც ლურჯი...

პატარა მდედრმა მხოლოდ უმწეოდ შეხედა და ვერაფერი უპასუხა, - ვერ მიხვდა, რას ეკითხებოდა ვერცხლისფერკომბინეზონიანი, რომელიც გამალებით ეძებდა რაღაც მონაცემს ვირტუალურ მონიტორზე.
- ან რატომ გაქვს ასეთი ღია ფერის ღინღლი თავზე? არ უნდა გქონდეს ასეთი ღია ფერის თმა! შავი თმა უნდა გქონდეს!

ვერცხლისფერკომბინეზონიანმა ღილაკს დააჭირა ხელი და ოთახში კიდევ რამდენიმე ასეთი მაღალი ვარფიმელი შემოვიდა. ზოგ მათგანს შავი თმა ჰქონდა და ზოგს კი – ჩვეულებრივი, მომწვანო-მონაცრისფროდ მბზინავი მელოტი თავი. ერთ-ერთმა მელოტმა  არსებამ პატარა მდედრი ხელში აიყვანა და ახლოდან დაათვალიერა. გადაატრიალ-გადმოატრიალა, თვალებშიც ჩახედა, - ვერაფერი უპოვა სხვა ნაკლი და ისევ იატაკზე დასვა.
- არაფერია... სხვა ანომალიები არ აღენიშნება... იცოცხლოს!

ახლაღა მიხვდა პატარა, რომ მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა და შიშით მოიბუზა. მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა ყველა მაღალი არსება ოთახიდან გავიდა.  ისევ იმ გათხელებულ კოლბასთან მივიდა, საიდანაც მის ყოველ მოქმედებას აკვირდებოდა პატარა შავთვალა ვარფიმელი.

“საიდან მეცნობა ეს არსება? ნამდვილად სადღაც მინახავს... მაგრამ სად?... სად?...”
ხელი ასწია და ფრთხიალად შეეხო კოლბის კედელს. თითქოს ამ შეხებას ელოდებოდაო, კოლბა გასკდა და იქიდან ღვარად წამოსულმა ვარდისფერმა სითხემ პატარა მდედრი იატაკზე წააქცია. და მაშინვე მომშრალდა იატაკი, თითქოს არაფერი დაღვრილაო.
ახლა ამ ლითონის კედლებიან ოთახში ორი პაწაწა არსება იჯდა იატაკზე და ერთმანეთს ათვალიერებდნენ.
- შენ ვინ ხარ? – სიჩუმე დაარღვია მდედრმა.
- ლეჰარი... შენ რა გქვია? 
- მე? არ ვიცი... უნდა ვიცოდე?
- კი... ჩვენ ტელეპატიურად გვესაუბრებოდნენ მთელი წელი და... ვიცით, ვინ ვართ, რა გვქვია, რომელ სახლში უნდა ვიცხოვროთ... შენ არ გელაპარაკებოდნენ?
- არ მახსოვს... მახსოვს რომ სადღაც სხვაგან ვიყავი და რაღაც მერქვა, “თ”-ზე დაწყებული... მაგრამ, ვინ ვარ – არ ვიცი...
- შენ თიო გერქვა... მაშინვე გიცანი, ახლოს რომ მოხვედი... ასეთი ფერის თვალი მხოლოდ თიოს ჰქონდა!
- შენ ვინ იყავი? ან სად?
- ლეჰა ვიყავი, ლოტზე...  მე მიყვარდი!
- და შენ როგორ მოხვდი აქ? შენც მოკვდი ჯერ?
- ჰო... როცა შენ მდინარეში მკვდარი გიპოვეს, დამაინტერესა, თუ გეტკინა იმ ლოდზე დავარდნა და... მეც გადავხტი იმ წყალვარდნილიდან...
- გეტკინა?
- უფრო მეტად არა, ვიდრე შენ... შენნაირად... ვიცოდი, რომ ისევ გნახავდი...
- როგორ?
- ლოდზე რომ დავეცი, უცებ სადღაც მოვხვდი და... აი, ეს მომცეს... – ლეჰარმა მომუჭული ხელი გადაშალა და პატარა ქვის ნატეხი აჩვენა თიოს.
- ლოდის ნაჩუქარი ქვა!... ნეტა ჩემი სად არის? – და უცებ იგრძნო, რომ რაღაცას ძალიან მაგრად უჭერდა ხელს. მუჭი გაშალა და ზუსტად ისეთივე ქვა დაინახა თავის ხელისგულზე, როგორიც ლეჰარს ჰქონდა.

და უცებ მეხსიერებამ თავად გასცა პასუხი იმ კითხვას, რომელიც თავში მოუვიდა, მაგრამ დასმა ვერ მოასწრო: “თუ რამე გაგიჭირდება, თავად მიხვდები, ვის უნდა უხმო, - მე, გიორგის თუ თაიას. თუ ძლიერი საყრდენი დაგჭირდება, მე მახსენე... თუ სულიერი ძალა და გამბედაობა, - გიორგის უხმე...  და თუ ნახავ, რომ სიკეთითა და სინათლით, სითბოთი და სიყვარულით უნდა გაიმარჯვო, მაშინ თაია იქნება მხოლოდ შენი მშველელი.”


- შენ ლოდის ძალა ხარ, ლეჰარ... ჩემს დასახმარებლად აქ გამოგზავნილი...
- არ ვიცი, თიო... მოდი, ისევ თიოს დაგიძახებ, კარგი? ან თიოლას.... ლამაზი სახელია თიოლა...

ოთახში ისევ შემოვიდა ვერცხლისფერკომბინეზონიანი წოწლოკინა ვარფიმელი მდედრი და ახლა ლეჰარს მიაჩერდა.
- შენ რომელი კოლბიდან ხარ?
- აქედან...
- ანუ კოლბა № 7654198231... მამრი, სახელად ლეჰარი... უხ, რაღა ახლა გასკდა?! – იყვირა მან, როცა კიდევ ერთი ჩახეული კოლბიდან გადმომსკდარი ვარდისფერი სითხე შეესხა ფეხებზე, - მოდი, ბარემ ამასაც აღვრიცხავ, კოლბა № 7654198235, მამრი, სახელად ხაკბერი...
- ხაკბერი?! ხაკ... – გამალებით ამუშავდა თიოლას ტვინის ყველა უჯრედი, რომ ამ სახელისთვის მიეგნო... – ის არის... ხაკია! საროდან! გამახსენდა, ყველაფერი გამახსენდა!
- შენი სახელი რატომ არაა დაფიქსირებული არსად?! რა გქვია, რა გითხრეს? – მიუბრუნდა თიოლას ვერცხლისფერკომბინეზონიანი.
- ეს თიოლაა... – ერთხმად იყვირეს ლეჰარმა და ხაკბერმა.
- კარგი... კოლბა № 7654198236, მდედრი, სახელად თიოლა... დღეს აქ იქნებით, ხვალიდან კი სამივეს ერთ სახლში გადაგიყვანთ. არ იხმაუროთ, პატარებო... ჰმ, ნახე, რა პიქტოგრამები აქვთ სამივეს? – თავისთვის ჩაილაპარაკა ვერცხლისფერკომბინეზონიანმა და ოთახიდან გავიდა.
- რაო, რა თქვა ამ მდედრმა? რა არის პიქტოგრამები? – იკითხა ლეჰარმა.
- ეს ჩვენი კოდის გასაღებია... – საქმიანი სახით აუხსნა თიოლამ. შემდეგ ხაკბერს მიუბრუნდა, - ხაკ, მიცანი?
- გიცანი, თუუალა... მაშინვე გიცანი... თვალებით! აქაც კარგი სახელი გქვია, თიოლა...
- ჩვენ შემთხვევით არ გამოვედით კოლბებიდან ერთდროულად... ჩვენ სამივე ერთად უნდა ვიყოთ!... – დაფიქრებით თქვა თიოლამ და ოთახის შორეული კედლისკენ წავიდა.

მას ლეჰარი და ხაკბერიც მიჰყვნენ.
ამ კედელთან საწოლები იდგა. პატარები ჩაწვნენ და ტკბილად დაიძინეს.

(გაგრძელება იქნება...)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები