ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
6 აგვისტო, 2010


თავი 20. შეხვედრა ("შორია დედამიწამდე")

ხაკბერი და ლეჰარი საღამოსკენ  შთაბეჭდილებებით სავსენი  დაბრუნდნენ სახლში,
ხაკბერი მაშინვე მონიტორს მიუჯდა და ყველა ნანახი სურათი აპარატში შეიყვანა.
თიოლამ ლეჰარს ანგარის შესახებ უამბო. ისიც უთხრა, მათი თანატოლი ხუთი ვარფიმელი რომ ჰყავდათ მოსაძებნი...
- სად ვეძებოთ? – იკითხა ლეჰარმა.
- ჯერ იქ ვიკითხოთ, სადაც კოლბებია შენახული. ჩანაწერებს ხომ აკეთებდნენ? და ყველას რიგითი ნომერიც აღრიცხულია.
- რომ არ გვითხრან? – საუბარში ჩაერია მუკა.
- მაშინ უნდა შევიპაროთ და... ხაკბერის თვალები დაგვჭირდება.
- ჰო, ხაკბერი და თიოლა უნდა შევაგზავნოთ, - დაბეჯითებით თქვა ლეჰარმა.

ამასობაში ხაკბერმა თავისი საქმიანობა მოამთავრა და ოთხივენი ანგარში ჩავიდნენ.
კიდევ ერთხელ დეტალურად დაათვალიერეს საფრენი დისკი და კაფსულები.
მუკამ სწრაფად აითვისა ყველა ღილაკი და მერე სათითაოდ შედიოდა ყველა კაფსულაში დანარჩენებისთვის მართვის პრინციპის ასახსნელად.
დამახსოვრება არც ხაკბერს გასჭირებია, მისი თვალების წყალობით.
უცებ ლეჰარმა თავზე იტაცა ხელი და...
- ჩუმად... ვიღაც მელაპარაკება.... ბოხი ხმა აქვს... ბუბუნა!
- ვინ ვარო, რას ამბობს? – იკითხა ხაკბერმა.
- არ ვიცი... ლოდი ვარო...
- როგორ თუ ლოდი? მოლაპარაკე ლოდია? ეს გამორიცხულია!
- რა არის გამორიცხული? “ჩემი ქვა წაიღეო”, მეუბნება, - აღშფოთდა ლეჰარი, როცა ნახა, რომ ხაკბერი არ იჯერებდა მის ნათქვამს, - “ჭასთან მიიტანეთ და წყალში ჩაუშვითო”...
- მერე ეს რას მოგვიტანს?
- ჭიდან ამ ქვის მეშვეობით გიკარნახებთ, რაც უნდა გააკეთოთო...
- ცურვა კარგად იცი? – დაფიქრებით თქვა თიოლამ.
- ცურვაც ვიცი და... მე ყველაფერი ვიცი...
- წამო, მაშინ დისკის ფრენის პრინციპი შენ აგვიხსენი. მუკა დაიღალა... – გაეცინა ხაკბერს.

ამასობაში მუკამ საფრენი დისკის სქემაც მონახა და მისი ღილაკებიც აითვისა.

თიოლა თვალს ადევნებდა სამივეს და თავისთვის ფიქრობდა: “უნდა გავფრინდეთ სამნი, სამზეა გათვლილი დისკი. ჩვენ ოთხნი ვართ. ვინ უნდა დარჩეს ვარფიმზე? 
დღესავით ნათელი იყო, - მუკა უნდა ყოფილიყო საფრენი დისკის კაპიტანი... ამას წყალი არ გაუვიდოდა!
ხაკბერის დისკში ყოფნაც აუცილებელი იქნებოდა, - ნანახის დაფიქსირებას მასზე უკეთ ვერავინ შესძლებდა.
დარჩნენ ლეჰარი და თიოლა... თანაბარი შესაძლებლობის მქონე ორი ვარფიმელი...
ა. ორივემ იცის ცურვა, რაც აუცილებელია ჭაში ჩასასვლელად;
ბ. ორივეს აქვს სმენითი კონტაქტი, რაც აუცილებელია დამატებითი ინფორმაციისა და ინსტრუქტაჟის მისაღებად;
გ. ნებისმიერი მათგანი შეიძლება გამოდგეს დისკით ფრენის დროს: თიოლას აქვს  ორგანიზებისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების საოცარი ალღო და უნარი, ხოლო ლეჰარს ფიზიკური ძალა, რომელიც ასევე საჭირო შეიძლება შეიქმნას დისკის ფრენის დროს....
მაშ რომელი? ლეჰარი თუ თიოლა?!”

ბავშვებმა კიდევ კარგა ხანს იტრიალეს აპარატებთან და მერე ოთახში აბრუნდნენ. საოცარი დაღლილობა იგრძნო ოთხივემ. ამიტომ დაწვნენ და მალევე დაიძინეს.


* * *
მეორე დილას დანაწილდნენ: ხაკბერი და თიოლა კოლბების შესანახ შენობაში წავიდნენ, მუკა და ლეჰარი კი იქ, საიდანაც ბინებში ანაწილებდნენ პატარებს.
მაშ ასე: მოსაძებნი იყო № 765418923-თ დაწყებული  და 2, 3, 4, 8 და 9-ით დამთავრებული რიგითი ნომრების მქონე 5 ვარფიმელი.

ნებისმიერი ინფორმაციის მიღების თუ ვერმიღების მიუხედავად, დიდი მრგვალი შენობის წინ დათქვეს შეხვედრა.

ხაკბერი და თიოლა კოლბების შესანახ შენობაში მაშინვე შეუშვეს, ისიც უთხრეს, რომელი ნომერი რომელ პატარას ეკუთვნოდა.
რაც მათ დაადგინეს, იყო ის, რომ:
№ 7654198232 იყო ვინმე ანილა, 
№ 7654198233  - ჯონგი,
№ 7654198234  - იანინა,
№ 7654198238  - ლერილა და
№ 7654198239  - ლებორი.
მაგრამ... ნურას უკაცრავად, “მათი ბინების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთო”, - უთხრეს.

მუკა და ლეჰარი, ფაქტიურად, ინფორმაციის გარეშე გამოვიდნენ შენობიდან, - “ვის ეძებთ არ იცით, მათი ძებნის მიზანს არ გვეუბნებით და, ამიტომ, ინფორმაციას ვერ მოგაწვდითო”...

დიდ მრგვალ შენობასთან პირველები მუკა და ლეჰარი მივიდნენ. მათ მალე შეუერთდნენ ხაკბერი და თიოლაც.
თიოლამ, მოისმინა რა მუკას მონაყოლი, მაშინვე გადაწყვიტა, რომ ისევ თვითონ და ხაკბერი უნდა წასულიყვნენ მეორეგანაც.  მათ ხელში არსებული ინფორმაციის საფუძველზე სწრაფად გაიგებდნენ დანარჩენების საცხოვრებელ ადგილს. ასეც მოიქცნენ და მალევე  დაბრუნდნენ კიდეც მათთვის საჭირო ინფორმაციით: ანილა და ჯონგი მათთან ძალიან ახლოს ცხოვრობდნენ, მეზობელ კომპლექსში, იანინა, ლერილა და ლებორი კი – ორი კომპლექსის მოშორებით.

თიოლა და ხაკბერი ანილასთან და ჯონგთან წავიდნენ, მუკა და ლეჰარი კი – იანინას, ლერილასა და ლებორს ეწვივნენ.

ხანმოკლე შესავალის შემდეგ მუკამ ახალგაცნობილებს ანგარის არსებობის შესახებ უამბო. გაუკვირდათ პატარებს. მათ ხომ აზრადაც არ მოსვლიათ ამ ღილაკებით მანიპულირება? მათ მოვალეობაში შედიოდა ჭამა, სმა და სეირნობა.
- რამ მოგაფიქრათ ამ ღილაკების ხელის ხლება? იქნებ და რა ფუნქცია ჰქონდათ?- ალალად გაუკვირდა ლერილას.
- აბა, ასე უსაქმოდ რა დაგვსვამდა? – არანაკლებ გაუკვირდა მუკას.

იანინა უცნაურად აცეცებდა თვალებს. თითქოს ვიღაცისთვის რაღაცის დამალვას ფიქრობდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და ჩუმად თქვა: 
- არ გამიბრაზდებით? მე იარაღი დავშალე და ისევ ავაწყვე! – და თავი დაღუნა.
- რააა? – აღშფოთდა ლერილა.
- რააა? – გაუხარდა მუკას.
- დავშალე და ისევ ავაწყვე... მაინტერესებდა მისი მოწყობილობა! არ გამიფუჭებია!
- რა ჭკვიანი მდედრი ყოფილხარ?! ყოჩაღ!!! – შეაქო ლეჰარმა.
- ყოჩაღი კი არა, მაგის დაუშლელი არაფერია! მაგით ერთობა-ხოლმე... – ისევ ბრაზობდა ლერილა. - როგორიც არის, არის... ნუ მოჰკიდებს ხელს. რა საჭიროა მისი შეცვლა?! ვინ სთხოვა?!
- კარგი, ხოოო, სულ შენი უკმაყოფილო ხმა უნდა ისმოდეს? – შეუტია ლერილას ლებორმა.
- ხო, შენ თუ იანინა არ დაიცავი...
- გააკეთოს როგორც მოსწონს. შენ რა გაკლდება?
- ფუჭდება აპარატურა! ჩემსას მაინც ნუ მოჰკიდებთ ხელს?!
- გპირდები... – ჩუმად ჩაილაპარაკა იანინამ და დიდ შავ თვალებში ჩაგუბებული ცრემლები მოიწმინდა.
- ამ ლაპარაკს, ანგარში ხომ არ ჩავსულიყავით? – წინადადება წამოაყენა მუკამ.

იანინას უცებ შეაშრა ცრემლები, გაიღიმა და ლებორს ამოუდგა გვერდით.
ლებორმა ხელი ჩაჰკიდა იანინას და მუკასკენ გადადგა ნაბიჯი.
ლერილამ უკან დაიწია... მაგრამ როცა ლიფტის კარი გაიღო და ოთახში მყოფი ოთხი პატარა ვარფიმელი კაბინაში შევიდა, ლერილამაც იკადრა და ცუხცუხით აეკიდა წინწასულებს...
მათ ანგარში სამი კაფსულა იყო და ერთიც – დისკი, ისიც სამ ვარფიმელზე გათვლილი...

“ნეტა თიოლა და ხაკბერი რას შვებიან ახლა?” – გაიფიქრა მუკამ და დანარჩენებს მიუბრუნდა:
- წავიდეთ, მრგვალ შენობასთან უნდა მივიდეთ ყველანი....

თიოლა და ხაკბერი ანილასა და ჯონგს ეძებდნენ. მალე მიაგნეს სახლს, მაგრამ სახლში არავინ იყო.
- სად იქნებიან ნეტა? – იკითხა ხაკბერმა.
- დაველოდოთ თუ წავიდეთ? – შეაგება შემხვედრი კითხვა თიოლამ.
- დაბლა ჩავიდეთ... იქნებ მალე დაბრუნდნენ?!

ლიფტის კარი გაიღო და ის იყო, ორივენი გარეთ უნდა გასულიყვნენ, რომ ვიღაც ორმა პატარა ვარფიმელმა მოირბინა ლიფტში ჩასაჯდომად.
ხაკბერმა შეამჩნია, როგორი ინტერესით დააკვირდა პატარა მამრი თიოლას მზისფერ თმასა და უცნაურფერ თვალებს... და რადგან მათ ნაბიჯიც შეანელეს, წინ გადაუდგა და ჰკითხა:
- თქვენ ჯონგი და ანილა ხართ?
- შენ საიდან იცი? – გაუკვირდა ჯონგს.
- თქვენ გეძებთ. მე ხაკბერი ვარ, ეს კი – თიოლაა... ჩვენც და თქვენც ერთნაირი სრულყოფილი პიქტოგრამა გვაქვს... ანუ, ერთდროულად და ერთი მიზნით ვართ მოსულები ვარფიმზე... და ამ მიზანს თიოლა მალე გვეტყვის.
- წამოდით, ზევით ავიდეთ, - შესთავაზა ჯონგმა და ლიფტში შევიდა.
- არა, ანგარში ჩავიდეთ, - თქვა თიოლამ და “O” ღილაკს დააჭირა ხელი.

მალე ანგარში შევიდნენ. ჯონგი და ანილა გაფართოებული თვალებით შეჰყურებდნენ კედლის ახლოს განთავსებულ ორ კაფსულასა და კვლავ სამ პიროვნებაზე გათვლილ დისკს.
თიოლას თავში უცებ გაიჟღერა: “იფრენთ სამ-სამად”!
- როგორ დავიყოფით? – იკითხა თიოლამ და ყურებზე აიფარა ხელი, რადგან ხმა ყიფლიბანდიდან ესმოდა.
- შემადგენლობა ცნობილია... ნომერშია კოდირებული... – მიიღო პასუხად.
- 765 419 823... ?  თუ    3-6-1-5-7-2-4-8-9...?
- ჯერ პირადი ნომრის მიხედვით... სამ-სამად... მერე შეიცვლებით...
- გასაგებია... – ხმა შეწყდა.

თიოლამ თავი ასწია და თვალი მოავლო დანარჩენებს.
- პირველი დავალება მივიღეთ: 7-6-5,  4-1-9 და 8-2-3... ამ შემადგენლობით უნდა ვიფრინოთ.
- ანუ?
- ანუ:  №1 - მუკა, მე და ხაკბერი; №2 – იანინა, ლეჰარი და ლებორი; №3 – ლერილა, ანილა და ჯონგი.
- და სულ ასე ვიფრენთ? – ჯონგმა ანილას ჩაჰკიდა ხელი და ახლოს მიიწია მისკენ.
- არა... მერე შევიცვლებით... ახლა კი მრგვალ შენობასთან მივიდეთ ყველანი. დანარჩენებიც იქ მოვლენ.


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები