ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 ივლისი, 2010


თავი 19. უდარდელი ბავშვობა ("შორია დედამიწამდე")

(მაპატიეთ, თუ უფრო ვრცელ ნაწილებად არ ვდებ... აქ მცირე პროზა უფრო ფასდება და კითხულობენ კიდეც...)

გათენდა.
პატარებმა გაიღვიძეს და ხელჩაკიდებულნი დადგნენ ოთახის ცენტრში, - ელოდნენ, როდის მოვიდოდა ვარფიმელი მდედრი მათ წასაყვანად.

თიოლამ შენიშნა, რომ კიდევ ერთი კოლბა იყო გასახეთქად მზად.
- ლეჰარ, შეხედე... კიდევ ერთი იბადება...
- ჰო, ეს მუკაა...
- მუკა... მდედრია თუ მამრი?
- მამრი უნდა იყოს. ასე მახსოვს!

ამის თქმა და კოლბის ჩახევა ერთი იყო... წყლის ნაკადმა მუკა კოლბიდან გადმოაგდო და იატაკს დაანარცხა.
დიდი შავი თვალები ააფახულა მუკამ, წვრილი ხელები მუხლებზე შემოიხვია და თიოლას მიაჩერდა. თიოლამ ხელი გაუწოდა და წამოდგომაში მიეხმარა.
- შენ სულ აქ იყავი? მე არ მახსოვხარ... იმ კოლბაში სხვა უნდა ყოფილიყო... – თქვა მუკამ წიკვინა ხმით.
- ვინ? – იკითხა თიოლას ნაცვლად ლეჰარმა.
- სხვა მდედრი... შავი თვალებით.
- მე რა ფერის მაქვს თვალები?
- არ ვიცი, რა ქვია ამ ფერს... არ უთქვამთ... მაგრამ შავი არ არის....  სხვანაირია...
- ძალიან ცუდი ფერია?
- არა... ძალიან ლამაზი, მაგრამ სხვანაირი.

ამის გაგონებაზე ლეჰარი და ხაკბერი თიოლას მიუახლოვდნენ და თვალებში ჩააშტერდნენ... ხაკბერმა ჯერ ცალი თითით მოსინჯა თიოლას თვალი, შემდეგ თავი ახლოს მიუტანა და ენა აუსვა, - ოდნავ მლაშე გემო იგრძნო.
- არ არის გემრიელი...
- უნდა შეგეჭამე? – იკითხა შეშინებულმა თიოლამ.
- არა... გემრიელი არ ხარ...
- ლამაზია და ნუ იქნება გემრიელი, მერე რა? – მუკაც მიუახლოვდა და ცალი თითი ჩამოუსვა თვალზე, - სველია...
- არ შემჭამოთ! – ხმა აუკანკალდა თიოლას.
- არ შეგჭამენ... ნუ გეშინია... მე აქ ვარ... – თავი გამოიდო ლეჰარმა და თიოლა ზურგს უკან დაიყენა.
- პატარებო, საჭმელად... – შემოვიდა ოთახში ვიღაც მდედრი და ოთხივე მეორე ოთახში გაყვანა დააპირა, - უი, მე სამი მითხრეს... შენ ვინ ხარ? რომელი კოლბიდან?

მდედრმა ახალი ჩანაწერი გააკეთა ჟურნალში: მუკა, მამრი, № № 7654198237.... შემდეგ ოთხივე გაიყვანა და თითო ტუბი მისცა ხელში:
- ჭამეთ!

პატარებმა ტუბები რძიანი ბოთლებივით მოიყუდეს და წოვა დაუწყეს. ბოლომდე დაცალეს ტუბის შემცველობა. შემდეგ იმ მდედრს გაჰყვნენ, რომელმაც ერთ სახლში მიიყვანა. უზარმაზარ ოთახში სამი საწოლი იდგა. მალე მეოთხეც მოიტანეს და კეთელთან დადგეს.

ყველაზე მეტად ლეჰარი აქტიურობდა. ყველა ნიშაში შეიხედა, ყველა კარი გამოაღო... მეტი საცხოვრებელი ოთახი ვერ ნახა. იყო სააბაზანო, ტუალეტი და ერთიც უცნაური კაბინეტი, პულტებითა და ბევრი ღილაკით აღჭურვილი მაგიდით, უზარმაზარი ეკრანით კედელზე და კიდევ რაღაც უცნაური მოწყობილობით, რომელიც ოთახის კუთხეში იდგა.
- ოთხივემ ერთ სახლში უნდა ვიცხოვროთ? – იკითხა ლეჰარმა.
- ხო, ლეჰარ... – უპასუხა მდედრმა.
- კარგია, მხიარულად ვიქნებით.



* * *
სწრაფად გადიოდა დრო.
პატარები ძალიან სწრაფად იზრდებოდნენ, მაღლდებოდნენ...

ზედამხედველები პატარებს 6 თვის განმავლობაში უვლიდნენ მხოლოდ, შემდგომში კი მხოლოდ აკვირდებოდნენ მათ მოქმედებას. ამ ზედამხედველებს ერთი რამ აოცებდათ, - ამ პატარების უცნაური ურთირთდამოკიდებულება. არც ერთ ვარფიმელს არაფრად მიაჩნდა სხვა მისი თანამოძმე, ესენი კი თვალებში შეჰყურებდნენ ერთმანეთს, საჭმელს არ ჭამდნენ ერთმანეთის გარეშე. ოთახის კუთხეში მდგარი უცნაური მოწყობილობა საჭმლის მიმღები აპარატი იყო. დღეში სამჯერ მიდიოდნენ პატარები ამ აპარატთან და ოთხ ცალ ტუბს იღებდნენ იქიდან. ტუბში რაღაც მსუყე მასა იყო ჩატუმბული. ეს საკვები იმდენად ნოყიერი იყო, რომ სრულიად უკმაყოფილებდათ შიმშილს.

კედელთან მიდგმული საწოლებიც ისე დადგეს, რომ თიოლა ამ სამი მამრის ცენტრში აღმოჩნდა. მოეწონა ასე ძილი, - თან სამივეს ხედავდა და თან სრულიად დაცულად გრძნობდა თავს.

გარეთაც ხელიხელჩაკიდებულნი დადიოდნენ: ლეჰარი და ხაკბერი შუაში ჩაიყენებდნენ-ხოლმე თიოლასა და მუკას და ისე გამოდიოდნენ გარეთ.  ვარფიმელები გაოგნებულნი უყურებდნენ უცნაურფერისთვალებიან და მზისფერთმებიან პატარა მდედრს, რომელსაც სამი პატარა შავთვალა მამრი მოსდევდა გვერდით სრულიად სერიოზული სახეებით.

სამივე პატარა მამრს თიოლას ცნობისმოყვარეობა და ჩხირკედელა ბუნება აოცებდა. პირველყოვლისა, იმ კაბინეტში ყველა ღილაკი მოსინჯა და “აითვისა”. ერთ-ერთ ღილაკზე დაჭერისას უცნაური ვიბრაცია იგრძნეს ფეხქვეშ პატარებმა, - თითქოს იატაკი ვიბრირებდა. მერე ღილაკი ჩაქრა და ვიბრაციაც შეწყდა.
- ეს რა იყო? – იკითხა ხაკბერმა.
- არ ვიცი...
- ქვემოთ რაღაც გაიხსნა... დიდი, მთელი იატაკის ზომისა, - მშვიდად თქვა მუკამ.
- შენ რა იცი, მუკა?!
- ჩემით მივხვდი... აი, აქ ვიცი, მაგრამ არ მახსოვს, საიდან, - მუკამ თავზე მიიდო ხელი.
- მე აქ ვიღაც მელაპარაკება-ხოლმე, - ჩაერთო საუბარში ლეჰარი და მანაც თავზე მიიდო ხელი.
- ვინ გელაპარაკება?
- არ ვიცი... მაგრამ სულ მეკითხება, ჩემ ქვას რა უყავიო...
- მერე? რა უყავი ქვას?
- არაფერი... აქ მაქვს შენახული... – ლეჰარმა ჯიბიდან ამოიღო პატარა ქვა და თიოლას გაუწოდა.
- შეინახე... არ დაკარგო! – უთხრა თიოლამ და ისევ ნათურებს მიუბრუნდა. მაგრამ ვიდრე სხვა ღილაკს დააჭერდა ხელს, ახლა ხაკბერი ალაპარაკდა:
- მე აქ რაღაც სურათები მახსოვს... არ მახსოვს საიდან, მაგრამ... მახსოვს, - ხაკბერიც თავზე იკიდებდა ხელს.
- რა სურათებია, ხაკ?
- ის სურათები აქ არ არის... აქ არ არის ისეთი ბუნება. და კიდევ ვიღაცას ვხედავ... მდედრს... შენნაირი თვალები აქვს, მაგრამ შენ არ გგავს... არც თუუალას ჰგავს...
- შენ რა გაქვს მანდ, თიოლა? – მუკა მიუახლოვდა და თიოლას დაადო თავზე ხელი.
- მე? ვიღაც მამრის გამოსახულება მიჩნდება-ხოლმე თავში... ის მეუბნება, ნურაფრისა შეგეშინდებაო... მე შენთან მიგულეო... ის ძალიან შორსაა, მაგრამ თან ძალიან ახლოს... აქვე, სადღაც... და თეოს მეძახის.  ვუთხარი, “თეო კი არა, თიოლა ვარ-მეთქი”, მაგრამ... მაინც თეო ვარ მისთვის.
- და რას გეუბნება, ვინ არის?
- არ ვიცი...
მეორე დღეს ვიღაც დიდი მამრი მოვიდა და მათი ღილაკები დაბლოკა, როგორც აუხსნეს, 3 წლით. მიხვდნენ პატარები, რომ დაშვებულ ზღვარს გადაამეტეს.

დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ ოთხივეს დაურიგეს იარაღი, რომლის ერთი ბოლოც ვარფიმელთა დემატერიალიზაციისთვის, ხოლო მეორე ბოლო კი - დაშლილი ვარფიმელის მატერიალიზაციისთვის იყო განკუთვნილი. იარაღი, ტყვიის ნაცვლად, მხოლოდ უცნაური სხივის ნაკადს უშვებდა. ერთი ბოლოდან გამოსული სინათლე – კაშკაშა წითელი ფერისა იყო, მეორე კი – მომწვანო-ოქროსფერი. სწორედ ამ მომწვანო-ოქროსფერი სხივით ხდებოდა ვარფიმელთა მატერიალიზაცია.

პატარებმა არც დემატერიალიზაცია იცოდნენ და არც მატერიალიზაცია. ერთმანეთს მიუშვირეს იარაღები და ერთმანეთი გაანათეს... ზოგი წითელი სხივით აშუქებდა, ზოგიც  მომწვანო-ოქროსფერით... არაფერი მომხდარა, არც ერთს არაფერი დამართია და მათაც შუქები გამორთეს.
- ეს რად გვინდა? – იკითხა თიოლამ.
- არ ვიცი, ალბათ სათამაშოდ... – უპასუხა ხაკბერმა და თიოლას თვალში ჩაანათა წითელი სხივი.
- გაწიე, მეტკინა...
- რატომ? – ახლა საკუთარ თვალში ჩაინათა წითელი სხივი, მაგრამ მაშინვე გამორთო, წვა იგრძნო თვალში.

ამ დროს ოთახში უფროსი მდედრი შემოვიდა, რომელიც ზედამხედველობდა პატარებს.
ხაკბერმა მისკენ მიმართა იარაღი და...
- არ ჩართო, გაგიჟდი? დავიშლები, - იყვირა მდედრმა და... გაქრა!
- ეს რა ქენი, ხაკბერ, დაშალე? – შიშისგან გაუფართოვდა თვალები მუკას.
- სწრაფად, მწვანე სხივი მივაშველოთ, - იყვირა თიოლამ, როცა მდედრის გაქრობა ნახა საკუთარი თვალებით. თავისი იარაღიდან მომწვანო-ოქროსფერი სხივი მიუშვირა და... მდედრიც უცებ გაჩნდა მათ წინ, თითქოს იატაკიდან ამოიზარდაო.
- არასოდეს მოიქცეთ ასე! ჯერ არ იცით იარაღის მოხმარება...
- როგორ არ ვიცით? რომ არ გვცოდნოდა, თქვენ დაშლილი დარჩებოდით, - სცადა მუკამ თიოლას ცოდნის წარმოჩენა.
- და ისიც იცით, რომ შეიძლება ვეღარ მოგესწროთ ჩემი მატერიალიზება?
- რატომ ვერ უნდა მოგვესწრო? შვიდი წამი ხომ გვქონდა?!
- კარგი, ნუ ლაპარაკობ ბევრს! ჭამეთ უკვე?
- კი, ვჭამეთ...
- მაშინ აბა საწოლებში, დროზე! – თქვა ზედამხედველმა და ოთახიდან გავიდა.


(გაგრძელება იქნება, ალბათ!)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები