ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 ივლისი, 2010


თავი 19-2. მალე დიდები გავხდებით... ("შორია დედამიწამდე")

(მე-19-ს გაგრძელება!)

* * *
გავიდა კიდევ სამი წელი.

თვალსა და ხელს შუა იზრდებოდნენ პატარა ვარფიმელები.

დაბადებიდან ოთხი წელი იყო უკვე გასული. თუ იმასაც ვიანგარიშებთ, რომ ვარფიმზე ბავშვი დაბადებისას უკვე ორი წლისად ითვლება, გამოდის, რომ პატარებს ექვს-ექვსი წელი შესრულებოდათ. მაგრამ ვარფიმელი ექვსი წლის ბავშვი, თავისი განვითარების დონით, აქაურ ათი წლის ბავშვს შეესაბამება.

პატარებს კიდევ ოთხი წელი ექნებათ იმუნიტეტი დემატერიალიზაციისადმი. ათი წლიდან კი მათი დემატერიალიზაცია ისევე გახდება შესაძლებელი, როგორც ნებისმიერი სხვა მოზრდილი ვარფიმელისა.

ოთხივეს განსხვავებული ნიჭი აღმოაჩნდა, რომელსაც ჯერ ვერ ხვდებოდნენ, რაში გამოიყენებდნენ, მაგრამ ერთმანეთს უზიარებდნენ და საკმაოდ კარგად ავითარებდნენ.

თიოლა ამ ოთხეულის სულისჩამდგმელი და ინიციატორი იყო. საოცრად საქმიანი და ენერგიული, ხან რას მოიფიქრებდა და ხან რას. დანარჩენები – მისი მიზნებისა თუ გადაწყვეტილებათა რეალურად განმახორციელებელნი იყვნენ.

ხაკბერი თითქოს თვალებით იღებდა სურათებს, ისე აფიქსირებდა ნანახს, პეიზაჟი იყო თუ რომელიმე ახალი აპარატის გარეგნული სახე და შიდა მოწყობილობა. სახლში დაბრუნებულს კი ეკრანზე გასაოცარი სიზუსტით გადაჰქონდა ნანახი სურათები.

ტექნიკური უზრუნველყოფა – მუკამ აიღო თავის თავზე, კარგად ერკვეოდა ტექნიკაში. შინაგანი ინტუიციაც არ ღალატობდა და ამიტომ მის ხელში აპარატურა თუ სხვა ნებისმიერი ტექნიკა დამატებით ახალ ფუნქციებს იძენდა.

ლეჰარს ყველაზე მეტად მომარაგება ემარჯვებოდა, - ახალი აპარატურის დეტალები იქნებოდა ეს თუ სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები. ძალ-ღონეც სხვაზე მეტი ჰქონდა და ამიტომ სამივემ ერთხმად მიანდო მას ეს ფუნქცია. და არც ბრძნული სიტყვის თქმას ამადლიდა მეგობრებს. მისთვის გაურკვეველ არსებასთან ჰქონდა სმენითი კონტაქტები და ამასაც წარმატებით იყენებდა.

მოკლედ, ეს ოთხეული ვარფიმელთა ოთხთითა ხელის მტევანს მოგაგონებდათ, - ერთი განსხვავებული და სამი ერთნაირი თითი ერთ მუშტად იყო შეკრული.

თიოლას ბევრი სიარული უყვარდა. ფეხით ჰქონდა შემოვლილი არა მხოლოდ ახლომახლო, არამედ შედარებით მოშორებული ტერიტორიებიც.

არც ლეჰარი იყო სიარულის წინააღმდეგი. პირიქით, ახალ-ახალ ადგილებს აღმოაჩენდა-ხოლმე და ისე ლამაზად უყვებოდა თიოლას, რომ ისიც მეორე დღესვე გარბოდა ამ ადგილების სანახავად. ხაკბერი ოდნავ ითრევდა-ხოლმე ფეხს, მაგრამ ბოლომდე უარის თქმას – ვერ ბედავდა.

აი, მუკა იყო მათგან სრულიად განსხვავებული, - ოღონდ სახლიდან ნუ გაიყვანდი და... სულ დაშლიდა და ხელმეორედ ააწყობდა ყველა აპარატს სახლშიც და მის გარეთაც. და ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა სამივეს, რომ მუკა სადმე წაეყვანათ. სამაგიეროდ, პულტებიან მაგიდასთან მჯდარი ისეთ სქემებს აწყობდა და ისეთ ფუნქციას სძენდა-ხოლმე ზოგიერთ აპარატს, რომ ნებისმიერ გამომგონებელს შეშურდებოდა!

ერთ დღეს საკმაოდ შორს წავიდა თიოლა სახლიდან, - უთხრეს, უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა ქალაქის ბოლოს და იმ ნაპრალში საოცრად სუფთა წყალმა ამოხეთქაო. და თიოლა რისი თიოლა იქნებოდა, ამის ნახვის შესაძლებლობა გაეშვა ხელიდან? დილას ადრე წასული ღამე დაბრუნდა სახლში. და ვიდრე პატარა მამრები რამეს ჰკითხავდნენ, თიოლამ სამივე პულტებიან მაგიდასთან მიიწვია და უთხრა:
- აქ ყველას თავისი ტრანსპორტი ჰყავს და ჩვენ რატომ დავდივართ ფეხით? ან სად ჰყავთ დამალული ეს საფრენი აპარატები?
- გახსოვს, თიოლა, ამ სამი წლის წინ, შენ რომ პულტის ღილაკებს აჭერდი ხელს? მაშინ ვიბრირებდა იატაკი... – თქვა მუკამ.
- კი, მერე?
- მერე ის, რომ იატაკის ქვეშ რაღაც არის...
- მაინც, რა?
- არ ვიცი... შეიძლება საფრენი აპარატების ანგარი.
- მერე, საიდან გამოყავთ? იქ არაფერია კარის მსგავსი.
- მაცადე, თიოლა, - საუბარში ჩაება ხაკბერი და ეკრანზე რაღაცის ხატვა და ხაზვა დაიწყო.

სულ მალე ეკრანზე მათი სახლი დაიხატა. და მერე ხაკბერმა რაღაც უცნაური ჭრილი მიახატა სახლს, რომელიც მანამდე არავის შეუმჩნევია.
- ეს რა არის? – იკითხა თიოლამ.
- ეს ჭრილია... კედელზე ოდნავ შეიმჩნევა. საიდუმლო კარი მგონია, თიოლა. აი, შეხედეთ, აქ ჩამქრალი ნათურაა. სუულ ადრე ეს ნათურა ენთო-ხოლმე, და მერე, რაც იატაკი შეირყა, ნათურა აღარ ანთებულა, ზუსტად ვიცი.
- ეს ინდიკატორია... – დაფიქრებით თქვა მუკამ, - აქ რაღაც გამოგვირთეს და იმიტომ ჩაქრა ის ნათურაც. ცოტა ხანში გეტყვით, რა შეიძლება გაკეთდეს, ნათურა რომ კვლავ აინთოს. - მუკა პულტებს მიუჯდა და ლამის ეკრანში შეძვრა. მისთვის ყველაფერი წაიშალა გარშემო. იყო მხოლოდ პულტებიანი მაგიდა, უზარმაზარი ეკრანი ხაკბერის მიერ შექმნილი ნახაზით და მუკა!

- თიოლა, მანამდე შენ მოყევი, სად იყავი, რა ნახე?! – იკითხა ლეჰარმა.
- ახალ ნაპრალთან, ლეჰარ... ნაპრალს ძირი არ უჩანს. წყალი კი... ისეთი ძალით ამოხეთქა წყალმა და თანაც იმდენმა, რომ მალე დატბორავს იქაურობას.
- წყაროა?
- არა... წარმოიდგინე ბუნებრივად შექმნილი, უუუუუღრმესი ჭა....
- ჭასავით ვიწროა?
- არა, წყალსატევივით ფართო... მაგრამ ისევე, როგორც ჭაში, აქაც ფსკერიდან ამოდის წყალი.
- გასაგებია. ღირს ნახვად. ხვალ მეც წავალ მის სანახავად. ეე, ამას შეხედე...
- რა მოხდა, ლეჰარ? რას შევხედო?
- რას არა, ვის... ხაკბერი მიჯდომია კვების აპარატს და დამატებით ილუკმება.
- იქნებ შია?
- გასუქდება!
- სად გინახავს მსუქანი ვარფიმელი?
- ჰოდა ახლა ვნახავთ! ხაკბერ, მოსცილდი მაგ აპარატს! არ მომიყვანო მანდ!
- რა უსინდისობაა... ერთი ტუბი დაგენანათ? მერე აღარ შევჭამ, რა იყო?! უუფ...
- ვიცი, მერეც შეჭამ... არ შეიძლება ჩვენი სიმსუქნე... ენერგიით ვეღარ დავიმუხტებით!  არა და, 5 თვეში მოგვიწევს დამუხტვა!
- კარგი, ბატონო... მაგრამ ერთი შენ მინახიხარ, დამატებით რამეს ჭამდე და ნახავ მერე...
- ხაკბერ, ლეჰარ, არ გრცხვენიათ? გისმენთ და ვერ ვხვდები, რა გაჩხუბებთ?... გასუქება კი არა, ჩვენი ჩხუბი არ შეიძლება! ახლა მივიღე დავალება...
- ვისგან? – თითქმის ერთდროულად იკითხეს მამრებმა...
- იმისგან, ვისთვისაც თიო ვარ! და დავალება ასეთია: ენერგეტიკული დამმუხტველის ცენტრში უნდა შევაღწიოთ.
- მერე?
- მერე? ჯერ მეტი არაფერი ვიცი. იქ მივიღებთ დანარჩენ დავალებას!

ყველას ეგონა, მუკა თავის თავთან არის განმარტოებულიო, მაგრამ ისე ჩაერთო საუბარში, ერთი სიტყვაც კი არ გამორჩენია თურმე:
- თიოლა, სად არის ენერგეტიკული დამმუხტველი?
- არ ვიცი, მუკა...
- მე ვიცი, ქალაქის ბოლოს, მაღალ ანძასთან. - თქვა ლეჰარმა.
- იქ, სადაც ნაპრალი გაჩნდა? საინტერესოა... მე ვერაფერი შევამჩნიე ასეთი დამმუხტველის არსებობის.
- ხვალ მე და ხაკბერი წავალთ და ეს დააფიქსირებს ყველაფერს.

ასეც შეთანხმდნენ.
მეორე დღეს ლეჰარი და ხაკბერი საქმიანი სახეებით გაემართნენ ნაპრალისკენ. ბევრი ნაპრალი, უფსკრული და მღვიმე უნახავთ, მაგრამ ასეთს პირველად ხედავდნენ, - მიწა თითქოს დანით იყო გასერილი, იმდენად სიპი ზედაპირი ჰქონდა ნაპრალს. შემოვლა გადაწყვიტეს, ყველა მხრიდან უნდოდათ დათვალიერება. და უეცრად ხაკბერი შეჩერდა. ძალიან დაკვირვებით მიაჩერდა რაღაცას ნაპრალის კედელზე.
- რა დაინახე?
- რა და... შეხედე, კიბე იკვეთება...  თავისით ჩნდება, გესმის? ვიღაც თითქოს უჩინარი ხელით კვეთავს ამ კიბის საფეხურებს. ჩვენ სადაც ვიდექით, ზუსტად იმის ქვეშ. იქიდან ამას ვერც ვიგრძნობდით და ვერც დავინახავდით.
- გინდა ჩავიდეთ? – ინტერესი გაუჩნდა ხმაში ლეჰარს.
- ჯერ რა გვინდა იქ? კიბე არსაით მიემართება. მხოლოდ უაზროდ ეშვება დაბლა, წყლისკენ.
- ნეტა წყალი როგორია, ისევ ზედაპირზე გვატარებს თუ მის სიღრმეშიც ჩაგვიშვებს? შეიძლება ამდენი მარილი იყოს წყალში? – ნაპრალისკენ გადაიწია ლეჰარმა, რომ მის სიღრმეში ჩაეხედა.
- მიწის სიღრმიდან ამოდის და... შეიძლება არც იყოს ძალიან მარილიანი. უკან დაიწი, არ ჩავარდე.

ამასობაში მუკამ თიოლა მიიწვია პულტით სამართავ ეკრანთან.
- შეხედე, თიოლა, აი, აქედან დაბლოკეს ჩვენი პულტი. ბლოკი მოვხსენი. გინდა გავხსნათ ის კარი და ვნახოთ, რა არის კარის მიღმა?
- რა თქმა უნდა... მაგრამ შემთხვევით არ დაიკეტოს, მერე როგორ გამოვალთ იქიდან?!
- არ დაიკეტება, პულტს დავამატე ფუნქცია, იქიდანაც შევძლებთ გახსნას.

მუკა და თიოლა ლიფტით დაეშვნენ დაბლა და... უეცრად აღმოაჩინეს, რომ კიდევ ერთი ღილაკი არსებობს ლიფტში, - “O”.  მუკამ ამ “O”-ს დააჭირა თითი და... ლიფტის კარი კედლის გასწვრივ გაჩერდა.
- გავიჭედეთ? – იკითხა თიოლამ.
- არა... შეხედე? აი, კიდევ ერთი ინდიკატორი, – მუკამ პულტი მისკენ მიმართა და... ნათურა წითლად აციმციმდა.

და ჰოი, საოცრებავ, ლიფტში მსხდომებმა უცნაური ვიბრაცია იგრძნეს, რომელიც თანდათან ძლიერდებოდა. სულ მალე მათ წინ საიდუმლო კარი გაიხსნა და ორივე უზარმაზარ ოთახში აღმოჩნდა.
- მუკააა, შეხედე... ეს რა არის?! – თიოლა თვალს ვერ აშორებდა ვერცხლისფერ დისკს.
- ყოველ ვარფიმელს აქვს ასეთი პირადი სატრანსპორტო დისკი, თიოლა,  შორ მანძილზე სამოგზაუროდ და სატრანსპორტო კაფსულა, ახლო მანძილზე გადასაადგილებლად.
- რამხელაა...
- არც თუ ძალიან დიდი.  დიამეტრით 4,0-5,0 მ-ია მხოლოდ. აბა იქით გაიხედე? კედელთან როგორი აპარატები დგას, ხედავ? ესენია კაფსულები, მათი დიამეტრი 1,5 - 2,0 მ-ია.

თიოლა გაფართოებული თვალებით ათვალიერებდა უზარმაზარ ოთახს სადაც კედლების გასწვრივ ოთხი კაფსულა იდგა, ისინიც ვერცხლისფერები. თითოეულ მათგანზე ნომერი ეწერა:
№ 7654198231
№ 7654198235
№ 7654198236
№ 7654198237

- მუკა, შენ ხომ არ იცი, რატოა ეს ციფრები ასე ერთნაირი და ამავე დროს მათ შორის სამი ნომერი აკლია?
- ისინიც უნდა დაბადებულიყვნენ  ჩვენთან ერთად.
- მერე? რატომ არ დაიბადნენ?
- დააკვირდი? კენტი ნომრები მამრებს ეკუთვნით, ლუწები – მდედრებს. ამით აკონტროლებენ, ბალანსი რომ არ დაირღვეს. № 7654198232  და  № 7654198234  – მდედრებად დაიბადნენ... მხოლოდ ჩემს მომდევნო დღეს. № 7654198233 კი – მამრია და შენზე ერთი დღით ადრე დაიბადა.
- მუკა, ისინიც უნდა ვიპოვოთ. ჩვენ ერთნაირი სრულყოფილი პიქტოგრამები გვაქვს. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. ასეთები იქნებიან კიდევ № 7654198238 და № 7654198239...
- ჩვენ სრულყოფილი პიქტოგრამები გვაქვს?  და ბოლო ციფრებითაც კიდევ ერთ სრულყოფილ პიქტოგრამას ვქმნით... – ბოლო სიტყვები დაფიქრებით თქვა მუკამ და პულტს დახედა, - თიოლა, მოდი, აბა, ჩვენი დაბადების თანამიმდევრობით დავაწყოთ ციფრები, რა გამოგვივა?
- 3-6-1-5-7-2-4-8-9...

მუკამ დასახელებული ციფრები პულტზე აკრიფა და....
თვალისმომჭრელი თეთრი შუქი აინთო დისკში. მერე რაღაც ოვალური კარი გაიღო და ვერცხლისფერი კიბე ჩამოეშვა.

ორივე ფრთხილად ავიდა კიბეზე.
მრგვალ კედლებში 12 ლუკი დაინახეს. ყოველი მეოთხე ლუკის წინ თითო პულტებიან-ღილაკებიანი მაგიდა იდგა, კედელზე კი – მცირე ზომის მონიტორები ეკიდა. ანუ, სულ სამი. სამივე მაგიდასთან მდგარ სკამზე ვერცხლისფერი კომბინეზონი იდო, თავისი სკაფანდრებიანად.

- თიოლა...
- ჩუუუ... ის მელაპარაკება, ვინც თეოს მეძახის... თიოლამ გონება დაძაბა და გაიგონა:  “სკაფანდრს მარჯვენა ყურთან აქვს სამი ღილაკი, რომლითაც  კონტაქტს დაამყარებთ “სხვა ცივილიზაციის” წარმომადგენლებთან.  ზედა ნაწილში სკაფანდრს აქვს სამი ანტენა: ორი - მიმღები და ერთი - გადამცემი. გადამცემი ანტენა ზუსტად ყიფლიბანდის თავზეა, უფრო გრძელია, ვიდრე მის ორსავე მხარეს მდებარე მიმღები ანტენები, მთავრდება წითელი ნათურით. ამ ანტენას მიმართავთ სასურველი ობიექტისკენ, ჩართავთ ნათურას და ხმის ამოუღებლად, პირდაპირ გონზე მოახდენთ ზემოქმედებას. ნათურის გამოსხივება ჰიპნოზივით მოქმედებს...”
- ჰკითხე, შეგვიძლია ამ ტრანსპორტით გადაადგილება?
- ვკითხე და... ეს ყველაფერი თქვენთვის არისო! წამო, ზევით ავბრუნდეთ და ისინიც რომ დაბრუნდებიან, მერე ჩამოვიდეთ ისევ.
- და აქ რომ სულ სამია კომბინეზონი და სკაფანდრი?
- ერთ-ერთი გარეთ უნდა დარჩეს, ალბათ,  ვარფიმზე...
- რომელი? ჩვენ ისე ვავსებთ ერთმანეთს...
- ჯერ არ ვიცი. მუკა... ამას მერე მეტყვიან!
- ერთად ძლიერები ვართ, თიოლა... მარტოს შემეშინდებოდა...

მუკა და თიოლა დისკიდან გამოვიდნენ, საპირისპირო თანმიმდევრობით აკრიფეს დაბადების ციფრები და დისკშიც სინათლე გამოირთო.
- მუკა, 2, 3, 4, 8 და 9 გვყავს მოსაძებნი. აუცილებლად და სასწრაფოდ!
- დაბრუნდნენ ისინიც და მაშინვე დავიწყოთ ძებნა! რა პრობლემაა? ორ-ორად ვიაროთ. უფრო სწრაფად ვნახავთ.

ბავშვები ლიფტით დაბრუნდნენ საცხოვრებელ ოთახში და ხაკბერსა და ლეჰარს დაუწყეს ლოდინი.


(გაგრძელება იქნება!)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს