ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
10 აგვისტო, 2010


თავი 21. ერთიანი გუნდი ("შორია დედამიწამდე...")

მრგვალ შენობასთან თიოლას და ხაკბერს უკვე ელოდნენ მუკა და ლეჰარი, მათ მიერ ნაპოვნ სამ პატარა ვარფიმელთან ერთად.
პატარებმა თვალებით აზომეს ერთმანეთი და... გაიღიმეს.
გაცნობა ნაწილობრივ შედგა.
ახლა საჭირო იყო თითოეულის ფუნქცია შეესწავლათ და დაეფიქსირებინათ.

თიოლამ ჯიბის კომპიუტერი მოიმარჯვა და ცხრავე სახელი ჩამოწერა, პირადი ნომრების მიხედვით.
- მე სახელს ამოვიკითხავ და თქვენ მითხარით, ვის რა გეხერხებათ, რისი უნარი გაქვთ. პირველი ნომრით დავიწყოთ: ლეჰარ...
- სმენითი კონტაქტი მაქვს ვიღაც თუ რაღაც ლოდთან... მაქვს დიდი ფიზიკური ძალა, ამტანი ვარ ხანგრძლივი დატვირთვის დროს... კარგად ვცურავ...
- ძალიან კარგი... დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. მეორე ნომერი, ანილა...
- შეუიარაღებელი თვალით ვხედავ ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებს... ქიმიურსაც.  ძალიან კარგად ვერ ვცურავ, თუმცა ცურვა ვიცი... რასაც დამავალებთ, გავაკეთებ, მაგრამ... გადაწყვეტილებას ჩემით ნუ მიმაღებინებთ... მეშინია, არ შევცდე.
- მიღებულია... ნომერი სამი, ჯონგი...
- კარგად ვიცი კომპიუტერული ტექნიკა. შემიძლია ახალი პროგრამის შექმნა და ინფორმაციის ნებისმიერ დონეზე დამუშავება. ხო, სამშენებლო საქმეც მეხერხება. შემიძლია შენობის დაპროექტებაც.
- ცურვა იცი?
- არა... სულ არა... წყლის მეშინია.
- კარგი... მიღებულია. ნომერი ოთხი, - იანინა...
- ჩემი ყველაზე დიდი პლუსიც და მინუსიც ისაა, რომ ჩხირკედელაობა მიყვარს. მაინტერესებს აპარატურის შიგა მოწყობილობა. შემიძლია დავშალო და ზუსტად ისევე ავაწყო ნებისმიერი სირთულის აპარატურა... დაშლასაც ვერ შეამჩნევს ვერავინ. კიდევ ვხატავ და ვხაზავ. საკმაოდ კარგად... ნებისმირი სირთულის ნახაზის დახაზვა და მერე ამ ნახაზის მიხედვით მისი ხორცშესხმულად დახატვა შემიძლია.
- ცურვა თუ იცი?
- კი, სუფთა წყლებში – შემიძლია...
- მიღებულია... ნომერი ხუთი... ხაკბერ, გააცანი შენი თავი დანარჩენებს.
- შენ უკეთ არ მიცნობ? ოთხი წელია ერთ ოთახში ვცხოვრობთ...
- მე დაგახასიათო? კარგი, ბატონო... ხაკბერს საოცარი თვალები აქვს. შემიძლია ვუწოდო “თვალი-ფოტოაპარატი”... და მერე ამ სურათებს საოცარი სიზუსტით აფიქსირებს მონიტორზე. ანუ სურათს იღებს ფოტოაპარატის გარეშე. ეს კი ძალიან საჭიროა ჩვენთვის. ხო, კიდევ, პიქტოგრამაში ცენტრალური ფიგურაა. ყველა არხი – მასზე გადის. ის არის ჩვენი შემაკავშირებელი.
- ვაახ, მეგონა ეს შემაკავშირებელი რგოლი შენ იქნებოდი... – საუბარში ჩაერთო ლერილა, - ძალიან განსხვავებული ხარ ჩვენგან. სხვა ფერი გაქვს...
- არა, ეს რგოლი – ხაკბერია! შემდეგი – მე ვარ, ნომერი ექვსი. ვინც არ მიცნობთ, თიოლა მქვია. მაქვს გამძაფრებული ინტუიცია. სმენითი კონტაქტი მაქვს სხვა ცივილიზაციებთან და საერთოდ, კოსმიურ სამყაროსთან... იქიდან ვიღებ ინფორმაციებს. მე მავალია ამ ინფორმაციების მიღება, მათი დამუშავება, პროცესების ორგანიზება  და ფუნქციების გადანაწილება დანარჩენ რვა წევრზე.
- ანუ, სულ შენს ნებაზე უნდა ვიაროთ და შენს დაკრულზე ვიცეკვოთ? – ხმაში გაბრაზება შეერია ლერილას.
- ასე გამოდის, ჩემო კარგო!... მოგიწევს ამ ფაქტთან შეგუება. ვაგრძელებ, ნომერი შვიდი, მუკა!
- ჩემზეც შენ ისაუბრე, თიოლა... მეც მიცნობ უკვე. მაგრამ ჯერ თიოლას შესახებ მინდა დავამატო მცირე ინფორმაცია: საუბრის დროს თიოლა ყველას ნათქვამ სიტყვას ისე იმახსოვრებს, გეგონება ჩაიწერა სადმეო... 10 ფურცელიც რომ იყოს, ერთხელ მოსმენილშიც კი, ერთი სიტყვა არ გამორჩება! და თუ რამე დაწერილი ნახა, იმასაც იმახსოვრებს. ზეპირად შეუძლია გადმოგცეთ ერთხელ წაკითხული უზარმაზარი ტექსტი.
- ფანტასტიურია! – აღფრთოვანება ვერ დამალა ჯონგმა.
- კარგი... ვაგრძელებთ, - თქვა თიოლამ, - შემდეგია ნომერი შვიდი, მუკა... მუკა არის ჩვენი კომპიუტერული ტვინი. რამდენადაც ხაკბერი ცენტრალური ფიგურაა, იმდენად მუკაა ჩვენი თავი!... მას ვნიშნავ სამივე საფრენი აპარატის მეთაურად. მის ბრძანებას დაემორჩილება ყველა საფრენი აპარატი, სადაც და რა სიტუაციაშიც გინდა მოხვდნენ. მუკასთან გვექნება პირდაპირი კონტაქტი ყველას, ჩემი ჩათვლით!
- უუფ, რა კარგია?!... არ გადაინაწილეს ფუნქციები? ჩვენ რაღა ვაკეთოთ?! – არ ჩერდებოდა ლერილა.
- შენი ჯერია, ლერილა... ნომერი რვა! გვითხარი, რა შეგიძლია და... მერე განვსაზღვროთ შენი ფუნქცია.
- მე... ცურავა არ ვიცი... არც ჩხირკედელა ვარ და არც სმენითი კონტაქტი მაქვს ვინმესთან. ჩვეულებრივი ვარფიმელი ვარ. კარგად ვფლობ იარაღის დამშლელ წითელ სხივს და არ მიყვარს მომწვანო-ოქროსფერი სხივის მიშველება... და კიდევ ლექსებს ვწერ...
- მდაა... სულ ეს არის, რისი თქმაც შეგიძლია? – დაფიქრდა თიოლა, - და შენ რაში უნდა გამოგვადგე ფრენის დროს? ლექსები რაში გამოგვადგება?!
- ეს? ნერვებს აგვიშლის... ფანტასტიურად გამოსდის ეს საქმე! – ჩაერთო საუბარში ლებორი, - ოთხი წელია მასთან ვარ ოთახში და სხვა არაფერი უკეთებია. სხვა რომ მოვნახოთ მსგავსი პიქტოგრამით, არ გამოვა? ნერვებს აგვიშლის მხოლოდ!
- ვნახოთ... კარგი იდეაა... ჯერ შენს შესახებ მოგვიყევი, ლებორ...
- რა აქვს სათქმელი? – ისევ ალაპარაკდა ლერილა, - ესეც ლექსების წერით ერთობა. და კიდევ იანინას იცავს-ხოლმე ჩემგან, როცა ვეჩხუბები, იარაღებსა და აპარატურას ნუ შლი-მეთქი...
- ლექსების წერის გარდა რა შეგიძლია, ლებორ?
- კარგად ვყვინთავ. ძალიან დიდხანს ვძლებ წყლის სიღრმეში. და კიდევ მეუბნებიან, რომ სიტყვის ძალას ვფლობ. კარგი დეკლამატორი ვარ... ზუსტად შემიძლია სიტყვიერი აღწერის მეშვეობით სურათის გადაცემა სხვისთვის. თუ ვინმეს რამეს მოვუყვები, რა თავისი თვალით უნახავს და რა ჩემთვის მოუსმენია, უმნიშვნელო დეტალებსაც კი არ ვტოვებ უყურადღებოდ...
- ოოო, აი ეს კი ძალიან კარგია! ანუ რასაც იტყვი, ის ზუსტად შეუძლია დახატოს იანინამ... ასეა?
- დიახ... ასეა! – დაემოწმა იანინა. 
- გამოდის თქვენი წყვილის დაცილება არ შეიძლება! ვიკითხავ, როცა დამიკავშირდებიან.

ლოდინი დიდხანს არც დასჭირვებიათ, თიოლამ ყიფლიბანდიდან გაიგონა ხმა:
- თიო, ლერილა უნდა მოიცილოთ თავიდან. მის ნაცვლად შემოგიერთდებათ დალილა... ის ახლა თქვენსკენ მოემართება. იცნობ, ვარდისფერი კომბინეზონი აცვია. თქვენზე უმცროსია, მაგრამ არც თუ ძალიან ბევრით. მასაც სრულყოფილი პიქტოგრამა აქვს. ისიც № 8 არის...
- მითხარი მისი პირადი ნომერი...
- 765 419 832-8...
- უი, ჩვენი მომდევნო ასეულიდან ყოფილა... ლერილა როგორ მოვიცილოთ?
- ლერილას იმ ბინაში დატოვებთ, სადაც ცხოვრობს და თქვენ, ცხრავე გადახვალთ ახალ კომპლექსში, სადაც ყველას თქვენი საკუთარი ოთახი გექნებათ. ამის შესახებ სულ მალე შეგატყობინებენ გამანაწილებელი ცენტრიდან. ახლა კი დალილა მონახე.
- კარგი, გასაგებია... აი, დავინახე....  დალილააა, - დაიძახა თიოლამ.
- მე მეძახი? – შემობრუნდა პატარა მდედრი და გაოცებული თვალებით შეხედა თიოლას, რომელმაც მისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
- ჰო... შენ ხომ დალილა ხარ? და შენი პირადი ნომერია 765 419 832-8...
- კი, ნამდვილად მე ვარ. თქვენ რა იცით? – დანარჩენებს მოავლო დიდი შავი თვალები.
- ჩვენ, ჩემო დალილა, ყველაფერი ვიცით, - თქვა ლეჰარმა და გაუღიმა.
- დალილა, რამდენიმე კითხვაზე უნდა გვიპასუხო: რისი უნარი გაქვს, ისეთი, რომელიც სხვათაგან გამოგარჩევს... იცი თუ არა ცურვა და შეგიძლია თუ არა ყვინთვა, -  თიოლამ ჯიბის კომპიუტერი მოიმარჯვა ინფორმაციის შესატანად.
- ცურვა და ყვინთვა ძალიან კარგად ვიცი... უნარი კი... ეს გამოდგება? ნებისმიერ სულიერ თუ უსულო სხეულში ვხედავ მათში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს...
- ვაშააა... ჩვენიანია ესეც! ვიპოვეთ მეცხრე წევრიც... ლერილა, შენ სახლში დაბრუნდი. ჩვენი შემადგენლობის გვერდით ამოვარდნილი კბილივით ხარ... ჩვენ შენთან ყოფნა არ გამოგვადგება. შენ სხვა შემადგენლობა უნდა იპოვო.
- არც მჭირდებით... დამღალა თქვენმა უაზრო დევნამ! კარგად ბრძანდებოდეთ! – თქვა ლერილამ, შებრუნდა და უკანმოუხედავად წავიდა.

სულ მალე თიოლას ჯიბის კომპიუტერში ზარი შემოვიდა.
“გამოცხადდით გამანაწილებელ ცენტრში”... – ეწერა ეკრანზე.

- მე გამანაწილებელ ცენტრში დამიბარეს. წამომყვებით ვინმე?
- მე წამოვალ, თიოლა... – თქვა ლებორმა და თიოლას გვერდით ამოუდგა.

ვიდრე დარჩენილებმა ერთმანეთი კარგად გაიცნეს, თიოლა და ლებორიც დაბრუნდნენ ცენტრიდან.

თიოლამ ხაკბერი, ლეჰარი და მუკა გაიხმო გვერდით.
- თქვენი დახმარება მჭირდება. ცხრაბინიან სახლში გადაგვიყვანენ სულ მალე. ამ კომპლექსში ცხრა მცირე და სამი დიდი ანგარი იქნება.
- როგორ, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს? – აღშფოთდა ლეჰარი, - მე არ ვარ თანახმა.
- პირიქით, ლეჰარ, ყველანი ერთ კომპლექსში გადავდივართ-მეთქი...
- ხო, მაგრამ... ერთ ოთახში ვეღარ დავიძინებთ, ერთი აპარატიდან აღარ მივიღებთ საკვებს...
- მერე?
- რა მერე? მე მინდა რომ ერთად ვიყოთ... უფრო მშვიდად ვარ.
- ლეჰარ, ჩვენ გვექნება საკუთარი საძინებლები, საკუთარი სამუშაო კაბინეტები და ერთიც - საერთო ოთახი, ერთმანეთთან ურთიერთობისთვის. ამავე ოთახში იდგება კვების აპარატიც.
- აბა ცხრაბინიანიო? გამოდის ერთ უზარმაზარ სახლში გვიცხოვრია, რომელშიც მინიმუმ 19 ოთახი იქნება...
- არა, ლეჰარ... ყველას ჩვენ-ჩვენი ბინა გვექნება, რომელსაც ჩაკეტავ, თუ გინდა და ვეღარავინ შემოვა შენთან.
- და კვების აპარატი თუ საერთო უნდა იყოს? რომ ჩავკეტო, მშიერი უნდა დავრჩე?
- არა, რადგან ჩვენ კვების ინდივიდუალური აპარატებიც გვექნება. მშიერი არ დარჩები, ნუ გეშინია... თანაც მოსაზღვრე ბინებს ურთიერთგამავალი კარები აკავშირებთ
- არ ვიცი არაფერი, ჩემს გვერდით შენ და ხაკბერი უნდა იყოთ... რა თანამიმდევრობითაც დავიბადეთ, იმ თანამიმდევრობით შევიდეთ ბინებშიც...
- კარგი, ბატონო, იყოს ნება შენი!
- არა, მოიცა, მაშინ შენ ვის გვერდით გამოდიხარ?
- ჯონგის და შენს გვერდით... – გაეღიმა თიოლას.
- თიოლა, დახმარება რაში გამოიხატება? – საქმიანი სახით იკითხა მუკამ.
- რაში და... ჩვენ ხომ პულტები და იარაღი გადავაკეთეთ? ის პულტები თავის აპარატიანად ჩვენს კომპლექსში უნდა გადმოვიტანოთ, აქაურები კი - იქით გადავზიდოთ. თანაც ისე, რომ ვერავინ მიხვდეს ამ ცვლილებას. და იარაღები კი საერთოდ უნდა დავმალოთ.
- რა საჭიროა ეს ჩუმათობა?
- იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ არ ვექვემდებარებით დემატერიალიზაციას... ამდენად არც ამ იარაღის გამოყენების უფლება გვაქვს... და მითუმეტეს მისი გადაკეთების უფლება!
- მაშინ რატომ მოგვცეს? – გაუკვირდა ხაკბერს.
- ჩვენს პირად ნომერზე იყო დამზადებული და იმიტომ. საჭირო დრომდე უნდა შეგვენახა ხელუხლებლად... – გაეცინა თიოლას, - ახლა ასე ცალკე რატომ გიხსნით, - არ მინდა სხვებმაც გაიგონ, რომ იარაღი გადაკეთებულია. რაც ნაკლებს ეცოდინება, მით ნაკლებია საიდუმლოს გაჟონვის საფრთხე.
- ხო, მართალი ხარ... – დაეთანხმა ხაკბერი.

მუკამ და ლეჰარმაც თავები დაუქნიეს თანხმობის ნიშნად და დანარჩენებთან მივიდნენ.
- ახლა ყველანი წავალთ სახლებში და ჩვენს პირად ნივთებს წამოვიღებთ. 2 საათს გაძლევთ დროს. 2 საათში ყველანი რომ აქ იყოთ ისევ. ახალ კომპლექსში ერთად შევალთ.
- მეც უნდა წამოვიღო ჩემი ნივთები? – იკითხა დალილამ.
- რა თქმა უნდა?! შენ ახლა ჩვენი გუნდის წევრი ხარ!



* * *
ორი საათიც არ იყო გასული, რომ ცხრავე პატარა ვარფიმელი დიდ მრგვალ სახლთან შეიკრიბა და ახალი კომპლექსისკენ აიღეს გეზი.

ახალი კომპლექსი შორიდან ერთიან ვერცხლისფერ ცილინდრს მოგაგონებდათ, თუმცა ცხრა უკარფანჯრო “მილისგან” შედგებოდა. თითოეულ “მილს” ჰქონდა ცალკე შესასვლელი, ლიფტი, საძინებელი, კაბინეტი, სასტუმრო ოთახები, ოთახი-გარდერობი, აბაზანა და ტუალეტი.

სინათლე სულ ზედა სართულზე – სახურავიდან ჩადიოდა. იქ იყო მათი სასტუმრო ოთახები, რომლებიც ერთ დიდ საერთო დარბაზში გადიოდა. ამ ოთახს ათი კარი ჰქონდა: ცხრა – ბინებში გასასვლელად და ერთიც – ცენტრალურ შემოსასვლელს უკავშირდებოდა.

დანარჩენ ფართობზე ოთახები ხელოვნური შუქით ნათდებოდა. სასტუმრო ოთახების ქვეშ განლაგებული საძინებლებიდან კარი გადიოდა აბაზანებსა და ტუალეტებში.
კიდევ ერთი სართულით ქვემოთ მდებარეობდა კაბინეტები, რომლებსაც მეზობელი ბინის კაბინეტთან ჰქონდა საზიარო კარი. ეს კარი ორივე მხრიდან იკეტებოდა და მისი გახსნა მხოლოდ ორმხრივ სურვილზე იყო დამოკიდებული.

სართულიდან სართულზე გადაადგილება ხდებოდა როგორც ლიფტით, ისე კიბით.
კაბინეტიდან საფრენი კაფსულის ანგარში მოხვედრა მხოლოდ ლიფტით იყო შესაძლებელი, საიდანაც კიბე ჩადიოდა დიდ ანგარებში. სამი დიდი ანგარი, საფრენი დისკებისთვის სულ დაბლა, საერთო ოთახის ქვეშ იყო განთავსებული. სამივე დიდი ანგარი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და საერთო კიბით ეშვებოდა დაბლა, ცენტრალურ შემოსასვლელში.

მისვლისთანავე ყველანი  დიდ ოთახში შეიკრიბნენ და თიოლამ სია ამოიკითხა, ვინ ვის გვერდით უნდა განთავსებულიყო.
- პირველ ბინაში, გასასვლელთან ყველაზე ახლოს იქნება მუკა. მის გვერდით, მეორეში - მე და მერე, მესამეში – ხაკბერი. ჩვენი ურთიერთდაცილება არ შეიძლება! ხაკბერის გვერდით, მეოთხე ბინაში – ლეჰარია... მეხუთეში – იანინა, მეექვსეში – ლებორი... ესეც დაუცილებელი წყვილია. იმედია, ჯონგი არ დაფრთხება ორი მდედრის გარემოცვაში... ამ მდედრთა დაცილებაც არ ეგების! ორგანიზმში მიმდინარე, ერთი ქიმიურ და მეორე – ბიოლოგიურ პროცესებს ხედავს...  ასე რომ მეშვიდეში ბინაში მოთავსდება დალილა, შემდეგ, მერვეში – ანილა და ბოლოს, გასასვლელთან ახლოს, მეცხრეში – ჯონგი .
შეგიძლიათ განაწილდეთ და მოეწყოთ.


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები