ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2010


მეგვირილება (განწყობა)

სანამ აისი აღმოსავლეთით კიდეს მოაჭრის
ღამეს, სიზმრები გადააჭარბებს რიცხვით ათასებს,
გადმოაწყდება მოუთოკავად ღრუბლის მოაჯირს
წვიმა, სიჩუმეს და ძილს ბალიშის ქვეშ მოათავსებს.
როგორც ყოველთვის, დღესაც ჩვეულად ვიღვიძებ სისხამ
დილით და გულსაც გარეთ უნდება გასეირნება,
გადაბელილი ჭადრები ქოლგებს ფოთლებად ისხამს,
ოთახში თბილა და დაიორთქლეს თავი მინებმა,
გავალ, შენსავით უნდა ავივსო თვალები წვიმით,
რომ უფრო მეტი ფერით აღვიქვა გარემოება,
მერე ზეცისკენ თავაწეული, ხელებაწვდილი,
ვუყურებ დიდხანს, წვეთებს სიშორე როგორ მოება.
სხვა რამე დიდად აღარ მაფიქრებს, აღარც ეჭვია,
ღრუბლები–ველზე გაჭრილი რემა, არ ყავთ მხედარი,
ისუნთქე ხარბად მათი სინესტე და მიეჩვიე,
ყველაფერი რომ მეგვირილება შენს შემხედვარე.
ისე მოვერგე მარტოდ ხეტიალს, ვეღარც ველევი,
ვამბობ, რომ წვიმამ როგორც ყოველთვის ასე ინება.
აღარაფერი უჩვეულო და გაურკვეველი..
ქუჩა..
          ქოლგები..
                            ქვაფენილები..
                                                    გასეირნება..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები