ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
13 ივლისი, 2010


მაინც რა არის პოეზია?.....*

                                                              ,,პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა კაცთა, ღვთივ რჩეულთა’’
                                                                                                                                                                    /ილია/
და მაინც რა არის პოეზია... მე სულის მდგომარეობა უფრო მგონია, რომელსაც სიტყვიერი გამოხატულება აქვს... როგორ?.... ან როგორი უნდა იყოს? ვინ იცის? ვინ იტყვის?... ვინ დასვამს ,,დიაგნოზს’’?..

,,სიბრძნის დარგია’’? როგორც ამას რუსთველი გვეუბნება, თუ ,,მოვარდნილი მეწყერია’’? როგორც ამას ტიციანი უწოდებს?.... ან იქნებ?...
რაზე ვკამათობთ ფორმაზე თუ სულზე?.... და ვინ მეტყვის, რომ ვთქვათ, ნიკო ლორთქიფანიძის ,,თავსაფრინი დედაკაცი’’ პოეზია არაა?... და... ვთქვათ, ეს  კი არის: ,,პეტრე,პავლე, ივანე, რატომ დაიგვიანე? აბანოში ვიყავი, ცხვირი გავიპრიალე’’....

ყველაფერს თავისი ფორმა აქვს...მათ შორის ლექსსაც... და ღვთივ ბოძებული ნიჭი სწორედაც რომ მის შექმნასაც უნდა...და დავეთანხმები, იმ აზრსაც, რომ ნიჭთან ერთად ცოდნა და შრომაც სჭირდება.... როგორც ყოველგვარ საქმეს ამ ქვეყნად.... და მაინც რა არის პოეზია?...

პოეზია სულის მდგომარეობაა... გახსოვთ, ლეონიძე რას წერს ,,ნატვრის ხეში’’? ,,პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან. პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის ამ ქვეყანაზეო’’ და განა, თავად ეს მოთხრობა და მთელი ეს კრებული ამ აზრის დადასტურება არ არის?....

მე სიტყვის მძებნელი ვარ.... მთელი ცხოვრება სიტყვას დავეძებ და ვსწავლობ .... და ,,ვცდილობ’’ სხვასაც ვასწავლო... მასწავლებელი ვარ და იმიტომ.... და ამ ძებნაში ერთ რამეს მივხვდი...წერის სწავლა ყველას შეუძლია... ხმელმა ხემაც შეიძლება, კარგი ოსტატის ხელში, ნედლივით ყვავილი მოისხას....მაგრამ .... რუსთველისა არ იყო, ,,მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვინნი ვერ მიხვდებიან,/ ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან’’....

საღმრთო სიყვარულში ხომ ნებისმიერი სიყვარული და მათ შორის სიტყვის, პოეზიის სიყვარულიც შეიძლება მოვიაზროთ,რომელსაც მხოლოდ გულთა მხილავი და არა ,,ხელმარჯვედ ჩოგნის მხმარებელი’’ შესწვდება... თუმცა ,,ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად’’....
რა არის პოეზია?.. და მაინც ...და ისევ... სულის მდგმარეობაა...ხოლო მისი სიტყვაში განსხეულება კი უკვე საქმეა ნიჭის, ვნების, ცოდნის, გემოვნებისა და კიდევ ენით უთქმელისა, რასაც მე აქ გულთამხილაობას დავარქმევდი.....

მე როგორ ვწერ?... უფრო როგორც ერთბაშად მოვარდნილი, ,,შეჩერდი, წამოს!’’ განცდით...თუმც ეს ,,შეჩერდი, წამოც!’’, ხან უფრო მშვენიერია, თუ მეორე წამსაც დავუთმობ...ანუ მივუბრუნდები... და ზედმეტს წავართმევ.... ბოლო დროს ეს უფრო ხშირად ხდება....
ჯერ ეს იყოს და მერე, თუ დრო და განწყობა იქნა, სხვა მხრიდანაც შეიძლება სათქმელს შემოვუაროთ...

*ეს ადრე  ,,არმურზე'' დავწერე და ახლა აქაც მოვიტანე...... რატომღაც  გამიჩნდა სურვილი თქვენც წაგეკითხათ......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები