ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პროზა
23 ივლისი, 2010


მუცოს ტრაგედია

    დილით გავიღვიძე თუ არა, ხევსურეთზე და  გელა დაიაურზე ფიქრი ამეკვიატა. 26 ივნისს მზიურში ჩატარებულ  ხევსურულ საღამოს ვიხსენებდი  და ვცდილობდი წარმომედგინა, თუ როგორი იქნებოდა მომავალი საღამო ერთი  წლის შემდეგ. დაიაურს ვეტყვი და იქნებ ხარვეზები გამოსწორდეს, რომ  უფრო ორგანიზებული საღამო გააკეთონ-მეთქი. ამ ფიქრში ვიყავი დედაჩემი რომ შემოვიდა და მითხრა:         
"დაიაურს ცოლ-შვილი დაეღუპაო..."
თავი გადმოვატრიალე, რომ გამეგო რა მოხდა, მაგრამ დედა იქ აღარ იყო.
მომეჩვენა? - გავიფიქრე და წამოვხტი...

-  რა დაემართათ?
- ავარიაში მოყვნენ, ხევსურეთში, ბავშვებიც...
    ბავშვები სულ პატარები იყვნენ, გამახსენდა  გელას და თეონას უმცროსი შვილი, ჯარჯი  რომ შეეძინათ, გიო არაბულმა მითხრა და მეც გახარებულმა ხევსურეთის საიტზე დავუწერე, "ღმერთმა გამრავლოთ-თქო," მაგრამ...
ჯერ ერთი წლისაც არ იყო ჯარჯი...
უფროსი, დემეტრეც ძალიან პატარა...
მერე კომპიუტერში სიმღერების ფაილი გავხსენი. თეონას და გელას სიმღერების ჩამონათვალს თვალი ჩავაყოლე და...
გამიჭირდება, უფრო სწორად, ვეღარ შევძლებ, რომ მათ სიმღერებს ვუსმინო.
- ხედავ? შენ კიდევ ხევსურეთში გინდა წასვლა - მეუბნება დედა და მერე ცდილობს ამ ტრაგედიაზე აღარ იფიქროს. დედა ხევსურია, თუმცა მთაში ასვლა არ უნდა, ალბათ იცის... თუმცა მე არ ვეშვები.
- ავარია ყველგან შეიძლება მოხდეს, ხევსურეთშიც და აქაც.
- ჰო, მაგრამ შენ არღუნზე გაქვს ლექსი!
    მას შემდეგ, რაც მდინარე არღუნზე ლექსის დაწერით, თითქოს და მასში  დახრჩობა ვიწინასწარმეტყველე, ჩემი ნაცნობები შეშინებულები არიან და მთაშიც აღარ მიშვებენ. ამ ფაქტის მერე თვითონვე აღარ მინდა ხევსურეთში ასვლა. იქ ხომ ყველაფერი ამ ამბავს გამახსენებს, ეგეც არ იყოს, ბავშვების გვამები სწორედ არღუნმა გაიტაცა. წარმოიდგინეთ, ისინი იმდენად პატარები იყვნენ, რომ მდინარემ წაიღო...
    რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი საშინელება? თანაც, ხატობიდან ბრუნდებოდნენ, ახლა ხომ ხევსურეთში უდიდესი დღესასწაული - ათენგენობაა.
  ან ბავშვები რა შუაში იყვნენ? ეს კითხვა ალბათ არამარტო მე მაწუხებს, თუმცა, პასუხი უფლის მეტმა არავინ იცის...
  ამ ტრაგედიას გელა დაიაურის ცოლ-შვილის გარდა მისი ცოლის დის,  ბერდია არაბულის, ბერდიას მეუღლის და მათი ოთხი თვის შვილის სიცოცხლეც შეეწირა.
  გლოვის ადგილად გადაიქცა ამაყი ხევსურეთი...
  წვიმს და ცუდი ამინდია  მთაში. ალბათ,  ბუნებაც გლოვობს უცოდველი ბავშვების დაღუპვას.
  ხევსურეთო, რატომ გაწირე შენი შვილები შენსავე მიწაზე?
  ამას ჩვენ ვერასდროს გავიგებთ...
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები