ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
16 ივლისი, 2008


თავი 35. განშორება ("მაგდა")

სახლში დაბრუნებულები რომ დაინახა, სერგეი ლეას და გიას გამოეგება პირმაღზე.
უხასიათობა შენიშნა ლეას.
- რა მოხდა?
- არაფერი, მამა... გიამ მითხრა, ნაწილში ვბრუნდებიო და... მოვიწყინე...
- კი, მაგრამ, აკი ხვალ საღამომდე გქონდა თავისუფალი დრო? - მიუბრუნდა სერგეი გიას.
- ხო, თავისუფალია, მაგრამ... ნაწილში ბრუნდება!
- ლეა, მომისმინე...
- არ გინდა, გია... ხომ შევთანხმდით უკვე?
- არაფერზეც არ შევთანხმებულვართ!... ეს შენი ბავშვური სიჯიუტეა!
- ბავშვებო, ვერაფერი გავიგე!... რა ხდება, გია, შენ მაინც ამიხსენი!...
- სერგეი ანდრეიჩ, მაპატიეთ... რასაც ახლა ვიტყვი, არ მამართლებს, მაგრამ... თქვენ ხომ იცით, რომ მე თბილისში ერთი გოგონა მიყვარდა?!
- ხო, მაგდა, თუ არ ვცდები...
- დიახ... ხოდა, იქ, ტყეში, შემთხვევით ლეას ნაცვლად მაგდა წამომცდა!... და ამაზე გაგიჟდა!... მე ხომ არც დამიმალავს იმ მაგდას არსებობა?!
- ლეა, მართალია, რასაც გია ამბობს?
- რა, მცირე მიზეზია? - თვალებზე ცრემლები მოადგა ლეას და პატარა გაბუტულ თოჯინას დაემსგავსა.
- ლეინკა, ეს სულ არ არის მიზეზი!...
- ჩემში მას ხედავს, მამა! - ცრემლებმა გზა იპოვეს და ლეას ღაწვებზე ჩამოგორდნენ.
- ჩემი ბრალი არ არის, სერგეი ანდრეიჩ, ტყუპები ვერ დაემსგავსებიან ისე, როგორც ლეა და მაგდა გვანან ერთმანეთს!.. მხოლოდ თვალის ფერით განსხვავდებიან...
- იმას შავი თვალები აქვს? შენსავით? - იკითხა ლეამ და რაღაც უჩვეულოს მოლოდინში მიაჩერდა გიას.
- არა, ლეა, იმას ზღვისფერი თვალები აქვს... საოცარი ფერის...
- აჰა... გასაგებია!
- რა არის გასაგები? არაფერიც არ გესმის!
- ყველაფერი მესმის, გია!
- ლეა, მისმინე... მაგდა აღარ არსებობს ჩემთვის! გათხოვილი ქალია უკვე! და შენ კი – მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ! სერგეი ანდრეიჩ, ჩემი არ ესმის და იქნებ თქვენ გააგებინოთ რამე?!
- კარგი ბიჭი ხარ, გია!... ერთი ეს შემიძლია გითხრა!... და ახლა რას აპირებთ? - თვალები აუწყლიანდა სერგეის.
- ვიდრე საქართველოში არ დავბრუნდები, მე ვერაფერს გეტყვით! ჯერ არც ვსწავლობ, არც ვმუშაობ!...  მამაჩემის კისერზე ვარ... ჯერ ადრეა ოჯახზე ფიქრი. ცოტა ფეხზეც ხომ უნდა დავდგე?!
- და თან რომ ისწავლო და თან იმუშაო? დაუსწრებელზე ისწვლიდი...
- ყველაფერია შესაძლებელი,  სერგეი ანდრეიჩ, მაგრამ... ჯერ სახლში უნდა დავბრუნდე!
- და იქ დარჩები კიდეც სამუდამოდ... - ამოიოხრა ლეამ და ისევ წამოუვიდა ცრემლები.
- ოდესმე ხომ მაინც უნდა ჩავიდე სახლში?
- ჩემთან ერთად რომ წახვიდე?... არ მიმიღებენ შენები?...
- ლეა, ჯერ მე უნდა ჩავიდე!... აუცილებლად უნდა ჩავიდე... და თანაც მარტო!...
- შენ აღარ ხარ აქეთ დამბრუნებელი... მე კი მეგონა, ჩემმა ლეამ ცხოვრების თანამგზავრი იპოვა-მეთქი...
- სერგეი ანდრეიჩ, თქვენც ამას მეუბნებით? და რომ დავბრუნდე?... არ შეგრცხვებათ მერე? თუ არ გინდათ ჩემი დაბრუნება, ეს სხვა საქმეა!...
- აბა რას ამბობ, გია?! მეც მაგიტომ მწყდება გული, რომ ძალიან შეგეჩვიე, შვილო... შენი დროებით გაშვებაც კი მეძნელება!... ვხედავ, რომ ჩემი ლეა შენთან ბედნიერია... თვალები სულ უცინის... მარინკასაც ძალიან უყვარდი...
- მეც ძალიან შეგეჩვიეთ, ყველას... ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ არაქართველებს ასე შევეწყობოდი...
- ქართველი... არაქართველი.... ჩვენ ხომ ყველანი ადამიანები ვართ, გია?! აბა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს?!
- ჰო, არა აქვს მნიშვნელობა... ზოგიერთი გამონაკლისის გარდა... - და გიამ თავი დაღუნა, ვერ თქვა, რომ ეს გამონაკლისი მისი საკუთარი ოჯახი იყო: ქეთო და ლევანი არასოდეს დათანხმდებოდნენ გიას სურვილს, - ლეას მათ ოჯახში რძლად მიღებას... თუნდაც გიას არასოდეს არაფერი ეთქვა “იმ დიმას” არსებობის შესახებ...
- მოდით... მომშივდა, თქვენ გელოდებოდით! - სერგეი სამზარეულოში გავიდა და მაცივრიდან საჭმელის გამოლაგება დაიწყო.


* * *

სწრაფად გადიოდა დრო.
გიამ ვერა და ვერ ისწავლა ციგურებზე დგომა...

ამასობაში მდინარეზე ყინულის საფარიც გათხელდა... მერე სულაც დასკდა... გაზაფხული მოვიდა.
მზეს სითბო მოემატა, დღეს – ხანგრძლიობა...
მინდვრები გადამწვანდა, შემდეგ – გადაჭრელდა...
ტყეც მწვანედ შეიმოსა...
მიწა გაშრა... ტალახიანი გზები – ადვილსავალი გახდა...

შემდეგ წვიმები დაიწყო, გაზაფხულის გადაუღებელი წვიმები...
მდინარეში წყლის დონე კატასტროფული სისწრაფით მატულობდა.
წყალდიდობაც ნახა გიამ, როცა სამხედრო ნაწილი დაბაში გააგზავნეს მოსახლეობის დასახმარებლად.

ლეას სახლი ქუჩის ბოლოს იდგა, ყველაზე შემაღლებულ ადგილას და ამდენად წყალი იქამდე ვერ აღწევდა. დაბის ცენტრში, კლუბთან წყლის დონე ნახევარ მეტრს აჭარბებდა. და რაც უფრო დაბლა იწევდა გზა, მდინარისკენ, მით უფრო მატულობდა წყლის დონე.

ოდესღაც ძალიან მდორე მდინარე ახლა სწრაფად მიაგორებდა ტალახიან ტალღებს. ზოგჯერ მდინარეს ძირფესვიანდ მოთხრილი ხეები მოჰქონდა, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ თითქმის შუაწელამდე წყალში მდგარ სახლებს... მდინარის პირას მდგარი სახლები ხომ, საერთოდ, საგანგაშო პირობებში იყო, - მხოლოდ სახლის სახურავიღა მოჩანდა მათი, ზედ ჩიტებივით შემომსხდარი მაცხოვრებლებით, რომლებიც სხვენიდან ასულიყვნენ მაღლა, - მოსახლეობის ნაწილმა სახლებიდან გამოსვლა ვერ მოასწრო და ახლა სახლის სახურავებზე ისხდნენ მაშველების მოლოდინში.

საშინელი სანახავი იყო, როგორ ტივტივებდა წყლის ზედაპირზე დამხრჩვალი პირუტყვი თუ ფრინველი... საყოფაცხოვრებო ნივთები...

გია, ალექსეი და მიშა პირველები ჩახტნენ მანქანიდან, როცა მათი ნაწილი დაბაში მივიდა. ნაწილშივე დაურიგეს რეზინის ძალიან მაღალყელიანი, მეთევზეების ჩექმები და რეზინისავე გასაბერი ნავები.
ერთ ნავში ჩასხდნენ სამივენი და მოსახლეობის დატბორილი ზონებიდან გამოყვანა დაიწყეს.

ნიკოლაისა და ნატაშას სახლიც ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა, ვინაიდან მდინარის პირას იდგა. ახლა ნატაშა, ლეა, ნიკოლაის უმცროსი დაიკო, 13 წლის ანიუტა და დედა, ლიზავეტა პეტროვნა, – ყველანი ერთად ისხდნენ სახურავზე.
მდინარემ რომ ადიდება დაიწყო, ლეა ნატაშასთან გაიქცა, რომ ნივთების გამოტანაში მიხმარებოდა, მაგრამ წყალმა ისე სწრაფად აიწია, რომ სხვენზე აძრომა ძლივს მოასწრეს.
გიამ პირდაპირ მათკენ წაიყვანა ნავი, მაგრამ, ვიდრე მიუახლოვდებოდნენ, ანიუტამ რაღაც ნივთი დაინახა, მათ ახლოს მოტივტივე, და მისკენ გაიწოდა ხელი. თავი ვეღარ შეიმაგრა და პირდაპირ ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.
- მიშველეეეთ! - ერთდროულად იყვირეს ანიუტამ და ლიზავეტა პეტროვნამ, რომელმაც დაინახა, როგორ გადაუარა წყალმა თავზე მის ნაბოლარა ქალიშვილს.

ლეას ბევრი არ უფიქრია და, რადგან არაჩვეულებრივი ცურვა იცოდა, ისიც მდინარეში ჩახტა. ანიუტას კი სტაცა ხელი, მაგრამ მდინარემ ორივე სიღრმისკენ გააქანა.
მთელი ძალით უსვამდნენ ნიჩბებს ალექსეი და გია, მაგრამ წყალწაღებულებს ვერ ეწეოდნენ.
- მიშა, ნიჩაბი გამომართვი! - იყვირა გიამ და სწრაფად დაიწყო უზარმაზარი რეზინის ჩექმების გახდა. შემდეგ შარვალი და ქურთუკიც გაიხადა, რათა ტანსაცმელს ხელი არ შეეშალა და ისიც წყალში გადახტა.

სწრაფად უსვამდა ხელებს. ხედავდა, რომ ლეა ანიუტას ჩაძირვის საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ იმასაც გრძნობდა, რომ ლეას ძალა ერთმეოდა. ცურვის ტემპს მოუმატა და მალე დაეწია კიდეც. ლეას ანიუტა ხელიდან გამოსტაცა და ოდნავი შესვენების საშუალება მისცა.
ლეა დაღლილობისაგან ძლივსღა სუნთქავდა. წყალიც საკმაოდ ცივი იყო. მალე ლეას ფეხი დაეკრუნჩხა და სიმწრით იყვირა.
- ლეა, რა მოგივიდა?! - მიაძახა გიამ, რომელიც ცდილობდა, ნაპირისკენ გაეცურა ანიუტასთან ერთად, იმის იმედით, რომ ლეა თავისით გამოცურავსო...
- ფეხი, გია... ფეხი დამეკრუნჩხა... მიშველეეეთ...
- ალიოშკა, ჩქარა... ლეა!.... გვიშველეეეეთ! - იყვირა გიამ განწირული ხმით.

ანიუტაზე ხელის გაშვება მის უცილობელ სიკვდილს ნიშნავდა, რადგან გია შიშისაგან გულწასულ ანიუტას მიაცურებდა, ხელის არგაშვება კი – ლეას გაწირვას ნიშნავდა.
ორ ცეცხლს შორის იყო გია!

ალიოშკას დაძახებაც აღარ სჭირდებოდა, ნავიდან ხედავდა ყველაფერს... მანაც ტანზე გაიხადა და წყალში გადახტა. სწრაფად გაცურდა ლეასკენ და იმ დროს მიუსწრო, როცა ლეას ტალახიანმა წყალმა თავზე გადაუარა და ჩაძირა.
ალიოშკამ თმაში სტაცა ხელი და ლეა წყლის ზედაპირზე ამოათრია.

მიშა მთელი ძალით უსვამდა ნიჩბებს და ნავს მათკენ მოაცურებდა. მალე დაეწია გიას და ანიუტას. გიამ ანიუტა ნავზე ააწოდა და თავად ლეასა და ალიოშკასკენ გაცურდა. მას კვალდაკვალ მიჰყვა მიშაც ნავით. გიამ ლეას სტაცა ხელი და ალექსეის ტვირთი შეუმსუბუქა. მიშა ახლოს მიცურდა. ლეაც ნავზე აიყვანეს და ის იყო, გია და ალექსეიც ნავზე უნდა ამძვრალიყვნენ, რომ მდინარიდან უზარმაზარმა მორმა ამოყვინთა და ალექსეის პირდაპირ კეფაში დაეჯახა.
ალიოშკას რაღაც გაურკვეველი ხმა აღმოხდა და წყალში ჩავარდა.
წამში დაფარა წყალმა.
- ვაიმე, ალიოშკაააა! - იყვირა გიამ და ისევ წყალში ჩახტა.
ძალიან ამღვრეული იყო წყალი, მაგრამ მაინც მალევე შენიშნა ალექსეი და მისი მიმართულებით ჩაყვინთა. სწრაფად დაეწია და მასთან ერთად ამოყვინთა წყლიდან.
- იპოვე, გია? - შეშინებული ხმით იყვირა მიშამ და თან რაციით გადასცემდა ნაპირზე, “სასწრაფოდ ექიმებია საჭირო და დაგვახმარეთო.”
- კი, მიშა...  მომეხმარე... - გიამ ქვემოდან და მიშამ ზევიდან, ძლივს აათრიეს ალექსეის უგონო სხეული ნავში.
შემდეგ გიაც ნავზე აძვრა და მიუხედავად დაღლილობისა, მიშას ნავის მართვაშიც მიეხმარა.

ცოტა ხანში მათთან მოტორიანი ნავით მიცურდნენ რაიცენტრიდან გამოძახებული მაშველები, ბუქსირზე ჩაიბეს და სწრაფად გაცურეს ნაპირისკენ. გზადაგზა იცვამდა გია. ნაპირზე რომ მივიდნენ, გია ისეთი ჩაცმულ-დახურული გადახტა ნავიდან, თითქოს ხუთიოდე წუთის წინ შუა მდინარეში არ ყურყუმალაობდა.


სამივე სასწრაფო დახმარების მანქანებში მოათავსეს.

- მიშა, შენ აქ დარჩი, მე ამათ გავყვები... - მიაძახა გიამ და ლეას მანქანაში ახტა.
- არა, გია, მეც გამოგყვებით... - და ალექსეისთან შეძვრა მანქანაში.
ანიუტასთან – ნატაშა ჩაჯდა. პლედს დაავლო ხელი და მანქანაში შეიტანა. ლიზავეტა პეტროვნამ თავისი პლედი მოიხსნა მხრებიდან და გიას მიაწოდა.

ლეა მალევე მოიყვანეს გრძნობაზე, ანიუტა და ალიოშკა კი უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს რაიონული ცენტრის საავადმყოფოში.

ლეას საშინელი ფერი ედო სახეზე, ციებიანივით კანკალებდა. ექიმმა ვენაში გაუკეთა ნემსი და გიას მიუბრუნდა:
- თქვენ რა ხართ მისი?
- ქმარი...
- თუ ქმარი ხართ, სასწრაფოდ, ეს სველი ტანსაცმელი გახადეთ და აი, ამ ადიალაში გავახვიოთ. სულ გახადეთ, ყველაფერი...
- გია, მცივა... - ამოილუღლუღა ლეამ.
- მოითმინე, ლეინკა... სულ ცოტაც მოითმინე...

გიამ ჯერ პლედი გადააფარა ლეას და შემდეგ პლედის ქვეშ დაუწყო ტანსაცმლის გახდა. სულ გააშიშვლა და პლედი ისე ამოუკეცა, თითქოს თოთო ბავშვს ხვევდა  საფენებში. პლედის ზევიდან – ექიმის მიწოდებული ადიალა გადააფარა.
სველი ტანსაცმელი რომ მოშორდა, ლეა თანდათან გათბა და ძილი მოერია.
გიამ შეშინებულმა შეხედა ექიმს, მაგრამ მან თავი დაუქნია, - დაიძინოსო...

საავადმყოფოში ლეას საკაცით შეყვანა უნდოდათ, მაგრამ სანიტრები ალექსეისა და ანიუტას დასტრიალებდნენ თავს.
- ამათ შევიყვანთ და მერე თქვენც მოგხედავთ... მეტი საკაცე არ გვაქვს... - უთხრა საავადმყოფოს მორიგე ექიმმა, რომელიც სანიტრებს ზედამხედველობდა და დარიგებებს აძლევდა.
- არ არის საჭირო საკაცე. სად შევიყვანო?
- მიმღებში...

გიამ სწრაფად ამოსდო ლეას ხელები მხრებთან და მუხლებთან და პატარა ბავშვივით აიტაცა ხელში, შემდეგ მკერდზე მიიხუტა და სირბილით შევიდა საავადმყოფოს შენობაში.

ლეას ორგანიზმის გადაცივება დაუდგინდა...
ამას ადვილად ეშველებოდა. უპირველეს ყოვლისა, თბილი ტანსაცმელი, ცხელი ჩაი და თბილი აბაზანა იყო საჭირო. და რადგან დაზარალებული რაიონიდან იყვნენ, თბილი ტანსაცმელი უფასოდ მოუტანეს, შემდეგ კი - საავადმყოფოსთან არსებულ რეაბილიტაციის ცენტრში თბილი აბაზანის მისაღებად წაიყვანეს.
- გია, არ დამტოვო!... - ამოიჩურჩულა ლეამ, როცა გიამ საკაცეზე გადააწვინა ისევე, პლედში გახვეული.
- არა, ლეინკა, არა, პატარავ... არ დაგტოვებ!... - შემდეგ ექთანს მიუბრუნდა, - მე მასთან უნდა ვიყო...

ექთანი უხმოდ გაუძღვა აბაზანისკენ.
- აქეთ არ შეიძლება... გარეთ დაუცადეთ...
- მე იქ უნდა ვიყო, მასთან!
- თქვენ რა ხართ მისი?
- ქმარი...

ლეას პასუხის გაცემის თავი არ ჰქონდა, თორემ გაგებით ყველაფერი ესმოდა. “ქმარის” გაგონებაზე თვალები გაუფართოვდა და გიას ხელს დაუწყო ძებნა, მაგრამ პლედში ისე იყო გახვეული, რომ ხელი ვერც კი გაითავისუფლა. ამასობაში სააბაზანომდეც მივიდნენ.

- თქვენ, რა, აბაზანაშიც უნდა შეყვეთ?
- აუცილებლად! თქვენ გესმით, რომ ის ახლა შოკშია? კინაღამ დაიხრჩო!... მე მას ვერ დავტოვებ!

გიამ ლეას შიშველ სხეულს პლედი შემოაცალა, ხელში აიყვანა და ფრთხილად ჩაუშვა აბაზანაში.
- ღმერთო, რა ლამაზია!... - აღმოხდა ექთანს ლეას სხეულის დანახვაზე, - კარგი წყვილი ხართ...

ესიამოვნა ლეას თბილი წყალი... კანკალმაც გაუარა... და თანაც, მას გია ედგა გვერდით, რომელმაც...
ლეამ საკუთარ ყურებს არ დაუჯერა, როცა გიამ მის ქმრად გაასაღა თავი.
- გია, არ დამტოვო!...
- ნუ გეშინია, პატარავ!... მე შენთან ვარ!

პალატაში გადაყვანილი და ჩაძინებული ლეა გიამ დროებით დატოვა და მიშა მონახა, რომელიც ალექსეის გამოყვა.
- რაო, რა თქვეს?
- გადარჩენილია, იმ მორმა რომ კისერში ფუძის ძვალი არ გადაუტეხა... შენ რომ არ ყოფილიყავი, ალიოშკა დაიხრჩობოდა, გია! პრინციპში სამივე შენ გადაარჩინე!
- არა, ლეა ალიოშკამ გადამირჩინა, მიშა!... მე ანიუტას ვერ ვუშვებდი ხელს... ისიც ხომ ცოდო იყო?!
- მოკლედ, კარგია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა...
- ანიუტას ამბავი ხომ არაფერი იცი?
- ნატაშკა დარჩება მასთან ხვალამდე! კარგა ბლომად წყალი ჰქონდა ნაყლაპი... კუჭი ამოურეცხეს პირველ ყოვლისა... ფუ, რა საშინელი წყალი იყო!... “კიდევ კარგი, დროზე დაკარგა გონიო”, - გვითხრეს... თურმე უგონო მდგომარეობაში ადამიანი ნაკლებ წყალს ყლაპავს... იცოდი?
- არა, არასოდეს ვყოფილვარ დასახრჩობად განწირულის როლში.
- ისე, მაგრად ცურავ!
- ისე, რა... წამო ნატაშაც ვნახოთ...

მალე იპოვეს სარეანიმაციო განყოფილება, სადაც ანიუტა მოათავსეს.
- როგორ არის? - იკითხა გიამ მისვლისთანავე.
- ეშინიათ, ფილტვების შეშუპება არ დაეწყოსო... ყველაფერს უკეთებენ, რა ვიცი... და ლეა როგორ არის?
- გათბა და დაეძინა... ლეას არაფერი სჭირს საშიში... მხოლოდ ორგანიზმი გაუცივდა... ფეხშიც იმიტომ გაენასკვა ძარღვი... ანიუტა, ფაქტიურად, ლეამ გადაარჩინა!
- ხო, ასეა...  მოგვიანებით მოვალ, - ნატაშა პალატასთან მივიდა და შეიხედა. ანიუტასაც ეძინა.

გია და მიშა ლეას პალატისკენ წავიდნენ.
- მადლობა ღმერთს, ყველანი კარგად არიან... - თქვა გიამ.
- აბა, ბიჭო?... ისე, მაგრად შემეშინდა, ხომ იცი?
- შენ რაღა გაშინებდა? ნავზე იჯექი ბარონივით...
- ხო, ბარონივით... აი, შეხედე, - მიშამ ხელები ამოაბრუნა და გიას დაანახა დაწყლულებული ხელისგულები.
- რა იყო, თოხნიდი?
- კი არ ვთოხნიდი, ნიჩბებს ვუსვამდი... წყალი ნიჩბებს მტაცებდა ხელიდან... კიდევ კარგი, ნიჩბები დაბმული იყო!... და ნავი ჩემს ჭკუაზე რომ მემართა, ისეთი ძალით ვუჭერდი ხელს, რომ...  აი, შედეგი სახეზეა!
- მიშა, შედეგი – მართლა სახეზეა: ლეა, ანიუტა და ალიოშკა – სამივენი ცოცხლები არიან!...
- ნეტა მალე გამოუშვებენ?
- ლეას – ხვალვე...  ანიუტას, - ალბათ 2-3 დღეში და ალექსეის – არ ვიცი... - თქვა გიამ და ლეას პალატაში შევიდა.


* * *

წყალმა მხოლოდ მე-4 დღეს დაიწია...
საშინელი სანახავი იყო სოფელი წყალდიდობის შემდეგ.
სახლებში ჭუჭყსა და ნაგავში ტივტივებდა ყველაფერი. კარადებიდან ჭურჭელი გამოყრილი არ იყო, მაგრამ თუ რამე იდგა მაგიდაზე, ტუმბოებსა თუ კარადებზე, ძირითადად, ნამსხვრევებად ქცეულიყო.
ტანსაცმელი, ლოგინები, თეთრეული – ლაფის სქელ ფენას დაეფარა. ოთახებშიც მუხლებამდე ლაფი იდო...

ეზო და კარ-მიდამო – გაჩანაგებული იყო.
გული მოგიკვდებოდა სულ რაღაც 4-5 დღის წინ მოყვავილე გაზონების ნახვით: ყვავილები ძირში იყო მოთხრილი და აღგვილი პირისაგან მიწისა...
ეზოს მოკირწყლული ბილიკები – სქელ ლაფს დაეფარა.
ბაღ-ბოსტანი – მიწასთან იყო გასწორებული...

დაბელები გაოგნებული სახეებით შეჰყურებდნენ ოდესღაც კოპწია თეთრ სახლებს და იმაზე ფიქრობდნენ, როგორ დაებრუნებინათ მათთვის საცხოვრებელი სახლის ელ-ფერი, როგორ გაეთავისუფლებინათ ამ ჭუჭყისა და ტალახისგან.

სამხედრო ნაწილმა 100 მოხალისე გამოჰყო მოსახლეობის დასახმარებლად და წყალდიდობით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად.

გია და მიშა პირველები ჩაეწერნენ მოხალისეთა სიაში.
პირობა ასეთი იყო: 5 დღე ჰქონდათ თავისუფალი... საჭიროების შემთხვევაში – დაბაში დარჩენის უფლებით.

საავადმყოფოდან ლეა მეორე დღესვე გამოუშვეს.
ანიუტა კიდევ 2 დღეს დატოვეს, და რადგან ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ისიც სახლში გამოწერეს.
ალექსეის მდგომარეობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა: ფუძის ძვლის მოტეხილობას კი გადაურჩა, მაგრამ ტვინის ძლიერი შერყევა მიიღო და 21 დღე გაუნძრევლად წოლა ჰქონდა “მისჯილი”, ამიტომ ალექსეი მოსკოვის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ნატაშას მთელი ოჯახი – ნატაშა, ნიკოლაი, ლიზავეტა პეტროვნა და ანიუტა ლეასთან და სერგეისთან ათევდნენ ღამეს. ყოველ დილით მიდიოდნენ მდინარეში წყლის დონის სანახავად.
როგორც კი ოდნავ შესაძლებელი გახდა შენობაში შესვლა, მაშინვე შევიდა ნიკოლაი და რისი გამოტანაც შესაძლებელი იყო, გამოიტანა...
ლეას მთელი ეზო სარეცხის თოკებით დაისერა, რომელზეც პერმანენტულად შრებოდა წყალდიდობის დროს დასვრილ-დაჭუჭყიანებული თეთრეული, სუფრები, ტანსაცმელი...
ლოგინები ხომ, საერთოდ დასაშლელი გაუხდათ...

ბედად, მშრალი და მზიანი დღეები დაიჭირა. მთელი დაბა ერთ დიდ სამრეცხაოს ჰგავდა, სადაც ყველა ეზოში ვიღაც მაინც  რაღაცას რეცხავდა და ყველგან რაღაც შრებოდა!

გია და მიშაც ლეას სახლში დაბინავდნენ და ინტენსიურად ეხმარებოდნენ ნიკოლაის სახლის გასუფთავებაში. სულ ხუთი დღე ჰქონდათ, მაგრამ... ამ ხუთმა დღემაც კი მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო: სახლი თანდათან სახლს დაემსგავსა!

ოჯახში ყველა ქალი თავის ფუნქციას ასრულებდა: ნატაშა - რეცხავდა, ლეა – სადილს ამზადებდა,  ლიზავეტა პეტროვნა -  გარეცხილი ბამბის პენტვით იყო დაკავებული და ანიუტა კი - ყველას ცოტ-ცოტას ეხმარებოდა, რითაც შეეძლო, მაგრამ მისი ძირითადი მოვალეობა – მაღაზიიდან პროდუქტის მოტანა იყო!

ლეა და გია მანსარდაში მოთავსდნენ, მიშა – სერგეის საძინებელში, ნატაშას ყოფილ ოთახში – ნატაშა და ნიკოლაი, ხოლო ლიზავეტა პეტროვნა და ანიუტა – სასადილო ოთახში მდგარ დივანზე.

საღამოს იმდენად დაღლილები იყვნენ, რომ საწოლებამდე ძლივს მიჰქონდათ თავი.


* * *

საავადმყოფოდან დაბრუნების პირველივე საღამოს ლეამ გია საძინებელში შეიყვანა და ძალიან სერიოზული სახით ჰკითხა:
- გია, რატომ უთხარი ექიმებს, რომ ჩემი “ქმარი” ხარ?
- რა, არ ვარ?
- არ ვიცი... ასე არ ხდება!
- აბა, როგორ ხდება? თუ არ გინდა, რომ ვიყო?
- მინდა, ძალიან მინდა, მაგრამ... არ ხარ... ქმარი!
- და საიდან დამეწყო მოყოლა, დიმასთან შენი დაშორებიდან? თუ ჩვენი პირველი შეხვედრიდან? ან იქნებ – ქოხიდან?...
- არა, სულ ნუ ეტყოდი...
- რატომ?
- არ შემოხვიდოდი იმ სააბაზანოში... და მერეც, ამდენს არ მომივლიდი...
- და თუ მსიამოვნებდა შენი მოვლა?
- ბავშვი როცა მომაცილებინე, მაშინაც გსიამოვნებდა?
- გაჩუმდი!...
- რატომ გავჩუმდე? მაშინაც გსიამოვნებდა, როცა იმ ექიმმა გამაშიშვლა და ისე მიყურებდა, გეგონება შეჭმას მიპირებსო? ან როცა იცოდი, რომ ჩვენს შვილს ნაკუწებად ჭრიდნენ, მაშინაც გსიამოვნებდა?... რატომ მარიდებ თვალს? შემომხედე და ისე მიპასუხე!
- რა გინდა, ლეა, საჩხუბარ მიზეზს ეძებ?
- არა... მარტო ის მინდა გავიგო, რამ გაიძულა ამ სიტყვის თქმა, “ქმარი ვარო...”
- სიყვარულმა!...
- ჩემმა? თუ მაგდასი?
- ლეა, არ გინდა!...
- რა არ მინდა? 2-3 კვირაში სამსახურის ვადა გითავდება და არ გავარკვიო, რა ურთიერთობა უნდა მქონდეს შენთან?
- ნორმალური, ადამიანური ურთიერთობა!
- ნორმალური... ადამიანური.... ეს რაღაც ახალია! და როგორი, კონკრეტულად?
- რა გინდა, ლეა?! წავიდე?
- არა, არ წახვიდე... დარჩი და მიპასუხე...
- რა გიპასუხო? ვთქვი მიყვარხარ-მეთქი, - არ მიჯერებ!... ქმარი ვარ-მეთქი – არ მოგწონს!... შემთხვევით მაგდა წამომცდა – ეჭვიანობამ დაგახრჩო... წავალ-მეთქი და – არ წახვიდეო... რა გინდა, ლეა?! შენ თვითონ თუ იცი, რა გინდა?!
- ვიცი... სიმართლე! სიმართლე მინდა ვიცოდე... მაქვს ამის უფლება? მინდა ვიცოდე, რა მელოდება მაქსიმუმ 1 თვის შემდეგ...
- ლეა...
- რა, “ლეა”?... ვიცი, წასვლა გინდა... როდის დაგიჭირე? წადი... მეც წამოგყვები-მეთქი და – არაო, მარტო უნდა წავიდეო!... როდის დაბრუნდები-მეთქი და – არ ვიციო... და ამ დროს აცხადებ – “მისი ქმარი ვარო”?!...
- მომისმინე...
- არა, ჯერ შენ მომისმინე ბოლომდე! შენ თუ ქმარი ხარ, მე რა გამოვდივარ?... ცოლი!... ცოლი, გია, რომელმაც არ იცის, როდის გახდა “ცოლი”! არ იცის, რა მოიმოქმედოს, როცა მისი “ქმარი” მიდის და არც ის იცის, დაბრუნდება თუ არა ეს “ქმარი” საერთოდ!... - ლეას ღაპა-ღუპით წამოუვიდა ცრემლები.

გიამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ ძალიან მაგრად ჩაიკრა გულში და კოცნით ამოუშრო ცრემლები, ხოლო როცა ლეამ კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, გიამ აღარაფერი ათქმევინა და მისი ტუჩები მოიმწყვდია ტუჩებში.

მერე აღარაფერი უთქვამს ლეას... მერე ვეღარც ვერაფერს იტყოდა, - თავს კარგავდა-ხოლმე გიას ტუჩებსა და მკლავებში მომწყვდეული...


* * *

დღეები სწრაფად მისდევდნენ ერთმანეთს...

არცერთი სიტყვა აღარ წამოსცდენია ლეას მის დარჩენასთან და გიას წასვლასთან დაკავშირებით. ბედს მიენდო... ან მიხვდა, რომ ამით მაინც ვერაფერს შეცვლიდა, ვერ გადაათქმევინებდა გიას თბილისში მარტო დაბრუნებას. 

და აი 20 ივნისის საღამოს გია ეზოში მოფუსფუსე ლეას წამოადგა თავზე. ლეა ყვავილებს რწყავდა... იმ წყალდიდობას ხომ დაბაში, ფაქტიურად, სულ რამდენიმე ეზო გადაურჩა?!
- დემობილიზაცია, ლეა! შემეხო, როგორც იქნა!...
- უკვე? - თავადაც ვერ მიხვდა ლეა, როდის წამოუვიდა ცრემლები. ტუჩები აუკანკალდა... თავადაც მოწყვეტილი ფოთოლივით აცახცახდა...
- ლეა, რა მოგივიდა? მეგონა გაგიხარდებოდა!... - გია მოეხვია, წელზე მოხვია ხელები და დაატრიალა.
- დამსვი, გიჟო!
- არ დაგსვამ!... სულ ასე, ხელში აყვანილი მინდა მყავდე...
- სიტყვაზე გიჭერ... მაშინ თბილისამდე არ დამსვა დაბლა!
- ნეტავ შემეძლოს, ლეა!... ნეტავ შემემეძლოს... - ქართულად ჩაილაპარაკა და ლეა ფრთხილად დაუშვა მიწაზე.
- რა უცნაური ენა გაქვთ... რა თქვი ახლა?
- არაფერი, მიყვარხარ-მეთქი...
- და ამაში რომ ის თქვენი უცნაური ასო არ ერია?
- რომელი?
- აი, “ბაკაკი ცკალში კიკინებს”...
- ხოოოო, სიყვარულს ბევრი სახელი აქვს ქართულში... არის ისეთი სიტყვებიც, რომელშიც “ბაყაყი” არ ურევია...
- მაშინ რატომ იმტვრევთ ენას? სხვა სახელს ვერ დაუძახებთ?
- ენას არ ვიმტვრევთ, ლეა... ჩვენთვის არ არის ძნელი ამ ასოების წარმოთქმა...
- უუჰ, მე ვერასოდეს ვისწავლი...
- თუ მოინდომებ, ისწავლი...
- შენ მასწავლი? როდის?!

გიამ ღრმად ამოიოხრა და სახლში შევიდა.
ნაწილში იცოდნენ ლეას არსებობის შესახებ და ამიტომ თბილისში გამგზავრებამდე 2 დღე მისცეს თავისუფალი.

2 დღის შემდეგ გია მატარებელში ჩაჯდებოდა და სახლში დაბრუნდებოდა.

ამ ორი დღის განმავლობაში ყველაზე ბედნიერი იყო ლეა და, ერთდროულად, ყველაზე უბედურიც...

ფეხდაფეხ შემოიარეს ყველა კუთხე-კუნჭული, სადაც კი აქამდე უვლიათ...
ის ქოხიც მოინახულეს, სადაც ასე უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი...
ის ადგილიც მონახეს, სადაც ცხენ-ირემს გადააწყდნენ...
მდინარეზეც ჩავიდნენ, რომელიც ისე დაწმენდილიყო, რომ ვერც კი წარმოიდგენდი, თუ, სულ რაღაც 3 კვირის წინ, სიცოცხლისათვის ებრძოდნენ მოვარდნილ წყალს...

წამისუსწრაფესად გაფრინდა ეს ორი დღეც.

და აი, მატარბლის ბაქანზე დგანან ლეა და გია და საგარეუბნო მატარებლის ჩამოდგომას ელოდებიან.

არ უნდა ტირილი ლეას, მაგრამ ცრემლებმა, რაკიღა ერთხელ იპოვეს გზა, ამოხეთქილი წყაროსავით, შეჩერება ვეღარ შესძლეს...

ლეა მკერდზე მიეყრდნო გიას და ასე იდგა მატარებლის ჩამოდგომამდე.
გიასაც შემოხვეული ჰქონდა ხელები და გულში იკრავდა საყვარელ არსებას, რომელსაც... ტოვებდა! და გეკითხათ მისთვის, რატომ უნდა დაცილებოდა ქალს, რომელიც ასე უყვარდა, ვერცერთ სიტყვას ვერ გეტყოდათ პასუხად!

- გია, მითხარი, რომ გიყვარვარ...
- მიყვარხარ, ლეა... ძალიან მიყვარხარ!
- დამპირდი, რომ დაბრუნდები...
- ლეა...
- კარგი, გაჩუმდი... ნუ დამპირდები, რომ სიმართლე არ მეგონოს და ლოდინი არ დაგიწყო...
- ლეა, მოგკლავ!... ჩემი ხელით მოგკლავ, სხვაში რომ გამცვალო! სხვა რომ შეიყვარო!... სხვა რომ მოგეკაროს და მიგიხუტოს ასე... - გიამ თავი ააწევინა და სველ თვალებში აკოცა.
- მაშინ ნუ წახვალ!
- უნდა წავიდე!... ხომ იცი, რომ უნდა წავიდე!
- დაბრუნდები?
- მინდა, რომ დავბრუნდე!
- ესე იგი  უ ნ დ ა  წახვიდე და  გ ი ნ დ ა  რომ დაბრუნდე, არა?... და პირიქით არ შეიძლება?
- რა პირიქით?
- გინდა რომ წახვიდე და უნდა დაბრუნდე... მიყვარხარ, გია! ძალიან მიყვარხარ...
- კარგი, ნუ სტირი!

უეცრად ისტერიული ტირილი აუვარდა ლეას;
- რატომ? რატომ უნდა წახვიდე?! ან რატომ გაგიცანი? არ მინდა! არ მინდა, რომ წახვიდე...
- კარგი, ლეინკა, ნუ სტირი-მეთქი, - გიამ ძალიან მაგრად მოხვია ხელები და მააააგრად ჩაიხუტა!
- მე წამოვალ შენთან...
- არა, ლეა!
- რატომ? რატომ არ შეიძლება ჩემი წამოსვლა? რატომ უნდა დამცილდე?!
- ჩემები, ლეა... ჩემები არ მიგიღებენ, თუ არ შევამზადე ცოტა!... დედაჩემი დარდს გადაჰყვება! გესმის? - ამოხეთქა ამდენი ხნის უთქმელმა სევდამ გიას გულიდან.
- რის დარდს?! - უცებ ჩაქრა ლეა... თვალზეც მომენტალურად შეაშრა ცრემლები, - იმის დარდს, რომ მე მომიყვან ცოლად? გესმის, რას მეუბნები... ხელი გამიშვი...
- ლეა, მისმინე...
- არა, გია, ისედაც ბევრი თქვი უკვე!... შენ არ მიგყავარ იმიტომ, რომ შენი ოჯახის ღირსი არა ვარ?! გამიშვი ხელი...
- წერილებს...
- არა... არც წერილებს მოგწერ, გია! შენ მაინც არ მიპასუხებ!... ასე არ არის?...
- ლეა, რა ფერი დაგედო? ცუდად ხარ?
- ჰო... ცუდად ვარ... აი, აქ მტკივა! - ლეამ გულზე დაიდო ხელი.

მაგრამ ლეა, გადატანითი მნიშვნელობით კი არა, ნამდვილად ცუდად იყო: ფერი წაუვიდა, ტუჩები გაულურჯდა... ცივი ოფლით დაეფარა სახე...

- ლეა... - ამის თქმა-ღა მოასწრო გიამ, რომ გულწასული ლეა ჩაეკეცა ხელებში!

მთელ ბაქანზე არავინ იყო მათ გარდა...
გიამ ლეა ხელში აიტაცა და ვაგზლის შენობისკენ გაიქცა.
სადგურის მოლარე – ლეას მეზობელი იყო და მაშინვე გარეთ გამოვარდა.
- რა მოუვიდა? ცუდად რატომ გახდა? - კითხულობდა იგი და თან სკამს მოარბენინებდა.
გია სკამზე დაჯდა და ლეა ხელებზე გადაიწვინა, ნახევრად მკერდზე მიყრდნობილი.
სადგურის მორიგემ – წყალი მოიტანა, ექიმმა მედ.პუნქტიდან – ნიშადურის სპირტიანი ბამბა და ლეა გონზე მოიყვანეს.

- მატარებელი 15 წუთში ჩამოდგება... ლეაზე ნუ იდარდებ, ჩვენ მივხედავთ... სახლშიც წავიყვან. დღეს მაინც აღარ იქნება სხვა მატარებელი... - უთხრა მოლარემ.

ლეამ კალთიდან წამოდგომა დააპირა, მაგრამ გიამ არ გაუშვა და ასე, მკერდზე მიხუტებული ჰყავდა, ვიდრე მატარებელმა სადგურს არ მოაკივლა, ხოლო შემდეგ ქშენა-ქშენით არ გაჩერდა.

გიამ ლეას სახე მოიქცია ხელებში, ძალიან მაგრად აკოცა, ფეხზე წამოხტა და უკანმოუხედავად შევიდა ვაგონში.
მატარებელი სულ 2 წუთს ჩერდებოდა ბაქანზე, ამიტომ მალევე დაიძრა და გია მოსკოვის მიმართულებით წაიყვანა.
- გიააააა! - გაიგო ბაქანზე დარჩენილი ლეას განწირული ყვირილი და ყურებზე ხელი აიფარა: არჩევანი გაკეთებულია, გია სახლში ბრუნდება.

საღამოს 8 საათზე კურსკის სადგურიდან გავიდოდა მატარებელი მოსკოვი-თბილისი, რომელიც სულ რაღაც 44 საათში მონატრებულ ქალაქში ჩაიყვანდა გიას... მონატრებულ, ორი წლის უნახავ თბილისში...

და არ იცოდა გიამ, რომ მან კიდევ ერთხელ მისცა დასაბამი ახალ სიცოცხლეს ლეას სხეულში.
მაშინ ეს ჯერ არც ლეამ იცოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები