ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
21 აგვისტო, 2010


თავი 22. მზადება დასაშვებად ("შორია დედამიწამდე")

ორ  საათში ყველა დაბინავებული იყო. ცოტა დაისვენეს და ისევ საერთო, დიდ ოთახში დაბრუნდნენ.

- თიოლა, რა გვაქვს გასაკეთებელი, ბარემ ახლავე ვთქვათ, - გულშიჩამწვდომი, ხავერდოვანი ხმით თქვა მუკამ.

ამ ხმის გაგონებაზე თიოლამ გაოცებით შეხედა: მუკა თითქოს შეცვალესო, - მის წინაშე არა ბავშვი, არამედ ახალგაზრდა მამრი იდგა. სხვებსაც გახედა და... თვალებს არ დაუჯერა, - ეს აღარ იყო პატარა ვარფიმელთა ჯგუფი. თიოლას გარშემო რვა ახალგაზრდა ვარფიმელი იდგა და თიოლასგან კონკრეტული დავალების მიღებას ელოდა.  სარკისკენ გააპარა თვალი, - სარკიდან გრძელმზისფერთმიანი და უცნაურფერისთვალება არსება უცქერდა. საკუთარი თავი მოეწონა, მაგრამ... ამის დრო არ იყო ახლა... 
- კარგი... დავალება მივიღეთ: უნდა შევაღწიოთ ენერგეტიკული დამუხტვის ცენტრში, - თქვა და გამომცდელად შეხედა მუკას, “ნეტა მანაც თუ დაინახა ეს ცვლილება ჩემშიო”...
- მიზანი?
- ჯერ ზუსტად არ ვიცი, რადგან იქ გეტყვითო, მითხრეს.
- ცხრავე უნდა წავიდეთ? – იკითხა ლებორმა.
- არა, შესვლით უნდა შევიდეთ ოთხნი: მე, დალილა, ხაკბერი და ერთ-ერთი მამრი, რომელიც კარგად ყვინთავს. თქვენს შორის ყველაზე უკეთესად ვინც ცურავს, წამოვა ის. ამავე დროს, იქ ვერ წამოვა მუკა, რადგან მისი დახმარება შეიძლება გარედან გახდეს საჭირო. მან უნდა უზრუნველყოს ჭის სიღრმეში ჩასული ჯგუფის უსაფრთხოება...
- მე ვერ წამოვალ, ასე გამოდის, - დაღონებულმა თქვა ჯონგმა.
- პრინციპში, დავრჩით მე და ლებორი... ახლა რა ვქნათ, კენჭი ვყაროთ? – დაფიქრებით თქვა ლეჰარმა, - ორივე ვცურავთ, ორივე ვყვინთავთ...
- მე ვფიქრობ, ლეჰარი უნდა წამოვიდეს... – ჩაერთო საუბარში ხაკბერი, - მისი ღონე და ტელეპატიის უნარი შეიძლება აუცილებელი გახდეს. თიოლა, რამ შეგცვალა ასე სწრაფად?
- არ ვიცი, ხაკბერ... ყველანი შეცვლილები ვართ... თითქოს ასაკი მოგვიმატესო... მიდით, ჩაიხედეთ სარკეში... ან ერთმანეთს შეხედეთ, მხოლოდ მე რატომ მიყურებთ?
მართლაც ყველანი სარკესთან მივიდნენ და მერე ერთმანეთს მიაჩერდნენ გაოგნებული თვალებით. მხოლოდ ლეჰარი არ იძვროდა ადგილიდან.

თიოლამ ლეჰარს გახედა, - კმაყოფილება აღბეჭდოდა სახეზე. ლეჰარმა ჯიბეში ჩაიყო ხელი, ქვა მონახა და ხელი მოუჭირა. მან ხომ მაშინ მიიღო ეს ინფორმაცია, ასაკის ოთხი წლით მომატების თაობაზე, როცა თავის ბინაში ნივთებს აწესრიგებდა?! გაახსენდა ლოდის დანაბარებიც, “ქვა ჭაში შენ ჩუშვიო”... ალბათ ხვალ უნდა შეასრულოს ეს დავალება...

- და მე რა უნდა გავაკეთო? – საქმიანი ხმით იკითხა დალილამ.
- შენ ყველაზე მნიშვნელოვანი მისია გაქვს: უნდა ნახო, რა ხდება სხეულში მისი დამუხტვის დროს. ხაკბერმა უნდა დააფიქსიროს აპარატის მოწყობილობა.
- თიოლა, ამას ხომ ისედაც ვნახავდით სულ რაღაც ხუთ თვეში? – გაუკვირდა ლეჰარს.
- კი, ვნახავდით, მაგრამ... იქნებ და რა ხდება ამ ხუთ თვეში? ისე, ჯერ არც ვიცი, ლეჰარ, რისთვის გვჭირდება იქ შეპარვა. ამას იქ გვეტყვიან, ლამის ადგილზე მისულებს.
- მე უფუნქციოდ მტოვებ, თიოლა? – დაღონებულმა თქვა ლებორმა.
- არა, ლებორ, შენი ყვინთვის უნარით მუკას გვერდით უნდა იყო.
- ყვინთვის ცოდნა რა საჭიროა, თიოლა? – იკითხა ანილამ, რომელიც ამდენ ხანს ჩუმად იჯდა ოთახის კუთხეში მდგარ სავარძელში.
- ანილა, მთავარი შესასვლელიდან რომ ვერ შევიპარებით, ხომ ფაქტია. ჩვენ საიდუმლო კარს მიგვითითებენ და იქიდან შევალთ. ის კარი კი, არაა გამორიცხული, წყალში იყოს.
- იქნებ ჯერ არაა დაფარული წყლით?
- ხო, ჭა ხომ ჯერ არ არის ამოვსებული? – ეს უკვე იანინამ იკითხა.
- მართალია, ჯერ არაა, მაგრამ წყალი ძალიან სწრაფად მოიწევს მაღლა. შეიძლება მშრალად ჩავიდეთ და ამოცურვა მოგვიწიოს. ასე რომ... ყვინთვა საკუთარი უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.
- მე რას ვაკეთებ? – იკითხა ანილამ.
- ამ ჯერზე არაფერს, ანილა... სამუშაო ბევრი გექნება, ნუ ღელავ! – თქვა ხაკბერმა და ანილას გაუღიმა.
- როდის გავდივართ, თიოლა? – იკითხა მუკამ.
- ხვალ დილას, მუკა. მოდით კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდეთ, ვინ რას აკეთებს:
1. მე, დალილა, ხაკბერი და ლეჰარი ვეშვებით ჭაში;
2. მუკა ხელმძღვანელობს ოპერაციას;
3. ლებორი მზად იქნება ჩასაყვინთად;
4. იანინა და ჯონგი დააგეგმარებენ ჭის გარშემო ადგილებს;
5. ანილა – დაისვენებს...
- არა, არ დაისვენებს, ჩვენ დაგვეხმარება... ჩვენ კიდევ ერთი ადამიანი გვჭირდება, მონაცემების ჩასაწერად...
- ძალიან კარგი. ანილა, იანინა და ჯონგი იმუშავებენ ერთად.

ჯონგი მდედრებს მიუახლოვდა:
- დაღლილები ხართ? – იკითხა.
- არა, ჯონგ... რა დაგღვლიდა?
- მაშინ დღესვე ჯობია წასვლა და ჩვენი სამუშაოს დაწყება. ჩვენი ნახაზის გარეშე – ჭაში ვერ ჩავლენ და... ხვალ დილას რაღატომ დავკარგოთ დრო?

თქმა და გაკეთება ერთი იყო. სამივე ჭისკენ გაემართა.
თითქმის ღამდებოდა, როცა სახლში დაბრუნდნენ და თიოლას დაუკავშირდნენ. თიოლამ თავის კაბინეტში იხმო სამივე და მუკასა და ხაკბერსაც სთხოვა შემოსვლა.
- თიოლა, წყალი მართლაც ძალიან სწრაფად მოიწევს მაღლა. დასავლეთის კედელზე, თითქმის შუაწელზე შეიმჩნევა ქვაბულის მსგავსი რაღაც... სხვა, ნაპრალიც კი არ ჩანს კედელში...
- იმ ქვაბულში რა ჩანდა?
- ვერაფერი დავინახეთ.
- იანინა, შეგიძლია ნანახის დახატვა? – ჰკითხა ხაკბერმა.
- უკვე დავხატე, აი... – იანინამ თავისი აპარატი მიაწოდა.
- მზადაა... – თქვა ხაკბერმა და აპარატი დაუბრუნა.

ჯონგი, იანინა და ანილა თავ-თავის ბინებში დაბრუნდნენ.
ხაკბერმა იანინას აპარატში ნანახი სურათი მონიტორზე გამოსახა, შემდეგ კი მუკას მიუბრუნდა, - რომ ჩავფრინდეთ ჭაში? ახლოდან ვნახავდით ქვაბულს.
- როდის, ახლა?
- ხო, ახლა... ნაკლებად დაგვინახავენ სიბნელეში.
- იმხელა დისკს ყველა დაინახავს.
- საქმეც მაგაშია, რომ დისკით კი არა, კაფსულით გავფრინდეთ... სამივე, მე, შენ და თიოლა.
- ვერ ჩავეტევით.
- ვსინჯოთ... ჩავიდეთ დაბლა. ჩემი კაფსულით გავფრინდეთ.

თქმა და შესრულება ერთი იყო.

კაფსულაში ერთი სავარძელი იყო მხოლოდ, პულტებიან მაგიდასთან მიდგმული, იატაკზე დამონტაჟებული და მბრუნავი. ექვსი ილუმინატორიდან ხუთი ერთნაირი იყო, მრგვალი, ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებული... მეექვსე ილუმინატორი მოგრძო ფორმისა იყო, ჰორიზონტალურად მდებარე, პულტებიანი მაგიდის მთელ სიგრძეზე გაჭიმული...  მის თავზე იყო წარწერა №1. დანარჩენი ილუმინატორებიც დანომრილი იყო, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. კაფსულაში შესასვლელი კარზე განთავსებული იყო მეოთხე ილუმინატორი და ზუსტად სავარძლის უკან მდებარეობდა.
მოკლედ, კაფსულა ალალად ერთ ადამიანზე იყო გათვლილი.

შესვლით კი სამივე შევიდა, მაგრამ... იქ როგორ უნდა გაჩერებულიყვნენ?
- მუკა, სავარძელში შენ უნდა იჯდე, ორი აზრი არ არსებობს... მე და თიოლა კი შენს უკან დავდგებით.
- ვერ დადგებით, ხაკბერ, მომენტალურად წაიქცევით ორივე...
- სკამზე რომ მივებათ, მაინც? – იკითხა თიოლამ და მისაბმელად ადგილს დაუწყო ძებნა.
- არა მგონია.... მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. უნდა ვსინჯოთ.

ხაკბერი გავიდა და მალე დაბრუნდა ხელში ღვედებით, რომლებიც ორი სხვა კაფსულის სავარძლებიდან მოეხსნა. ეს ღვედები არსებულ ღვედის სამაგრებზე დაამაგრა და თიოლას მოუხმო. 
ჯერ თიოლა დააბა კარგად, მერე თავადაც მიება სავრძელს, თიოლას მაგრად შემოხვია ხელი და ამითიც გაიმაგრა დგომის პოზა.
- მზად ვართ, მუკა...
- მზადყოფნა 4... ვრთავ... – მუკამ უამრავი ნათურა ააბრჭყვიალა პულტებიან მაგიდაზე...
- კარგად დგახარ, თიოლა?
- კი, ხაკბერ...
- მზადყოფნა 3... ვხსნი იატაკს...

აღმოჩნდა, რომ კაფსულა ლიფტისმაგვარ სადგარზე იდგა. მასიური იატაკის გახსნამ საოცარი ვიბრაცია გამოიწვია. შემდეგ ლიფტი თანდათან დაეშვა მიწამდე და კაფსულის გასაფრენი ღიობი გამოჩნდა.
- მზადყოფნა 2... ახლა ნახევრადჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადავალთ... – და მართლაც კაფსულამ თანდათან დაწია ცხვირი და ღიობის მიმართულებით დაიძრა, გარეთ გავიდა.
- თიოლა, კარგად მომკიდე ხელი, არ ჩავარდე დაბლა, თორემ პირდაპირ ამ მაგიდაზე დაეცემი... – ხაკბერმა მაგრად მოხვია ხელი თიოლას და მუკას სავარძელს მიაკრა.

ცოტა ხანში კაფსულა ისევ საწყის ვერტიკალურ მდებარეობას დაუბრუნდა. 
- მზადყოფნა 1... ვრთავ სიჩქარეს... მაგრად მოეჭიდეთ... – კაფსულას ციებიანივით შეაძაგძაგა.
- რა ხდება, მუკა? – შეშფოთებულმა იკითხა თიოლამ.
- არაფერი, თიოლა, ერთი ღილაკით მეტი ჩავრთე შემთხვევით... აი, გამოვრთე და გაჩერდა... აღარ ვიბრირებს...  მზადყოფნა 0... მივფრინავთ!

კაფსულა მიწას მოსწყდა და ზეცაში აიჭრა.
აფრენის მომენტში წარმოქმნილმა წნევამ თიოლა და ხაკბერი კაფსულის იატაკს შეაზარდა თითქოს... მაგრამ როგორც კი გარკვეულ სიმაღლეზე ავიდა, კაფსულამ ისევ ჰორიზონტალუსავარძელი რაღაც ღერძის გარშემო და მიიღო საწყისი მდებარეობა. ანუ, მუკა კი არ ეკიდა გადმოყირავებული სავარძლის ქვეშ, მასზე ღვერი მდებარეობა მიიღო და...
სამივე გაოცებული უყურებდა, როგორ გადატრიალდა დებით მიბმული, ის  ისევ  სავარძელში იჯდა. 
სამაგიეროდ თიოლა და ხაკბერი აღმოჩნდნენ ძალიან უხერხულ პოზაში, ტანით  მუკას სავარძელზე  მიბმულნი და დაკიდულები.
- მუკა, მოდი, რა მოგვხსენი? ვერ ვიფრენთ ასე... ჩვენ ხომ არც ვდგავართ, უაზროდ ვკიდივართ... – თქვა ხაკბერმა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, თიოლასთვის უკეთესი მდებარეობა მიეცა.
- არ ჩავარდებით?
- არაა მაღალი ჩასავარდნი... ასე დაკიდებას ნაღდად აჯობებს...
- კარგი, გხსნი, ხაკბერ... – მუკამ ღვედი გახსნა და ხაკბერი კაფსულის ქვემოთმდებარე კედელს დაენარცხა.
- გეტკინა, ხაკბერ? – ჩამოსძახა შეწუხებულმა თიოლამ.
- არც ისე, მოიცა, მოგეხმარები... მუკა, გახსენი თიოლას ღვედი, - ამის თქმა იყო და სავარძელს მოწყვეტილი თიოლა პირდაპირ ხაკბერის მკლავებში აღმოჩნდა.
- მოდი, იატაკზე ანუ კედელზე გაწექით და ილუმინატორებიდან ადევნეთ თვალი გარემოს, - ჩამოსძახათ სავარძლიდან მუკამ.

მართლაც ასე მოიქცნენ და, კედელ-იატაკზე გაწოლილები, ილუმინატორიდან ადევნებდნენ თვალს ვარფიმის ზედაპირს.
უხმაუროდ მიფრინავდნენ.
ცაში უამრავი ასეთი კაფსულა დაფრინავდა, ასე რომ მათი კაფსულა გამონაკლისს არ წარმოადგენდა, ზედმეტ ყურადღებას არ იქცევდა.
ყველა კაფსულას მისი მეპატრონის პირადი ნომერი ეწერა.

დისკებიც დაფრინავდა ცაში, მაგრამ უფრო იშვიათად.

შორიდანვე დაინახეს ჭისებური ნაპრალი. ახლოს მიფრინდნენ და ფრთხილად დაიწყეს მისი სიღრმისკენ დაშვება.
- რაღაცას ვხედავ მგონია... – ჩაილაპარაკა თიოლამ, - ხაკბერ, აქეთ მოცოცდი, აბა? მუკა, ჩართე სხივი...
- არის, ჩავრთო სხივი...

ვიწრო სხივი ნახევრად ამოვსებული ჭის სიღრმეში დასრიალებდა და მონაცვლეობით ანათებდა ხან წყალს, ხან ერთ-ერთ კედელს...
ხაკბერი და თიოლა თვალს ადევნებდნენ სხივის მოძრაობას.
- აი, გამოჩნდა, - იყვირა უეცრად თიოლამ, როცა სხივმა დასავლეთ კედელზე მრგვალთაღოვანი ქვაბული გაანათა...
- შეგიძლია ცოტა დაბლა დაეშვა? – იკითხა ხაკბერმა და სხივი მექანიკურად მიმართა ქვაბულისკენ.
- ახლავე... მე შემიძლია ჰაერშიც დავეკიდო... დიდხანს ვერა, მაგრამ... რამდენიმე წუთით შემიძლია. – მუკამ ქვაბულის გასწვრივ დაკიდა კაფსულა და ყველაზე ძლიერი სხივი ჩართო.
- იქ კარია... ხედავ, თიოლა?
- კი, ვხედავ, ხაკბერ... კარი დაკეტილია... მაგას რა გახსნის?
- “რა” არა, “ვინ”... მაგას ლეჰარის ღონე სჭირდება. მართალი ვყოფილვართ... კარგად გვაქვს განაწილებული ფუნქციები.
- ხვალ უთენია დავეშვებით ჭისკენ... ან ჩავეშვებიტ ჭაში. შენ კაფსულით უნდა იყო, მუკა... ჩვენ კი ფეხით მოგვიწევს დაბლა ჩასვლა.
- ჩვენ მზად ვარ, თიოლა... ყველანი!


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები