ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
21 ივლისი, 2008


თავი 36. “გია წავიდა”... ("მაგდა")

- გიააააა! - ლეას ეს ხმა, საშინელი, გულიდან ამოსული კივილის ხმა ძალიან დიდხანს სდევდა გიას.

მოსკოვში ჩასული, პირველ ყოვლისა, ჰოსპიტალში მივიდა და ალექსეი მოინახულა.
ძალიან გაუხარდა ალიოშკას გიას მისვლა.
- რას შვები, როგორ ხარ? თავი როგორ გაქვს? - მიაყარა კითხვები გიამ.
- ვარ, რა... დაგორებული... დღეს 22-ე  დღეა... ვითომ 21 დღე უნდა ვწოლილიყავი და... კიდევ ერთი კვირაო...
- შენც იწექი, რა!
- ხო, არა? სახლი მომენატრა!... შენ რომ მიდიხარ თბილისში, ხომ გიხარია?
- ისე, რა...
- რა “ისე, რა”? არ გიხარია?
- თან ხო და თან არა...
- რა ქარაგმებით მეუბნები? რა გჭირს?
- არ ვიცი, რა მჭირს, ალიოშკა!... თუმცა, როგორ არ ვიცი?! თბილისში – მაგდას გამო არ მინდა ჩასვლა... აქედან – ლეას გამო არ მინდა წასვლა და... მაინც მივდივარ!
- რატომ?
- მიყვარს, გესმის?
- მერე და მაგას რა სჯობს?
- შენ არ გესმის: ორივე მიყვარს, მაგდაც და ლეაც...
- რაო?
- ჰო... მაგდაც მიყვარს და ლეაც! და თბილისში არ მინდა ჩასვლა იმიტომ, რომ არ ვიცი, რას ვიზამ, თუ მაგდას ვნახავ!
- აბა, ლეა?
- ჰო, ლეაც სიგიჟემდე მიყვარს... და არ ვიცი, რას ვიზამ, დიდხანს თუ ვერ ვნახავ...
- გია, არ გეწყინოს, მაგრამ... შენ არცერთი არ გყვარებია! ეს შენი უბედურებაა: შენ არ იცი, რა არის ნამდვილი სიყვარული!
- შენ წარმოიდგინე, რომ ვიცი...
- ვერა, ვერ წარმოვიდგენ! შენ არ იბრძვი შენი სიყვარულისთვის... არაფერს აკეთებ და არც გააკეთებ მაგდას დასაბრუნებლად... და არაფერს აკეთებ ლეასთვისაც, რომ არ დაკარგო ეს ანგელოზივით გოგო!
- მაგდასთვის რა უნდა გავაკეთო, ხანჯლით მივუვარდე ოჯახში და ძალით წამოვიყვანო?
- და ლეასთვის?
- ლეას გამო – მთელ ოჯახს გადავუდგე?
- ელაპარაკე თქვენებს?
- არა, ჯერ... სახლში არაფერი იციან!...
- დალოცვილო, აბა, იქნებ არც არიან წინააღმდეგნი?
- ეეჰ, ალიოშკა... შენ არ იცნობ ჩემებს... მართლა, ჩემთან არ ჩამოხვალ? ჩამოდი, მესტუმრე... საქართველოს დაგათვალიერებინებ...
- და მე რომ რუსი ვარ?
- მერე რა? მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
- აბა, ლეასთან დამოკიდებულებაში რა მნიშვნელობა აქვს, რუსია თუ ქართველი?!... გია, მიზეზი შენ ოჯახში კი არა, შენშია თავად! კაცურად თქვი, რა, რომ სანამ მაგდას ამბავს არ დააზუსტებ, არ გინდა ლეას გამოჩენა?!

ხანგრძლივი პაუზა ისევ ალექსეიმ დაარღვია.
- საქართველოში ბევრი რუსი ცხოვრობს?
- კი... რატომ მეკითხები?
- ანუ, შერეული კავშირები მოსულა, ხო?
- ხო... ხომ ვისაუბრეთ ამაზე უკვე?!
- ხო... თუ ლეას ჩაიყვან, თეთრი ყვავივით არ გამოჩნდები, იმედია!
- არა, არ გამოვჩნდები... მაგრამ, ჯერ ვერ ჩავიყვან! ვიდრე დედას არ ვნახავ!
- არა, გია... უმჯობესია, თქვა: ვიდრე მაგდას არ ვნახავ-თქო!
- თუნდაც ასეც იყოს, რა იცვლება ამით?
- არაფერი... კარგია, რომ ამოთქვი!... არ დაგაგვიანდეს... რომელზე გადის მატარებელი?
- საღამოს... 8-ზე...
- უნდა გაიარო კიდევ სადმე?
- არა, მხოლოდ მაღაზიებში შევივლი... ჩემს დაიკოს და ძამიკოს უნდა ვუყიდო რამე!...
- მაშინ დროზე უნდა წახვიდე, გია... დაგაგვიანდება!
- კარგად იყავი, ალიოშკა... და გმადლობ... ყველაფრისთვის გმადლობ...
- რისთვის, გია?
- იმისთვის, რომ ძნელ წუთებში ყოველთვის გვერდით მედექი... იმისთვის, რომ ნამდვილი მეგობრობა შეგიძლია... იმისთვის, რომ ლეა გადამირჩინე...
- კარგი, ხო... არაფერი გამიკეთებია მასეთი...
- გაგიკეთებია, ალიოშკა, გაგიკეთებია! ვალში ვარ შენთან!... აბა, კიდევ ერთხელ გმადლობ და... წავედი! თუ ჩემთან ჩამოხვალ, გამახარებ...
- მე კი იმით გამახარებ, თუ ლეას არ მიატოვებ... არ იმსახურებს ეს გოგო ამას!...

გია ალექსეის გადაეხვია და პალატა დატოვა.
გია წავიდა.

ალექსეი კი დიდხანს იჯდა გაუნძრევლად და მხოლოდ ერთხელ გაუელვა ამ ფიქრმა, რომელიც მაშინვე უკუაგდო:
- ეჰ, გია, გია... ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს... ჩემდა სამწუხაროდ, ლეამ შენ ამოგირჩია, თუმცა მეც ძალიან მომწონდა და შენ რომ არა, ახლა, ალბათ, ლეა ჩემი საცოლე იქნებოდა...  რა სისულელეზე ვფიქრობ?! ეხ, რა სულელი ხარ, ალექსეი!... ლეა დაივიწყე! ის შენი მეგობრის საცოლეა... იგივე შენი ძმის საცოლე! და მეორედ აღარც კი გაივლო ეს გულში!


* * *

მატარებელში მთელი 2 დღე ჰქონდა გიას საფიქრებლად!

2 დღე ეგდო საწოლზე, ხან ეღვიძა და ფიქრობდა, ხან ეძინა და სიზმარში მაგდალეას ხედავდა! თავს არ უტყდებოდა, მაგრამ ალექსეიმ სიმართლე უთხრა გიას: ვიდრე მაგდას ამბავს საკუთარი ყურით არ მოისმენდა, ვიდრე მაგდას საკუთარი თვალით არ ნახავდა, არ უნდოდა ლეას თბილისში ჩაყვანა. 

ხანდახან მატარებლის დერეფანში გავიდოდა. 
ღია ფანჯრებიდან მონაბერ ნიავს უშვერდა ფიქრებით გახურებულ შუბლს.
და რაც უფრო უახლოვდებოდა თბილისს, მით უფრო ეკუმშებოდა გული... თითქოს ვიღაც უჭერდა გულზე ხელს და მისი ბოლომდე გამოწურვა უნდოდა!
კიდევ კარგი, კუპეში მაინც შეხვდა ისეთი ხალხი, რომ ბევრი ლაპარაკით არ აწუხებდნენ... არ უნდოდა არავისთან საუბარი...
ფეხზე დგომით რომ იღლებოდა, თავის საწოლზე შეხტებოდა და დაბლა აღარ ჩამოდიოდა-ხოლმე საათობით.

თავის გონებაში ესაუბრებოდა ხან ლეას, ხან მაგდას...
გია მაგდას სთხოვდა პასუხს, ლამის დაკითხვას უწყობდა: “რატომ გათხოვდი?...” “რატომ გამცვალე სხვაში?...”  “რად მიმატოვე?...”                       
ლეა გიასგან ითხოვდა თითქმის მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემას: “რატომ წახვედი, ან ვისთან წახვედი?...” “რად მიმატოვე?...”
და არ ჰქონდა პასუხი გიას არცერთ კითხვაზე: არც მის მიერ დასმულზე და არც პასუხგასაცემზე...

და მაინც ყველაფერს აქვს დასასრული და ეს გზაც დასრულდა!
თბილისი!
დიდი ხნის უნახავი თბილისი!
გულის გულამდე მონატრებული თბილისი!!!

გიამ ფანჯრიდან გაყო თავი და დაინახა კიდეც მისკენ სირბილით მომავალი უმცროსი ძამიკო, - გურამი, რომელიც ხელჩაკიდებული მოარბენინებდა შუათანა დას, ხათუნას. დედა, მამა და რამდენიმე მეგობარი კვალში მოჰყვებოდნენ ხათოსა და გურამს.

და მიხვდა გია, თუ როგორ მოენატრა ეს ხალხი... რაოდენ ძვირფასი იყო ყოველი მათგანი მისთვის...
სწრაფად ჩავიდა ვაგონიდან და გურამი ხელში აიტაცა.
გურამმა ხელები შემოხვია კისერზე და ტკიპასავით მიეწება.
- ცუდო, მეც მიმიშვი გიასთან! - ამოიბუზღუნა ხათუნამ და გიას ხელები შემოხვია.
გიამ მეორე ხელით ხათო ჩაიკრა გულში.
ამასობაში დედაც მიუახლოვდა.
გიამ გურამიკო დაბლა ჩასვა და დედას გადაეხვია, შემდეგ – მამას, მერე – მეგობრებს...
- როგორ მომენატრეთ, ხალხოოოო!.......

სახლში დაბრუნებულს მაგიდა გაშლილი დახვდა...
- მშია, დეეე!
- ახლავე, დედიკო! 10 წუთში იქნება ხაჭაპური!... - ციბრუტივით დატრიალდა ქეთო... ცომი წინასწარ ჰქონდა მოზელილი და, მართლაც, სულ რაღაც 10 წუთში, გიას თეფშზე ედო ცხელი, უგემრიელესი ხაჭაპურის მოზრდილი ნაჭერი, საიდანაც სქლადჩადებული ჩამდნარი ყველი ვულკანის ლავასავით ცდილობდა გადმოღვრას.
- ბავშვებო, დაანებეთ ბიჭს თავი! ეს ჩამოვიდა, დედა, თორემ კი არ მიდის?! - ცდილობდა ქეთო უმცროსების დაშოშმინებას, რომლებიც გაუჩერებლად ელაპარაკებოდნენ და ეფერებოდნენ უფროს ძამიკოს, - მოდით, თქვენც ისაუზმეთ ბარემ... გურამიკო, ვის ვეუბნები?! დაანებე გიას თავი და ნუ დაახრჩვე ბიჭი ამდენი ხვევნით... მოდი, გვერდით მიუჯექი და შენც ჭამე ხაჭაპური!... ხათო, შენც გეხება ეს...

ლევანიც მაგიდას მიუჯდა, ხაჭაპური გადაიღო და...
გიას მიაჩერდა, - დაკაცებულიყო გია!
მის წინ აღარ იჯდა პატრა ბავშვი! გია  კ ა ც ი  იყო უკვე, რომლისთვისაც ანგარიში უნდა გაგეწია, რომლის აზრიც უნდა გაგეთვალისწინებინა!... და ლევანმა რაღაც შინაგანი სიამაყე იგრძნო, - მოესწრო შვილი!...
- ჭამე, შვილო, ჯერ!... გაცივდება... არ მოგენატრა დედაშენის ნახელავი?
- კი, მამა, შევჭამ... გურამიკო, მოდი, ჩემს გვერდით დაჯექი და ერთად ვისაუზმოთ, კარგი?... მაცადე, ბავშვო!...

ისეთი სიყვარულითა და მოწიწებით შეჰყურებდნენ ოჯახის წავრები, რომ გიას ხმამაღლა გაეცინა:
- რა გჭირთ ყველას?! რატომ მიყურებთ ასე? მოსკოვიდან ჩამოვედი, მარსიდან ხომ არა?!...
- გია, მოსკოვი შორსაა? - იკითხა გურამიკომ.
- კი, პატარა, შორსაა!
- და მაგიტო არ ჩამოდიოდი-ხოლმე? ჰააა?
- ხო, მაგიტომ... და თანაც, არც მიშვებდნენ... ჯარში ვიყავი, გურამჩიკ, ჯარშიიიიი!
- სადაც შენ იყავი, თოფსაც გასროლინებდნენ ხოლმე? - ხმაში ეჭვი შეეპარა გურამს.
- კი, თოფსაც... და ტანკიდანაც მისვრია...
- ტანკშიც მჯდარხარ?
- კი, გურამ, ძირითადად, სულ ტანკში ვიჯექი...
- და ტანკის წაყვანაც იცი? - თვალები გაუფართოვდა ბავშვს.
- კი, ვიცი... და ბეტეერის წაყვანაც, და კიდევ მანქანის და მოტოციკლეტის... - გიამ ოდნავ შეგრილებული ხაჭაპურის ნაჭერი გადაუღო თეფშზე, - ჭამე თან...
- მატარებლის და გემის? და თვითმფრინავის?...
- არა, გურამ, მათი წაყვანა არ ვიცი... - ხმამაღლა იცინოდა გია.
- მე მარტო ველოსიპეტის... - ჩაილაპარაკა გურამმა და უცებ გაჩუმდა.
- არაფერია, მამიკო, შენ რომ დიდი გაიზრდები, მერე შენ ისწავლი ყველაფრის ტარებას, - ჩაერია საუბარში ლევანი.
- ხო, მაგრამ... ეს როდის იქნება?!... - ნაღვლიანად წარმოთქვა და გიას მიერ გადმოღებული ხაჭაპური ჩაკბიჩა, - მაგდას რომ სცოდნოდა, რომ ამდენი რამის ტარება იცი, აუცილებლად მოვიდოდა-ხოლმე ისევ...

ამის გაგონებაზე გიას ლუკმა გადასცდა და კინაღამ დაიხრჩო.
- ბიჭო, შენ არ იცი, სად ან როდის რა უნდა თქვა? – გაუწყრა დედა და თან გიას ურტყამდა ზურგში ხელს.
- იცით რამე მაგდას შესახებ? - ამოთქვა გიამ ხველებ-ხველებით.
- გურამ, ხომ დაამთავრე ჭამა? გადი შენს ოთახში.

გურამი ზლაზვნით წამოდგა და თავის საძინებელში გავიდა.
კარი ოდნავ ღიად დატოვა, რომ სასადილო ოთახიდან ლაპარაკის ხმა გაეგონა.
- ვიცი თუ არ ვიცი, მაგ გოგოს სახელი არ ახსენო ამ სახლში! - მკაცრი ხმით თქვა ქეთომ.
- დედა, მე უნდა გავიგო, რა მოხდა.
- რისთვის? რის გაგებას აპირებ? გათხოვდა!... წავიდა, მორჩა!...
- იქნებ შემირიგდეს?
- რაო, ბატონო? ეს მეორედ არ თქვა, გია! განათხოვარ ქალს მე სახლში რძლად არ შემოვუშვებ!
- ქეთო, არ გინდა ასეთი ლაპარაკი...
- რა არ მინდა, ლევან?!... არავინ ახსენოთ ამ სახლში მაგდას სახელი!... მაგდა ამ ოჯახისთვის მოკვდა! კატეგორიულად გიცხადებთ!...
- ეს ოჯახი რომ სდომებოდა, არც გათხოვდებოდა! მაგას არ ვამბობ ახლა: არ გინდა დღეს მაგდაზე ლაპარაკი-მეთქი...- ხმას აუწია ლევანმა.

გურამიკომ თვალთან მომდგარი ცრემლები ჩაიბრუნა, თავისი ოთახიდან გამოძვრა, ტელეფონის აპარატი აიღო, ოთახში დაბრუნდა და კარიც კარგად მიხურა, რომ არავის გაეგონა მისი ხმა. შემდეგ სატელეფონო ცნობარში რაღაც მონახა და დარეკა:

- მაგდა, გია ჩამოვიდა... - ყელში გაჩხერილი ბურთი გადაყლაპა გურამმა.
- ვინ ლაპარაკობს?! რომელი ხარ?!
- მე გიას ძმა ვარ, გურამი...
- ჩემი პატარა გურამიკო, ჩემი კარგი ბიჭი... გურამ, კი, მაგრამ აქ ვინ დაგარეკინა? ჩემი ტელეფონის ნომერი ვინ მოგცა?!
- არავინ, მე თვითონ წავიკითხე... მე უკვე მეორე კლასში გადავედი და კითხვა არ მეცოდინება? - წყენა შეეპარა ბავშვის ხმას.
- და შენ თვითონ დარეკე?... არავის უთხოვია?...
- ჰო, მე თვითონ.. მაგდა, რატომ აღარ მოდიხარ ჩვენთან? მე შენ, იცი, როგორ მიყვარხარ?... მოდი, რა?!... შენ მე სულ მეთამაშებოდი, სხვები კი - არა!... ოღონდ მოდი, და ახალი სათამაშო რომ მაქვს, მაგიდის ფეხბურთი, იმას მოგაგებინებ, თუ გინდა... მოხვალ?... მითხარი, მოხვალ?... ჰა?.....
- ჰო, მოვალ, მოვალ, გურამიკო! შენ ძალიან-ძალიან კარგი ბიჭი ხარ... მეც ძალიან მიყვარხართ და მენატრებით... შენც, ხათოც და...  გიაც!


* * *

გავიდა ერთი კვირა. გიას მაგდასთან არ დაურეკავს...
ძირითადად – ნუკრისთან იყო-ხოლმე, თავის თანაკლასელთან და უახლოეს მეგობართან.
- ნუკრი, მაგდასი ხომ არაფერი იცი? - ჰკითხა ერთხელ.
- არაფერი, გია, გარდა იმისა, რომ გათხოვდაო..
- შენ ნახე? ან ქორწილში იყავი?
- არა... არც გამიგია არაფერი მაგდას ქორწილის შესახებ...
- აბა ვინ თქვა, “გათხოვდაო”?
- თავიდან ვინ თქვა – არ ვიცი... და მერე ყველა ამბობდა... შენთვის არაფერი მოუწერია?
- არა...
- ჰმმ...
- არ შეიძლება ასე! ვინმემ ხომ უნდა იცოდეს რამე?! არავინ იცის ზუსტად, თუ რა მოხდა! ვის ვკითხო, ვის?!
- რა ვიცი, აბა?...
- მაპატიე, რა, წავალ!... - გია წამოდგა, ნუკრის გადაეხვია და სწრაფად გავიდა სახლიდან.

უმისამართოდ მიდიოდა... ისე, უაზროდ... არსაით!...
სიგარეტი მოუნდა. ჯიბეში ხელი ჩაიყო, - ნუკრისთან დარჩენია კოლოფი.
“ახლა სიგარეტისთვის ხომ არ დავბრუნდებიო”, - იფიქრა და გასტრონომის წინ მდგარ ჯიხურთან მივიდა. სიგარეტი და სანთებელა იყიდა და იქვე, მაღაზიის წინ გაჩერდა, რომ მოეკიდებინა.
უეცრად მაღაზიიდან გამოსული ნინო დაინახა, მაგდას დედა!

ნინო დაიბნა...
გიაც შეცბუნდა, მაგრამ დაასწრო და მიესალმა:
- გამარჯობათ, დეიდა ნინო...
- გაგიმარჯოს, გია!... როგორ გამოცვლილხარ, გაზრდილხარ, დავაჟკაცებულხარ... დიდი ხანია, ჩამოხვედი?
- არა, დეიდა ნინო, სულ რაღაც ერთი კვირაა...
- მერე? რატომ ჩვენთან არ გამოივლი? მაგდაც სულ სახლშია...
- სახლში?!... კი, მაგრამ... მაგდა ხომ...
- რა, "მაგდა"?...
- მაგდა ხომ... გათხოვდა?! - ძლივს ამოთქვა გიამ ეს პატარა წინადადება.
- "გათხოვდა"?... საიდან მოიტანე, რომ მაგდა გათხოვდა? არც უფიქრია გათხოვება!...
- დეიდა ნინო, მაშ ეს ყველაფერი... ტყუილი იყო? - სახე გაუბრწყინდა გიას, მაგრამ მომენტალურად გადაეფარა მის სახეს შავი ღრუბელიც, - კი, მაგრამ… ვის დასჭირდა ჩემი ასე მოტყუება? ვის აწყობდა ასეთი ტყუილი?!... მოვალ, დეიდა ნინო, დღესვე მოვალ!...
- ეეეჰ, არა, გია, არა!... შენ თურმე არაფერი არ იცი... მაგდა მოიტაცეს, შარშან ამ დროს... ნამდვილად მოიტაცეს... სადღაც ქალაქგარეთ გაიყვანეს... მაგდა მეორე დილით დაბრუნდა, არ დარჩა იმ ოჯახში... მაგდა ძალიან იყო განერვიულებული. მე იგი თბილისს მოვარიდე და სოფელში გავაგზავნე, სადაც მას ვეღარავინ მიაგნებდა... მეგონა უკეთესს ვაკეთებდი, - უარესი გამომივიდა, მაგდა ფეხმძიმედ ყოფილა!... როცა სოფლიდან ჩამოვიყვანე, ბავშვის მოცილება გვიანი იყო უკვე... ასე რომ მაგდა ახლა დედაა, სამი თვის გოგონას დედა!
- ის... სად არის?...
- არ ვიცი... მაგდას მისი სახელის არც ხსენება უნდა და არც გაგონება!... - ნინო წამით შეჩერდა, თითქოს რაღაცის თქმა თან უნდა და თან არაო, შემდეგ კი თვალი თვალში გაუყარა გიას და უთხრა, - მოდი ჩვენთან... დანარჩენს მაგდა თავად გეტყვის...

ნინო წავიდა, გია კი კიდევ კარგა ხანს იდგა ერთ ადგილზე, შემდეგ სწრაფი ნაბიჯით წავიდა სახლში, სავარძელში ჩაეშვა და ტელეფონს მიაჩერდა.

შარშან ამ დროს მიიღო გიამ მზიას წერილი, რომელშიც ატყობინებდა მაგდას "გათხოვების" ამბავს...

ფეხზე წამოხტა. თავის უბის წიგნაკში ჩაკეცილი წერილი ამოიღო და მეათასედ გადაიკითხა:

"ესეც შენი მაგდა!... "უღალატო"... "მართალი"... ასე თვლიდი მას, მე მგონი, ჩემო გია!
ასე არ არის?...
არ აღმოჩნდა "შენი ცისფერი ფერია"  შ ე ნ ი!... სხვისია! სხვა არჩია შენს თავს!...”


მექანიკურად მოჭყლიტა წერილი.
საფეთქლებს ბაგა-ბუგი აეტეხათ... გიამ ხელები მთელი ძალით მიიჭირა საფეთქლებზე და შეეცადა, აღარაფერზე ეფიქრა!

- გავგიჟდებიიიი! – იყვირა უცებ მთელი ხმით, შემდეგ სახე მკლავებში ჩამალა და პატარა ბავშვივით ატირდა.

არავინ იყო სახლში მის მეტი, ვერავინ ანუგეშებდა... და ვერც ვერავინ დაინახავდა მის ცრემლებს... ამიტომაც გამოარღვიეს გიას ცრემლებმა საგუბარი და ღვარად წამოვიდნენ ნამზეურიან სახეზე.

ვერ ამოიღო გულიდან მაგდა. ვერ დაივიწყა... გულის ძალიან შორეულ კუნჭულში ჯერ ისევ ბჟუტავდა იმედი, რომ იქნებ ეს ყველაფერი ტყუილი ყოფილიყო... ან იქნებ...
და მეტად წინ ვეღარ მიდიოდა მისი ფანტაზია: რა "ან იქნებ?"...

მაგდა უყვარდა! ძალიან უყვარდა! უყვარდა და ეს სიყვარული უდიდეს ტრაგედიად მიაჩნდა: უყვარდა აწ უკვე  ს ხ ვ ი ს ი  ცოლი!

და აი, დღეს გებულობს გია სიმართლეს... მაგრამ სად იწყება ეს სიმართლე და სად მთავრდება სიცრუე?!

გია ისევ ტელეფონის აპარატს მიუჯდა. ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში.

"დავრეკო? კი, მაგრამ, რა უნდა ვუთხრა მაგდას? არ დავრეკო და - რას იფიქრებს მაგდა, "შეეშინდაო?"... ჰმ... "შემეშინდა"!... არაფრისაც არ შემშინებია! რა სისულელეებზე ვფიქრობ?! რისი უნდა შემშინებოდა?!... უბრალოდ, გაბრაზებული ვარ მაგდაზე. რატომ მიღალატა?! რატომ მომატყუა?!... თუმცა, როგორც დეიდა ნინომ მითხრა, მაგდა არაფერ შუაში ყოფილა… და თუ მაგდა არ არის დამნაშავე, მაშინ მე ვყოფილვარ მტყუანი, თითქმის ერთი წელია აღარაფერი მიმიწერია მისთვის... უნდა დავრეკო!... და რა ვუთხრა, "მაპატიე, შვილი რომ გააჩინე-მეთქი?"… შ ვ ი ლ ი!...  ვისი შვილი?! მაგდა, ჩემი "ცისფერი ფერია" ვიღაცის შვილის დედაა!... მაშინ რატომ ვარ მე მტყუანი? იმიტომ რომ მაგდას ეს ვერ ვაპატიე?... ჰო… ვერ ვაპატიე, მაგრამ, რა ვერ ვაპატიე, ძალით მოტაცება?... ვინ იცის, რა დღეში იყო იქ ის საწყალი... არა, უნდა დავრეკო! რაც იქნება, - იქნება! ღმერთო, შენ მიშველე!"

გიამ მაგდას ნომერი აკრიფა.
ყურმილი მაგდამ აიღო.
- ალო, მაგდა, გია ვარ!...

პასუხად ყურმილში ერთი შეკივლება გაისმა, მერე რაღაცის დაცემის ხმა შემოესმა გიას და... ყველაფერი მიწყნარდა.
- მაგდა!...  მაგდა, ხმა გამეცი!... სად წახვედი?! მაგდა!... - ჩაჰყვიროდა ყურმილში გია, მაგრამ უშედეგოდ!

უცებ, "ვაიმე, მაგდაო", - გაიგონა ნინოს ყვირილის ხმა და...
ტუუუუუ... ტუუუუუ... ტუუუუუ... ტუუუუუ...

გიას აღარაფერი ახსოვდა, როგორ წამოხტა ფეხზე, როგორ ჩაირბინა კიბეზე, როგორ მივიდა მაგდას სახლამდე, სადარბაზომდე... როგორ აირბინა მეოთხე სართულზე და ზარი დარეკა!

კარი თითქმის დარეკვისთანავე გაუღეს:…
- მობრძანდით, ექიმო...
და ნინო დაბნეული თვალებით შეჰყურებდა კარებში გაჩერებულ გიას.

- დეიდა ნინო, რა მოხდა?!... სად არის მაგდა?! - შესვლისთანავე იკითხა გიამ, - ეს მე დავურეკე მაგდას!...
ნინომ ხელები აიფარა სახეზე და ჩუმად ატირდა.
გიამ ფერი დაკარგა, - ათასი საშინელი ფიქრი აერია თავში!...
ნინო მაგდას ოთახისკენ გაუძღვა გიას.
თვალდახუჭული და გაფითრებული მაგდა საწოლზე იწვა.
- მაგდა!... - დაუძახა გიამ, - მაგდა, ხმა გამეცი...
- გია, მაგდა უგონოდ არის! ვერაფრით ვუშველე, გონზე ვერ მოვიყვანე. ახლა ექიმს ველი... მალხაზი მაინც იყოს თბილისში... ჩემი დაჩაგრული გოგო, ჩემი პატარა მაგდა!

ქვითინებდა ნინო და თან მაგდას თმაზე ეფერებოდა.

გია საწოლს მიუახლოვდა და მის წინ მუხლებზე დაიჩოქა. შემდეგ მაგდას ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა... ნაზად, ძალიან ნაზად აკოცა და ხელისგული ლოყაზე დაიდო.

ნინო გავიდა.

- ჩემო მაგდა, ჩემო "ცისფერო ფერიავ"!... გახსოვს, შენ რომ მკვდარი გამაცოცხლე? - თავისთვის ბუტბუტებდა გია, - ახლა მე გამოგიყვან ამ მდგომარეობიდან, მე გიშველი, მაგდა! გახსოვს, სურათი რომ გადავიღეთ ფუნიკულიორზე?... ან ის თუ გახსოვს, ჩვენმა კლასებმა ერთად რომ დავდგით სკოლის სცენაზე "მძინარე მზეთუნახავი"? რამდენი ვიხვეწე, "პრინცის როლი მე მათამაშეთ-მეთქი..."  და... მათამაშეს!...  ჩემო "მძინარე მზეთუნახავო", …გაგაღვიძებს, ნეტა, ჩემი კოცნა? თუ ეს მხოლოდ ზღაპრებში ხდება?!

გია წინ გადაიწია და მაგდას ტუჩებს ოდნავ შეეხო ტუჩებით.
ცივი ტუჩები ჰქონდა მაგდას, უსიცოცხლო...
თავზე შემოაჭდო ხელები და უფრო ძლიერად აკოცა. შემდეგ თითი გადაუსვა ტუჩებს, ოდნავ გააღებინა პირი და ისევ აკოცა, ძლიერად, ვნებიანად... ხან ზედა ტუჩს მოიქცევდა ტუჩებში, ხან – ქვედას... ცდილობდა, საკუთარი სითბოთი და სუნთქვით გაეთბო ვარდის სითბოდაკარგული  ფურცლები.

ბეჭებქვეშ ამოუტარა ხელი და მაგდას სხეული ოდნავ წამოწია საწოლიდან, შემდეგ თვითონ დაჯდა საწოლზე და მაგდა მკერდზე მიისვენა. ახლა უფრო ახლოს ყავდა თავისი საუნჯე, უფრო ძლიერად შეეძლო მისი გულში ჩაკვრა.

მაგდამ ოდნავ შეატოკა დახუჭული ქუთუთოები. ეს იყო პირველი სასიცოცხლო ნიშანი იმ ნახევარი საათის განმავლობაში, რაც მაგდამ გონება დაკარგა.

ექიმები კი ჯერ არ ჩანდნენ.

გავიდა კიდევ 10 წუთი, დაძაბული 10 წუთი!...

გიას პატარა ბავშვივით ჰყავდა მაგდა მკერდზე მიკრული და ოდნავ შესამჩნევად არწევდა, თან კი გამუდმებით უკოცნიდა დახუჭულ თვალებს, გაყინულ შუბლს, ფერმიხდილ ლოყებს, სილურჯედაკრულ ტუჩებს...

ლეა გაახსენდა, როგორ ჰყავდა მკერდზე მიკრული დამშვიდობების წინ... და ისევ ძლიერად მოეწურა გული: იქ, შიგნით, გულში ლეაც სტკიოდა გიას... არც ლეა იყო მისთვის სულერთი...

გიას გონება ორ ქალს შორის გაიგლიჯა: ლეა, რომელიც უყვარდა, რომელთანაც ფიზიკური სიახლოვეც აკავშირებდა და სულიერიც თუ მაგდა, რომელიც მისი განუხორციელებელი ოცნება იყო, მისი ფიქრი და სიზმარი, ცხადში არ- თუ ვერახდენილი...

უეცრად გიამ იგრძნო, როგორ შეტოკდა მაგდას სხეული, თითქოს დენის მუხტი გაატარესო. ცოტაც და... მაგდამ თვალი გაახილა.

- მაგდა!... ჩემო მაგდა!... ნუ გეშინია, მე აქ ვარ, შენთან! აბა, შემომხედე, მაგდა!...
მაგდამ თვალები ასწია და გია რომ დაინახა, კინაღამ თავიდან დაკარგა გონი.
გიამ მხარში ჩაავლო ცალი ხელი და ოდნავ შეანჯღრია:
- მაგდა, რა მოგდის? გონს მოდი!.. შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ?
მაგდას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ხელები აიფარა სახეზე და მწარედ ატირდა.
- გახსოვს, მე რომ გთხოვე, "ჩემს საყვარელ ზღვისფერ თვალებში ცრემლი არ დამანახო-მეთქი?" მე ახლაც იგივეს გთხოვ, მაგდა!... მე შენ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ! ეს არის მთავარი... დანარჩენი ყველაფერს ეშველება, მოევლება!...

გიამ ხელები მოხვია და მაგრად ჩაიკრა გულში. მაგდა მკერდზე მიეყრდნო, ცრემლებით დაუსველა პერანგი...

გიამ ნიკაპში ამოსდო ხელი და თავი ააწევინა, ცრემლიან ზღვისფერ თვალებში ჩახედა, - რამხელა ტკივილი ჩანდა ამ ორ უძირო ტბაში! ტკივილი, სიხარული, სიყვარული, შიში!... - ყველაფერი ერთად!
და რა უმწეო იყო თვალცრემლიანი მაგდა...
გიამ მეტს ვეღარ გაუძლო და მაგდას ტუჩებს დაეწაფა.

მაგდამ კოცნაზე კოცნით არ უპასუხა... არანაირად არ აგრძნობინა, რომ მის გვერდით საყვარელი მამაკაცი იყო, მამაკაცი, რომელიც მზად იყო ყველაფერი ეპატიებინა მისთვის და სულ თავიდან დაეწყო ყველაფერი...

გიამ ხელები ჩამოუშვა და თავი ჩაღუნა.
"ნუთუ აღარ ვუყვარვარ?
ან იქნებ სულაც არ უნდოდა ჩემი ნახვა? იქნებ ეს მხოლოდ დეიდა ნინოს იდეა იყო ჩვენი შეხვედრა?...
ან იქნებ... იქნებ მაგდას "ის" უყვარს? იქნებ მხოლოდ სინდისის ქენჯნაა მისი ცრემლები და სხვა არაფერი? მაშ რატომ მომწერდნენ იმ წერილს, "მაგდა გათხოვდაო?" ვინ იცის, იქნებ იმ ბიჭმა მიატოვა კიდეც და ახლა ჩემი გამოჭერა უნდათ?..."
და უცებ დედის ხმა ჩაესმა ყურში: “განათხოვარ ქალს მე სახლში რძლად არ შემოვუშვებ!... არავინ ახსენოთ ამ სახლში მაგდას სახელი!... მაგდა ამ ოჯახისთვის მოკვდა! კატეგორიულად გიცხადებთ!...”

გია ისე სწრაფად წამოხტა ფეხზე, რომ მაგდა შიშით მიიკუნჭა საწოლის კუთხეში, შემდეგ კი – ისევ მოცელილივით დაჯდა საწოლზე.

"არა, ალბათ იმას ფიქრობენ, "ბავშვიანი მაგდა სხვაზე ვერ გათხოვდება და იქნებ გიას ძველმა სიყვარულმა გაჭრასო?" ასეა, არა, ქალბატონებო? ვერ მოგართვით!... მე ის ჩიტი არ ვარ, თქვენს დაგებულ კაკანათში გავიხლართო!..."

ფიქრობდა გია და მაგდასკენ გახედვის ეშინოდა... 

ეშინოდა, რადგან არ იცოდა, რა მოხდებოდა, როცა მათი თვალები შეხვდებოდა ერთმანეთს!…ცდუნება კი დიდი იყო!
ცდუნება?...
თუ სიყვარული?...
ალბათ, ორივე ერთად!

მაგდამ ფრთხილად ასწია ხელი და გიას მხარზე დაადო.
გია შეკრთა...
მაგდამ მაშინვე აიღო ხელი, ბალიშებში ჩაემხო და აქვითინდა.

- ნუ სტირი, მაგდა... რა ფასი აქვთ ახლა ამ ცრემლებს?! დაიგვიანეს ამ ცრემლებმა!... მე წავალ... არ მინდოდა შენი შეშფოთება... უნებურად მომიხდა! მაპატიე... და... მშვიდობით!
- გია, - ამოიკვნესა მაგდამ და წამოჯდა.

მეორე ოთახიდან ბავშვის ტირილის ხმა მოისმა. შეცბა გია და ტირილის ხმის მიმართულებით გაიხედა.
მაგდაც შეკრთა, გიას შეხედა. გიამ შენიშნა მაგდას ეს შიშით თუ მოლოდინით სავსე გამოხედვა და მწარედ ჩაიცინა.

- შენი  შ ვ ი ლ ი  ტირის!... გეძახის!... (“შვილი მეც შემეძლო მყოლოდა! და შენს სიყვარულს შევწირე ის!...”)
- ჰო, შია, ალბათ... - და მაგდამ უნებურად მკერდზე მოისვა ხელი, - მარცხენა ძუძუ გიას კი არა, პატარა თეას უხმობდა ახლა!
- ჰო,  ა ლ ბ ა თ  შია!... მე წავალ, მაგდა! (“წავალ, ჩემს ლეასთან დავბრუნდები, რომელიც ჩემს დანახვაზე ყინულის ქერქს კი არ გადაიკრავს, პირიქით, კოცონივით აბრიალდება!”)
- მოიცა, გია! ერთი წუთით მომისმინე და მერე წადი!... მხოლოდ ერთი წუთი!... მე ყველაფერს აგიხსნი, - მაგდამ ხელით სცადა გიას შეჩერება, მაგრამ გიამ ხელი გააშვებინა.
- ნუ, მაგდა!... არ გინდა არაფრის თქმა... ისედაც ყველაფერი ნათელია... ჩემზე ნუ გაბრაზდები... შენს თავს შეუნდე, აპატიე და მხოლოდ შემდეგ მეც მაპატიე... მე სხვაგვარად მოქცევა არ შემიძლია!... მშვიდობით! (“და შენც მაპატიე, ლეა!... იმ ტკივილისთვის მაპატიე, რომელიც მოგაყენე!”.....)

გია წამოდგა, თავი ჩაღუნა და გასასვლელისკენ გაემართა. კარებთან შედგა, მოიხედა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, შემდეგ კი გადაიფიქრა, ხელი ჩაიქნია და ოთახიდან გავიდა.

- გიააააა! - არანორმალური ხმით იკივლა მაგდამ...
- გიააააა! - ლეას ეს ხმა, საშინელი, გულიდან ამოსული კივილის ხმა შეუერთდა ახლა მაგდას ხმას და...
კინაღამ გაგიჟდა გია! ორივე ხელი თავზე იტაცა, შემდეგ სწრაფად გააღო სადარბაზოს კარი და გარეთ გავარდა!
გია წავიდა...


* * *

სწრაფი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ. ჯიბეში სახლის გასაღები მოიძია, - სიჩქარეში, ეტყობოდა, სახლში დარჩა და მხოლოდ ენიანი საკეტით დაუკეტავს კარი.
ზარი დარეკა.
“ნეტა მოსულები დამხვდნენ... თორემ სად წავიდე მათ მოსვლამდე? არაფერი მახსოვს, დავკეტე კარი თუ არა... ფაქტია, გასაღები არ მაქვს და... ან სახლში დამრჩა და ისე გამოვიხურე კარები, ან სადმე ამომვარდა.”
ფეხის ხმა გაიგო.
კარი დედამ გაუღო.
- სად იყავი გია?! - ჰკითხა შეშფოთებულმა.
- ისე გავიარე... რატომ მეკითხები?
- მერე, კარი არ უნდა დაგეკეტა? 4 გასაღები აქვს დაყენებული და ერთითაც არ იყო დაკეტილი... მხოლოდ გამოგიხურავს კარი.
- სულ ღია იყო?
- მარტო ენით იყო-მეთქი დაკეტილი... სად გარბოდი ასე?!
- სიგარეტისთვის ჩავედი... დე, მშია... მამა მალე მოვა?
- ხო, წამოსულია უკვე. მოხდა რამე?
- არაფერი მომხდარა....
- არ მომწონხარ, გია... ვხედავ, რაღაც მოხდა და ვერ ვხვდები – რა!
- კარგი, რა მაქვს დასამალი? დღეს მაგდა ვნახე!

ქეთომ ფერი დაკარგა. ჯერ გაფითრდა, შემდეგ კი თითქოს ცეცხლი მოედო სახეზეო:
- სად ნახე?!
- მასთან, სახლში...
- გია! იქ რა გინდოდა, შვილო?! - შეძრწუნდა ქეთო.
- რატომ არ მინდოდა? შავი ჭირი კი არ სჭირს?
- გათხოვილ ქალთან რა გინდოდა-მეთქი?! – ხმას აუწია ქეთომ.
- არ გათხოვილა! 
- რაო?... - ხმა გაუწყდა ქეთოს და ისევ გაფითრდა.
- გაუგებრად ვამბობ რამეს? არ გა-თხო-ვი-ლა!!!
- მერე?
- რა, მერე? ბავშვი ჰყავს ვიღაცისგან, მაგრამ არ გათხოვილა თურმე!
- კიდევ უარესი მისთვის! ეს რა მესმის, აა?
- რატოა უარესი? რომ ვაპატიო და მოვიყვანო?
- გია, ჩემი სიკვდილი გინდა?
- რატომ მინდა შენი სიკვდილი? შენ რა შუაში ხარ?! მე თუ ვაპატიებ, შენ რატომ უნდა იყო წინააღმდეგი?!
- არ მოგცემ ნებას, ნაბიჭვარი მომიყვანო სახლში! აქ ჯერ მე ვარ უფროსი... - იყვირა ქეთომ და მუშტი დაარტყა მაგიდას.
- კარგი, ნუ ჩხუბობ! არ მომყავს! მე მივდივარ!
- სად, მაგდასთან?... გია, შენს შვილობაზე ვიტყვი უარს იცოდე!
- დამშვიდდი... არც მაგდასთან მივდივარ! მოსკოვში ვბრუნდები!
- მოსკოვში? რისთვის?! რატომ?!
- მოსკოვის უნივერსიტეტში ვაბარებ... МГУ- ში... დედა, აქ თუ დავრჩი, არ ვიცი, რას ვიზამ... მუდმივად დანის პირზე უნდა ვიარო... სულ მეცოდინება, რომ მაგდა მარტოა და ჩემს მოქმედებაზე არ ვაგებ პასუხს!... არ დამიშალო, დედა...
- რა ვქნა, გია?! კიდევ 5 წლით უნდა გაგიშვა? ოჰ, მაგდა! შენ არ...
- დედა!... არ დაწყევლო, დედა! თუ გინდა, რომ დაგიჯერო და მაგდა გულიდან ამოვირეცხო, არასოდეს დაწყევლო!... მე ის ახლაც მიყვარს და არ მინდა, დედაჩემის მიერ იყოს დაწყევლილი!
- მაშინ მისი სახელი აღარ მიხსენო!...  წადი, დედიკო! შორს წადი მისგან! არ მინდა, თავი გაიუბედურო მაგ გოგოს გულისთვის!
- ხო, დედა, წავალ! ხვალვე ავიღებ ბილეთს და გავფრინდები...
- მეც წამოგყვები!
- არა, არ მინდა, დედა!
- როგორ არ გინდა?! ბინა არ უნდა დაგიქირავო?
- მოსკოვის გარეუბანში – მეგობრები მყავს... მათთან ვიცხოვრებ!
- ვინ მეგობრები?
- ნიკოლაისთან ვიქნები, დედა! ან სერგეი ანდრეიჩთან... წყალდიდობის დროს დავმეგობრდით...
- კარგი, გია! მამას დაველაპარაკოთ საღამოს...
- ხო... მაგრამ არაფერი შეიცვლება! მე მივდივარ!

მეორე დღეს გია და ქეთო ერთად წავიდნენ ბილეთის ასაღებად.
15 ივლისს გია მოსკოვში ბრუნდებოდა!
ლეასთან ბრუნდებოდა!

აეროპორტში უამრავი ხალხი ირეოდა.
გია, ქეთო და ლევანი კედელთან მიმდგარიყვნენ და ჩასხდომის გამოცხადებას ელოდნენ. ხათუნას და გურამს სახლშივე დაემშვიდობა გია.
- როგორც კი ჩახვალ, მაშინვე დარეკე...
- კი, დედა!...
- საბუთებს როგორც კი შეიტან, მაშინვე დარეკე, გესმის?
- კი, დედა, მესმის!...
- და საერთოდ, როგორც კი რამე დაგჭირდება, მაშინვე დარეკე!...
- კარგი, ქალო, ომში ხომ არ უშვებ ბიჭს? უნივერსიტეტში აბარებს!... და თუ რამე გაუჭირდა, დარეკავს, აბა რას იზამს?! - გაბრაზდა ლევანი.

- გია, ცალკე გავიდეთ... საქმე მაქვს შენთან, - ლევანმა ხელი მოხვია ბეჭებზე და გვერდზე გაიყვანა.
- რა მოხდა, მამა?
- გეყოფა ის ფული, რაც მოგეცი?
- ჯერ მეყოფა... და თუ დამჭირდება, – დაგირეკავთ!
- გია, ამის კითხვა არ მინდოდა... სხვა რამეს ვფიქრობ: ისე უცნაურად მიგეჩქარება, თითქოს იქ ვიღაც...
- რა, “ვიღაც”?
- თითქოს იქ ვიღაც გელოდება!... და არ მითხრა, - არაო... შენს თვალებში ვკითხულობ ამას!
- არ მოგატყუებ, მამა... შენ ჩემთვის ტყუილის თქმა არ გისწავლებია! მელოდება! გოგონა მელოდება!... უფრო ზუსტად... ხო, ვიტყვი ბარემ: ის გოგონა ჩემი ცოლია, მამა!... მე ვარ მისთვის ერთადერთი მამაკაცი! გჯერა ჩემი?
- ლამაზია?
- ულამაზესი! მას ლეა ქვია!
- დედამ იცის?
- არა, არ იცის... და რომ მეთქვა, აღარ გამომიშვებდა! მე მაგდა უნდა მენახა, მამა! და ვნახე კიდეც! მაგრამ... ჩემთვის მაგდა მაშინ მოკვდა, როცა მისი გათხოვების ამბავი გავიგე. და მაშინ შევხვდი ლეას! მე მასთან ვბრუნდები მამა!
- არც კი ვიცი, რა გითხრა... გია, აი, კიდევ 200 მანეთი... მეტი არ მაქვს თან... მერე კიდევ გამოგიგზავნი. მთავარია, აუცილებლად ჩააბარე და ისწავლე! უსწავლელი კაცი – არ ივარგებ, მამა!
- გმადლობ, მამა! ყველაფრისთვის გმადლობ! და მაპატიე...
- რისთვის? დედაშენს მე დაველაპარაკები ლეაზე და შენზე...
- მეგონა, ვერ გამიგებდი! გმადლობ!... - გია მამას გადაეხვია და მაგრად აკოცა.
- შენ ჩემი სიამაყე ხარ, გია! და ყოველთვის შენს გვერდით მიგულე, ყველაფერში, მამა!

ამ დროს გაისმა კიდეც დიქტორის ხმა:
“ცხადდება ჩასხდომა თვითმფრინავში მოსკოვის მიმართულებით, რეისით 936.”

გია ჯერ დედას გადაეხვია, შემდეგ – მამას და გასასვლელისკენ გაემართა.
გია წავიდა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები